როცა ხარ ის, ვინც ხარ და აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, წარმატებაც თავისთავად მოვა – მიიჩნევს „OK! ბათუმის“ სტუმარი, საერთაშორისო პრემიუმ ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – “Best western Premier Batumi” – ის მმართველი კომპანიის შპს “მეგა პალასის”- დირექტორი და სასტუმროს გენერალური მენეჯერი, თამარ მაზიაშვილი. დედაქალაქიდან ბათუმში გადმოსულს არაერთი გამოწვევის მიღებამ და გადალახვამ მოუწია, თუმცა მიაჩნია, რომ ყოველი დაბრკოლება შეიძლება შემდგომი გამარჯვებებისთვის სტიმულად აქციო. როგორია თამარ მაზიაშვილის Best Western Premier Batumi-სთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები, რას მიიჩნევს წარმატების მთავარ ფორმულად და რას ჰყვება ქალაქზე, სადაც უკვე მეოთხე წელია ცხოვრობს – გაეცანით პასუხებს „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.
მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი კავშირი აღნიშნულ ბრენდთან. რა ხდის სასტუმროს გამორჩეულს და რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენ წარმოვადგენთ ამერიკული ბრენდის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს – Best western Premier Batumi. ამერიკული ბრენდი – Best Western-ი მსოფლიოში წარმოდგენილია 4 500- მდე სხვადასხვა კატეგორიის განთავსების ობიექტით, მათ შორის ჩვენი სასტუმრო 2018 წლიდან ოპერირებს ბათუმში. სასტუმროს გამორჩეულს ხდის სასტუმროში მომუშავე პერსონალი და სერვისები, რასაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ. მომსახურების პროცესში ყოველთვის შესამჩნევია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და საქმისადმი დიდი სიყვარული, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება სტუმრის კმაყოფილებასა და მათ დადებით ემოციებში. ჩვენს სასტუმროს, ასევე, განსაკუთრებულს ხდის შესანიშნავი მდებარეობა ბათუმის ყველაზე ცენტრალურ ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, ჩვენი სასტუმრო მდებარეობს მოცეკვავე შადრევნებთან, ზღვიდან 200 მეტრში. სასტუმროს თითქმის ყველა ოთახი წარმოდგენილია ზღვისა და ქალაქის პანორამული ხედებით. სასტუმროს მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი „ემერალდი“, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ განუმეორებელ ქართულ, ევროპულ და აზიურ კერძებს, შესანიშნავ ქართულ ღვინოებს მსოფლიო ბრენდის სასმელებთან ერთად. რესტორანს ყველაზე მეტ ხიბლს სძენს ტერასა, რომელიც გადაჰყურებს ზღვას და მზის ჩასვლისას სტუმრებს განსაკუთრებული პეიზაჟი წარმოუდგებათ თვალწინ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მზის ჩასვლის უნიკალური პანორამა არის ჩვენი რესტორნის სავიზიტო ბარათი. სასტუმროში ასევე განთავსებულია სპა ცენტრი – „სავანა“, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ საცურაო აუზს, სველსა და მშრალ საუნას, ფიტნეს ცენტრს, პროფესიონალი კოსმეტოლოგის, ვიზაჟისტის, სტილისტის, მასაჟისტის მომსახურებას. სპა „სავანაში“ ჩვენი სტუმრების გაჯანსაღებაზე ზრუნავენ ცურვის, ფიტნესის, აერობიკისა და აქვა-აერობიკის პროფესიონალი ინსტრუქტორები. ჩვენი სპა საკმაოდ ცნობილი და მოთხოვნადია ბათუმის საზოგადოებაში თავისი კომფორტისა და ოპტიმალური საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე.
სასტუმროს შესანიშნავი მდებარეობიდან გამომდინარე, სტუმრებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ჩვენი სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებული ლაუნჯი ე.წ. ქო-ვორქინგ სამუშაო სივრცით, სადაც როგორც სასტუმროში განთავსებულ სტუმრებს, ასევე ვიზიტორებს შეუძლიათ იმუშაონ და ასევე, მოაწყონ სამუშაო შეხვედრები ჩვენს მყუდრო გარემოში, რაც დამერწმუნებით, ბათუმში საკმაოდ იშვიათი სიამოვნებაა, განსაკუთრებით აქტიურ სეზონზე, როდესაც ყველა ობიექტი გადატვირთულია სტუმრების რაოდენობიდან გამომდინარე და, შესაბამისად, საკმაოდ ხმაურიანია. ამას გარდა, სტუმრებს ვთავაზობთ ორ საკონფერენციო სივრცესა და ივენთჰოლ – „დაიმონდს“, რომლის გამორჩეულად ესთეტიკური ინტერიერი საშუალებას გვაძლევს, ამ სივრცეში ორგანიზება გავუკეთოთ სხვადასხვა ტიპის სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ასევე, საერთაშორისო ფორმატის კონფერენციებს.
მზარდი კონკურენციის პირობებში როგორ ახერხებთ მომხმარებლის მოზიდვას?
სწორად აღნიშნეთ, მზარდი კონკურენცია სასტუმროს სეგმენტში საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ამ საკითხს განსაკუთრებით მწვავედ აღვიქვამთ აჭარის რეგიონის სასტუმროების წარმომადგენლები. ბოლო წლებში თვალსაჩინოდ იმატა სასტუმროების რაოდენობამ ბათუმსა და მის შემოგარენში. ეს, ერთი მხრივ, პრობლემაა ჩვენი სეგმენტისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, გამოწვევაა, რაც გვიბიძგებს დავნერგოთ მაღალი სტანდარტები და მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო ხარისხიანი და პროფესიონალური მომსახურება. ეს ყოველივე დადებითად აისახება როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის იმიჯზე, რაც წინაპირობაა იმისა, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი მიმზიდველი და მოთხოვნადი დესტინაცია.
როგორია წარმატების თქვენეული ფორმულა…
წარმატების მნიშვნელობა ცოტა ორაზროვანია ჩემთვის, რადგან ზოგისთვის წარმატება შეიძლება მხოლოდ მის საქმიანობაში არსებული მიღწევებით განისაზღვრებოდეს. ჩემთვის წარმატება არის ის დადებითი ემოციები და სიყვარული, რასაც ჩემს სფეროში მოღვაწეობით, ჩემი კოლეგებისგან ვიღებ. ასევე, ყველა კმაყოფილი სტუმარი და მათი ჩემდამი ან ჩვენდამი წარმოთქმული თითოეული საქებარი სიტყვა. ჩემი აზრით, წარმატება ციფრებში არ გამოისახება, იგი შედარებითი და შეფარდებითი მოდულაციაა. ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა ცხოვრების თვითმიზნად არ უნდა აქციო. მიზანი შეიძლება იყოს პროფესიის დაუფლება, შენი საქმის ხარისხიანად კეთება, თუნდაც ბედნიერების ძიება. წარმატება მხოლოდ ამ ძიების პროცესის შედეგია. ხანდახან პროცესი გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე შედეგი, რომელსაც ჩვენ წარმატებას ვუწოდებთ. სხვისი გადმოსახედიდან, საქმოსანი ადამიანები წარმატებულ ადამიანებად მივიჩნევით, მაგრამ ჩვენ თავად რამდენად მიგვაჩნია თავი წარმატებულად ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობით, ეს საკამათოა. წარმატების ჩემეული ფორმულაა – იყავი ის, ვინც ხარ და აკეთე ის საქმე, რაც გიყვარს… წარმატება აუცილებლად გეწვევა ისე, რომ თავად ვერც იგრძნობ, სხვები დაინახავენ ამას და აუცილებლად გაგრძნობინებენ.
დედაქალაქიდან ბათუმში სამუშაოდ ჩამოსულს, რა გამოწვევების გადალახვამ მოგიწიათ. როგორ შეძელით ქალაქთან, გარემოსთან ადაპტაცია?
მეოთხე წელი დაიწყო, რაც ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. მართალი გითხრათ, ამდენი ხნით ნამდვილად არ ვაპირებდი ბათუმში ცხოვრებას. თავიდან, როდესაც სასტუმროს დამფუძნებლებისგან მივიღე შემოთავაზება, ვიფიქრე, ცოტა ხნით თან დავისვენებ და თანაც ჩემთვის შედარებით უცხოს, მაგრამ საინტერესო სფეროს მოვკიდებდი ხელს. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის ხუთვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმროს მართვის სადავეების ხელში აღება. ნელ-ნელა ამ საქმიანობამ უფრო და უფრო გამიტაცა. მუშაობის პროცესში არაერთი გამოწვევა და სირთულე მხვდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საქმიანობისთვის ბუნებრივად თანამდევი პროცესია, რაც უფრო მეტად მაძლიერებდა და სტიმულს მაძლევდა, უფრო ხარისხიანად და მაღალი პროფესიონალიზმით შემესრულებინა დაკისრებული მოვალეობა. ეს სირთულეები გამოწვეული იყო სეგმენტის გადატვირთულობით, მაღალი კონკურენციით, სახელმწიფოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ძვრებით, მსოფლიოში არსებული ომებითა და კატაკლიზმებით, რაც პირდაპიროპორციულად აისახება სასტუმროს მუშაობასა და შემოსავლებზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კოვიდის პერიოდი, როდესაც სტუმარი სანთლით საძებარი იყო. დღესაც ვერ აგიხსნით, როგორ მოვახერხეთ კოვიდის პერიოდის გადატანა, ყველა თანამშრომლის შენარჩუნება და ხელფასების გაცემა სასტუმროს არსებული შემოსავლებით. ეს ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. მიხარია, რომ მე და ჩემმა გუნდმა ჩვენი დაუზოგავი შრომით მოვახერხეთ ეს და სასტუმრო უფრო ცნობადი და წარმატებული გავხადეთ. ასე გადაიქცა ჩემი სამი თვის გეგმა სამ წლად… სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არაფერი არ უნდა დაგეგმო, უბრალოდ, უნდა მიჰყვე ცხოვრების დინებას. სამყარომ ჩვენზე გაცილებით კარგად უწყის, სად არის ჩვენი მიზნების ასრულების დრო და ადგილი. იქნებ ადამიანის წარმატების ფორმულაც ესაა, გაიგო, რა არის შენი ცხოვრების მიზანი და აღსრულების დრო და ადგილი. სამყარო, უბრალოდ, ამის მინიშნებებს გვაძლევს…
როგორ ფიქრობთ, რა ხდის ბათუმს განსაკუთრებულს, როგორია ის ბათუმი, რომელიც გაიცანით და შეიყვარეთ?
მართალი გითხრათ, ბათუმთან ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა მისი რთული კლიმატიდან გამომდინარე. წვიმები მიყვარდა მანამ, სანამ ბათუმში დავმკვიდრდებოდი. ბათუმურმა გადაუღებელმა წვიმებმა წვიმა შემაძულა (იცინის). ბათუმი უკვე ძალიან შემიყვარდა თავისი ხალხით, ბუნებით, პეიზაჟებით, შენობებით, ღირშესანიშნაობებით და ყველაფრით, რასაც ვხედავ და ვეხები. ბათუმი განსაკუთრებით მომხიბვლელია თავისი კომპაქტურობიდან გამომდინარე. აქ მანქანა არ მჭირდება, ყველგან ფეხით გადავადგილდები. ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა. ზღვაც, მთაც, სახლიც, სამსახურიც, სკოლაც, საავადმყოფო… ასეთი ადვილი ცხოვრება არასდროს ყოფილა… ეს ცოტა ხუმრობით, მაგრამ ბათუმში გადმოსვლის შემდეგ დამავიწყდა უსაშველო საცობებში დგომის სიმწარე. ვიცი, აქაც არანაკლები საცობებია მაღალ სეზონზე, მაგრამ მე ისე მოვაწყვე ჩემი ცხოვრება, რომ საცობებში არ მომიწიოს ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილის უაზროდ გაფლანგვამ… კიდევ ბათუმური ყავა მიყვარს, ბათუმური სიხალასე, აქაური კილოკავი, იუმორში გადატანილი მწარე სიმართლე. ბათუმის ეთნოსური მრავალფეროვნება და ყველაფერ უცხოსადმი ყველაზე უფრო მაღალი ტოლერანტობა თუ სადმე სხვაგან მიგრძნია.
იყო ძლიერი ქალი, ნიშნავს…
ჩემი აზრით, იყო ძლიერი ქალი არის შედეგი და არა მიზანი… არასოდეს მდომებია ვყოფილიყავი ძლიერი ქალი, მაგრამ ჩემმა შედარებით რთულმა ცხოვრებამ, არასწორმა ადამიანებმა ჩემს ცხოვრებაში, უთანასწორო ვალდებულებებმა და ალბათ კიდევ ჩემი ხასიათის სწორუპოვრობამ მაქცია ძლიერ ქალად, თუ შეიძლება ასე ითქვას.
გადაწყვეტილება, რომლითაც ამაყობთ…
ეს იყო მაშინ, როდესაც გადავწყვიტე ვყოფილიყავი ბედნიერი. სხვა უფრო სწორი გადაწყვეტილება არ მახსენდება. სხვა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ექსპრომტად და დაუგეგმავად მოხდა. ალბათ ზედმეტად ვენდობი სამყაროს…
როგორია Best Western Premier Batumi-სთან დაკავშირებული თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი გეგმები სასტუმროსთან მიმართებაში მოიცავს სასტუმროს ფუნქციონალურად უფრო მეტად დატვირთვას, სხვადასხვა სერვისის დამატებას, სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და გათანამედროვეობას. ძალიან მალე სასტუმროს პირველ სართულზე ვაპირებთ გავხსნათ სწრაფი კვების ობიექტი – ბურგერ ბარი, რომელიც ბურგერების მოყვარულებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. მოგეხსენებათ, ჩვენი სასტუმრო ამერიკული ბრენდის ფრენჩაიზია, ამიტომ ამერიკული სტანდარტებითა და გემოვნური თვისებებით შემკული ბურგერი განსაკუთრებით დაამშვენებს ჩვენს სასტუმროს. ბურგერ ბარს მუსიკალურად გააფორმებს ქანთრის, პოპის, როკისა და პანკის ცნობილი შემსრულებლები, მომღერლები და ადგილობრივი ჯგუფები. ბურგერ ბარში, ასევე, შეგეძლებათ დააგემოვნოთ ევროპულ-აზიური კერძებიც, გვექნება ლუდების ძალიან დიდი ასორტიმენტიც. ჩვენთან ყველა სპორტული აქტივობა გაშუქდება. გვექნება პირდაპირი ჩვენებები და ხალასი ემოციები… დაბოლოს, რაც მინდა დავამატო, ჩვენი სასტუმროს წარმატების ქვაკუთხედი არის ჩვენი გუნდის სიძლიერე, რაც გამოიხატება მათ პროფესიონალიზმში, ურთერთპატივისცემაში, საქმისადმი ერთგულებასა და სიყვარულში. ჩვენ არ გვეშინია სიძნელეების, რადგან ყველა სიძნელეს თანადგომითა და ურთიერგატანით გადავლახავთ. ეს ვართ ჩვენ – Best Western Premier Batumi!…