„OK! ბათუმის“ სტუმარი ესთეტიკის ცენტრის, „თამარისიას“ დამფუძნებელი თამარ ბრუნჯაძეა, ძლიერი ქალი, რომელსაც სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და სწამს, რომ საქმე, რომელსაც დიდი სიყვარულით აკეთებს, აუცილებლად იქნება წარმატებული. საკუთარი ცენტრი ბათუმში რამდენიმე დღის წინ გახსნა, წინ დიდი გეგმები აქვს და მთავარი მიზანი, რომ მათთან მისულმა თითოეულმა ქალბატონმა თავი ქალღმერთად იგრძნოს. არასოდეს უშინდება გამოწვევებს, თვლის, რომ მუდმივი ძიებისა და განვითარების პროცესი საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას ნიშნავს.
მოგვიყევით, როგორ გაჩნდა იდეა, დაგეფუძნებინათ საკუთარი ესთეტიკის ცენტრი და რა გზა გაიარეთ იდეის განხორციელებამდე?
ზოგადად, დავიწყებ იქიდან, რომ 17 წლიდან ვმუშაობ, უმოქმედოდ ყოფნა არ შემიძლია, ძალიან მთრგუნავს. დაახლოებით 3 წლის წინ გადავწყვიტე მიმეტოვებინა სამსახური და დამეწყო საკუთარი საქმე. მე და ჩემმა დამ ერთობლივად დავიწყეთ ბიზნესი, თუმცა, მომხმარებლისგან უსაზღვროდ დიდი მოწონებისა, წელიწად-ნახევრის შემდეგ მოგვიწია საბავშვო ბუტიკ „ეკო ქიდის“ დახურვამ. მეორე შვილი შემეძინა, ჩემი და ქალაქში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მოგვიწია დავმშვიდობებოდით აღნიშნულ საქმეს. ამის შემდეგ ვერა და ვერ მოვისვენე, სულ რაღაცის ძიებაში ვიყავი. ძალიან რისკიანი ვარ, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ აღნიშნული ბუტიკი პანდემიის დროს გავხსენით, მაშინ როცა ყველაფერი იკეტებოდა. დავიწყეთ ბიზნესი და მინდა გითხრათ, ძალიან კარგადაც ავუღეთ ყველაფერს ალღო. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიზეზთა გამო მოგვიწია აღნიშნული ბიზნესის შეჩერებამ. ამ ყველაფრის შემდეგ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ქალაქგარეთ ახალაშენებული აგარაკი გაგვეყიდა და თანხა საქმეში ჩამედო. ოჯახიც გვერდით დამიდგა და მინდა უსაზღვროდ დიდი მადლობა გადავუხადო მათ ჩემთვის გამოცხადებული უპირობო ნდობისთვის. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა გიოს, ჩემს მეუღლეს. ერთი სიტყვით, თანხა ჩავდე საქმეში, რომელიც სულ მომწონდა. მახსოვს, თუ ვინმეს მაკიაჟის გაკეთება უნდოდა ჩემ ირგვლივ, აუცილებლად ჩემთან მოდიოდნენ და მეც მთელ გულს და სულს ვდებდი ამ ყველაფერში. ყოველთვის ვიმსახურებდი შექებას, ერთ მშვენიერ დღეს კი მივხვდი, რომ ეს უკვე ბავშვური თამაში აღარ იყო და გადავწყვიტე ე.წ. მეიქაფის კურსი გამევლო. ასე დაიწყო და გაგრძელდა ყველაფერი. წინ არაერთი გეგმა მაქვს და მჯერა, ყველა მათგანს განვახორციელებ.
რა სერვისებს შესთავაზებთ მომხმარებელს და როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?
უსაზღვროდ დიდი წინააღმდეგობებისა, თუნდაც საზოგადოების მხრიდან, როდესაც ამხელა საქმეს იწყებ და გვერდიდან ვიღაც გეუბნება, სალონი?! იმუშავებს?! ყველგან სალონია! შენდა უნებურად მოტივაციას გიგდებს. თუმცა აღნიშნულმა რეპლიკებმა ვერაფერი დააკლო ჩემს დიდ სურვილს, მქონოდა საკუთარი ესთეტიკის ცენტრი „თამარისია“, სადაც საუკეთესო სერვისს შევთავაზებდი მომხმარებლებს. მინდა ჩვენთან მოსულმა თითოეულმა ქალბატონმა თავი ნამდვილ ქალღმერთად იგრძნოს. მიმაჩნია, რომ ყველა ქალი ვიმსახურებთ ამას! მომხმარებლებს ვთავაზობ ინოვატორულ იდეებს. თუნდაც იმას, რომ სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრს ფოტოების გადაღებისთვის თავისი სივრცე ექნება, რაც დამეთანხმებით, ძალიან დიდი სიამოვნებაა ქალბატონებისთვის. ასევე, გვაქვს ეპილაციის ბოლო თაობის აპარატურა, ქალბატონებს ვთავაზობთ კოსმეტოლოგიისა და მეიქაფის პროფესიონალურ სივრცეს, წამწამების ლამინირებას, სტილისტებისა და პედიკიურ-მანიკიურის პროფესიონალი სპეციალისტების მომსახურებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენთან მოსული სტუმარი ყველა მომსახურებას იღებს ერთ სივრცეში და, რაც უმთავრესია, ეს ყველაფერი ხდება მაღალ ხარისხში.
კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად საჭიროა…
ზოგადად, კონკურენტუნარიანი ბაზრის არსებობა მახარებს, რადგან, ვფიქრობ, ადგილი არ აქვს მონოპოლიას. შესაბამისად, ყოველთვის ზრუნავ განვითარებისათვის, რათა სხვაზე უკეთესი იყო, დაიმკვიდრო თავი და აღნიშნულ ბაზარზე შენი სათქმელი თქვა. ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებით მომხმარებლებს, მათ შორის სილამაზის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებისთვისაც მოწვეული ოსტატები საინტერესო მასტერკლასებსა და სემინარებს ჩაატარებენ. ჩვენს მომხმარებელს წინ არაერთი სიურპრიზი ელოდება.
ესთეტიკის მიმართულებით რა გამოწვევებია დღეს საქართველოში?
ესთეტიკის მიმართულებით საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ტემპი ძალიან აჩქარებულია. მომხმარებლებიც ძალიან გათვითცნობიერებული არიან ამ კუთხით, რაც ვფიქრობ, კიდევ უფრო კარგია სფეროს განვითარებისათვის, რადგან მუდმივ ტონუსში გამყოფებს სპეციალისტს, ცდილობ პროფესიულად მეტად და მეტად განვითარდე, მუდმივად აუწყო ფეხი ახალ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენც გადამზადებული და კვალიფიცირებული კადრები გვყავს ესთეტიკის კუთხით, რაც ხარისხის ურყეობას განაპირობებს.
რომელ ცნობილი ქალბატონს შესთავაზებდით სიამოვნებით, იყოს „თამარისიას“ სახე…
ალბათ, რუსა ჩაჩუას, რადგან სწორედ ასეთი წარმომიდგენია ქალი – სულ ფორმაში, სულ საქმეში. 4 შვილის დედაა და ამავდროულად როგორი ლამაზია. ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია ასეთი პრინციპულები ვიყოთ საკუთარ თავთან და მივიღოთ ის შედეგი, რაც გვსურს. თუმცა ზოგჯერ დანდობაც საჭიროა, რადგან შესაძლოა თუ ძალიან ბევრს მოვთხოვთ საკუთარ თავს, სტრესი ვერ ავიცილოთ. უნდა შეგვეძლოს ბალანსის დაცვა.
როგორია ლამაზი ქალის თქვენეული აღქმა…
თუ ქალს რაიმე არ მოგწონს საკუთარ გარეგნობაში და შეგიძლია რაღაცის შეცვლა, რატომაც არა?! თუმცა ვფიქრობ, მაგ საკითხში ოქროს შუალედის პოვნა აუცილებელია. ყველა ქალი ლამაზია, ყველა იმსახურებს უდიდეს სიყვარულსა და წარმატებას.
„OK! ბათუმის“ მკითხველს ვეტყოდი, რომ…
არასოდეს დასჯერდეთ იმას, რაც გაქვთ. იბრძოლეთ გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. გინდათ არსებული მდგომარეობის შეცვლა და ვერ რისკავთ? გეშინიათ? უნდა გარისკოთ, თქვენ ეს შეგიძლიათ! თუმცა ფსიქოლოგ ზურა მხეიძეს ვუსმენდი და ძალიან მომეწონა მისი მსჯელობა რისკებთან დაკავშირებით. ამბობს, რომ რისკი არ არსებობს, ის არის შანსი, რომელსაც ცხოვრება გაძლევს და გაძლევს სულ რამდენიმეჯერ. ამიტომ, თუ შეგეშინდა და ხელი გაუშვი, შენ ვერასოდეს მიხვდები, რომ რისკი სინამდვილეში ცხოვრებისგან ბოძებული შანსია, რომელიც შეიძლება ისე არ გამოვიდეს, როგორც წარმოგედგინა, მაგრამ მაინც უნდა მოსინჯო! საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს ყველგან და ყოველთვის! რა ენერგიასაც გაუშვებ კოსმოსში, ის უკან გიბრუნდება და ამიტომ, ყოველთვის ვთქვათ – „აუცილებლად გამომივა!“ და მერწმუნეთ – გამოგივათ!
მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილებები…
საერთოდ, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. როგორცი კი შანსი მეძლევა, ახალ-ახალი ადგილების მონახულებას ვცდილობ. თუმცა ამ შემთხვევაში მინდა პარიზი გამოვარჩიო, სადაც ორჯერ ვიყავი და ალბათ კიდევ ბევრჯერ წავალ, რადგან პარიზის სული და სურნელი განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემს შინაგან სამყაროზე. რაღაც ჯადოსნური და რომანტიკული სურნელი გაჰყვება ამ ქალაქს ლაიტმოტივად… პარიზსა და მოდაზე აღარ ვისაუბრებ და მის ესთეტიკურ მხარეზე, იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან ფრანგი ქალბატონები…
ადამიანები, მათი თანადგომის ძალა..
წარმოუდგენელი ძალა აქვს ადამიანის თანადგომას, გამხნევებას, სიყვარულს… მქონდა მომენტები, როგორც უკვე გითხარით, გარშემო მყოფებისგან განმიცდია დემოტივაცია, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში არ ვგულისხმობ ოჯახის წევრებსა და უახლოეს მეგობრებს… ცხოვრებაში ძალიან ბევრნაირი ხასიათისა და ბუნების ადამიანს შევხვდებით, ამიტომ, მივხვდი ერთს, მხოლოდ მათ უნდა მოუსმინო, დაუთმო შენი ძვირფასი დრო, ვინც ამას იმსახურებს და აუცილებლად უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის! როდესაც შენ თავად ხარ დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებ ან რაც გინდა გააკეთო, ყველაფერი აუცილებლად ისე იქნება, როგორც წარმოგიდგენია!
ადგილი ბათუმში, სადაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ მეგობრებთან ერთად ყავის დალევა…
ალბათ ყველაზე უფრო „არომი იტალიანიში“. რა ჯობია მეგობრებს, კაპუჩინოს და თავისებურად მხურვალე მზეს შუა ზამთარში?! პირდაპირ „ევროპის მოედანზე“ მიყვარს ხოლმე ჩამოჯდომა, მზის სხივები სახეზე რომ გეთამაშება და სიამოვნებისგან სხვა სამყაროში ხარ.
ყოველთვის მჯერა, რომ…
ყოველთვის მჯერა, რომ დასახულ მიზანს დღეს თუ არა, ხვალ მაინც მივაღწევ იმიტომ, რომ მე მიყვარს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ. მიღებული მაქვს ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მიყვარს ჩემი მიზნები. რასაც ჩავიფიქრებ, მანამ არ გავჩერდები, სანამ საწადელს არ მივაღწევ. მიზნის დასახვა წარმატებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია, ასე რომ, წინ, წარმატებისკენ!
ბედნიერი ვარ, როცა…
ბედნიერი ვარ, როცა სამსახურიდან ჩემს ელეს მივაკითხავ სკოლაში, დათუს გავუვლი ბაღში და ერთად სახლისაკენ მივდივართ. უკვე მესამე პატარასაც ველოდებით და წარმომიდგენია, რამდენიმე თვის შემდეგ რამხელა ჟრიამული გვექნება სახლში. სამი სხვადასხვა ადამიანის ხასიათი, მოთხოვნები… ამაზე ფიქრიც კი უდიდეს ძალასა და ენერგიას მაძლევს. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ოჯახურ გარემოში, ბავშვებთან და გიოსთან ერთად. ბედნიერი ვარ, როცა ჩემი საყვარელი ადამიანები გვერდით ჯანმრთელი და ბედნიერი მყავს.
როგორ წარმოგიდგენიათ რამდენიმე წელში თქვენი საქმიანობა? სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ…
მომავლის გეგმები ძალიან დიდი მაქვს, ყველაფერზე წინასწარ არ ვისაუბრებ, თუმცა მგონი უკვე აღვნიშნე, რომ მომავალში სხვადასხვა პლატფორმაზე გავდივართ. გვეყოლება მოწვეული ოსტატები, გავცემთ სერტიფიკატებს. თუმცა მანამდე ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, ეს ყველაფერი ჯერ საუბრის დონეზეა. ახლო მომავალში, პროდუქციის გაცნობის კუთხით, ვგეგმავთ საერთაშორისო ფორუმზე გამგზავრებას, რათა მომხმარებლებს როგორც თავის მოვლის, ასევე ესთეტიკის სფეროში საუკეთესო პროდუქტი შევთავაზოთ. რამდენიმე წელში ჩემს საქმიანობას ვხედავ ძალიან განვითარებულს, გუნდურად შეკრულ ერთ დიდ ოჯახს, რომელიც აუცილებლად მიაღწევს არაერთ წარმატებას და შესაძლოა გაფართოებაზეც კი იფიქროს. ოპტიმისტი ვარ და მჯერა უკეთესი ხვალინდელი დღის, გჯეროდეთ თქვენც!
სამოსი: თაკო მექვაბიძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე