მოდის ინდუსტრიაში, რომელიც მთლიანად ახალგაზრდობაზეა ორიენტირებული, კარმენ დელ’ორეფიჩე შთაგონების წყაროდ იქცა. კარმენი 2025 წლის 3 ივნისს 94 წლის გახდა და ის მოდის სფეროში ყველაზე დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე მოდელად ითვლება, თუმცა, არა ყველაზე ხანდაზმულად.
ჰონგ-კონგელი მოდელი ელის პანგი მასზე 4 წლით უფროსია – წელს ის 97 წლის გახდა, მაგრამ პანგმა კარიერა 93 წლის ასაკში დაიწყო, დელ’ორეფიჩე კი 15 წლიდან მოდელია.
წარმოიდგინეთ, კარმენი 1931 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 10 წლით ადრე დაიბადა, მოდელად მუშაობა 1946 წელს დაიწყო და მისი კარიერა დღეს უკვე 77 წელს ითვლის!

გზა აღიარებისკენ
კარმენ დელ’ორეფიჩე ნიუ-იორკში დაიბადა. 13 წლის ასაკში, ავტობუსით მგზავრობისას, ის მოდის სფეროში მომუშავე ფოტოგრაფმა შენიშნა. პირველი ფოტოსესია წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ორი წლის შემდეგ მშობლებმა გოგონა ჟურნალ Vogue-ში მიიყვანეს, სადაც მან პირველ სამოდელო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

“მოდელი სრულიად შემთხვევით გავხდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ საქმე იყო, რომლითაც ფულს ვიშოვიდი და დედას დავეხმარებოდი.” – იხსენებს კარმენი.

ნუ იფიქრებთ, რომ Vogue-თან თანამშრომლობამ ოჯახი მაშინვე გაამდიდრა. თავის გასატანად დედა-შვილი მკერავებად მუშაობდნენ. ტრანსპორტის ფული რომ დაეზოგა, კარმენი ჯერ სკოლაში და მერე სამსახურში ძველი, გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლით მისრიალებდა. შესაძლოა, სწორედ ამ მონდომებამ და შემართებამ მიიყვანა ვარდისფერლოყება გოგონა Vogue-ისა და Vanity Fair-ის გარეკანებამდე.

კარიერული აღმასვლა
1963 წელს კარმენი გათხოვდა და სამოდელო კარიერაში შესვენება გამოაცხადა. 1974 წელს მისი ქორწინება დასრულდა, 1978 წელს კი ის იძულებული გახდა ფინანსური სირთულეების გამო, სამუშაოს დაბრუნებოდა. კარმენის სამოდელო კარიერის აღმასვლა იმ დროს დაიწყო, როდესაც უკვე 47 წლის იყო.

დღეს, 94 წლის ასაკში, კარმენ დელ’ორეფიჩე კვლავ დაუღალავად შრომობს – პოდიუმზე გამოდის და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობს. 2022 წელს 91 წლის მოდელმა ჟურნალ New You-სთვის თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, 2023 წელს კი ჩეხოსლოვაკიური Vogue-ის გარეკანი დაამშვენა.

კითხვაზე – როგორ ახერხებს 94 წლის ასაკში ასე კარგად გამოყურებოდეს, კარმენი პასუხობს:
„საკუთარ თავს ისე უნდა მოუაროთ, როგორც პატარა ბავშვს – დაუთმოთ დრო, იზრუნოთ მასზე და სიყვარულით გამოკვებოთ.“





ასევე დაგაინტერესებთ












