უმეტეს შემთხვევაში, წარმატება არც ერთ დღეში მოდის და არც ერთ თვეში, ის ხანგრძლივი შრომისა და ბრძოლის შედეგია. ქალები, რომლებმაც გაბედეს, სცადეს, გადაწყვიტეს, სტერეოტიპებს ანგრევენ და ახალი რეალობის შექმნას ახერხებენ, უკვე წარმატებული ლიდერები არიან. სწორედ ასეთი ქალები გვსტუმრობენ დღეს. მათი გზა წარმატებამდე სავსე იყო გამარჯვებებითა და მარცხით, რის შედეგადაც გამარჯვებას სულ სხვა გემო, ელფერი და ფასი აქვს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესი, რომლით ტკობობაც უნდა ვისწავლოთ. ეს ისტორიები მათთვისაა, ვინც დღეს იწყებს კარიერას, ვინც ოცნებობს ან ეძებს შთაგონებას, ან ორჭოფობს, სცადოს თუ არა, ან ელოდება ნიშანს სამყაროსგან. და თუ შენ ახლა ამას კითხულობ, გეტყვი, რომ წარმატებას თავად შენ ქმნი! უბრალოდ, გაბედე, მხოლოდ შენ შეგიძლია პატარა ნაბიჯებით მიხვიდე იქ, სადაც ყოველთვის გინდოდა მისვლა. გაბედე და ირწმუნე საკუთარი თავის.

თამთა ზარნაძე, სამართალმცოდნე ადვოკატი: მართალია, საადვოკატო ლიცენზია 2017 წელს ავიღე, თუმცა 2012 წლიდან, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაბარების დღიდან, აქტიურად ვარ ჩართული საადვოკატო საქმიანობაში, იმ მოცულობით, რის უფლებასაც კანონი მაძლევდა.
იყო ადვოკატი, ნიშნავს, რომ ხარ დამოუკიდებელი ყველა გარეშე ჩარევისაგან და საქმიანობას ახორციელებ მხოლოდ კანონის შესაბამისად. იყო ადვოკატი, ნიშნავს იცავდე სხვის უფლებებს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულ საქმიანობაში ლიცენზიის აღებამდეც საკმაოდ ჩართული ვიყავი, ლიცენზიის აღების შემდეგ ძალიან დიდ წინააღმდეგობებს შევხვდი. მე ვმუშაობ სისხლის სამართლის მიმართულებით, ვმუშაობ განსაკუთრებით რთულ საქმეებზე და მაქვს არაერთი გამამართლებელი განაჩენი. ჩემი საქმიანობის პროცესში, ბუნებრივია, ვიჩენ მტრებს. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვისაც არ მოსწონს შენ მიერ ხაზგასმული უფლებების დარღვევის ფაქტი, არ მოსწონს როგორ სამართლიანად და ღირსეულად ასრულებ შენს პროფესიულ მოვალეობას. არაერთი მუქარა მიმიღია ჩემი მოწინააღმდეგე მხარიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, არცერთი წამით არ მინანია საკუთარი არჩევანი, პირიქით, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანის ციხიდან დახსნა მიღირს ჩემს თავზე მიღებულ უამრავ თავდასხმად.
ჩემი გზა წარმატებაზე გადის უკომპრომისო ბრძოლაზე, სადაც ვხელმძღვანელობ მხოლოდ კანონითა და კლიენტის ინტერესებით.
ჩვენს სფეროში წარმატება მოაქვს პროფესიონალიზმს, ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. თუ განურჩევლად იცავ კანონს, გაქვს მაღალი ეთიკური სტანდარტები, იცი კლიენტთან ურთიერთობის წესები და თავს არ დაზოგავ შენი კლიენტის დასაცავად, წარმატება, ფაქტობრივად, გარდაუვალია. ადვოკატს არ სჭირდება რეკლამა, ადვოკატის რეკლამა მისი შედეგები და კმაყოფილი კლიენტებია.
ქალებს, ვინც ახლა იწყებენ საადვოკატო კარიერას, ვეტყოდი, რომ არ მოუსმინონ სტერეოტიპულ შეხედულებებს. ყველაზე მებრძოლი და შეუპოვარი სწორედ ჩემი კოლეგა ქალბატონები არიან, ამას ასოციაციაშიც ხშირად აღნიშნავენ და ჩვენ ვგრძნობთ დაფასებასა და პატივისცემას. თუმცა მოწინააღმდეგე მხარე შეეცდება თქვენს დისკრიმინაციას, ამისთვის მზად უნდა იყოთ. არ შეგეშინდეთ, ჩემი პოვნა ძალიან ადვილია www.legaltbilisi.com. დამიკავშირდით და თქვენ გვერდით მიგულეთ.

სალომე კუპატაძე, ექიმი-ინექციონისტი: თითქმის 12 წელია ამ სფეროში ვარ. ვესწრებოდი უამრავ საერთაშორისო კონგრესს, როგორიცა SIMe, FACE, IMCASI, უახლოეს პერიოდში ისევ ვაპირებ წასვლას. ჩვენი ესთეტიკური ცენტრი დაარსდა 25 წლის წინ ქ. ქუთაისში ანჟელა ბაკაურაძის მიერ. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დას, რადგან ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. წლების შემდგომ კი ცენტრი გავხსენით ქ. თბილისში.
წარმატება მოდის მაშინ, როცა პროფესია არის არა მხოლოდ საქმე, არამედ ცხოვრების ნაწილი. გზა წარმატებამდე არ ყოფილა ჩემთვის მარტივი. ეს იყო პროცესი, რომელიც მოიცავდა უდიდეს შრომას, პასუხისმგებლობას და მუდმივ თვითგანვითარებას. კარიერის დასაწყისში თითოეული პაციენტი იყო დიდი პასუხისმგებლობა, მათი ნდობა ჩემთვის უდიდესი ღირებულება გახლდათ. სწორედ ამ ნდობამ მასწავლა სიზუსტე, მოთმინება და პროფესიული თავმდაბლობა.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გამოცდილება, თითოეული გამოწვევა მაძლიერებდა როგორც ექიმს და როგორც ადამიანს. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩემი პროფესიული ხედვა – ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება, უსაფრთხოება და ინდივიდუალური მიდგომა, სადაც პაციენტი ყოველთვის პირველ ადგილზეა.
პაციენტთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია ემპათია და სანდოობა, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მას უსმენენ და პატივს სცემენ, შედეგი ყოველთვის უფრო ღირებულია. ჩემთვის წარმატება არის ის მომენტი, როცა პაციენტი ტოვებს კაბინეტს არა მხოლოდ უკეთესი გარეგნობით, არამედ უფრო მშვიდი და თავდაჯერებული.
ქალებს ვეტყოდი, არასოდეს შეიტანოთ ეჭვი საკუთარ გზაში. დასაწყისი ყოველთვის რთულია, მაგრამ სწორედ ეს სირთულეები ქმნის ძლიერ პროფესიონალს. იმუშავეთ თქვენს თავზე ყოველდღე, ისწავლეთ, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების და ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს. იყავით ერთგული თქვენი ღირებულებების. წარმატება არ იზომება მხოლოდ შედეგით, ის იზომება გზით, რომელსაც ღირსეულად გაივლით. და რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოთ სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომელსაც ემსახურებით. სწორედ ეს სიყვარული ქმნის ნამდვილ, მდგრად წარმატებას.

მარიამ მიხელიძე, ექიმი-კოსმეტოლოგი: ექიმი-კოსმეტოლოგის პროფესია ჩემთვის მხოლოდ საქმიანობა არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ესთეტიკასა და ადამიანზე ზრუნვის მაღალ კულტურას. მედიცინაში მოსვლის დღიდანვე მიზნად დავისახე იმ მიმართულების განვითარება, რომელშიც ჯანმრთელობა და ბუნებრივი სილამაზე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. უკვე 19 წელია ვსაქმიანობ ესთეტიკური მედიცინის სფეროში. ამ დროის განმავლობაში არაერთი პრაქტიკული და აკადემიური ეტაპი გავიარე. ჩემი ძირითადი მიმართულებაა ინდივიდუალიზმზე მორგებული, უსაფრთხო და ბუნებრივ შედეგზე ორიენტირებული კოსმეტოლოგიური პროცედურები, სადაც მთავარი აქცენტი პაციენტის უნიკალურობაზე კეთდება. ჩემი მიზანი არა მხოლოდ ესთეტიკური შედეგის დანახვა, არამედ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვაცაა. თითოეული პაციენტი ჩემთვის ცალკე ისტორიაა, ხოლო ნდობა – ყველაზე დიდი მიღწევა. სწორედ ამ ნდობამ და საქმის სიყვარულმა დამაყენა იმ გზაზე, რომელსაც დღეს თავდაჯერებით ვაგრძელებ.
წარმატება არ არის შემთხვევითი მოვლენა და არც მხოლოდ შედეგი, ეს არის პროცესი, რომელიც იწყება შინაგანი პასუხისმგებლობითა და საკუთარი საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულებით. ჩემთვის წარმატების მთავარი საიდუმლო არის უწყვეტი სწავლა, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი გადახედვა და ხარისხზე უკომპრომისო მოთხოვნა. სასურველი შედეგი მოაქვს მოთმინებას, შრომასა და სიმამაცეს, რომ არასდროს დასჯერდე მიღწეულს და ყოველთვის ეძებო უკეთესი. როცა საქმეს გულით, პასუხისმგებლობითა და მაღალი პროფესიული ღირებულებებით აკეთებ, წარმატება ბუნებრივად იქცევა შენი გზის გაგრძელებად.
ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში, ვეტყოდი: აირჩიეთ ეს პროფესია არა მხოლოდ სილამაზის სიყვარულით, არამედ დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. ცოდნა არის თქვენი ყველაზე ძლიერი იარაღი. ნუ იჩქარებთ შედეგის მიღწევას. გამოცდილება იქმნება დროსთან, შრომასა და შეცდომებზე სწავლასთან ერთად. იყავით მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ – კეთილგანწყობილი პროცესისადმი. არასდროს დაკარგოთ ინდივიდუალობა – სწორედ თქვენი ხედვა და პროფესიული ეთიკა გამოგარჩევთ სხვებისგან. დაბოლოს, გახსოვდეთ: ნამდვილი წარმატება მოდის მაშინ, როცა თქვენთვის პაციენტის ნდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოპულარობა. აკეთეთ საქმე გულით, ღირსებითა და მაღალი პროფესიული სტანდარტებით და ეს გზა აუცილებლად მოგიტანთ არა მხოლოდ კარიერულ წინსვლას, არამედ შინაგან კმაყოფილებასაც.
Mariam Otosi
გაბრიელ სალოსის 120
ტელ: 558 31 31 84

ნანა ფიფია, მათემატიკოსი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი: უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ბიზნესის სფეროში გადმოვინაცვლე. არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. წლებია მაქვს საკუთარი საიუველირო მაღაზია – Gold Market Tbilisi, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ძვირფას სამკაულებს. მიხარია, რომ ყოველდღიურად ბედნიერ ადამიანებთან მიწევს კონტაქტი, რომლებიც სამკაულებს ყიდულობენ როგორც ნიშნობისთვის, ისე საჩუქრად საყვარელი ადამიანებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კმაყოფილი მომხმარებელი აუცილებლად ისევ ბრუნდება ჩვენთან ახალი სამკაულის შესაძენად.
გზა წარმატებამდე იყო რთული, თუმცა, როდესაც დაჟინებით აკეთებს შენს საქმეს, არ აქცევ ყურადღებას სხვის აზრს, იმ ადამიანების რეპლიკებს, რომლებიც შესაძლოა გზაზე გადაგეღობოს, როცა შენ მაინც ჯიუტად აკეთებს შენს საყვარელ საქმეს, უდიდეს შრომას დებ, ამ ყველაფერს საბოლოოდ მოაქვს წარმატება.
ჩემს სფეროში წარმატებას განსაზღვრავს სწორად გათვლილი ბიზნესგეგმა, ძლიერი გუნდი და ფინანსები. ამ ყველაფრის პარალელურად კი აუცილებელია მუდმივი პიროვნული ზრდა-განვითარება, რათა თანამედროვე გამოწვევებს უპასუხო. დღესაც, მიუხედავად ამდენი საქმისა, კვლავ სტუდენტი ვარ, ვსწავლობ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს ყველაფერი კი ისევ ჩემი ბიზნესის განვითარებას ემსახურება.
მინდა მივმართო ქალებს, რომლებსაც სურთ, თუმცა ეშინიათ ბიზნესის დაწყების და ვერ ბედავენ… გაბედეთ, დაიწყეთ დღესვე, მთავარია სწორად განსაზღვროთ თქვენი მიზანი – რა გინდათ, და არ დაიზაროთ შრომა. გამარჯვებამდე შესაძლოა ნელი ნაბიჯებით მიხვიდეთ, მაგრამ მთავარია მიხვიდეთ და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს. ასევე, მინდა აღვნიშნო: იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული, აუცილებელია სწორი გარემოცვა – სწორი ადამიანები. არასწორი ადამიანები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან, თქვენი ბიზნესიდან და სწორ გუნდთან ერთად განაგრძოთ გზა. აქვე მთელ საქართველოს მივულოცავ 2026 წელს, ეს ცეცხლოვანი ცხენის წელი ყველასთვის წარმატების და ბედნიერების წელი ყოფილიყოს.

ეკატერინე სარალიძე, კოსმეტოლოგი, ვიზაჟისტი: სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში 2002 წლიდან ვარ. 10 წლის წინ მომხმარებლის სიმრავლემ გადამაწყვეტინა საკუთარი ესთეტიკის ცენტრის „ეკა ესთეტიკის“ შექმნა. ვიზაჟის კუთხით ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, თუ რამეს ვაკეთებთ, საკუთარი ტექნიკით არის შემუშავებული, ნელ-ნელა თანამშრომლების რიცხვიც გაიზარდა, ჩვენი მომსახურების სფეროც მრავალფეროვანი გახდა და მოსწავლეების რაოდენობამაც იმატა, თუმცა, სამწუხაროდ, შეგვემთხვა უსიამოვნო ამბავი (სალონი დაიწვა), მაგრამ ღვთის წყალობით შევძელით ახალი ძალებით დაბრუნება. მიხარია, რომ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ეს დაბრუნება. დღეს უკვე მაქვს საკუთარი ლოგოთი წარმოებული მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეიქაფის პროფესიონალური ფუნჯების ნაკრები. წინ კიდევ ბევრი სიახლისთვის ვემზადებით.
ვფიქრობ, დასახული მიზნისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ცოდნის პარალელურად მუდმივად უნდა განვითარდე და, რაც მთავარია, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ.
დღეს უფრო დიდი არჩევანია, წვდომა ყველაფერზე გაცილებით მარტივია, კომუნიკაცია ადვილია, ძალიან კარგი თაობა მოდის, ნიჭიერები არიან. ყველას ვურჩევდი, სანამ სფეროს აირჩევენ, კარგად დაფიქრდნენ, რამდენად სწორია მათი გადაწყვეტილება, არ იჩქარონ… ყველა სწორად დაწყებულ პატარა საქმეს შემდგომ დიდი წარმატება მოაქვს.
ტექსტი: სოფიო მალანია, მარიამ მათიაშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი












