„იყო შემოქმედი ნიშნავს დაიმორჩილო საკუთარი თავი, არ შეიბრალო ის და არ დაჯერდე იმას, რასაც გგონია რომ მიაღწიე. ერთი სიტყვით, მსხვერპლად გაიღო შენი ცხოვრება“
მიაჩნია, რომ ბედნიერება შემოქმედებაშია, რომელიც ყველაზე სარისკო საქმეა, მაგრამ თუ ქმნი თავისუფალ მუსიკას თავისუფალი ხალხისთვის, სათქმელს აუცილებლად მიიტან შესაბამის აუდიტორიამდე. ამბობს, რომ საკუთარ ფილმში ცხოვრობს, ფილმში, რომელიც იმდენად დინამიკური და მრავალფეროვანია, არასდროს რჩება ადგილი მოწყენისთვის. რას მიიჩნევს საჭიროდ სამყაროსთან ჰარმონიის მისაღწევად, მხოლოდ ერთი ჰიმნი რომ ჰქონდეს მსოფლიოს, რომელი იქნებოდა ის, რომელ ფილმში იცხოვრებდა სიამოვნებით და რომელი ქალი ეყვარებოდა, რას ნანობს და რა სურს ყველაზე მეტად – გაეცანით OK! ბათუმის ინტერვიუს მუსიკოსსა და დრამატურგ ირაკლი ფაღავასთან.
დავიბადე რომ…
დავიბადე იმისთვის, რომ ნერვები დაგაწყვიტოთ და გავქრე! ალბათ, ბოლო სერიისკენ გავიგებთ რატომ დავიბადე. მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე… გაუგებარია, რატომ საქართველოში მაინცდამაინც, თანაც ამხელა არჩევანში.
ბავშვობა… ინტერესები…
ბავშვობა ფანტასმაგორიულია და ის არ დასრულებულა. 1983 წელს დავიბადე და მას შემდეგ ცოტა რამ შეიცვალა ჩემში. ეს არის ხანგრძლივი სიზმარი ცხადში. დედისერთა ვარ, მაგრამ არასდროს მომიწყენია. არასდროს ვყოფილვარ საკუთარი თავისთვის მოსაწყენი. ჩემთვის დღემდე საინტერესოა დიალოგი თავთან, როგორც ბავშვთან. ყველა მოსაწყენია, ვინც დაკარგა ბავშვობა, საკუთარი თავისთვისაც კი მოსაწყენები არიან.
პირველი შეხება მუსიკასთან და მისით მოგვრილი ემოციები…
ეს იყო მამა, ნოდარ ფაღავა. რაც თავი მახსოვს, ირგვლივ მხოლოდ მუსიკა სუნთქავდა. სწორედ მამამ მაზიარა მას. პირველი აკორდი მან მასწავლა. სხვა საქმეა, რომ მუსიკალური განათლება არ მიმიღია და უფრო უარესიც – 7 წელი კრივით ვიყავი გატაცებული. იმაში, რასაც დღეს ვუკრავ მამაჩემს არ მიუღია მონაწილეობა, ეს ჩემი დაგვიანებული არჩევანია. მაგრამ სიყვარული მამამ ჩამინერგა, ვისი წყალობითაც ეტაპობრივად გავიარე მუსიკალური განვითარების პერიოდები და არ ვუჩივი გემოვნებას.
წერთ… სულის სიშიშვლეა ერთგვარი… რა ფერი, განცდა და სურნელი აქვს ლექსის შობის პროცესს…
რა პოეტური კითხვაა… ვერ ვიტან პოეტებს, განსაკუთრებით პოეტუკებს. არასდროს მიფიქრია, რომ პოეტი ვარ. მუსიკოსობაზე ზედმეტია საუბარი. პოეზია ეს არის მუსიკა სიტყვებით, მუსიკა პოეზიაა ბგერებით. არანაირი წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს სულის სიშიშვლე, არც ის ვიცი რა სურნელი აქვს ლექსის წერას. მე თავისუფალი ვარ პოეზიისგან. პოეზიას პოეტები მიხედავენ და მათ უკეთ ეცოდინებათ ლექსის წერის ფერი და გემო. ავტორები უფრო ჟღერენ, ვიდრე ლექსები და ეს არასწორია. სულისშემძვრელი – ეს სიტყვა მახსენდება „ჭეშმარიტ“ პოეზიაზე. ამგვარი წარმომიდგენია პოეზია, ფეხის გულში კოღოს ნაკბენივით არის: ხელს არ ახლებ – გექავება, მოიფხან და გეღუტუნება.
თქვენი შემოქმედების გზავნილი…
ჩემს შემოქმედებას კომენტატორობას უფრო დავარქმევდი, ვიდრე შემოქმედებას. მთავარია არ იყო მოსაწყენი და დამღლელი. ყელშია ამდენი „ხელოვანის“ გაბღენძილი ეგოების კაპრიზული წკნავილი. კრეტინული „ინდივიდუალიზმის“ მანიფესტირება, ფსევდო-ინტელექტუალების ღრმა ფსიქიკური შრეების კორექციის დემონსტრირება, დეგენერატების აღლუმი, ყველაფერს რომ ხელოვნებას არქმევენ, ყველა რომ ვითომ მეამბოხეა და ყველა გენიალური. პერვერტული განცდების ხელოვნებით გამართლება და ავადმყოფური განცდებისთვის ხელოვნებაში თავშესაფრის ძებნა გულის ამრევია. შემოქმედება ღირსი უნდა იყოს აუდიტორიის და არა სარეაბილიტაციო ცენტრის.
მოგვიყევით ახალშექმნილ ბენდზე, გეგმებზე…
ბენდი „PANAMA RED project“-ი 2020 წელს შეიქმნა. ის დაკომპლექტებულია უნიკალური მუსიკოსებით: დათა მუნჯიშვილი, მარიამ კუბანსკი, დათო ჭითანავა და გოჩა გროტესკი. ჩვენ გუნდი ვართ. დღეს პუბლიკის დიდი ნაწილი ითხოვს ე.წ. ნაცნობ მუსიკას. თუ ნაცნობი მელოდია გინდათ „ნოკიას“ საფირმო ზარს მოუსმინეთ. ნეანდერტალელმაც კი იცის ის. ჩვენი საავტორო მუსიკა კი, ვფიქრობ, საინტერესო პროდუქტია, რომელშიც არის ჯაზის ესენციები, თუმცა, ძირითადი კერძი ფანკია. ეს არის თავისუფალი ხალხის მიერ შექმნილი მუსიკა – თავისუფალი ხალხისთვის. მოდას აქ არაფერი ესაქმება. არც „ორი კაპიკის“ საშოვნელად შექმნილა ეს პროექტი. ჯგუფს სათქმელი აქვს და მას მივიტანთ შესაბამის აუდიტორიამდე.
ბათუმი… რა მოგცათ, რას გაძლევთ….
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს გამოვიდა ლექსების კრებული „წერილები ბათუმს“ და მასში მთლიან აჭარას „წერილებით“ ვეფერები, მაინც მგონია, რომ ეს ქალაქი 2 კატეგორიისთვის არის ზედგამოჭრილი. პირველი: მათთვის, ვისაც უკვე მიღწეული აქვს „რაღაცისთვის“ და მეორე – მათთვის, ვისთვისაც სულერთია მიაღწევს „რაღაცას“ თუ არა. ეს ქალაქი ხელს უშლის კარიერულ წინსვლას და სამომავლო პერსპექტივას, აქ ხშირად ინიციატივა უგულებელყოფილია. გარდა ამისა, 9 თვე წვიმს და ვერ ვიტან წვიმას. ეს მელანქოლიკი, გულჩათხრობილი, სენტიმენტალური და ნაცრისფერი ადამიანებისთვისაა.
მხოლოდ ერთი ლექსი რომ დაგეწერათ, რომელი იქნებოდა ის?
თუ მოგეწონა ლეიბი,
ჩემთან დაწექი ბეიბი.
ჩემს რიგით მეოთხე ლექსების ახალ კრებულში, რომელიც 2021 წელს გამოიცა, „მეძავები და წმინდანები“, მაქვს ერთი ლექსი „ქუჩის ძაღლი“. ალბათ, ის იქნებოდა ერთადერთი, მეტი არ მინდა.
როგორია ბედნიერების თქვენეული რეცეპტი…
ბედნიერება შემოქმედებასთან, შემოქმედებით პროცესთან იგივდება. ალბათ, ბედნიერებაა მე-13 ხელფასი, ჯანმრთელობა, პრივილეგიები, შეღავათები, მინიმუმ 4 შვილი, უძრავი ქონება, გაქარწყლებული ნასამართლეობა, სამსახური 9-დან 6-მდე და ქულები დაგროვების ბარათზე, მაგრამ ბედნიერება შემოქმედებაშია და ეს ყველაზე სარისკო არჩევანია. იქნებ ისევ განვადების „დესკთან“ ჯობდეს ჯდომა, ასე უფრო უსაფრთხო იქნება. ყველასთვის.
ფილმი, რომელშიც იცხოვრებდით და ქალი ფილმში, რომელიც გეყვარებოდათ…
მე ისედაც ვცხოვრობ საკუთარ ფილმში. ყველაფერი გარშემო ფილმია, შავი კომედიის ჟანრში (ჩემი საყვარელი ჟანრია). ბერგმან-ბრესონების, ტარკოვსკ-საკუროვებისა და პაზოლინი-ტრიერების დიდი პატივისცემის მიუხედავად, კოენების ფილმებში ვიცხოვრებდი. ტარანტინოს კინოსამყაროში იქნებოდა ყველაზე Cool. ჯარმუშსა და ვუდი ალენზე რომ არაფერი ვთქვათ. რაც შეეხება ქალს ფილმიდან, მარგო რობი მეყვარებოდა. ვინ იცის, იქნებ ახლაც მიყვარს.
ადამიანი – ადამიანისთვის…
უუუუპპპპსსსსს… ეს მეორე ხარვეზია სამყაროში. პირველი დიდი შეცდომა იყო ქალი. ვხუმრობ, ნუ ღელავთ, მიყვარს ქალები. ადამიანი ადამიანისთვის არის ინფიცირების საშიშროების წყარო, არა მარტო პანდემიური გაგებით, არამედ ნებისმიერი ძლიერი ზეგავლენის პირველწყარო. ადამიანებისგან ფრთხილი გათავისუფლების სწავლით, ამავდროულად ვსწავლობთ მათ. ასეთი დახვეწილი და შეუმჩნეველი დროებითი ან პერიოდული სეპარაციებით უფრო ნათლად აღვიქვამთ ადამიანებს, უფრო მეტი დრო რჩება საკუთარი თავის შესაცნობად. არ ღირს დროის კარგვა. გააჩნია „რა“ ადამიანს და გააჩნია „რა“ ადამიანისთვის.
შვილი… მისი ინტერესები… თქვენი დამოკიდებულება მისი ინტერესებისადმი…
ჩემი შვილი ანდრია საგანძურია. მასში თავმოყრილია მზიური სხივები. ის რეაქტიული მერცხალია, როგორც ეს ეპითეტი მიანიჭა ჩემმა მეგობარმა გოგომ. ჩემი სურვილია, რომ მან ანათოს, სხვა დანარჩენი ყველაფერი სისულელეა. ცხოვრება არის ცხოვრება. ანდრიას აქვს ისეთი ფასდაუდებელი სიმდიდრე, რომლის შესახებაც ჯერ არ იცის, რასაც ჰქვია დრო. იდეალური იქნება თუ ისწავლის მის გამოყენებას და არაფერს და არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ დრომ შთანთქას მისი ნათება. მე პატივს ვცემ მის ინტერესებს და ასევე ვითხოვ მისგან. მას არასდროს ვესაუბრებოდი, როგორც ბავშვს და არასდროს ვექცეოდი როგორც პატარას. ვფიქრობ, თანდათან აცნობიერებს, რომ ყოველთვის ვერ ვიქნები მისთვის რჩევების სუფლიორი. ამიტომ, უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად მოქმედებას, აზროვნებას და სულიერ სიმტკიცეს. წინ ჯადოსნური თავგადასავალი ელის.
რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად ნანობთ…
ყველაზე მეტად ვნანობ იმ სანუკვარ დანაკარგს, რომელზეც ვსაუბრობდი შვილთან დაკავშირებით, ეს არის დრო. მე ის დავუთმე ვიღაც ენერგო-ვამპირებს, ლუზერებს, გიჟებს, არაფრის მომცემ ფიქრებს, გართობას და ბოჰემას მაღალ გრადუსში. მე დრო დავუთმე თაღლითებს, უთავბოლო ღამის თენებას, იაფფასიან ქალებს, დილეტანტურ საუბრებს ხელოვნებაზე, რაღაც გაურკვეველ და უმწიფარ ფილოსოფიურ დემაგოგიას, კაი ბიჭებს, გიტარას და თავბრუსხვევას. შეიძლება ამას არ ნანობდე? დამიჯერეთ, ერთ-ორ კაცს ეყოფოდა საბლატაოდ ეს გამოცდილება, მაგრამ არ ღირს. ვნანობ, რომ მამას არ ჩავეხუტე იმ დღეს, როცა უკანასკნელად დატოვა სახლი.
მსურს…
მინდა, რომ იქ, სადაც მამაჩემია დაკრძალული გზა გაიყვანონ და ავტობუსი დანიშნონ. მსურს, მაგრამ არ მჯერა იმის, რომ ოდესმე ქვეყნის სახელისუფლებო სათავეში მოვა ადამიანი, რომელიც საქართველოს პირად საძოვრად არ გადააქცევს. მინდა, რომ ლექსიკონში სიტყვა პატრიოტიზმი ნიშნავდეს „ყველამ აკეთოს თავისი საქმე პირნათლად“.
დღე, რომელმაც შემცვალა…
მნიშვნელოვანი გავლენა ჩემზე მოახდინა მუსიკოს საბა ჯოჯუას გაცნობამ. რა უხამსია საუბარი ამ ადამიანზე წარსულში, რადგან ის ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ მან დიდი პიროვნული ძვრა გამოიწვია ჩემში. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. მადლიერებით ვიხსენებ ყოველ წამს მასთან ერთად გატარებულს და უცვლელი პატივისცემით ვცხოვრობ მისი ნათელი და წარუშლელი ხსოვნის შესანარჩუნებლად. ეს იყო ჩემი მოწაფეობის პერიოდი, თუმცა, ის ჩემი თანატოლი იყო.
იყო მუსიკოსი, ნიშნავს…
არა მარტო მუსიკოსი, არამედ იყო ზოგადად შემოქმედი ნიშნავს დაიმორჩილო საკუთარი თავი, არ შეიბრალო ის და არ დაჯერდე იმას, რასაც გგონია, რომ მიაღწიე. ერთი სიტყვით, მსხვერპლად გაიღო შენი ცხოვრება. იყო შემოქმედი ე.ი. იყო დინება, დინამიკა, რღვევა, აფეთქება. ეს პროტესტის ყველაზე დახვეწილი და რაფინირებული ფორმაა, თუმცა დამანგრეველი ძალის მქონე. სხვა პროტესტები ან უსაქმურების საქმეა, რომლებმაც ვერსად დაიმკვიდრეს თავი ან პოლიტ. ძალებით და ფინანსური მხარდაჭერით აქტივირებული მართვადი პროცედურაა, რომლის დიქტატსაც ემორჩილებიან ხარჭები.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ…
That`s life…
მეშინია…
სუსტების, „კეთილი“ ადამიანების, ქრისტიანობის სახელით მოქმედი ფანატიკოსების. მათში დიდი ვერაგობა და ძალმომრეობაა. ვერიდები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გაუცნობიერებლად მიჰყვება ისეთ პროცესებს, რომელიც იმართება გაურკვეველი სცენარით, სიახლის ხიბლით იოლად იტაცებს პრიმიტიულს, რასაც არ სჭირდება თვითკონტროლი, გარკვეული დისციპლინა, აზროვნება და ენერგიის ხარჯვა.
სამყაროსთან ჰარმონიის საპოვნელად, საჭიროა?
სამყაროსთან ჰარმონიის საპოვნელად საჭიროა კონფლიქტი. და არა მარტო სამყაროსთან. კონფლიქტი ბადებს ყველაზე ოპტიმალური გამოსავლის პერსპექტივებს. ჩემთვის სამყარო არ არის ის, რასაც მთავაზობენ, სამყარო არის ის, რაც ჩემი ინდივიდუალური პროექცირების ფარგლებში იკვეთება როგორც სისტემა. ჰარმონიის კანონზომიერებაც სამყაროსთან პირადი მიმართების პროპორციულია. ისკეიპიზმი იდიოტობაა, ჩიტების ჭიკჭიკში ყველა ჰარმონიულადაა. თუ ბიჭი ხარ ჩაერთე ცხოვრების ორომტრიალში ისე, რომ არც სულიერი ფასეულობა დაკარგო, შემოქმედებაშიც არ მოიკოჭლო და მატერიაშიც მყარად იდგე. ყოველდღიურად გაუძლო სხვადასხვა სახის თავდასხმას სხვადასხვა მხრიდან და შეინარჩუნო წონასწორობა. კონფლიქტს პლუს ბალანსი უდრის ჰარმონიას.
როცა შეყვარებული ხართ…
ბალანსი ირღვევა… სიმპტომატოლოგიური კლინიკა გეწყება. სიყვარულს ცოდნა სჭირდება. გიყვარდეს და იცოდე სიყვარული არ არის ერთი და იგივე.
არ არსებობს დღე თქვენთვის, რომელშიც არ არსებობს?
მუსიკა ან წერა, ფილმის ყურება ან კითხვა. ყველაფერი, რაც ეხება შემეცნებას და არა საზოგადოდ ინფორმაციას. არაფერს მმატებს სხვების ილუსტრირებული პოსტები სოც. ქსელში, ტელევიზიის უკიდეგანო სიყალბე, ჭკვიანი სახეები ეკრანზე და სხვების ცხოვრება. ზუსტად ვიცი რა მჭირდება და რა დოზით. დღე, როცა არ დამიწერია, ან არ დამიკრავს მკვდარი დღეა. მეორე დღეს ორჯერ მეტად უნდა დავიხარჯო. ამიტომ ვცდილობ, ყოველი დღე იყოს მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი.
ეპოქა, რომელშიც იცხოვრებდით და ადამიანი, რომლის მეგობარიც სიამოვნებით იქნებოდით…
გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკა. უამრავი ინდივიდია, რომელთანაც დიდი სიამოვნებით და სიამაყით ვიმეგობრებდი. არც კი ვიცი რომელი დავასახელო. ალბათ, დალტონ ტრამბო, ფრიდრიხ ნიცშე, პოლ შრედერი, ოლივერ სტოუნი, სემიუელ გოლდუინი, ჰერბი ჰენქოქი, ტარანტინო…
ინსპირაციას მაძლევს…
ინსპირაციას არასდროს ველოდები და არც დებილივით ჭერს ვაკვირდები მუზის მოლოდინში. საკმაოდ ბევრი იდეით მაქვს გამოჭედილი თავი. ირგვლივ უამრავი რამ არის, რაც შეიძლება ინსპირაციის წყაროდ იქცეს. კრიზისს ნამდვილად არ განვიცდი. ბევრს ვმუშაობ ჩემ კინოსცენარზე. ასევე, ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე. საბოლოოდ და მტკიცე გადაწყვეტილებით დავუბრუნდი კინოსცენარისტის პროფესიას. ვნახოთ, რა გამოვა.
ცხოვრება ჰგავს…
ფილმს აბსურდზე, სადაც სამართლიანობის კანონზომიერება შეცვლილია საბედისწერო შემთხვევითობებით, დამთხვევებით. ფილმს, რომელშიც პერსონაჟებს არ დაუმსახურებიათ ის, რაც აქვთ, ზოგს – სიმდიდრე, ზოგს – ტანჯვა-ვაება.
მხოლოდ ერთი ჰიმნი რომ ჰქონდეს მსოფლიოს, რომელი სიმღერა იქნებოდა ის…
„ბორატი 2“-ის ვერსია სიმღერის „Just The Two Of Us“.
წლების შემდეგ მინდა ჩემს შემოქმედებაზე თქვან…
რომ ის არ არის მოსაწყენი.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე