ყოველთვის სჯეროდა და სჯერავს, რომ შეუძლებელი არაფერია, ებრძვის გენდერული ნიშნით სტერეოტიპულ მიდგომებს და მიაჩნია, რომ მათი ადგილი ოცდამეერთე საუკუნეში აღარ უნდა არსებობდეს. ბავშვობაში სურდა მოცეკვავე გამხდარიყო, ამის მიზეზი ლათინო-ამერიკული ცეცხლოვანი ცეკვები იყო, ყოველთვის აღაფრთოვანებდა სხეულის ენით მოსაუბრე ადამიანების ხილვა სცენაზე. მოგვიანებით, მაშინ როცა მოზარდები საკუთარი თავისადმი მეტად კრიტიკულები ხდებიან, მოთხოვნები უჩნდებათ მეტად კარგ ფორმაში იყვნენ, გადაწყვიტა ჯანსაღი ცხოვრების წესით ეცხოვრა და ვარჯიში დაიწყო, რომლითაც ისე „მოიწამლა“, მას შემდეგ ერთი დღეც აღარ უცხოვრია მის გარეშე.
თვლის, რომ ვარჯიში არამარტო სხეულს, სულსაც წვრთნის და გაძლევს მოტივაციას, უფრო და უფრო მეტი ემოცია ჩადო იმ საქმეში, რომელიც გიმყარებს თავდაჯერებულობას, ამავდროულად ბევრად მიზანმიმართულსა და მებრძოლს გხდის. OK! ბათუმის სტუმარი ფიტნეს ინსტრუქტორი რუსუდან ვარშანიძეა.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ ფიტნეს ინსტრუქტორი გამხდარიყავით…
მიუხედავად იმისა რომ მიმაჩნია ადამიანი სილამაზე პირველ რიგში მისი სულიერებიდან მომდინარეობს, საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მქონდა მოთხოვნა სხეულითაც კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. 15 წლის წინ, ის კაბა, რომელიც ძალიან მომწონდა და მნიშვნელოვან დღეზე უნდა ჩამეცვა, აღმოვაჩინე რომ აღარ ჩამივიდა, სარკის წინ დავდექი და პირობა მივეცი საკუთარ თავს, ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ ყოველთვის სასურველ ფორმაში ვყოფილიყავი. ვიცოდი ეს პროცესი არ იქნებოდა ადვილი, ის რაც ძალიან გვინდა, ხშირად რთული მისაღწევია, მაგრამ თუ გამოვიჩენთ ნებისყოფას, თუ ვირწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებს, მალე, ძალიან მალე დავინახავთ იმ სილუეტს სარკის წინ, რომელზეც თუნდაც რამდენიმე თვის წინ, მხოლოდ ფიქრებში წარმოდგენა შეგვეძლო. დავიწყე და აღარ გავჩერებულვარ, ცხოვრების წესად გავიხადე ვარჯიში. როდესაც სხეული სასურველ ფორმაში მოვიყვანე, როდესაც ვიგრძენი რამხელა ბედნიერებაა ხედავდე როგორ გაეჯიბრე საკუთარ თავს და მოუგე, მომინდა ეს განცდა სხვებისთვისაც მიმენიჭებინა. მომინდა ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა, გავიარე სპეციალური კურსი და დღეს ფიტნეს დარბაზის „გლადიატორი“, ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ.
იმისათვის რომ მისდიო ჯანსაღი ცხოვრების წესს…
აუცილებელია გაითავისო ფრაზა, სიცოცხლე-მოძრაობაშია…
მაშინ, როცა არაერთი სპორტდარბაზი და ტრენერია ბათუმში, ხშირად ისმის თქვენი სახელი და გვარი, როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებენ არჩევანს თქვენზე?
მართლა ბედნიერი ვარ, როცა ვაცნობიერებ რომ ამდენი ადამიანის ნდობა და სიყვარული დავიმსახურე. ვფიქრობ, პირველ რიგში იმიტომ მირჩევენ, რომ მეგობრულ და კომფორტულ გარემოს ვუქმნი, ვცდილობ თითოეული მათგანისთვის ხშირ შემთხვევაში რუტინული მოძრაობები, სასიამოვნო პროცესად ვაქციო. გზის დასაწყისში ყოველთვის აქვთ განცდა რომ რაღაცას ვერ შეძლებენ, რაღაც არ გამოუვათ, მაგრამ თუ საჭირო დროს სწორ ადგილას და ადამიანთან მოხვდები, სულ მალე იტყვი- დიახ, ეს მე ვარ, დიახ, ეს მე შევძელი.
რეკომენდაცია მათთვის, ვისაც სასურველ ფორმაში ყოფნა სურთ…
პორველ რიგში, უნდა ირწმუნონ რომ შეუძლებელი არაფერია და თავდაუზოგავ შრომას აუცილებლად მოჰყვება შედეგი. არ დაელოდოთ ხვალეს, დაიწყეთ დღეიდან შეჯიბრი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან და დამიჯერეთ, სულ მალე თქვენ გახდებით იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე იყავით.
როგორია თქვენი თავისუფალი დრო…
ბოლო წლებია თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ როცა მაქვს ვცდილობ ის პერიოდი მშვიდ და მყუდრო გარემოში გავატარო. ძალიან მიყვარს ბათუმის ქუჩებში სეირნობა, ბუნებაში, ქალაქგარეთ გასვლა. მაქსიმალურად ვცდილობ დავაგროვო ემოციები, რომლებიც მთელი კვირა გამყვება სასიამოვნო განცდებად…
როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც თქვენს ყურადღებას დაიმსახურებს…
ჯანსაღი სულით და ჯანსაღი სხეულით… არაბანალური, საინტერესო მამაკაცები მიზიდავს, რომლებმაც იციან სასურველ ქალად როგორ გაგრძნობინონ თავი…
სტერეოტიპი, რომელიც გსურთ რომ დაარღვიოთ…
ვფიქრობ სტერეოტიპების დრო ჩვენს ეპოქაში საერთოოდ აღარ არსებობს. ყველაზე მარტივი რაც ახლა მახსენდება და ვთვლი რომ აუცილებლად უნდა დავარღვიო, არის შემდეგი- გამხდარი ხარ, რად გინდა ვარჯიში…
ბათუმი თქვენთვის…
ბათუმი ჩემთვის სიმშვიდესთან, სიყვარულთან ასოცირდება. ყველაზე მეტად ამ ქალაქში ვგრძნობ თავს მშვიდად. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ, ბათუმი ის ქალაქია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისთვის, ყველაზე ხელსაყრელ პირობებს გვიქმნის. ბათუმის ბულვარში, ზღვასთან ახლოს ვარჯიშს, ან ველოსიპედით სეირნობას, არაფერი შეედრება. მართლა მგონია რომ ბათუმში ყველა ადამიანმა შეიძლება იპოვოს სივრცე, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობს.
რამდენად მნიშბნელოვანია სწორი მუსიკის შერჩევა ვარჯიშის დროს…
მუსიკა ერთ-ერთი მოტივატორია ვარჯიშის დროს. ამ მეთოდით მთელი ვარჯიშის დროს ადრენალინის ქვეშ ვართ და ნაკლებად ვუთმობთ ყურადღებას დაღლილობას.
რა შეგრძნებაა, როცა მადლიერი მოსწავლეების სიტყვებს ისმენთ, ან გზავნილებს კითხულობთ…
ყველაზე მეტად სწორედ ეს შეგრძნება მეხმარება, რომ დაღლილი დღის შემდეგ, მეორე დილით იმავე შემართებით გავაგრძელო დღე. მათთან ერთად მეც ბედნიერი ვარ როცა მიგზავნიან ფოტოებს როგორ ჩაიცვეს სასურველი კაბა, როგორ შეემატათ თავდაჯერებულობა, გამოუსწორდათ ჯანმრთელობის მხრივ არსებული ესა თუ ის პრობლემა. მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმაში, რომ თითოეულ ჩემს მოსწავლეს დავეხმარო ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, და საბედნიეროდ ეს გამოგვდის.
როგორია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების თქვენეული ფორმულა…
თუ გსურს იყო ძლიერი-ივარჯიშე. თუ გსურს იყო ლამაზი-ივარჯიშე. თუ გსურს იყო ჭკვიანი-ივარჯიშე.
ბედნიერი ვარ…
როცა ჩემი გაწეული შრომა, ჩემი მოსწავლეების სხეულზე ისახება…
ტექსტი: ნანა აბულაძე