ნატალია ყიფშიძე
ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ახალი და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება გაცილებით მარტივად შეუძლია. ეს მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, უფროს თაობას მენტალურ ჯანმრთელობასა და იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმღებლობა განსაკუთრებით უჭირს. მენტალურ ჯანმრთელობას სერიოზულად არ უყურებენ და ეს, ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია.
ჩემი სამშობლო ჩემთვის არის ადგილი, სადაც იბადები და სადაც არის შენი ფესვები. სადაც არ უნდა წახვიდე და ვინც არ უნდა იყო, ამას ვერ შეცვლი. მინდა ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო და ვიცხოვრო, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა კულტურას გავეცნო, მივიღო განათლება და ისევ აქ დავბრუნდე, რაც არ უნდა კარგი იყოს სხვაგან, მაინც აქაა ჩემი ადგილი.
თემურიკო დიასამიძე
ჩვენ ვართ თაობა, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, ეს კი ჩვენი მშობლების თაობის დამსახურებაა. მათ იბრძოლეს იმისთვის, რომ ჩვენთვის დღეს თავისუფლება მოსაპოვებელი კი არა, შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს უნდა იყოს, შევინარჩუნოთ და არ დავთმოთ თავისუფლება. ცოტა ხნის წინ ეს დავამტკიცეთ კიდეც. ჩვენც შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. როგორც მშობლები და ოჯახის წევრები, ისეა სამშობლოც, – უპირობო სიყვარულია, ვერ შეცვლი. მოცემულობაა, რომელიც ისეთი გიყვარს, როგორიც არის.
თავისუფლებაც და სამშობლოც ყველაფერია ჩემთვის. როგორც სიყვარულს ვერ ვხსნი, ისე ვერ ვხსნი თავისუფლებას. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წესია. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც ადამიანს გააჩნია იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე ადამიანი ადამიანი არ არის.
მარიამ კვაშილავა
ჩვენ გამორჩეული სულისკვეთების თაობა ვართ, სწორი და საღი აზრით, ვისაც ვეღარ მოატყუებ, ვეღარ დააჯერებ იმას, რაც სიმართლე არ არის. ჩვენ ვიცით, როგორ გადავამოწმოთ ინფორმაცია. ჩვენი თაობის ადამიანები არიან ბევრად უფრო ცნობიერები, უფრო მიმღებლები ზოგადად გლობალურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ჩვენი თავისუფლება. თავისუფლებაა, რაც ყველა გენდერს, რასას და საერთოდ, ყველა ადამიანს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით აერთიანებს. გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებაშია თავისუფლება. იმის გადაწყვეტაში, იყო ის და აკეთო ის, რაც გინდა. არავის აქვს უფლება, შეზღუდოს სხვა ადამიანის თავისუფლება.
სამშობლო კი არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ყოველთვის, როდესაც სადმე მივდივარ და ვამბობ, საიდან ვარ, ვივსები სიამაყით და გული მწყდება, თუ მხვდებიან ადამიანები, ვინც საქართველოზე არაფერი იცის. ვივსები ენთუზიაზმით, გავაცნო მათ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა და ყოველ ჯერზე უდიდესი სიამაყე მიპყრობს.
სამშობლო ჩემი იდენტობაა.
მარიამ გულედანი, მუსიკოსი
ჩვენი თაობა თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევა. სხვა თაობებსაც აქვთ ეს გრძნობა, თუმცა ჩვენ უფრო მძაფრად, რადგან გავიზარდეთ დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენ მეტად ღია ადამიანები ვართ, შეგვიძლია განსხვავებული აზრის მარტივად მიღება.
სამშობლო არის ადგილი, სადაც გაიზარდე. დაბადების ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც იზრდები და ადამიანად ყალიბდები, ის ადგილია შენი სამშობლო.
თავისუფლება ჩემთვის არის, ვაკეთო რაც მინდა, ვთქვა რაც მინდა, წარმოვაჩინო ჩემი თავი როგორც მინდა ისე, რომ სხვის თავისუფლებას არ შევეხო.
ნიკოლოზ კაჭარავა – მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველის ხუთგზის ჩემპიონი, სტუდენტი
ნიჭიერი და მრავალფეროვანი თაობა ვართ, ამით გამოვირჩევით. სხვადასხვა მხრივ განვითარებული თაობა ვართ, უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს, გაცილებით თავისუფლები ვართ.
თავისუფლებაა ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, რისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთო. ჭადრაკში მაქვს ეს თავისუფლება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტათი გვაკლია.
სამშობლო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობ, რომ წარმატება საქართველოს სახელით მოვიპოვო. ის, რომ საქართველოს ღირსებას ვიცავ, ყველაზე დიდი სიამაყეა ჩემთვის.
დათო სიმონია, ილუსტრატორი
ახალი თაობა რაციონალურია, ჩვენ სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და უსაფრთხოებისთვის ვიბრძვით. ჩვენთვის, ქართველებისთვის, უცვლელი ფასეულობა ურთიერთზრუნვაა. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა სცადონ ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, კრიტიკულ მომენტში ერთმანეთი არასდროს დაგვიტოვებია. არ დაგვიტოვებია ისინიც, ვისთანაც, შესაძლოა, დღეს იდეოლოგიური აცდენა გვქონდეს. ერთზე ყოველთვის ვთანხმდებით – ხალხს არავინ ჰყოლია ერთმანეთის გარდა და ახლაც ასეა.
ჩვენ იმაზე მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. სინამდვილეში, ყველას გვინდა უსაფრთხო გარემო, ღირსეული საარსებო პირობები, მშვიდობა, სოციალური თანასწორობა და პროფესიონალიზმი ყველა სფეროში. ჩვენი ერთადერთი მტერი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდაა და პოლარიზებაზე მომუშავე მექანიზმები, რომელიც არ უნდა აღმოჩნდეს იმაზე ძლიერი, რასაც ქართული ისტორია, სოციალური ქსოვილი და პერსპექტივა ჰქვია.
ანა ნაცვლიშვილი, მოდელი
თავისუფლებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენი შეხედულება არსებობს, რამდენი ადამიანიც არის დედამიწაზე. თავისუფალი ადამიანი ხარ, თუ გაქვს საკუთარი აზრი მაშინაც, როცა სხვა გეწინააღმდეგება. თავისუფლება ისე არ მოდის, თუ არ იშრომე და არ გაიაზრე თავისუფლების სწორი მნიშვნელობა. თავისუფლებაა, როდესაც ვარ ბედნიერი, როდესაც არ მეშინია და თავს დაცულად ვგრძნობ ჩემს ქვეყანაში.
ჩემთვის ჩემი ქვეყანა და ჩემი სამშობლო არის სახლი. სამშობლო შეუცვლელია. რამდენ ქვეყანაშიც არ უნდა იცხოვრო თუ იმოგზაურო, შენს სამშობლოს ვერცერთი ქვეყანა თუ ქალაქი ვერ შეგიცვლის.
ირინა ტყებუჩავა, სტუდენტი
ჩემი თაობის ადამიანები უფრო ლიბერალურები და თავისუფლებისკენ მიდრეკილები ვართ, უფრო მეტი გვაქვს მიმღებლობა და სიახლეებისკენ სწრაფვა.
თავისუფლებაა ვიყო ჩემი თავის უკეთესი ვერსია. თავისუფლება არის საკუთარი თავის გამოხატვა. გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, რომელიც შესაძლოა არასწორი იყოს, მაგრამ შეცდომებიც ჩვენი დასაშვებია და ამ დაშვებულ შეცდომებზე სწავლაც ჩვენი არჩევანია. ჩემში ყველაზე დიდ პროტესტს სწორედ აკრძალვები იწვევს, ვითომდა შენივე კეთილდღეობით შეფუთული აკრძალვები.
ანასტასია კვაშილავა
ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი აზრი, თავისი გადაწყვეტილება და ამაში მას წინ ვერავინ დაუდგება. ჩვენ ვიცით ჩვენი აზრის და ჩვენი თავისუფლების ფასი.
ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უფროსებს ჩვენი არ ესმით, როგორც არ უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი და მათი ღირებულებები, მაინც პოულობენ მინუსებს, რის გამოც შეუძლიათ გაგვაკრიტიკონ.
პირადად მე ვცდილობ ვიყო ჩემი თავი და დავიცვა ჩემი შეხედულებები, მაგრამ ასევე, გავითვალისწინო უფროსი თაობის ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ როდესაც ვხვდები, რომ მათი აზრები სტერეოტიპებამდე და ჩემთვის მოძველებულ შეხედულებებამდე მიდის, ვცდილობ ზრდილობიანად ავირიდო ეს ყველაფერი.
სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი
საქართველოს მოქალაქეები ბევრად უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრებას იმსახურებენ. ნამდვილ საქართველოში პოლიტიკა პატიოსანი და კომპეტენტური ხალხის საქმეა, ხელისუფლება სამართლიანია, საზოგადოება წარსულის პატივისცემით ჭეშმარიტად არის გამსჭვალული, მაგრამ მუდმივად მომავლის შექმნაშიც არის ჩართული. ეს არის ერი, რომელიც მაჩანჩალად კი არ მისდევს დანარჩენ სამყაროს, არამედ ცდილობს თავადაც იყოს გლობალურად მნიშვნელოვანი ცოდნის, საყოველთაოდ აღიარებული კულტურული გამოცდილების შემქნელი და გამზიარებელი. ასეთ ქვეყანაში ყველას შეუძლია მიაღწიოს ბედნიერებას, ყველას შეუძლია ჰქონდეს თანამოქალაქის სოლიდარობის იმედი და ყველას შეუძლია იამაყოს იმით, რომ ამ ქვეყნის თანაშემოქმედია. მე ასეთი საქართველოს შექმნაში ვმონაწილეობ, ამისთვის მინდა დავხარჯო ჩემი ცოდნა და ენერგია.
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამ არის უნარი, შეინარჩუნო საკუთარი პიროვნება, საკუთარი თავი, მიუხედავად იმისა, თუ რას გიმზადებს ცხოვრება. როგორც კიპლინგის ლექსის ზვიად რატიანისეულ თარგმანშია: „თუ ძალგიძს,ბრბოში შეხვიდე და კაცად იარო, დარჩე, რაც იყავ, თუნდ ხელმწიფის ეტლით მიქროდე“.
რთულია შენს თავზე აიღო ასეთი პასუხისმგებლობა, რომ მთელ თაობებს ელაპარაკო. მე მხოლოდ შემიძლია კონკრეტულ ადამიანს, აი ამ ნაწერის მკითხველს გავუზიარო ის, რისიც მჯერა. მე მჯერა, რომ თუ ჩვენ არ შევუშინდებით აზროვნებას და გავბედავთ მოქმედებას, და ამ ორ ქცევას ერთმანეთისგან არასოდეს დავაშორებთ, ცოტა რამ არის ამ სამყაროში, რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნება.
პროექტის წარმდგენია პსპ.