მიაჩნია, რომ ფლორისტიკაში საქმიანობა მუდმივი ზეიმია, ყვავილები ქმნიან ჰარმონიულ განწყობას, რომელსაც შეუძლია ყოველი დღე დღესასწაულად გიქციოს. „OK! ბათუმის“ სტუმარი ყვავილების სალონის, „ფლორესის“ დამფუძნებელი ზეინაბ აბდულიშია, რომელიც ფიქრობს, რომ საყვარელი საქმისადმი ერთგულება, მუდმივად განვითარებისაკენ სწრაფვა ყოველთვის აღმოგაჩენინებს საკუთარ თავში ძალას, იყო წარმატებული, შექმნა განსხვავებული და ღირებული, ასევე ბედნიერება მიანიჭო ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც. რა არის მისთვის მოტივაციის წყარო, რომელი ყვავილია მის ხასიათთან ყველაზე ახლოს, რა გეგმები აქვს „ფლორესთან“ ერთად – გაეცანით პასუხებს „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.
გაეცანით ჩვენს მკითხველს …
ბავშვობა ნამდვილად ყველაზე ბედნიერი და უდარდელი დროა.
ვფიქრობ, მშობლების ზრუნვა ბედნიერი ბავშვობის გასაღებია, რაც ნამდვილად მქონდა. ისინი მაძლევდნენ უპირობო სიყვარულის მაგალითს და მეხმარებოდნენ ნიჭის გამოვლენაში, მათგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. პატარაობიდანვე მქონდა მიდრეკილება შემოქმედებისადმი, რამაც განაპირობა ჩემი საბოლოო არჩევანი
პროფესიულ საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მოწესრიგებული და ორგანიზებული ბავშვი, ძნელად ვემორჩილებოდი სისტემას (თუნდაც სკოლის). არ მიყვარდა ჩარჩოებში ყოფნა და უსამართლობა, რის გამოც ხშირად მიწევდა წინააღმდეგებობის
გაწევა.
როგორ დაიწყო ყვავილებთან თქვენი კავშირი? როდის გადაწყვიტეთ საყვარელი საქმე ბიზნესად გექციათ?
ამაზე დიდი გავლენა იქონია დედაჩემის საქმიანობამ, რომელიც ბნელ 90-იანებში თავდაუზოგავად შრომობდა. მაშინ, როდესაც ყვავილების არჩევანი, ფაქტობრივად, საერთოდ არ იყო, დედამ აიღო ეს უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და უცხოეთიდან ყვავილების შემოტანა დაიწყო. შეიძლება ითქვას, მისი ასისტენტი ვიყავი.ზუსტად მაგ პერიოდში დაიწყო ჩემი პირველი კონტაქტი ყვავილებთან, თუმცა როგორც უკვე ბიზნესად ქცევა – ეს აღმოჩენა საკმაოდ გვიან გავაკეთე.
ემოცია, რომელიც ყვავილების სამყაროს მოაქვს თქვენთვის…
ეს ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის. ჩვენს სალონში რომ შემოვდივარ, მთელი დღის გუნება-განწყობილება მეცვლება. ყვავილების ჩუქებით გამოწვეული ემოცია ხომ მართლაც დაუვიწყარია?! ამასთან შეხება კი ყოველდღიურად მაქვს, რაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.
ამბობენ, რომ ყვავილები თავიანთი ხასიათით ჰგვანან ადამიანებს. თქვენ რომელი ყვავილი გიქმნით ყველაზე ჰარმონიულ განწყობას?
ნებისმიერ ყვავილს მოაქვს გარკვეული ემოცია და განწყობა. ჩემს ხასიათთან ახლოს პიონია, რომელიც დადებითი ენრგეტიკითაა სავსე. ფენ შუის მიხედვით, პიონი სიწმინდის, გულწრფელობის სიმბოლოა. პიონი იზიდავს სიმდიდრეს, იღბალს, სიყვარულს.
ძველ ჩინეთში ერთი პიონის არომატს ათასი ვარდისგან შექმნილი თაიგულის სურნელს ადარებდნენ.
რაში მდგომარეობს „ფლორეს“ უპირატესობა, რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?
ვფიქრობ, „ფლორესს“უკვე თავისი ხელწერა აქვს, ყველა თაიგული ერთმანეთისგან განსხვავებულია. ვქმნით ე.წ. კომერციულ თაიგულებს, რომელიც მომხმარებელს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. ყვავილის მირთმევა საკმაოდ დელიკატური საკითხია, ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგებით და ვეხმარებით ყვავილის შერჩევასა ან თაიგულის შექმნაში. პროფესიონალი და გამოცდილი ფლორისტების გუნდი ჩვენი წარმატებული საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა. სწორი კომუნიკაცია და უშუალობა ჩვენი ძლიერი მხარეა. თვალს ვადევნებთ ყვავილების მოდის საერთაშორისო ტენდენციებს და მუდმივად ვცდილობთ სიახლეები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქორწილო ფლორისტიკაა.
ემოცია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ…
ჩემთვის შეუდარებელი ემოცია, რომელიც დღემდე მავსებს და არის ჩემი ცხოვრების მოტივატორი, ჩემი შვილების დაბადებაა. გარდამტეხი მომენტია ქალის ცხოვრებაში, შვილის გაჩენის შემდეგ ბევრ რამეს სხვანაირად უყურებ. განსხვავებული პრინციპებითა და უპირატესობებით იწყებ ცხოვრების აღქმას.
როგორია სილამაზის თქვენეული აღქმა?
სილამაზე ჩემთვის ასოცირდება ბუნებასთან, რომლის წვლილიც გასაოცარია სილამაზის აღქმაში და ამ მხრივ საკმაოდ განებივრებულები ვართ. უბრალოება ყველაზე დიდი სილამაზეა თავდაჯერებულობას, თანაგრძნობასა და ინდივიდუალურობასთან ერთად.
რაში მდგომარეობს თქვენი, როგორც მშვენიერი და წარმატებული ქალის საიდუმლო?
თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ კარგად ვგრძნობ ადამიანების იმპულსებს. ჩემმა პროფესიულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. ვარ მაქსიმალისტი და თვითკრიტიკული. ფლორისტიკის საქმიანობის სილამაზის უკან წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტები დგას: საყვარელი საქმისადმი ერთგულება, შრომა, ყველა საკითხში ჩართულობა და მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვა. შედეგზე
მეტად პროცესი მხიბლავს. ვარ რეალისტი. ნებისმიერ სიტუაციას ვაფასებ სათანადოდ, ვცდილობ ემოციური ფონი უკანა პლანზე გადავწიო და საღი გონებით შევხვდე ყველა გამოწვევას.
მოტივაციის წყარო…
ფლორისტიკაში მიღებული დადებითი ემოციები და ის უკუკავშირი, რაც გვაქვს ერთგული და კმაყოფილი მომხმარებლების სახით, ჩემი საქმიანობის უდიდესი მოტივაციის წყაროა.
ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ…
ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია, რომელთანაც უამრავი ბედნიერი მოგონება მაკავშირებს. აქაურობას მართლაც ჯადოსნური ხიბლი აქვს და ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება. ამ ატმოსფეროს კი ის ხალხი ქმნის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. ბათუმი მართლაც არის ურთიერთობა.
ფერი, რომელიც განსაკუთრებულად განგაწყობთ პოზიტივისკენ…
ვფიქრობ, ნებისმიერი ფერი თავისებურად განსხვავებული და განსაკუთრებულია. მე ყველაზე მეტად შთამაგონებს შინდისფერის ტონი, გარდამავალი ჟოლოსფერში, ე.წ. ფუქსია, რომელიც ჩემთვის ენერგიასა და პოზიტიურ განცდებთან ასოცირდება.
სამომავლო გეგმები „ფლორესთან“ ერთად…
სამომავლოდ გვინდა ბევრი ლამაზი და ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი დღეების გალამაზება.
რას მოაქვს თქვენთვის ყველაზე დიდი ადრენალინი…
საქმიანობა ფლორისტიკაში მუდმივი ზეიმია. მოუთმენლად ველოდებით და ერთი თვით ადრე ვიწყებთ სადღესასწაულო დღეების სამზადისს. წლის ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს. პერიოდის მიხედვით, თემატურად ვცვლით დეკორს ჩვენს სალონში და ვქმნით განსხვავებული ხასიათის კომპოზიციებს. ამ შემოქმედებით პროცესს, ახალ პროექტებსა და შემოთავაზებებს ერთგვარი ადრენალინი მოაქვს „ფლორესის“ მთელი გუნდისთვის.
რომელ ცნობილ ვარსკვლავს შეხვდებოდით და მიართმევდით „ფლორესის“ თაიგულს…
მერილ სტრიპი, ეპოქის საუკეთესო მსახიობი გამორჩეული სტილით, ჩემი ფავორიტია.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე