ტრენერთა ასოციაციისა და აკადემიის დამფუძნებლის, თამარ კანაშვილის ბიოგრაფია მრავალმხრივი, საინტერესო და შთამაგონებელია: დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ტრენერი და ბიზნესკონსულტანტი, 15 წელია ადამიანების და ორგანიზაციების განვითარებაზე მუშაობს – 1000-ზე მეტი ტრენინგი, 100 ორგანიზაცია, პოლონეთში საჯარო გამოსვლების ჩემპიონობა და მრავალი სხვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი – ის არის ადამიანი, რომელსაც სჯერა სხვა ადამიანების და ცვლილებების. თამარის სურვილია, რომ მისი გამოცდილება სხვებისთვის მოტივაციის მიმცემი იყოს. მას სჯერა, თუ ერთი ადამიანი მაინც ირწმუნებს სხვა ადამიანის შესაძლებლობებს, მაშინ შეუძლებელი არაფერია.
„მჯერა, თუ გულწრფელად ისაუბრებ, მოგისმენენ და გულთან ახლოს მიიტანენ შენს სათქმელს. წლების წინ რომ ჩაგვეწერა ეს ინტერვიუ, ალბათ, მოგიყვებოდით ჩემს გამოწვევებით სავსე გზაზე, გამარჯვებებზე… თუ როგორ შევძელი ყველაფერი ჩემით, მაგრამ დღეს მინდა გადავდო „მე“ და გაგიზიაროთ ისტორიები, სადაც ბევრი „ჩვენ“ არის“, – ამბობს თამარი.
ყველაფერი კი ერთი პატარა, მაგრამ მაგიური ფრაზით დაიწყო – მე მჯერა შენი.
„მე თუ რამე შევძელი, ეს ნიშნავს, რომ ჩემი დაიჯერეს, შანსი მომცეს, ნდობა გამომიცხადეს, გვერდში დამიდგნენ და ყველა ამ ადამიანის მადლიერი ვარ. არ ვიცი ზუსტად როდის დაიწყო ჩემში დიდი ცვლილებები, მაგრამ მახსოვს ის დღე, როდესაც მაშინ უცნობმა ადამიანმა, ბაირონის სკოლის მასწავლებელმა (ბატონმა ნუგზარ რუხაძემ) რთულ მომენტში მითხრა: „თამარ, მე მჯერა შენი“. მეც დავიჯერე საკუთარი თავის და ყოველი ცხოვრებისეული გამოცდის წინ, ყოველი მღელვარებისას, ჩემს თავს ამ ფრაზას ვახსენებ“.

როცა იაზრებ, რომ შენი საქმე სხვებს სჭირდებათ და შეგიძლია ბევრი ადამიანის ცხოვრების შეცვლა, სწორედ მაშინ გეძლევა უდიდესი ძალა – სწორედ ესაა თამარის მთავარი მოტივაციაც.
„ერთ ადამიანს საკუთარი თავისთვის არ ვიცი რამდენის გაკეთება შეუძლია, ეგოიზმს თავის ამოწურვის რესურსი აქვს, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ შენი საქმე სხვებს სჭირდებათ და შეუძლია ათასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალოს, მაშინ სულ სხვა ძალა, ენერგია გეძლევა. მინდოდა ყველასთვის შეგვექმნა მხარდაჭერითი გარემო და გაგვეერთიანებინა ადამიანები.
ტრენერობა მანამდე დავიწყე, სანამ საერთოდ ამ ფორმების შესახებ მეცოდინებოდა. ვფიქრობ, სადღაც რაღაცები მეც „გამოვიგონე“, შევმატე, რადგან ჩვენი სასწავლო კურსი აქამდე ჩატარებულს არცერთს არ ჰგავდა. 2010 წელს წავედი პოლონეთში და ყოველდღე იქ მოპოვებული მასალებით, აღმოჩენებით, ვქმნიდი პროექტს „Speak Up“. შემდეგ ჩამოვედი და, 2010-2013 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2000‑ზე მეტი ახალგაზრდა გადავამზადეთ ინგლისურ ენასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებში. ტრენერებს მხოლოდ ცოდნით და კომპეტენციით კი არ ვარჩევდით, არამედ თუ რამდენად სჯეროდათ მონაწილეების, რამდენად შეეძლოთ მათთვის მამოტივირებელი, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. ამ პროექტს ბევრი გამარჯვების ისტორია ჰქონდა, მაგრამ აქაც ამ პროექტის დაიჯერეს, ირწმუნეს და ათასობით ადამიანთან განვითარების, რწმენის გაზიარების შესაძლებლობა მოგვცეს.
შემიყვარდა ტრენინგები, მისი შექმნის, დაგეგმვის, ორგანიზების, ჩატარების, შეფასების პროცესი და იმდენად ძვირფასი გახდა ჩემთვის, რომ მინდოდა სფეროს განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა“.
გჯეროდეს, შეძლო და მიაღწიო მიზანს, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება თამარისთვის ტრენერთა ასოციაციის შექმნა იყო.
„…10 წელზე მეტი ველოდი, რომ სხვა შექმნიდა ტრენერთა გაერთიანებას. ეს ისეთი ნაბიჯი იქნებოდა, რომელსაც არ სჭირდება ჰყავდეს ერთი ავტორი, რადგან რამდენი ტრენერიც არის, იმდენი ავტორი ჰყავს ამ იდეას. ორგანიზაცია დაფუძნებულიც არ იყო, რომ 300-ზე მეტი ტრენერი შეიკრიბა და ჩატარდა პირველი ტრენერთა ფორუმი საქართველოში. ყველა ნაცნობი და უცნობი ტრენერი დაგვიდგა გვერდში. ტრენერთა ასოციაციის საორგანიზაციო გუნდის ყველა კომუნიკაციის არხში სახელია „ჩვენ“ და ეს ყველა ტრენერმა ერთად შევძელით. ჩვენ ცალ-ცალკე ტრენერები ვართ, ერთად კი ინდუსტრია.
1 თვეში 27 კონკურენტი ორგანიზაცია ერთად შეიკრიბა და თანამშრომლობითი მემორანდუმი გავაფორმეთ. ამ სფეროში ვნახე ყველაზე დიდი კოლეგიალობა და ყველაზე ნაკლები არაეთიკური კონკურენცია. ეს შეუძლია მხოლოდ ძალიან სუფთა, გულწრფელი ადამიანების სურვილს, რომ გაერთიანდნენ დადებითი ცვილებებისთვის, სფეროს სიყვარულით“.

ფილოსოფია, რითაც დღეს თამარი ხელმძღვანელობს, მარტივია – გულით უნდა აკეთო საქმე, თუ გსურს, რომ საუკეთესოდ გამოგივიდეს.
„ჩემი დღევანდელი საქმიანობა აქტიურად დაკავშირებულია როგორც ტრენერობასთან, ასევე ბიზნესკონსულტანტობასთან, ფასილიტატორობასთან, საუნივერსიტეტო საქმიანობასთან და არამხოლოდ. გაგიზიარებთ ჩემს ხედვას, რომელსაც ვატარებ. ყველა კომპანიაში, სადაც კი მიმუშავია, წარმოვიდგენდი, რომ ჩემი იყო. ან გულით ვაკეთებ, ან საერთოდ არ ვკიდებ ხელს – საქართველოში ემოციურად ძვირი ჯდება, ვინმემ შექმნას წარმატებული ბიზნესი და სხვის ნაშრომს ძალიან ვუფრთხილდები. რამდენიმე დღეს ვატარებ თანამშრომლებთან, მენეჯმენტთან, ვხვდები ინდივიდუალურად, თუ შემიძლია, ვმუშაობ მათთან ერთად, ვაფასებ ყველაფერს, რასაც თანამშრომელი უკვე კარგად აკეთებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ფიქრს, თუ რისი გაკეთებაა უკეთ შესაძლებელი.
ადრე ბევრს ვსაუბრობდი ჩემს იდეებზე, ჩემს ხედვებზე და დღეს ძალიან ბევრ კითხვას ვსვამ და თურმე უკვე რამდენი პასუხი აქვთ თავად გუნდის წევრებს, რამდენი კარგი იდეაა მათთან, რომელსაც ბიძგი და ფორმის მიცემა სჭირდება. დღეს სწორედ იმ ადამიანის აღმოჩენაში ვარ, ვინც ცდილობს. მინდა ეს ადამიანები გავაერთიანო, რადგან ერთად ჩვენ უკეთეს შედეგებს ვქმნით. დღეს ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ „ჩვენ“– მუშაობს, ჩვენ ძალიან ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული. ერთიან გზას მივყავართ მწვერვალებისკენ!“
თამარის ამბავში ყველაზე დიდი გამარჯვება ადამიანებია, და ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია მადლიერების შეგრძნება.
„მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. უზომოდ ვამაყობ ჩემი ოჯახით, ჩემი გუნდით, ჩემი საუკეთესო მეგობრებით, ყველაფერი ეს ქმნის ჩემთვის – „ჩვენს“.
არის დღეები, როცა რთულია გზა გააგრძელო წინ, მაგრამ ამ გზაზე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დანებების უფლებას არ გაძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ იცხოვრებს შენი ცხოვრებით, ძალიან დიდი ძალა ჰქონია, თუ ვინ გიდგას გვერდში. „ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ გამარჯვებას სწორედ საუკეთესო ადამიანების არსებობას ვუკავშირებ. თუ ერთ ადამიანს მაინც სწამს შენი, შეგიძლია დაიწყო, მაგრამ შენი თუ ბევრს სჯერა, უკვე აღარ გაქვს უფლება, დანებდე!“

ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი
ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi












