გაგაცნობთ ქართულ ბრენდ „ბესტიას“, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა, თუმცა სულ ახლახან დაიწყო ბაზარზე აქტიური ოპერირება. ძალიან საინტერესოა ბრენდის ისტორია და დატვირთვა. გთავაზობთ ინტერვიუს დამფუძნებელ მარიამ თედიაშვილთან.
მარიამ, უპირველესად გაგვაცანით ბრენდი. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაგიჩნდათ იდეა?
„ბესტია“ 2020 წელს დავაფუძნე, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევწყვიტეთ ფუნქციონირება და სულ ახლახან განვაახლეთ მუშაობა. იდეას რაც შეეხება, ჩემს მეგობრებს სურდათ ჩემი ნახატების მაისურებზე გადატანა. თავდაპირველად იდეის დონეზე რამდენიმე ვცადეთ ჩვენთვის, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა გარშემო მყოფებში და გამიჩნდა იდეა, დამეარსებინა ბრენდი „ბესტია“.
რას სთავაზობთ საზოგადოებას?
„ბესტია“ ამ ეტაპზე გთავაზობთ ტანსაცმელს და აქსესუარებს, რომელზეც გადატანილია ნახატები და ლოგოები. კერძოდ: მაისურები, ჰუდები, შარვლები, პულოვერები, პანამები, ჩანთები, კაშნეები. ახალ კოლექციაში დაემატება საცურაო კოსტიუმები და საზაფხულო კოლექცია.
ტანსაცმელზე გადატანილია ჩემი ნამუშევრები. ნახატის და ტანსაცმლის დიზაინის შექმნა პარალელური პროცესებია. ნახატი დამოუკიდებლად იქმნება და მისი შექმნა დამოკიდებულია მუზაზე, ხასიათზე, გარემოსა და ყველაზე მეტად ჩემს შინაგან მდგომარეობაზე. შემდეგ ეს ნახატი გადამაქვს სამოსზე იმის მიხედვით, თუ რამდენად მოთხოვნადი და სასურველია მომხმარებლისთვის.
გვიამბეთ თქვენს შემოქმედებაზე.
ნახატები შესრულებულია ტუშით ქაღალდზე. ვარ თვითნასწავლი. ხატვა დავიწყე 2020 წლის აპრილში, პანდემიის დროს. ალბათ მთავარი მიზეზი, რამაც ხატვის სურვილი გამიჩინა, PTSD არის, ეს პროცესი მეხმარება ემოციების ბალანსში, გრძნობების ცოტა ხნით გათიშვასა და შინაგანი სიმძიმისგან დაცლაში. ხშირად უკითხავთ და მიფიქრია, რა არის მუზა. კონკრეტული პასუხი არ მაქვს და არ მყავს, თუმცა ხშირად მეხმარება ზურა ჯიშკარიანის იგივე dilla-ს ტექსტები. ამ ადამიანს შეუძლია ერთ წინადადებაში ჩაატიოს შენი ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი ან გამოხატოს შენი განვლილი ცხოვრება.
რატომ შავ-თეთრი?
როგორც აღნიშნეთ, ნახატები შავ-თეთრია. ვფიქრობ, ერთი ფერადი დეტალიც კი დაუკარგავს ჩემს ნამუშევრებს აზრს, არ არის ჩემი ნახატების შინაარსი ფერადი და ვერც ისინი იქნებიან ფერადები.
რას გვეტყვით იაგუარზე?
რაც შეეხება იაგუარს, ის ჩემი საყვარელი ცხოველია, რომელიც ერთდროულად სილამაზის და სიძლიერის სიმბოლოა. ის ხომ ჯუნგლების მეფეა. ნახატების ძირითადი სერია მდედრობითი იაგუარია, ძალიან მკაცრი ცივი გამოხედვით და ასევე მკაცრი ჩაცმულობით. მინდა ხაზი გავუსვა და გამოვხატო, როგორი ძლიერია ქალი. ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია ძალიან გვტკიოდეს, კიდევ უფრო ძალიან გვიჭირდეს, ამავდროულად შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ. ვერცერთ ჩემს ნახატში ვერ შეგეცოდებათ იაგური, მაშინაც კი, როცა შეიძლება ნახატიდან მისი ტკივილიანი ღრიალი გესმოდეთ. ასევე მინდა კაცებს დავანახვო, რამხელა როლი აქვთ ცხოვრებაში ქალებს და რას ნიშნავს იაგუარებივით ქალები მათ გვერდით. როცა „ბესტიას“ მომხმარებელი ამ ნახატიან სამოსს მოირგებს, მინდა თავის თავს ამ ძლიერ და ლამაზ იაგუარში ხედავდეს. და თუ ასე არ იქნება, მანამ იმუშაონ საკუთარ თავზე, სანამ არ დაინახავენ.
რატომ Bestia?
ძალიან ბევრი ვიფიქრე სახელზე, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. შემდეგ მეგობარმა შემომთავაზა, ასპექტებს გავცნობოდი და ჩემი ისტორიიდან და ცხოვრებიდან გამომდინარე „ბესტია“ იდეალური აღმოჩნდა. ახლა სხვა სახელი ვერც წარმომიდგენია. Bestia ნიშნავს ცხოველის ასპექტს, რომელიც შეიქმნა victus (სიცოცხლის) და motus (გადაადგილების) ასპექტებისგან.
ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
„ბესტიას“ მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც იმდენჯერ ადგება, რამდენჯერაც დაეცემა და არ შეწყვეტს მცდელობას უკეთესობისკენ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ჩაცმის სტილს, ნებისმიერი სტილის ადამიანი მოძებნის თავისთვის აქსესუარს თუ სამოსს. „ბესტიას“ მომხმარებელი არის თავისუფალი, ძლიერი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია არც სიახლეების, არც სირთულეების და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ეხმარება სხვებს.
გვესაუბრეთ ხარისხზე.
რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ის არის, რომ „ბესტია“ მაღალი ხარისხის ბრენდია. გარდა ამისა, ინდივიუალურია და არ ჰგავს არავის, რადგან ნახატები არ ჰგავს არავის. ასევე ყველა ადამიანს შეუძლია თავისი თავი და თავისი ისტორია იპოვოს თითო ნახატში და შესაბამისად, ტანსაცმელშიც. „ბესტია“ გახდება ბრენდი, რომლის ჩაცმაც ყველას თავისი პირადი ისტორიის გამო ენდომება.
როგორია Bestia-ს სამომავლო გეგმები?
„ბესტიას“ გაყიდვებიდან შემოსული თანხის 5% მოხმარდება საქართველოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო გარემოს გაუმჯობესებას, რადგან ეს დაავადება არის მთავარი მიზეზი, რამაც „ბესტიამდე“ მომიყვანა.