26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რომელიც მეოცე საუკუნიდან აღინიშნება. ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის მოპოვება 2 ჯერ შეძლო, პირველად ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს მოიპოვა, რამაც 3 წელი გასტანა, ხოლო დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვებას 70 წელი დასჭირდა.
„სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით, ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი,“- ასე აფასებდა კონსტანტინე გამსახურდია იმ სამ მნიშვნელოვან დამოუკიდებლობის წელს, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო, თუმცა აქამდე მისასვლელად ქართველ ერს დიდი ბრძოლა დასჭირდა. მხოლოდ რუსეთის იმპერიის სისუსტე არ იყო მიზეზი დამოუკიდებლობის მოპოვების, მას მრავალი ფაქტორი უძღოდა წინ.
1917 წელს ცარიზმი ბოლო დღეებს ითვლიდა, რაც თებერვლის რევოლუციით დაგვირგვინდა. რუსეთში მუშათა კლასმა რევოლუცია დაიწყო, რამაც რუსეთის იმპერიის დასუსტება გამოიწვია, ამას თან ახლდა არეულობა, რომელიც სოციალისტური რეჟიმის გამარჯვებით ვლადიმერ ლენინის მმართველობით დასრულდა. ამ პირობებში, რუსეთს არ შესწევდა ძალა ქვეყანაში არსებული პრობლემების პარალელურად ძალაუფლება საგარეო სექტორში შეენარჩუნებინა.
საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შექმნეს ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც ხელისუფლების მართვის ორგანოს არ ემორჩილებოდა, თუმცა ოფიციალურად დამოუკიდებლობას არ აცხადებდა. კომისტარიატს არ შეუერთდა თურქეთი, რომელსაც საბჭოთა რუსეთისგან ყარსი, ბათუმი და არდაგნი გადაეცა. რესპუბლიკის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს თურქეთთან, თუმცა უშედეგოდ. მან, საბოლოოდ, 22 მაისს ეროვნულ საბჭოსა და აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მიწერა, სადაც ამბობდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის გამბედაობა უნდა გამოეჩინათ.
„ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა“,- აკაკი ჩხენკელი
24 მაისს ეროვნული საბჭო ნოე ჟორდანიას თაოსნობით შეიკრიბა და სასწრაფო წესით დამოუკიდებლობის გამოცხადება გადაწყვიტა. თუმცა დამოუკიდებლობის აქტის შექმნამ 2 დღეს გასტანა. 1918 წლის 26 მაისს კი ნოე ჟორდანიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა და განაცხადა:
“მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის, იშვიათის და ამავე დროს ტრაგიკულ აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა, ამავ დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.”
ასე შეიქმნა 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც არ იყო მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვები, არამედ იგი საქართველოს გამარჯვების დასტური გახლდათ. დამოუკიდებლობის აქტს 88 ადამიანმა მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ 3 წელი იარსება პირველმა რესპუბლიკამ, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. მათ შორის, სასამართლო, ფულად-საფინანსო და განათლების სისტემის რეფორმები. სწორედ 1918 წელს დაარსდა პირველი უნივერსიტეტი და შეიქმნა პირველი კონსტიტუცია, რომელიც თანასწორობისა და დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნის შექმნას ითვალისწინებდა.
პირველი კონსტიტუცია ძალაში არ შესულა, ვინაიდან 4 დღეში საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაეცა და წითელმა ფერმა მოიცვა. ამის შემდეგ იწყება ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელმაც 70 წელი გასტანა. 1921 წელსვე დაიწყო ანტისაბჭოთა მოძრაობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, იყო ერთობლივი აჯანყების იდეაც, რომელიც საბჭოთა რუსეთმა სისხლში ჩაახშო.
ამის შემდეგ დაიწყო რეპრესიები. სტალინმა კარგად იცოდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა განათლებულ საზოგადოებას, ამიტომ სასიკვდილოდ გასწირა მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. მათ შორის იყვნენ ტიციან ტაბიძე, ივანე ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი…
საქართველოში გამეფდა ტოტალიტარული მმართველობა, რომელიც ადამიანის პიროვნებისა და ინდივიდის გაქრობისკენ იყო მიმართული. ადამიანებმა მოჩვენებითი და კოლექტიური აზროვნების საფუძველზე დაკარგეს ფიქრის უნარი, რამაც სტალინის კულტის დამკვიდრება გამოიწვია. თუმცა ასეთ საზოგადოებაშიც კი აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა თავისუფლების წყურვილი ტოტალიტარიზმზე ძლიერი აღმოჩნდა. ამის დასტურია 1978 წლის 14 აპრილი, როცა ქართველებმა საკუთარი ენა რუსებს არ გააუქმებინეს. ეს იყო ერთგვარი გამოფხიზლება, რასაც 1983 წელს „თვითმფრინავის ბიჭების ამბავი“, 1988 და 1989 წლის აქციები მოჰყვა . 9 აპრილს ქართველი ხალხისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მას უკავშირდება 1991 წელს სისხლით მოპოვებული თავისუფლება.