ქართული OK!-ის საახალწლო ნომრის მთავარი გმირი ყველასათვის ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი სალომე ღვინიაშვილია. სალომესთან ინტერვიუში წაიკითხავთ, როგორ აღმოჩნდა ტელევიზიაში და რის დათმობა მოუწია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ახლოს გაიცნობთ მის დიდ, ჰარმონიულ და მეგობრულ ოჯახს, და იმასაც შეიტყობთ, თუ რისგან შედგება სალომე ღვინიაშვილის − ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალის, სილამაზის ფორმულა.
სალომე, როგორ ხართ? მოგვიყევით თქვენს საქმიან ცხოვრებაზე.
ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეტაპი მაქვს. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წელია ტელევიზიაში ერთ-ერთი ტოქშოუს წამყვანი ვარ. ძალიან შეცვალა ტელევიზიამ ჩემი ცხოვრება, უფრო საინტერესო გახადა. გარდა ამისა, ვარ პირადი საქმიანობით დაკავებული, მოდელობას და ინფლუენსერობას ვგულისხმობ, რასაც დიდი დრო მიაქვს. სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან მაქვს ხელშეკრულებები, მათთან ვთანამშრომლობ და ძალიან სასიამოვნო საქმეებით ვარ დაკავებული.
ტელევიზია როგორი ემოციებით, როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
პროფესიით დიზაინერი ვარ და მქონდა ჩემი ბრენდი. როცა წამყვანობაზე შემოთავაზება მივიღე და დავთანხმდი, ისე გამოვიდა, რომ ვეღარ ხერხდებოდა ორივე საქმის სრულყოფილად შესრულება. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, დროებით შემეჩერებინა საკუთარი ბრენდის ფუნქციონირება, დამეკეტა ატელიე და სრულად დამეთმო დრო ტელევიზიისთვის. სწორედ აქ ვიპოვე საკუთარი თავი და არასოდეს მინანია ეს ნაბიჯი. რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ და ზოგადად, ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია ყველასთვის − აკეთოს სასიამოვნო და საყვარელი საქმე.
ეთერის წინ ღელავთ ხოლმე?
ეთერის წინ არის ღელვა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა, რაც ამ ტოქშოუში ვარ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ჩვენი გადაცემა მაღალრეიტინგულია და ბევრი მაყურებელი გვყავს. „პრაიმშოუ“ სახალხო გადაცემაა და ხალხის დიდი სიყვარული მომიტანა, ეს კი ძალიან სასიამოვნოა. ამ ეტაპზე კიდევ ერთი დიდი გამოწვევა მივიღე, ვგულისხმობ შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობას. ჩემთვის გარკვეულწილად რისკიც იყო, რომ ასეთ სიახლეს შევჭიდებოდი. არასოდეს მქონია ცეკვასთან შეხება, არ ვიცოდი, ამ მხრივ რა შესაძლებლობები მქონდა, თუმცა საბოლოოდ გაამართლა და ამ პროექტმა ცხოვრების კიდევ უფრო საინტერესო ეტაპზე გადამიყვანა − ახალ, ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ცოტა არ იყოს, რთულ და სტრესულ რეჟიმში. საკმაოდ გადავიღალე, რადგან ძალიან გადატვირთული ვარ. ალბათ ეს ემოციურად მოქმედებს ჩემზე, თუმცა იმასაც ვიაზრებ, რომ საინტერესო და სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ და ამისთვის მადლიერი უნდა ვიყო.
სალომე, ოჯახზე გვესაუბრეთ. მოგვიყევით თქვენი ოჯახის წევრების შესახებ.
ჩემს ოჯახში ყველა წევრი ერთმანეთისგან განსხვავებულია. არავინ ჰგავს ერთმანეთს, ყველას ჩვენებური ხასიათი გვაქვს. ძალიან მეგობრული ოჯახი ვართ და გვიყვარს ერთად ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები გაიზარდნენ და ამ ასაკში ხშირად უჩნდებათ განცდა, მეგობრებთან არჩიონ დროის გატარება, ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. ჰარმონიული ოჯახი ვართ და გართობითაც ერთად ვერთობით, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. პანდემიამ გარკვეულწილად იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე, დიდი დროის გატარება მოგვიწია ერთად და ამან სასიკეთო გავლენა იქონია ჩვენს ოჯახზე, უფრო შეგვკრა. ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია თამამად ვთქვა, რომ განსაკუთრებული შვილები მყავს და ამას ყოველდღიურად ვგრძნობ.
დათუნა 19 წლისაა, სტუდენტია. აუდიო-ვიზუალურ მედიახელოვნებას ეუფლება თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და მომავალ წელს აპირებს სწავლა ესპანეთში გააგრძელოს. უკვე ძალიან დიდი ბიჭია და ზოგჯერ გვავიწყდება, რომ დედა-შვილი ვართ, იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ტასო მეთერთმეტე კლასშია, ნიტა − მერვეში. განსხვავებული ინტერესის ბავშვები არიან. ასე მგონია, აბსოლუტურად ყველაფერი იციან, რაც მათ გარშემო ხდება. პოლიტიკაშიც კი ერკვევიან. გოგონები ქართულ ხალხურ ცეკვაზე დადიან. ტასო ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მომავალში რომელ მიმართულებას აირჩევს პროფესიად, თუმცა უყვარს ტექნიკური საგნები − მათემატიკა, ფინანსები აინტერესებს და ალბათ უფრო ფინანსურ-ეკონომიკურ მიმართულებას აირჩევს პროფესიად. ჩემი შვილები საკმაოდ თბილი ბავშვები არიან და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ზღვარი, რომლის მიღმა ზოგჯერ საკმაოდ მკაცრიც ვხდები. ცალკე აღსანიშნავია მათი საოცრად კარგი და მეგობრული ურთიერთობა მამასთან. ზურა (ცნობილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი, რედ.) მართლა შესანიშნავი მამაა და ალბათ ბევრად უკეთესი მშობელი, ვიდრე მე. გამორიცხულია, რაიმე მიზეზით ყურადღება მოაკლოს შვილებს ან რაიმე გამორჩეს მათი ცხოვრებიდან. ბავშვებსაც მეგობრული დამოკიდებულება აქვთ მამასთან.
ზურა რას საქმიანობს ამჟამად?
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ბოლო წლების განმავლობაში სამწვრთნელო კარიერას მიჰყვება. აქვს თავისი გეგმები და არ არის გამორიცხული, საზღვარგარეთაც გააგრძელოს მცირე დროით კარიერა, იქაც დააგროვოს გარკვეული გამოცდილება. თუმცა მისი უდიდესი სურვილები, ოცნებები და გეგმები უკავშირდება მხოლოდ საქართველოს ნაკრებს.
სალომე, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? რა არის თქვენთვის განმტვირთველი? რა გალაღებთ, რა გავიწყებთ დაძაბულ სამუშაო რეჟიმს და სიამოვნებას რა განიჭებთ?
მთავარი განტვირთვა ჩემთვის საკუთარ მეგობრებთან ერთად ყოფნაა. არსებობს ჩემი ოჯახი და ასევე, მეგობრები, რომელთაც მეორე ოჯახად აღვიქვამ. მართლა განსაკუთრებულად გამიმართლა მათში – ხშირად ვიკრიბებით, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, ხანდახან ერთად ვმოგზაურობთ, ქალაქგარეთ გავდივართ.
ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ასეთ დროს ახალი ენერგიით ვივსები, ვიღებ საინტერესო ინფორმაციას, ახალ ემოციებს, შეიძლება ასეც ვთქვა − ძალიან მჭირდება ხშირად მოგზაურობა. მაინტერესებს სხვადასხვა ახალი ქვეყნის აღმოჩენა, მათი გაცნობა, ახალ კულტურასთან ზიარება, საინტერესო ადგილების მონახულება. ამ ყველაფრით ემოციურად ვიკვებები. ამიტომ, მუდამ ვცდილობ, როცა კი ამის საშუალება მაქვს, აუცილებლად წავიდე სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ.
ყოველთვის და ყველა სიტუაციაში არაჩვეულებრივად გამოიყურებით. გვითხარით, როგორ ახერხებთ ამას?
დიდი მადლობა. ალბათ გარკვეულწილად გენეტიკაც მიწყობს ხელს, რათა უფრო გამიმარტივდეს წონისა და ფორმის შენარჩუნება. თუმცა, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას და ძალისხმევას ვუთმობ სასურველი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას. უპირველესად, სისტემატურად ვვარჯიშობ. ახლა, სანამ ვცეკვავ, სავარჯიშო დარბაზში სიარულისთვის ვეღარ ვიცლი, თუმცა ცეკვაც ხომ თავისებური ვარჯიშია. გარდა ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში, სწორად ვიკვებები. ძირითადად, ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი ვარჯიში და სწორი კვებაა. ასევე, რაც ასაკი მემატება, სულ უფრო მეტად ვაცნობიერებ ძილის მნიშვნელობას. ვცდილობ, ადრე დავიძინო, 12 საათზე მაინც, და დილით ადრე გავიღვიძო.
რა არის თქვენთვის დილის პირველი რიტუალი?
შხაპით ვფხიზლდები და შემდეგ უკვე საუზმე და ყავა. ყოველთვის ნოყიერად ვსაუზმობ.
მხოლოდ სამი სიტყვით დაახასიათეთ საკუთარი თავი…
რა რთული დავალებაა… კარგად დავფიქრდები… ალბათ ასე დავახასიათებდი: მზრუნველი, შრომისმოყვარე, თბილი.
თქვენი ყველაზე დიდი სურვილი ან მიზანი რა არის? მეოცნებე ხართ?
არ ვარ მეოცნებე, უფრო მიზნებს ვისახავ და მიზანმიმართულად ვმოქმედებ მათ შესასრულებლად. ამ ეტაპზე ჩემი მიზნები შვილების მომავალს უკავშირდება, რათა სწორად აირჩიონ პროფესიები და კარგი განათლება მიიღონ. მთავარია, კომფორტულად გრძნობდნენ თავს საქმიან ცხოვრებაში.
გეგმავთ ცხოვრებისეულ ნაბიჯებს? თუ სპონტანურობა გიყვართ?
მუდამ მაქვს მიზნები და გეგმები, საქმიანი თუ ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირში, მაგრამ სპონტანურობაც მიყვარს. გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რაიმეს შეცვლა და ასე შემდეგ.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი