მიხეილ ბაბუნაშვილისთვის რაგბი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ბავშვობიდან სპორტის ამ სახეობით არის დაკავებული. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რაგბიმ ბევრი ცოდნა და გამოცდილება შესძინა. მეორე ხაზელი, შერკინების მორაგბეა და ამჟამად „შავ ლომში“ თამაშობს. წარმატების მისაღწევად თავდაუღალავად შრომობს, ხშირად უწევს ადამიანურ სიამოვნებებზე უარის თქმა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ჟურნალი „OK! ქუთაისი“ მორაგბესთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.
მიხეილ, უპირველესად გვიამბეთ, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი და რა ასაკიდან დაიწყეთ რაგბის თამაში?
ჩემს მორაგბედ ჩამოყალიბების პროცესსა და წარმატებაში მამაჩემს, გუგა ბაბუნაშვილს მიუძღვის დიდი წვლილი. მამა თავადაც ბორჯღალოსანი იყო. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ქვეყნის, ქალაქისა და რაგბის მიმართ სიყვარული ჩემმა ოჯახმა ჩამინერგა.
ქუთაისის „აია“-ს ჭაბუკთა გუნდში ვარჯიში და თამაში პატარა ასაკიდანვე დავიწყე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი პირველი მწვრთნელის, დიმა ფულარიას დამსახურება. როგორი უნდა იყოს ნამდვილი სპორტსმენის დამოკიდებულება სპორტისადმი, სწორედ მისგან და მამაჩემისგან ვისწავლე.
გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ. რას ნიშნავს თქვენთვის გუგა ბაბუნაშვილის შვილობა, რამდენად რთული ან საამაყოა?
ტრადიციულ, ქუთაისურ ოჯახში გავიზარდე. დედა, ნატალია ლევიძე, მათემატიკის პედაგოგია, მამა, როგორც უკვე გითხარით, მორაგბე იყო, საქართველოს და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. ჩემს ყველა წარმატებას მას ვუძღვნი. მყავს მეუღლე, თამარ დოლიკაშვილი და 4 წლის შვილი, გუგა. მამა ჩემი უახლოესი მეგობარიც იყო. ჩემს ყველა თამაშს ესწრებოდა და ყოველთვის მაძლევდა რჩევებს, რომელიც დღესაც მეხმარება, რომ უკეთესი მორაგბე და ადამიანი ვიყო. ყოველთვის ვცდილობ, მისი დანატოვარი სახელი კიდევ უფრო ვასახელო და ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
დატვირთული რეჟიმის შემდეგ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? გაქვთ თუ არა ჰობი?
ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახთან, ჩემს პატარა ბიჭსა და მეუღლესთან ერთად გავატარო. ხშირად ვერ ვახერხებ სახლში ყოფნას, როგორც კი დროს გამოვნახავ, ქუთაისისკენ, ჩემი ოჯახისა და მეგობრებისკენ მომიწევს გული. არ ვიცი, ჰობი რამდენად შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ განტვირთვის საყვარელი საშუალება ვიდეოთამაშებია.
რას ნიშნავს თქვენთვის რაგბი?
რაგბი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბავშვობიდან ამ სპორტით ვარ დაკავებული და ცხოვრებისეულ გაკვეთილთან ერთად ბევრი ცოდნა რაგბიმ შემძინა. პირველ რიგში, თვითდისციპლინა გამომიმუშავა და ჩემი პიროვნებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში უდიდესი ადგილი უჭირავს. მთავარი კი, ამ საქმის სიყვარულია, რის გარეშეც შეუძლებელია გაუძლო იმ ფიზიკურ თუ მენტალურ წნეხს, რაც პროფესიონალურ სპორტს თან ახლავს.
როგორია თქვენი წარმატების ფორმულა? რა სჭირდება მორაგბეს იმისთვის, რომ კარგ სპორტსმენად ჩამოყალიბდეს?
წარმატების ფორმულა, ალბათ, ყველა ადამიანისთვის თითქმის იდენტურია. საკუთარი საქმის სიყვარული, მაქსიმალიზმი და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრი შრომა აუცილებელია. თუმცა სპორტში იღბალი და გამართლებაც გვეხმარება ხოლმე. წარმატების მისაღწევად თავდაუღალავი შრომა, განვითარებისკენ სწრაფვის სურვილი, თვითწვრთნა და მენტალური გამძლეობაა საჭირო. სასურველი მიზნების მისაღწევად ხშირად მიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ადამიანურ სიამოვნებებზე უარის თქმა და საკუთარ თავთან გამკლავება.
გვესაუბრეთ თქვენი გუნდის შესახებ.
ამჟამად „შავ ლომში“ ვთამაშობ. გუნდი სამი წლის წინ შეიქმნა. „შავი ლომი“ საქართველოს ნაკრების ფრენჩაიზია, რომელიც შედგება სანაკრებო ბირთვისა და ასევე, საქართველოს შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე გამორჩეული მოთამაშეებისგან. გუნდი წელს ჩელენჯ ქაფზე იასპარეზებს, რაც დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, ეს შეჯიბრება განვითარებაში დაგვეხმარება. გუნდში შექმნის დღიდან ვთამაშობ. „შავი ლომი“ ჩემი მეორე ოჯახია, ბიჭებთან დიდ დროს ვატარებ და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში? გაიხსენეთ საინტერესო ან დაძაბული მომენტები.
ჩემი პირველი სანაკრებო კეპი სწორედ ქუთაისში, პორტუგალიის წინააღმდეგ შედგა. ჩემთვის ეს დღე და თამაში ნამდვილად გამორჩეულია, რადგან, როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ჩემთვისაც, საქართველოს სახელით ასპარეზობა ის მოვლენაა, რომელზეც ყველა სპორტსმენი ოცნებობს. აქვე გამოვყოფდი ახლახან გამართულ ფინალს, ისევ პორტუგალიის წინააღმდეგ, რომელში გამარჯვებამაც რაგბის ევროპის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოგვიტანა. ამ ფინალში გამარჯვების ემოციები ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.
მიხეილ, როგორც ვიცით, „რაგბი ევროპამ“ ჯგუფური ეტაპის გამორჩეულ მორაგბეებში შეგიყვანათ და აღნიშნეს, რომ შესაძლოა საქართველომ აუტების ახალი მეფე იპოვა თქვენი სახით. გვიამბეთ ამის შესახებ.
„რაგბი ევროპის“ სტატიას რაც შეეხება, ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო. ყოველ მოცემულ შანსს მაქსიმალურად ვიყენებ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როცა გამოგარჩევენ და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს.
როგორი გულშემატკივარი ჰყავს რაგბის ქუთაისში?
ქუთაისელი გულშემატკივრის წინაშე თამაში ნამდვილად დიდი სიამოვნებაა, საქვეყნოდ ცნობილია მათი გულმხურვალე მხარდაჭერის ამბავი, ქუთაისური იუმორით და სითბოთი სავსე ატმოსფერო თამაშებს განსაკუთრებულს ხდის.
დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს? ბავშვებს, რომლებსაც რაგბი ძალიან უყვართ.
დამწყებ მორაგბეებს ვეტყოდი, რომ შრომის გარეშე არაფერი მოდის და ყოველთვის უნდა იბრძოლონ თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად, გუნდში იქნება ეს თუ ნაკრებში.
ტექსტი: მარიამ ირემაძე