OK! წარმოგიდგენთ თამარ ნემსაძეს − სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსის“ ყბა-სახის ქირურგს, პირის ღრუსა და სახის ტკივილების სპეციალისტს, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორს, პირის ღრუსა და სახის ტკივილების ქართული აკადემიის დამფუძნებელს, პირის ღრუსა და სახის ტკივილების ამერიკული აკადემიის წევრს.
როგორ და რატომ გაგიჩნდათ სურვილი გემუშავათ პირის ღრუსა და სახის ტკივილების დარგში?
პირის ღრუსა და სახის ტკივილების დარგი ახალია, რომელიც მხოლოდ 2020 წელს აღიარეს დენტალურ სპეციალობად. ამ სპეციალობით დავინტერესდი 2017 წელს. ჩემთან, როგორც ყბა-სახის ქირურგთან, იყო ისეთი პაციენტების მომართვიანობა, რომელთაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ტიპის ტკივილები სახის მიდამოში, საღეჭი სისტემის ფუნქციის მოშლა, ხმაური სახსრის მიდამოში. ძალიან რთული იყო პრობლემის არსში გარკვევა, ვინაიდან სამწუხაროდ ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტები ვერ აკმაყოფილებენ საგანმანათლებლო მოთხოვნებს ამ საკითხში. მწირი ინფორმაცია არ მაძლევდა საშუალებას სრულფასოვანი და ხარისხიანი დახმარება გამეწია პაციენტებისათვის. შესაბამისი ცოდნის მისაღებად, გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის უნივერსიტეტში, პროფესორ ჯეფრი ოკესონთან, რომელიც ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ასევე სერიოზული ავტორიტეტია. კენტუკის უნივერსიტეტში გავიარე მინირეზიდენტურის კურსი პირის ღრუსა და სახის ტკივილების სპეციალობაში და დაბრუნების შემდეგ ახალი ხედვითა და შემართებით შევუდექი პაციენტების მიღებას „დენსში“. ვინაიდან დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება, ყოველწლიურად კვლევებზე დაფუძნებული უამრავი სიახლე გვაქვს. მას შემდეგ წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივემგზავრები აშშ-ში პირის ღრუსა და სახის ტკივილების ცენტრში და შემდეგ ახალი ინფორმაციით დატვირთული ვემსახურები ჩემს პაციენტებს. დღემდე ვთანამშრომლობ ამერიკელ კოლეგებთან და ხშირად ერთად განვიხილავთ რთულ შემთხვევებს.
არის თუ არა ეს ის დარგი, რომელსაც დღეს გნათოლოგიას უწოდებენ?
გნათოლოგია არის სწავლება ყბების შესახებ, რომელიც სათავეს იღებს გასული საუკუნის ოციანი წლებიდან და მეტად ფოკუსირებულია ოკლუზიაზე. ძველი სწავლების მიხედვით ნებისმიერი პრობლემის სათავე მხოლოდ და მხოლოდ ოკლუზია (თანკბილვა) იყო. პრობლემის მოგვარების საშუალებადაც ოკლუზიის კორექცია მიიჩნეოდა. ხდებოდა თანკბილვის გასწორება, შესაბამისად სასახსრე თავების პოზიციების კორექტირება, თუმცა გროვდებოდნენ ისეთი პაციენტები, რომლებსაც ნორმალური ოკლუზია ჰქონდათ და ტკივილები აღენიშნებოდათ. ასევე იყვნენ პაციენტებიც, რომელთაც აბსოლუტურად სწორად ჩატარებული ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ ტკივილები არ ეხსნებოდათ. შესაბამისად გაჩნდა შეკითხვები, თუ რა იყო უშედეგობის მიზეზი. საბოლოოდ, მოხდა ტკივილების გამომწვევი მიზეზებისა და დარღვევების უფრო ღრმად შესწავლა. დარგმა გაიარა მნიშვნელოვანი გზა − პრობლემის მოგვარების მექანიკური მიდგომიდან უფრო დინამიკურ ხედვამდე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საღეჭი სისტემის ფუნქციას, არამედ ბევრ ცენტრალურ მექანიზმს, რომელსაც მივყავართ ქრონიკულ ტკივილებამდე. სწორედაც ამ მექანიზმების შეფასებამ და გააზრებამ გამოიწვია პირის ღრუსა და სახის ტკივილების ახალი ხედვისა და მენეჯმენტის სრულყოფა.
ძირითადად როგორ პაციენტებს ემსახურებით? რა სახის სიმპტომებით მოგმართავენ?
პაციენტები მრავალფეროვანია, სიმპტომები შესაძლოა იყოს ტკივილები ყურისწინა მიდამოში, პირის გაღების შეზღუდვა, ღეჭვის გაძნელება, ტკაცუნი ან კრეპიტაცია სახსარში. ეს სიმპტომები შესაძლოა მეორადად თანდართული იყოს თავის ტკივილის შეტევებით, რომლებიც ლოკალიზებულია საფეთქლებისა და კეფის მიდამოში და აქვს მოჭერითი ხასიათი, ან შესაძლებელია თავის ტკივილის ეპიზოდები იყოს მეორადად თანდართული საღეჭი სისტემის ტკივილით. შესაძლოა ტკივილი იყოს ყრუ და დიფუზური, ან იყოს მკვეთრად ლოკალიზებული, დენის დარტყმის მსგავსი. არც ისე იშვიათია გადაცემითი ტკივილი, რამაც შესაძლებელია შეგვაცდინოს დიაგნოზის დასმისას. გარდა ამისა, სავარაუდოა აღინიშნებოდეს წვითი ხასიათის ტკივილი სახის მიდამოში, სამწვერა ნერვის რომელიღაც ტოტის საინერვაციო ზონაში.
აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა იმისათვის, რომ სწორად იყოს მართული პაციენტის ტკივილი. არსებობს გაიდლაინები, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, და ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად ეფექტიანად ვმართოთ პაციენტის მდგომარეობა.
დარგის კომპლექსურობიდან გამომდინარე, თანამშრომლობთ მედიცინის დარგის სხვა სპეციალისტებთან?
რა თქმა უნდა, ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დადებითი შედეგის მიღწევა. როგორც უკვე გითხარით, სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია და არ მოიცავს მხოლოდ საღეჭ სისტემას. თუ პრობლემა საღეჭ სისტემაშია, სადაც მოიაზრება სახსარი, საღეჭი კუნთები, იოგები და მყესები, მაშინ პრობლემას ძირითადად მე ვმართავ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, საღეჭი დარღვევები შესაძლოა თანდართული იყოს ისეთი პრობლემით, როგორიცაა მაგალითად შაკიკი. ამ დროს პაციენტი გადამისამართდება ნევროლოგთან, რომელიც პარალელურად მართავს შაკიკურ შეტევებს. ასევე, შესაძლოა პაციენტმა მოგვმართოს პირველადი თავის ტკივილით, მაგალითად იმავე შაკიკით, ამ დროს ირადიაციით ტკივილი ვრცელდებოდეს სახსრის მიდამოში და წარმოიდგინეთ, ქვედა ყბის მიდამოშიც კი. ამ დროს პირის ღრუსა და სახის ტკივილების სპეციალისტის ვალია, ამოიცნოს დაავადება, გამორიცხოს საფეთქელ-ქვედა ყბის დარღვევა და პაციენტი დროულად გადაამისამართოს ისევ ნევროლოგთან. ტკივილები ხშირად აღინიშნება ყურის მიდამოშიც, ამ დროს საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის მეშვეობით გამოირიცხოს ყურის პრობლემა. მკურნალობის პროცესში არცთუ იშვიათად გვეხმარებიან რეაბილიტოლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრებიც კი.
როგორია მკურნალობის ხანგრძლივობა?
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. პაციენტის ჩართულობა მკურნალობის პროცესში აუცილებელია. ძირითადად, შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად და მონდომებით ასრულებს პაციენტი ექიმის დანიშნულებას. ჩვენი ტკივილის მართვის დეპარტამენტი არის თბილისში „დენსის“ ბუდაპეშტისა და ყიფშიძის ქუჩების ფილიალებში. ბუდაპეშტის ფილიალში გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტის პირველი ვიზიტისას როგორც წესი უფრო მნიშვნელოვანია ანამნეზის შეკრება და პაციენტის გასინჯვა. მხოლოდ ამის შემდეგ, თუ საჭირო გახდა, დამატებით ვიყენებთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
საკონტაქტო ინფორმაცია :
ქ.თბილისი, ყიფშიძის N: 2ბ
ტელ: 0322 599 599; 599 04 73 73
ქ.თბილისი, ფანჯიკიძის N22 (მწვანე ბუდაპეშტი)
ტელ: 032 2 22 11 99
ქ.რუსთავი, კოსტავას N:11
ტელ: 0341 25 57 55; 599 87 68
FB: DENS • დენსი
ფოტო: ალექსეი სეროვი