დაახლოებით ორი წლის წინ შემომთავაზეს საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა „ორბის“ სასტუმროების ქსელში. ჩემთვის ეს თავიდანვე ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან დავგეგმეთ მასშტაბური ცვლილებები, კომპლექსური რეორგანიზაციები. განვითარების დიდი და რთული გზა, რომელმაც შედეგად სერვისის მაქსიმალური გაუმჯობესება და მომსახურების უმაღლესი განვითარების დონე უნდა მოგვცეს.
ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია, თუმცა გუნდური მიდგომები გაცილებით გვიმარტივებს საერთო მიზანთან მიახლოებას. ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად, მაგრამ ვფიქრობ, 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის ყველაზე მომზადებულები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე. მომზადებაში ვგულისხმობ მომხმარებელზე ორიენტირებულ საუკეთესო სივრცესა და პირობებს.
თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი, მამოძრავებელი პრინციპი სამუშაო მიმართულების დაგეგმვასა და ფორმირების პროცესში…
ვფიქრობ, პრიორიტეტები და დაგეგმარების პროცესი ცალსახად ერთნაირი და პრინციპულია, სადაც უნდა მუშაობდე. არსებობს რამდენიმე ძირეული ღირებულება, რომლის გარეშე არ დგება გუნდი და შესაბამისად, პროცესებიც არათანმიმდევრული და უშედეგოა. ჩემთვის ეს ღირებულება უპირველესად უკავშირდება სწორ ლიდერულ მიმართულებებსა და პოზიციონირებას, და შემდგომში, ღირსეული წევრებისგან შემდგარ, ერთიან გუნდს. ნებისმიერი ლიდერი, ამ სიტყვის არა მხოლოდ ფორმალური გაგებით, არის არა უბრალოდ მმართველი, არამედ თავადაა მონაწილე მთელ რიგ სამუშაო ძვრებში. სწორედ ამიტომ, ჩემი პირველი მიზანი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომლის თითოეული წევრი, მათ შორის მე, ვიქნებით ყველა ინოვაციისა და განვითარების ავტორი.
ახლა უშუალოდ „ორბზე“ გადავიდეთ. საინტერესოა, რა შეიცვალა და ახლა რა სახის ცვლილებების პროცესშია კომპანია?
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ განვითარებისა და ინოვაციების დაგეგმვის პროცესში ვართ, უკვე მთელი რიგი მიმართულებებია, რა კუთხითაც მიმაჩნია, რომ საკმაოდ განვვითარდით და ევროპულ, მაღალ სტანდარტსაც მალე მივუახლოვდებით. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ პროგრამულ განვითარებას − ეს აუცილებელი იყო იმ სპეციფიკურ სისტემაზე მოსარგებად, რომელიც აპარტ-ოტელს ახასიათებს. გარდა ამისა, პრაქტიკულად ხელახლა დავნერგეთ ქცევისა და მომსახურების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების, ასევე, რეზერვაციების უფრო ეფექტური სტანდარტი.
უფრო კონკრეტულად განგვიმარტეთ, რა იგულისხმება სტანდარტის ხელახლა დანერგვის პროცესებში.
არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მოხდა იდენტიფიცირება იმ რიგი საკითხებისა, რაზე მუშაობის შედეგადაც მივიღებდით მომსახურების უკეთეს სტანდარტსა და დონეს. ახალი კადრების გადამზადების, ტრენინგების დანერგვისა და დეპარტამენტების დამატების საშუალებამ მოგვცა უდიდესი რესურსი, დავწეოდით ჩვენს მისწრაფებას, მიგვეღო უკეთესი შედეგები სტუმრებთან ურთიერთობის წარმართვაში. ახლა უკვე არა მხოლოდ მიღება-განთავსების, არამედ კონკრეტულად სტუმრებთან ურთიერთობის დეპარტამენტიც იღებს თავის თავზე ფუნქციას, იყოს სასტუმროს ხმა და სახე, ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რაც მოკლე დროის განმავლობაში გვაძლევს საშუალებას, დროულად გვქონდეს წვდომა სტუმრის ნებისმიერ საჭიროებაზე. სტუმრებზე ორიენტირებული სისტემა კი საუკეთესო გარანტია მომავალში კარგი უკუკავშირის მისაღებად.
როგორც ვიცით, ახლა უკვე ონლაინპლატფორმების მიმართულებითაც გაქვთ გარკვეული წინსვლა…
რა თქმა უნდა, ვერც ერთი პროცესი ვერ იქნება სრულყოფილი ეფექტური კომუნიკაციის გარეშე, მით უმეტეს, როცა ჩვენ შემთხვევაში კერძო პირები (რომლებიც თავად აქირავებენ აპარტამენტებს) მნიშვნელოვნად და ხშირ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებენ ჩვენს რეპუტაციაზე არა მხოლოდ ლოკალურ სოციალურ მედიებში. მნიშვნელოვანია, გვქონდეს უწყვეტი კომუნიკაციის პროცესი საზოგადოებასთან, ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. ერთი მხრივ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს ჩვენი გაიგივება კერძო პირსა თუ მეპატრონესთან (რომლებსაც არავითარი სტანდარტი მომსახურებისა არ გააჩნიათ), ასევე, სასიცოცხლოდ აუცილებელი PR-კამპანიის გასამართად. იმისათვის, რომ „პროდუქტმა“ გაამართლოს, ის ზუსტად მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეიქმნას, ამიტომაც ჩვენ გვაინტერესებს უშუალოდ რა სახის სერვისების დამატებასა და გაუმჯობესებას ისურვებდნენ ჩვენი სტუმრები.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მიზეზი, რომლის გამო მომხმარებლები ხშირად თქვენ გირჩევენ?
ჩვენი ყველა სასტუმრო მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში, შესაბამისად, ნომრების უმეტესი ნაწილი არის ზღვის საოცარი ხედით. ვფიქრობ, ადგილმდებარეობა და ხედი სწორედ ის მნიშვნელოვანი მიზეზებია, რაც მომხმარებელთა უმეტესობას ძალიან მოსწონს. ასევე, აღსანიშნავია ფასი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული ობიექტი უმაღლესი სტანდარტითაა მოწყობილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და კომფორტული ნომრები სწორედ ჩვენ გვაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო ბაკურიანი, დიდველის ულამაზეს ხედებს შორის მოქცეული კიდევ ერთი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ასევე მოწინავე ადგილს იკავებს ინტერესისა და მომხმარებლების სიმრავლის კუთხით. ხედის გარდა, აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს უამრავი სერვისი, რომელთა შეთავაზება შეგვიძლია ნებისმიერი გემოვნების სტუმრისთვის. სპა-მასაჟი, აუზი, საბავშვო კუთხე (გასართობი ოთახი), რესტორანი და სუპერთავაზიანი, მოღიმარი პერსონალი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას.
ტექსტი: გაბრიელა კვაჭანტირაძე