რუბრიკა – “რჩევები დედებს” კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით დაგიბრუნდათ. ამჯერად ბავშვთა და მოზარდთა პირის ღრუს განვითარების ეტაპებზე და თანკბილვის დარღვევის მიზეზებსა და რეკომენდაციებზე გიამბობთ. ჩვენი სტუმარი კი ამერიკის ორთოდონტიული ასოციაციის ელჩი საქართველოში, საქართველოს ორთოდონტიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, კლინიკა “თამუნა კუბლაშვილის ორთოდონტიის” დამფუძნებელი, აკადემიური დოქტორი თამარ კუბლაშვილია.
ქალბატონო თამარ, უპირველესად გვიამბეთ რა არის ორთოდონტია?
მოსახლეობის ნახევარზე მეტს არასწორი თანკბილვა აქვს. მათგან ყოველ მეორეს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება. ორთოდონტია ყბა-სახის სისტემის განვითარებას, ანომალიებს და დეფორმაციის მიზეზებს შეისწავლის, ექიმი ორთოდონტი კი ასეთი დარღვევების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ეწევა.
პათოლოგიური თანკბილვა წლიდან წლამდე ხშირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეერთებულ შტატებშია, სადაც სხვადასხვა პოპულაციის შერევა ინტენსიურად ხდება.
მიზეზებზე რომ გვიამბოთ, რატომ ირღვევა კბილთა მწკრივი?
უპირველეს ყოვლისა, ვერსად გავექცევით გენეტიკას. ყბებისა და კბილების აგებულების თავისებურება მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცემა. მეტიც – სხვადასხვა პოპულაციაში სხვადასხვა ანომალიაა გავრცელებული: თეთრკანიანებში – უფრო მეტად ქვედა ყბის ზრდაში ჩამორჩენა, აფროამერიკელებში – ბიპროგნათია (ორივე ყბის ჭარბი განვითარება), აღმოსავლეთის ქვეყნებში (ჩინეთი, იაპონია, კორეა) – ქვედა ყბის ჭარბი განვითარება და ა.შ.
ანომალიური თანკბილვის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სამშობიარო ან დაბადების შემდგომი ტრავმაა. ამ სახსარზე მდებარეობს ქვედა ყბის აქტიური ზრდის ზონა, რომლის დაზიანება ქვედა ყბის განვითარების ცალმხრივ ან ორმხრივ ჩამორჩენას განაპირობებს.
კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი პირით სუნთქვაა. ამ დროს ირღვევა პირის გარეთა და შიგნითა კუნთების მიოდინამიკური წონასწორობა, რაც ზედა ყბის შევიწროებას და სხვადასხვა ანომალიას იწვევს. ასეთი ბავშვები თითქოს ცხვირში ლაპარაკობენ (დუდღუნებენ), ახასიათებთ იძულებითი თავდახრილი პოზა, რის გამოც ტანდეგობაც ერღვევათ.
კბილთა პათოლოგიური შეთანასოვების გამომწვევ მიზეზთაგან საქართველოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა არასათანადო ჰიგიენის გამო. გახსოვდეთ, სარძევე კბილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან უყურადღებოდ დატოვებული პათოლოგიური პროცესი შეუქცევადად აზიანებს არა მხოლოდ მოსაცვლელ, არამედ მათ ადგილას ამოსასვლელ მუდმივ კბილებსაც. კბილების ნაადრევი ექსტრაქციის შემდეგ მუდმივ კბილებს ადგილი ეკარგება, რადგან მეზობელი კბილები სიცარიელისკენ გადაინაცვლებს, ეს კი კბილთა მჭიდრო დგომას და თანკბილვის დარღვევას იწვევს.
საინტერესოა როგორია მავნე ჩვევების გავლენა ასეთ დროს?
ჰიგიენის წესებთან ერთად მშობლები აუცილებლად უნდა იცნობდნენ და ითვალისწინებდნენ მატყუარას გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს, ბუნებრივი და ხელოვნური კვების თავისებურებებს.
ძუძუთი კვება კუნთების შეკუმშვას ასტიმულირებს, რაც ქვედა ყბის ზრდას უწყობს ხელს. ვინაიდან ჩვილი ქვედა ყბის რეტროგნათიით (უკან დგომით) იბადება, ბუნებრივი კვება ყბის ზრდა-განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა. ხელოვნური კვების შემთხვევაში ისეთი საწოვარა უნდა შეირჩეს, რომ ნარევი ადვილად არ გადმოდიოდეს ხვრელიდან და კვების პროცესი სწორად წარიმართოს.
მატყუარას ყელი ხელს უშლის ცენტრალური საჭრელი კბილების შეხებას. ამ მცირე, მაგრამ მუდმივ ზეწოლას შეუძლია, ღია თანკბილვის განვითარება და ქვედა ყბის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს, ამიტომ, როგორც კი ბავშვს 6 თვე შეუსრულდება, სასურველია, მატყუარა გამოართვათ.
მენიუში მყარი საკვების სიმცირე კბილთა მწკრივის შევიწროებას, მჭიდრო დგომას, დროთა განმავლობაში კი მრავლობით კარიესს და ღრძილების დაავადებებს იწვევს. ღეჭვითი რეფლექსის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, წინა კბილების ამოჭრისთანავე (8-12 თვე) მივცეთ ბავშვს დაჭრილი ხილი და ბოსტნეული, რათა ღეჭვის ჩვევა განივითაროს. 2,5 წლის ასაკში, როცა უკვე ყველა სარძევე კბილი ამოჭრილია, დაუშვებელია ბავშვის კვება ფაფისებრი კონსისტენციის (დაბლენდერებული, ჩაჭყლეტილი) საკვებით, ვინაიდან ამ დროს საღეჭი მუსკულატურა თითქმის არ იტვირთება, ყბების სიმეტრიული სტიმულაცია არ ხდება. პრობლემის თავიდან ასაცილებლად ღეჭვითი ვარჯიშები და ფიზიკური თერაპიაა რეკომენდებული.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობა მკურნალობის დასაწყებად სარძევე კბილების მოცვლას და მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებას ელოდება. გახსოვდეთ, კბილების სწორი შეთანასოვნება არა მხოლოდ მომხიბვლელ ღიმილს, არამედ პირის ღრუს არაერთი დაავადების პრევენციასაც ნიშნავს. თავის ადგილას მდგარი კბილები გაცილებით ჯანსაღია და ნაკლებად ზიანდება, არასწორი თანკბილვა კი, პირიქით, კბილებისა და ღრძილების დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს. არათანაბრად განაწილებული ღეჭვის ძალა დროთა განმავლობაში კბილების მორყევას, ცვეთას, კბილის ირგვლივი ქსოვილის, პაროდონტის, დაზიანებას იწვევს. მჭიდროდ მდგომი კბილები ხელს უშლის პირის ღრუს სრულფასოვან ჰიგიენას, რაც, თავისთავად, კარიესისა და მისი გართულებების წინაპირობაა.
ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები ასაკთან ერთად მძიმდება და რთულდება, რასაც მოგვიანებით ჯანმრთელი მუდმივი კბილებიც ეწირება. არცთუ იშვიათად ყბების პლასტიკური ოპერაციაც კი ხდება საჭირო. თანკბილვის ანომალიები იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიებს, რაზეც თავის ტკივილი, პირის გაღების დროს სახსრის ტკაცუნი და საღეჭი კუნთების დაჭიმულობა მიგვანიშნებს. ტკივილი კისრისა და ბეჭის მიდამოში ვრცელდება. კუჭ-ნაწლავის დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი თანკბილვაა – საჭმლის გუნდა პირის ღრუში სათანადოდ ვერ მუშავდება და კუჭში ნახევრად დაუღეჭავი ხვდება. არასწორი თანკბილვა ხშირად სუნთქვის, ყლაპვის, მიმიკისა და მეტყველების დარღვევასაც იწვევს.
როდის მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან?
სასურველია, ბავშვმა რაც შეიძლება ადრე გაიაროს ორთოდონტის კონსულტაცია, რადგან პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება და ხშირად მშობლებისთვის შეუმჩნეველი რჩება. ამერიკის ორთოდონტთა ასოციაციის თანახმად, განვითარების მანკების (სასისა და ტუჩის ნაპრალები და სხვა) არარსებობის შემთხვევაში სპეციალისტთან პირველი ვიზიტი შვიდი წლის ასაკშია რეკომენდებული. თუმცა ეს ბრეკეტების დაუყოვნებლივ მორგებას არ ნიშნავს. თუ მკურნალობის ადრე დაწყების ჩვენება არ არსებობს, კბილების გასწორებას 10 წლიდან ვიწყებთ. ცვლადი თანკბილვის პერიოდში, ყბების კუნთოვანი აპარატის, მავნე ჩვევებისა და პირით სუნთქვის კორექციისთვის, პრეორთოდონტული ტრეინერის გამოყენებაა რეკომენდებული. ეს არის იოლად მოსარგები აპარატი, რომელიც ბავშვს მთელი ღამე, ხოლო დღისით ერთი საათი უნდა ეკეთოს. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 6-12 თვეა.
რა არის ადრეული მკურნალობის ჩვენება?
ძირითად ჩვენებათა ჩამონათვალი ასეთია:
1. ზედა ყბის შევიწროება. ცნობილია, რომ თავის ქალა განივად ზრდას 12-13 წლისთვის წყვეტს. გარდა ამისა, მცირეწლოვანი ბავშვის სასის ნაკერი ხრტილოვანი და ნაკლებ დანაოჭებულია, ანუ მეტად დამყოლია, ამიტომ ადრეულ ასაკში ზედა ყბის გაფართოება გაცილებით ადვილია, ხოლო შედეგი – უფრო სტაბილური.
2. გახანგრძლივებული მავნე ჩვევა. თუ თითის, ენის ან მატყუარას წოვა, ტუჩის კვნეტა, ენის კბილებს შორის მოთავსება 7-8 წლამდე გაგრძელდა, აუცილებელია სპეციალური სამკურნალო-პროფილაქტიკური აპარატების გამოყენება. მათი დახმარებით ბავშვი ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე დაძლევს მავნე ჩვევას და მის ყბებსა და რბილ ქსოვილებს სწორი განვითარების საშუალება მიეცემა. ექვსი წლიდან იგივე დანიშნულება აქვს მიოფუნქციონალურ ტრეინერს.
3. დიდი ქვედა ყბა. მედიალური თანკბილვის მკურნალობას 7-8 წლიდან ვიწყებთ, სანამ ზედა ყბის ნაკერები ჯერ კიდევ ხრტილოვანი კონსისტენციისაა. ამ დროს პირის ღრუში მაგრდება ზედა ყბის გამაფართოებელი და ნაწილობრივი ბრეისები, პაციენტი დღეში 12 საათი ატარებს რევერსულ ნიღაბს, რომელიც ზედა ყბის ზრდას ასტიმულირებს.
4. ზეკომპლექსური კბილები. ზედმეტი კბილები ხელს უშლის მუდმივი კბილების ამოსვლას. უმჯობესია, ისინი მცირე ასაკშივე ამოვიღოთ, ორთოდონტიული მკურნალობით ჩამოვიყვანოთ მუდმივი კბილი და კბილთა რკალში ჩავაყენოთ.
5. კბილის ექსტრაქცია. სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვის შემთხვევაში მიზანშეწონილია სივრცის შესანარჩუნებელი აპარატის გამოყენება, რათა მუდმივი კბილებისთვის ადგილი დარჩეს.
ბოლოს რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
საქართველოში ორთოდონტია ჯერ კიდევ ახალგაზრდა დარგია. სამწუხაროდ, მრავლად არიან არასწორი მკურნალობით დაზარალებული პაციენტები. კიდევ ერთი პრობლემური საკითხია გაურკვეველი წარმოშობის არალიცენზირებული ბრეისების სიმრავლე, რომლებიც გაცილებით იაფია, მაგრამ ტოქსიკური.
ორთოდონტიული მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 1.5 წელია, თუმცა ზოგჯერ 2-3 წელიც გრძელდება, სასურველ შედეგს კი მხოლოდ კვალიფიციური ექიმის დახმარებით და ხარისხიანი მასალით მიიღებთ.