ზოგადად, საქართველოში ცოტაა ისეთი კომპანიები, სადაც მმართველ პოზიციებს ქალები იკავებენ, განსაკუთრებით კი თამბაქოსა და სავაჭრო ქსელების მიმართულებით. საქართველოში პირველი პრემიალური „ვეიპ შოპი“ – „პოდსი“ კი ის სასიამოვნო გამონაკლისია, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა ქალია, მათ შორის კომპანიის უმაღლეს მმართველ პოზიციაზე მყოფი მენეჯერები და დამფუძნებელიც.
აღნიშნული ბრენდი ბაზარზე გამოირჩევა განსაკუთრებული კონცეფციით, რაც გულისხმობს მომხმარებელისთვის დახვეწილ გარემოს, მაღალი ხარისხის, ტრენდულ პროდუქციასა და ექსკლუზიური მომსახურების შეთავაზებას.
თამარი პირტახია, „პოდსის“ დამფუძნებელი/აღმასრულებელი დირექტორი: „პოდსის“ შექმნის იდეა წარმოიშვა სპონტანურად, გარე ფაქტორებმა, ბაზრის ზრდამ, მომხმარებლის მაღალმა ინტერესმა და მოთხოვნამ მოიტანა აუცილებლობა, გვემოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ წლები ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში მენეჯერულ პოზიციაზე, გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში არ მქონდა, თუმცა მქონდა მკაფიო მიზანი, დიდი ამბიციები და რწმენა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა.
ჩემი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის ვეიპის შეძენის სასიამოვნო გამოცდილება დამენერგა, საზოგადოებისთვის შემეთავაზებინა პრემიუმხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი და ხარისხიანი მომსახურება, ეს ყველაფერი კი სასიამოვნო გარემოში.
საქართველოში მენეჯერულ პოზიციაზე ცოტა ქალია, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, როგორც დამფუძნებელი ქალის, როგორ მოხვედით აქამდე?
ქალი ხელმძღვანელი რიგი ადამიანებისთვის შეიძლება ნაკლებად სერიოზულად ჟღერდეს ან ნაკლებ ნდობას იმსახურებდეს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ჩვენს მენტალურ და კულტურულ წარმოდგენაში მმართველობით პოზიციაზე მოღვაწე პერსონა ასოცირდება უშუალოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელთან. სტანდარტული წარმოდგენაც კი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ძლიერი ქალი, ასოცირდება მამაკაცურობასთან.
ჩემი აზრით, იყო „სუსტი სქესის“ წარმომადგენელი, ეს დიდი პრივილეგიაა, რაც ყოველდღიურად უნდა გამოიყენო, ყოველი შესაძლებლობისთანავე. ვფიქრობ, მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა, შრომა და მუდმივი განვითარება მოგცემს შესაძლებლობას აკეთო ის, რაც გიყვარს და იგი აუცილებლად მიგიყვანს წარმატებამდე.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოსა და სავაჭრო ქსელების მიმართულებით მმართველობით პოზიციებზე 90% მამრობითი სქესის წარმომადგენელი მოღვაწეობს, „პოდსი“ „ვეიპ შოპებისა“ და ქსელის მიმართულებით ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა და დამფუძნებელიც ქალბატონია.
როგორ ფიქრობთ, დღეს რა სახის გამოწვევების წინაშე დგახართ?
„პოდსისთვის“, როგორც სწრაფად მზარდი ქსელისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო და დღემდე რჩება შესაბამისი კადრების მოძიება. ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით და ვცდილობთ ჩვენი გუნდი მოტივირებული და შრომისმოყვარე ადამიანებით დავაკომპლექტოთ. კომპანია კი თავის მხრივ, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით, კონკურენტუნარიანი ხელფასებითა და პროფესიული ტრენინგებით აძლევს მათ საშუალებას გაძლიერდნენ, იყვნენ ჩართულები კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი ქმნის საუკეთესო მომსახურების მაგალითს. სწორედაც რომ სწორი გუნდის, შრომისა და დიდი ძალისხმევის დამსახურებით შეიქმნა „პოდსი“ და დღეს ბაზარზე დამსახურებულ პოზიციას იკავებს.
როგორია მართვის თქვენეული სტილი?
ჩვენი თანამშრომლები ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანები არიან. მათი უმრავლესობა სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებულია, ბევრისთვის ეს პირველი სამუშაო გამოცდილებაა, სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლებთან მეგობრული და ლოიალური ურთიერთობა, სწორედ ეს ჩართულობა მეხმარება შემდეგ უკვე „პოდსის“ მომხმარებლის განსაზღვრაში, მათი საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი სერვისის მიწოდების დაგეგმვაში. ოპერაციულ ნაწილში ჩემი მაქსიმალური ჩართულობა ერთგვარი მაგალითიც არის „პოდსის“ თანამშრომლებისთვის, მინდა თითოეულს მოტივაცია მივცე და მათი ნდობა გავამყარო.
რა ადგილი უჭირავს საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?
ყოველთვის აღვნიშნავ, რომ „პოდსი“ არის ჩემი მე-4 შვილი და ვცდილობ, ჩემი დროის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ ჩემს შვილს თანაბრად დავუთმო. მთავარი უნარი, რაც ჩემს ცხოვრებაში გამოვიმუშავე და მეხმარება სწორად და ეფექტურად წარვმართო დრო და რესურსი, არის დროის მენეჯმენტი. ეს მაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად ჩართული ვიყო კომპანიის ყველა სამუშაო პროცესში და ამავდროულად ვიყო დედა, მეუღლე და არ მოვაკლო ყურადღება და ზრუნვა ოჯახს.
გვესაუბრეთ „პოდსიზე“, რას სთავაზობთ საზოგადოებასა?
თეა გოროზია, „პოდსის“ მარკეტინგის დირექტორი: „პოდსის“ მაღაზიათა ქსელი 2021 წელს შეიქმნა და დღეს საქართველოს მასშტაბით 20-მდე მაღაზიას ფლობს. ეს არის „ვეიპ შოპების“ განსხვავებული კონცეფცია, რომელიც თავის მომხმარებელს დახვეწილ გარემოს, მაღალი ხარისხის ტრენდულ პროდუქციასა და ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს.
„პოდსის“ ქსელი პირველი პრემიალური „ვეიპ შოპია“ საქართველოში, რომელიც ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებულად უყვარს მისი გამორჩეული ინტერიერის, პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და ხარისხიანი სერვისის გამო, ასევე იმ გარემოსთვის, რასაც ჩვენი მშვენიერი გოგონები ქმნიან და სთავაზობენ მომხმარებელს თითოეულ მაღაზიაში.
თქვენი აზრით, რა გამოარჩევს „პოდსის“ ბაზარზე?
უპირველესად, მინდა აღინიშნოს, რომ „ვეიპ შოპების“ მიმართულებით „პოდსი“ ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში და ყველაზე სწრაფი ტემპითაც იზრდება. ორი წელიწადიც არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა და უკვე მოახერხა მუდმივი მომხმარებლის მოპოვება, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ მაღაზიების 70%-ს ჩვენი ლოიალური მომხმარებელი წარმოადგენს და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ადგილი, სადაც უბრალოდ, პროდუქციას ვყიდით, ეს არის განსაკუთრებული კონცეფციის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ შევქმნათ განსაკუთრებული გარემო ვეიპინგისთვის, შევთავაზოთ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტის ფართო ასორტიმენტი როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი ელექტრონული მოწყობილობების, აქსესუარებისა და სითხეების. გარდა ამისა, ვცდილობთ ვიყოთ ინოვატორები, როგორც პროდუქტის, ისე სერვისის განვითარებაში.
სწორედ ამიტომაც ვგრძნობთ ასე მძაფრად თითოეული თანამშრომლის, „პოდსის“ კამპანიებში ჩართული ინფლუენსერების თუ მომხმარებლის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ბრენდის განვითარების ხელშეწყობას.
თქვენი აზრით, რა განაპირობებს კომპანიის წარმატებას?
თეა იოსავა, „პოდსის დირექტორი“: ის, თუ რამდენად წარმატებულია კომპანია, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც მმართველი და პასუხისმგებელი პირების უნარებზე, ასევე მისი თანამშრომლების შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმზე.
დღეს „პოდსიში“ დასაქმებულია 50-მდე ადამიანი, კომპანია მზარდია და მუდმივად ჩართულია დამატებითი კადრების მოზიდვაში, რომლებსაც ვეხმარებით პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. ვმუშაობთ მათ შენარჩუნებაზე და ვაძლევთ საშუალებას, დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ კმაყოფილი და თვითრეალიზებული თანამშრომელი პირდაპირ ნიშნავს ლოიალურ მომხმარებელს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.
კომპანიის კორპორაციული მართვის სტრუქტურა არის ჰორიზონტალური, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მთავარი გუნდურობაა, პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია ნებისმიერი რგოლის თანამშრომლებს შორის საშუალებას იძლევა, პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ინფორმაციული და ეფექტური.
ჩვენი შეფასებით, ადამიანური კაპიტალი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა, განავითარო საქმე და მიაღწიო წარმატებას.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
როგორც აღვნიშნე, კომპანია მზარდია და სწრაფი ტემპით ვითარდება, მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება ოცი ახალი ობიექტის გახსნა საქართველოს მასშტაბით, ეს იქნება როგორც ცალკე მდგომი მაღაზიები, ასევე სხვადასხვა სავაჭრო მოლებში განთავსებული სტენდები.
ასევე, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ბაზარზე შემოვიტანოთ სიახლეები, როგორც ინოვაციური, ბრენდული პროდუქტების სახით, ასევე გამორჩეული, შთამბეჭდავი ინტერიერითა და სერვისით. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო განავითარებს ქსელური ვაჭრობის სფეროს და მოგვცემს საშუალებას, მომსახურების სფეროში ახალი სტანდარტები დავნერგოთ.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი