ასეთია ოლიმპიადის სლოგანი. 4 წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებთან ერთად, ქართველებიც ცდილობენ სპორტული ოლიმპოს მწვერვალზე ადგილის დამკვიდრებას. უკეთ, ვიდრე რიოში − ეს მოლოდინი ოლიმპიურმა ნაკრებმა გაამართლა. როგორც მოსალოდნელი იყო, მედლები ისევ ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლებმა აიღეს. 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. სპორტის ექსპერტების აზრით, მინიმუმ 2 მედალი − სანდრო ბაზაძის (ფარიკაობა) და რამაზ ზოიძის (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) მსაჯების არაკეთილსინდისიერების გამო დავკარგეთ. გამაოგნებელი იყო ძიუდოს ნაკრების კაპიტნისა და თავის წონაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის − ვარლამ ლიპარტელიანის მედლის გარეშე დარჩენა, მანამდე კი კორონავირუსმა ოლიმპიადის საგზურის გარეშე დატოვა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რიოს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ლაშა შავდათუაშვილი − ძიუდოს ლეგენდა, რომელმაც ისტორია გადაწერა
რამდენიმე თვის წინ, ტოკიოს ოლიმპიადამდე, ლაშამ, რომელიც უკვე იყო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია და რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოც აიღო, ბუდაპეშტში ის ერთადერთი ტიტულიც მოიპოვა, რომელიც მის კოლექციას აკლდა − მსოფლიო ჩემპიონის, და მაშინვე იქცა ცოცხალ ლეგენდად არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ძიუდოსთვის. 2021 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე კი ოლიმპიური მედლების სრული კოლექცია შეავსო. ძალიან რთული შერკინება ლაშამ ოლიმპიურ ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დათმო. შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია ოლიმპიადის ყველა სინჯის მედლით, მსოფლიოსა და ევროპის მედლებით. გარდა ამისა, ლაშას რამდენიმეჯერ აქვს გუნდურ შეჯიბრში მოგებული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, არის მსოფლიო თასის გამარჯვებული. ძიუდოს გულშემატკივრებისგან და სპორტის ჟურნალისტებისგან ხშირად გაიგონებთ − ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოს ისტორია გადაწერა!
1992 წლის 31 იანვარს, გორის რაიონის სოფელ კარალეთში დაბადებული ლაშა შავდათუაშვილი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 20 წლის ასაკში გახდა ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი. მედიაში იშვიათად შეხვდებით ლაშა შავდათუაშვილთან ინტერვიუს, ბოლო დრომდე ის პასიური იყო სოციალურ ქსელებშიც, თუმცაღა, ტატამზე ემოციებს არ მალავს. ყველას ახსოვს მისი ჟესტი 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე, როცა რუს დენის იარცევთან გამარჯვების შემდეგ კიმონოზე საქართველოს დროშაზე მიუთითა.
ჰყავს მეუღლე − „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე სალომე არაბული და 2 შვილი − ანდრია და იოანე.
ვაჟა მარგველაშვილი, ძიუდო, ვერცხლის მედალი
ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მედალი მოუტანა. ფინალში ვაჟა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, იაპონელ ჰიფუმი აბეს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა. შეგახსენებთ, იმავე დღეს ჰიფუმი და უტა აბეც გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.
ვაჟა 1993 წლის 3 ოქტომბერს, გორში დაიბადა, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია. ოლიმპიური ვერცხლი ამ ეტაპზე მის კარიერაში ყველაზე მაღალი ტიტულია. მოგების შემდეგ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარი შედეგით კმაყოფილია.
გურამ თუშიშვილი, ძიუდო, ვერცხლის მედალი
გურამ თუშიშვილის მიმართ, რომელიც ძიუდოში 100+ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, სპორტის გულშემატკივრებს განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდათ. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გურამი ფინალში იქნებოდა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერის წინააღმდეგ. თუშიშვილი ნამდვილად გავიდა ფინალში, მაგრამ იქ სხვა მოწინააღმდეგე − ჩეხი ლუკაშ კრაპლეკი დახვდა. ფინალამდე გურამმა ქართველების გასახარად რუსი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა. სწორედ ამ უკანასკნელმა მოუგო მანამდე ლეგენდარულ რინერს. სამწუხაროდ, კრაპლეკთან დავმარცხდით, ჩეხი მეორედ გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული, რიოს ოლიმპიადაზე მან ერთი წონით ქვემოთ იასპარეზა. გურამი ამბობს, რომ 3 წელიწადში პარიზის ოლიმპიადიდან ოქროს წამოიღებს.
გურამ თუშიშვილი კოჯორში, 1995 წლის 5 თებერვალს დაიბადა. „თუშასგან“ ოქროებს ჩვეული ქართველებისთვის ვიცეჩემპიონობა საპატიოა, მაგრამ ყველა ოლიმპიურ ოქროს ელოდება. პარიზში 2024-მდე!
გენო პეტრიაშვილი − თავისუფალი ჭიდაობა
ჯერ კიდევ რიოს ოლიმპიადამდე მიიჩნეოდა ოქროს მედლის კანდიდატად გენო პეტრიაშვილი, ამიტომ მის ოქროს ყველა ელოდა. ამბობენ, როდესაც სპორტსმენები კეთილი ამბების, ანეკდოტების გმირები ხდებიან, როცა მათ მოფერებით სახელებს უფიქრებენ, ისინი ყოველთვის განსაკუთრებით უყვართო. „კეთილი დევი“, „დიდი დათვი“, „ჯინო“ და ა.შ. როგორ არ ამკობენ პეტრიაშვილს.
ალბათ ვერცხლი იყო საჭირო იმისთვის, რომ გენო პეტრიაშვილს გაეგო, როგორ უყვართ საქართველოში და არა მარტო.
მოსალოდნელი ფინალი აქაც არ შედგა. ყველა ელოდა მუდმივი მეტოქეების, გენო პეტრიაშვილისა და თურქი ოლიმპიური ჩემპიონის, ტაჰა აკგულის შერკინებას. ეს ორი სხვადასხვა ჩემპიონატზე ცვალებადი უპირატესობით გამოდის, თუმცა ბოლო სამი წელია გენო სამჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და რა გასაკვირია, რომ ამავე დროს, ევროპის ორგზის ჩემპიონისგან, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსნისგან ყველა ოქროს ელოდა…
რასაც ნამდვილად არავინ ელოდა, ეს იყო ამერიკელი ახალგაზრდა მოჭიდავე გებლ დენ სტივსონი, რომელმაც ფინალამდე მიირბინა და ერთადერთი, ვისთანაც წინააღმდეგობა შეხვდა, იყო გენო. მეტიც − მოვიგეთ კიდეც, ვიზეიმეთ კიდეც და რა მოხდა, რომ წამში ოქრო ამერიკელმა წაგვართვა, დღემდე აუხსნელია.
როგორც ამბობენ, გენოს ნუგზარ სხირელი აკლდა. მწვრთნელი, რომელიც ამ ოლიმპიადას განსაკუთრებით ელოდა, რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. იმასაც ამბობენ, რომ გენოს გულშემატკივარი დააკლდა − ცნობილია, თუ როგორ უყვარს გენოს გულშემატკივარი. ბევრი ადანაშაულებს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც გენოს „სეკუნდანტად“ ეჯდა და არაფერი, „გენო, მიდი“-ს გარდა, არ დაუყვირია…
და მერე მოხდა ის, რაც მოხდა − სოციალური ქსელები აფეთქდა! კვარცხლბეკზე მდგარი თავდახრილი და ცრემლიანი გენოს დანახვაზე, გულშემატკივარი რას აღარ ითხოვდა და ყველას სახეზე ეწერა: გენო შენ ჩემპიონი ხარ! და ზოგადად, გენოს ფინალი ისეთმა ხალხმა ნახა, საერთოდ, სპორტი რა ხილია, რომ არ იცის.
ბევრისთვის გამარჯვების სიმბოლოდ გენო 11 წლის ასაკში იქცა, როდესაც წლების წინ შეუძლებელზე გაიმარჯვა.
ამბობენ, რომ 1994 წლის 1 აპრილს დაბადებული გენო პეტრიაშვილი არასოდეს ცრუობს.
გენომ ბოდიში მოიხადა და პარიზის ოლიმპიადის ოქროსთვის მზადება ნუგზარ სხირელის სკოლაში განაგრძო.
ანტონ პლესნოი − ძალოსნობა, ბრინჯაოს მედალი
ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებს შეიძლება ყველაზე ოლიმპიური ნაკრები დავარქვათ. პრეზიდენტი − კახი კახიაშვილი 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, მთავარი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი გიორგი ასანიძე გახლავთ, რომელიც საუკეთესო აღმოჩნდა როგორც მწვრთნელიც. უკრაინაში დაბადებული, ნაკრებში გადამზადებული ანტონ პლესნოი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ის 1996 წლის 17 სექტემბერს უკრაინაში, დნეპრში დაიბადა. 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია (2017, 94 კგ), მსოფლიო თასის გამარჯვებული (2020, რომი, იტალია), 23-წლამდელებს შორის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი (2019, პატაია, ტაილანდი). წონასთან შერკინებამდე ცოტა ხნით ადრე, ვარჯიშზე პლესნოიმ მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც ფიცარნაგზე ასვლის წინ გამომჟღავნდა. ანტონი ოლიმპიადის ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცაღა მსგავსი ტრავმის შემთხვევაში, სპორტსმენები საერთოდ უარს ამბობენ შეჯიბრში მონაწილეობაზე. „მე ვიცოდი, რომ მედალი უნდა ამეღო, სხვა გზა არ არსებობდა“, − ამბობს ბრინჯაოს აღების შემდეგ ანტონ პლესნოი, რომლის წარმატებას ასევე უნდა ვუმადლოდეთ ძალოსნობის ოლიმპიური ნაკრების ექიმის, გიორგი ჭინჭარაულის სწრაფ და სწორ რეაგირებას. რომ არა ანტონის თავგანწირვა, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 8 მედალი არ ექნებოდა. მადლობა ანტონს OK!-ის მკითხველისგან და წარმატებები!
იაკობ ქაჯაია − ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ვერცხლის მედალი
ბერძენ-რომაელთა მძიმეწონოსან იაკობ ქაჯაიას შეძახილმა „გევედი!“ სრულიად ქართველობა გაგვამხიარულა და ვიფიქრეთ, რომ აი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აღებულ მანუჩარ კვირკველიას ერთადერთ ოლიმპიურ ოქროს მიემატებოდა მეორეც, მაგრამ სანამ სამეგრელო და იმერეთი არკვევდა, წყალტუბოში დაბადებული ქაჯაია სად დაავანებდა ოქროს, ლოპეს ნუნიესმა − კუბელმა სპორტსმენმა, ყველა რეკორდი მოხსნა და გახდა პირველი, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიადა მეოთხედ მოიგო. ყველა შემთხვევაში, 2008 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამაზე კარგი შედეგი არ ჰქონია. იაკობი 1993 წლის 28 სექტემბერს, წყალტუბოში დაიბადა. არის საქართველოს ჩემპიონი (2019, 130 კგ), ახალგაზრდებსა (2013, 120 კგ) და 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, 130 კგ).
ტექსტი: მაცაცო კევლიშვილი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი / თამარ ყულუმბეგაშვილი