უკვე იმდენი ხანია, რაც კარდაშიანები ეგრეთ წოდებულ „კულტურულ ძალას“ წარმოადგენენ, რომ რთულია იმის გახსენება, როდესაც ერთ დროს ისინი საზოგადოებისთვის არაფერს ნიშნავდნენ. სიტყვა „ინფლუენსერი“ ადრეულ წლებში არ არსებობდა, Twitter-ს ძალიან ცოტა ადამიანი მოიხმარდა, ინსტაგრამი კი მხოლოდ 2010 წლის ოქტომბერში ამოქმედდა. კრის ჯენერმა და მისმა ქალიშვილებმა ისარგებლეს სწრაფად განვითარებადი სოციალური მედიისა და პერსონალური ბრენდინგის სამყაროთი და ნამდვილი იმპერია შექმნეს, რომელიც მილიარდდოლარიან მაკიაჟის კომპანიას და ტანსაცმლის რამდენიმე ხაზს მოიცავს.
მარტივია იმის თქმა, რომ წარმატება, რომელსაც ვარსკვლავურმა ოჯახმა მიაღწია, ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს კარდაშიანები „ცნობილები არაფრის კეთებით არიან“, ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა შექმნეს მილიარდიანი იმპერია, ინტერპერსონალურმა კონფლიქტებმა, სასიყვარულო ურთიერთობებმა და ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა კი კარდაშიანები მაყურებელთან უფრო დააახლოვა.
ვიდრე სოციალური მედია შეიქმნებოდა და სელებრითების სრულიად ახალ კლასს შექმნიდა, ტელევიზია აძლევდა ადამიანებს საშუალებას კამერებისთვის სახლის კარის გაღებით პოპულარობა მოეპოვებინათ. ამჟამად ლანდშაფტი შეიცვალა. კარდაშიანებს აღარ სჭირდებათ რეალითი შოუ თავიანთი ნაწარმის გასაყიდად. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალაუფლება მათ ხელშია. რა საჭიროა ტელევიზია, როდესაც სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი გყავს და თითოეულთან უპრობლემოდ შეგიძლია წვდომა? ინსტაგრამი კარდაშიანების ოჯახისთვის საუკეთესო პლატფორმაა თავიანთი იმიჯის გასაკონტროლებლად და მილიონობით დოლარის გამოსამუშავებლად.
2010 წელს კრის ჯენერმა თამამი პროგნოზი გააკეთა. როდესაც Los Angeles Times-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, საკუთარ ოჯახს სად ხედავდა, მან უპასუხა, რომ ამ დროს რეალითი შოუს 24-ე სეზონი გამოვიდოდა და მისი ქალიშვილი კაილი დაქორწინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კაილი საკუთარი შვილის მამას, რეპერ ტრევის სკოტს დაშორდა და შოუ 24-ე სეზონამდე ვერ მივა, კრისის პროგნოზები ნამდვილად გამართლდა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯენერის ინსტინქტები ათწლეულის განმსაზღვრელია, მისი გონივრული და გულმოდგინე მენეჯმენტის წყალობით, მისი ქალიშვილები არა მხოლოდ ცნობილი სახეები გახდნენ, არამედ „კულტურულ ხატებად“ იქცნენ.
კრის ჯენერი ხშირად კარდაშიანების იმპერიის ხერხემლად განიხილება. 64 წლის ვარსკვლავი საკუთარი შვილების კარიერას უკვე წლებია ხელმძღვანელობს. ის მონაწილეობდა ოჯახის წარმატებული ბრენდების − Kylie Cosmetics-ისა და KKW Beauty-ის მართვაში. რეალითი შოუს დაწყებამდე, კრისი ბორტგამცილებლად მუშაობდა, სანამ პირველ მეუღლეს, რობერტ კარდაშიანს შეხვდებოდა. მასთან სამი შვილი − კორტნი, კიმი და ქლოი გაუჩნდა. მას შემდეგ კრისი ბრიუს (ამჟამინდელ ქეითლინ) ჯენერზე დაქორწინდა, რომელიც ეროვნული გმირი და ოლიმპიური ჩემპიონი იყო. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, რეალითი შოუს ყველაზე ახალგაზრდა წევრები − კენდალ და კაილი ჯენერები. გოგონები KUWTK-ში დებიუტის დროს მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, ამჯერად კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დები არიან.
24 წლის კენდალი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის დამარსებელი კაილი კი 2019 წლის მარტში Forbes-მა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადი უარყო და კაილის მონაცემების გაყალბებაში ბრალი დასდო.
კარდაშიანების კლანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი − კიმი, ინსტაგრამს 2012 წელს შეუერთდა. ქალი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ პერის ჰილტონთან მეგობრობით იყო ცნობილი, დღეს 900 მილიონი დოლარის მფლობელია და მალე მილიარდერების სიას შეემატება. კიმმა შექმნა მოდისა და სილამაზის ბრენდები, მათ შორის KKW Beauty, KKW Fragrance და SKIMS.
ოჯახს სჭირდებოდა ახალი კონტენტი, რათა თავიანთი აუდიტორია ახალ პლატფორმაზეც ჰყოლოდათ. კიმი ამჟამინდელ მეუღლეს, რეპერ და დიზაინერ ქანიე უესტს ოფიციალურად 2012 წლიდან ხვდებოდა. ამ დროს რეალითი შოუს ვარსკვლავს საზოგადოება ნაკლებად იცნობდა, ქანიე კი უკვე A სიის სელებრითებში შედიოდა.
კიმის დებიუტი Met Gala-ზე სწორედ ქანიეს დამსახურებით შედგა. მიუხედავად იმისა, რომ კიმის განცხადებით, წითელ ხალიჩაზე თავს არასასურველად და უადგილოდ გრძნობდა, ეს საღამო მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, მან ქანიეს დახმარებით გაიცნო კარინ როიტფელდი, რომელმაც CR Fashion Book-ისთვის კიმი პირველი მაღალი მოდის ფოტოსესიაზე წაიყვანა.
2014 წელს წყვილმა იქორწინა. ეს იყო პერიოდი, როდესაც კიმის ინსტაგრამი უპრეცედენტო იყო. ის ამავე წელს გახდა ყველაზე მრავალრიცხოვანი გამომწერის მქონე ვარსკვლავი, ხოლო მისი და ქანიეს ქორწილის ფოტო წლის ყველაზე მეტი მოწონების მქონე კონტენტი. 2014 წელს კიმმა Lanvin-ის საქორწინო კაბით Vogue-ის გარეკანი დაამშვენა. ინსტაგრამი რეალითი შოუს ვარსკვლავისთვის შემოსავლის წყაროა. დღესდღეობით, კიმი სოციალურ მედიაში, კერძოდ კი ინსტაგრამზე განთავსებული პოსტით დაახლოებით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ბიზნესის პარალელურად, კიმმა გადაწყვიტა გარდაცვლილი მამის − რობერტ კარდაშიანის მსგავსად, იურიდიულ გზას გაჰყოლოდა. რეალითი შოუს ვარსკვლავს სურს იყოს აშშ-ის სისხლის სამართლის ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი და გახდეს ცნობილი იურისტი. მუშაობის პარალელურად, კიმი თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ვიზიტზეც იმყოფებოდა, რითაც ცდილობდა ყოფილი პატიმრებისთვის სამუშაოს უფრო მარტივი გზებით მიღებისთვის ხელი შეეწყო.
კარდაშიანები წლების განმავლობაში ადგენდნენ სილამაზის ახალ სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ქირურგია დიდი ხანია ჰოლივუდის სიმდიდრისა და გლამურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ოჯახის მტკიცებით მათი მუდმივად ცვალებადი სხეული არა ქირურგიული ჩარევის, არამედ ინსტაგრამის ფილტრებით, მაკიაჟით, ფილერებით, კანის შემავსებლებით და სპეციალური კრემებითაა შეცვლილი. საზოგადოების აზრით, მტკიცება სასაცილოა, თუმცა ამავდროულად, გონივრულიც. ცნობილი ადამიანებისა და ინფლუენსერებისთვის ხომ ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც მათ სახელს ატარებს, ყველაზე ხელსაყრელია. კარდაშიანებმა საკუთარი კომპანიებით მილიარდები გამოიმუშავეს. სოციალური ქსელები კი მათი მსხვილი კორპორაციების მარაგის დატვირთვას უწყობს ხელს.
KUWTK-ის დასრულება ნიშნავს ეპოქის დასასრულს ისეთი ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც რეალითი შოუს მაყურებლები არ ყოფილან. ოჯახის გავლენა საზოგადოებაზე, სოციალურ მედიაში, ელექტრონულ კომერციაში, ჟურნალების გარეკანებსა და სავაჭრო ცენტრებშიც კი იგრძნობა. ულევი კრიტიკის მიუხედავად, აღსანიშნავია ფაქტი, რომ ოჯახი საზოგადოების დაინტერესებას პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალებით წლების განმავლობაში ახერხებდა და ყველაფრის მიუხედავად, პოპულარობას არ კარგავდა. კარდაშიანების ეპოქის დასასრულის შესახებ კიმმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო და ერთგულ მაყურებელს ემოციურად დაემშვიდობა:
„ძალიან რთული იყო ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, 14 წლისა და 20 სეზონის შემდეგ ჩვენ მადლობელი ვართ ყველა იმ ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში გვიყურებდა. საბოლოო სეზონი 2021 წელს გამოვა. Keeping Up With The Kardashians-ის გარეშე ვერ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვართ. სწორედ ამ შოუმ გვაქცია ისეთ ადამიანებად, როგორებიც დღეს ვართ. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი კარიერის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა და სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება“.