დახვეწილ და ელეგანტურ სამკაულს ყველაზე სადა ჩაცმულობის გამოცოცხლება და განსაკუთრებული იერსახის შეძენაც კი შეუძლია, შესაბამისად, ის თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორად შერჩეულ სამკაულს შეუძლია გაგვილამაზოს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებიც კი. გაგაცნობთ ქართულ ბრენდს „სოფი ეცადაშვილი“, რომელიც უკვე 15 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და საზოგადოებას ხელნაკეთი ექსკლუზიური სამკაულების ლიმიტირებულ კოლექციებს სთავაზობს. OK! დამფუძნებელს, სოფი ეცადაშვილს პირადად ესაუბრა ბრენდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
სოფო, უპირველესად გაგვაცანით ბრენდი. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს და საიდან გაჩნდა იდეა?
ხელნაკეთი ექსკლუზიური სამკაულის ბრენდი „სოფი ეცადაშვილი“, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი, ბაზარზე უკვე 15 წელია არსებობს. რეალურად უფრო დიდი ხანია, რაც ამ საქმეზე ვმუშაობ, დახლოებით 2000 წელს მქონდა პირველი გამოფენა და ვთანამშრომლობდი გალერეებთან: „ორნამენტი“ და „შარდენი“. ამავდროულად, ჩემი სამკაული მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ გალერეებში იყო წარმოდგენილი და ვმონაწილეობდი ლიტვის მინანქრის ბიენალეებზე, ასევე იაპონური მინანქრის ბიენალეზე.
დამოუკიდებლად ოპერირება უკვე საკუთარი გალერეის გახსნის შემდეგ დავიწყე, რომელიც ძველი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მქონდა, თუმცა კოვიდის დაწყების შემდეგ მომიწია მისმა დახურვამ. მსოფლიო ჩაიკეტა, მაგრამ ეს დრო არ დამიკარგავს, კვლავ აქტიურად ვქმნიდი და იმედს არ ვკარგავდი, რომ ამ სამკაულის დრო აუცილებლად დადგებოდა. ასეც მოხდა. 2023 წელს მილანის სამკაულის კვირეულზე იყო გამოფენილი ჩემი ნამუშევრები და დიდი ყურადღება მიიქცია უძველესი ტექნიკის ქართული ტიხრული მინანქრისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზმა. ეს სამკაული მოხვდა მილანის პრესტიჟულ საიუველირო კატალოგში და მიხარია, რომ ქართული ბრენდის სახელით დაფიქსირდა. ამას მოჰყვა კერძო მიწვევები ევროპის სხვადასხვა გალერეაში და ჩემი სამკაულები ვენეციის, რომისა და პარიზის გალერეა-ბუტიკებშია წარმოდგენილი. 2024 წელს მილანის სამკაულის კვირეულზე ჩემი ნამუშევრები უკვე კონკურსში გავიდა, როგორც კონცეპტუალური სამკაულის პრიზიორი. ეს, რა თქმა უნდა, იმ სამკაულების კრეატორების გრანდების გვერდით უკვე დიდი წარმატებაა. ამჯერადაც უდიდესი სიხარული იყო, ამ არაჩვეულებრივ კატალოგში რომ შევიდა ჩემი სამკაული და დაფიქსირდა როგორც ქართული ბრენდი. ჩემთვის ეს არის დიდი გამარჯვება და იმ დაუღალავი შრომის ოპტიმისტური განწყობის შედეგი.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ საზოგადოებას?
ეს გახლავთ ექსკლუზიური ხელნაკეთი სამკაული გამორჩეული დიზაინით, სათითაოდ შერჩეული ქვებით და იმ განსაკუთრებული ხელწერით, რომლითაც ჩემს სამკაულს გამოარჩევენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იქმნება მხოლოდ ლიმიტირებული კოლექცია.
რა მასალებზე მუშაობთ?
ძირითადად ვმუშაობ ვერცხლსა და ოქროზე. მასალად ვიყენებ ძვირფას ქვებს ვერცხლში, ვფიქრობ, რომ უფრო ხაზგასმულია ქვების სიძვირფასე, რადგანაც ოქრო თავისთავად ძვირფასი მეტალია. ვერცხლი უფრო მაღლა სწევს ქვებს და მინანქართან ერთად შერწყმული ულამაზეს ვიზუალს ქმნის.
რა მიგაჩნიათ თქვენი ბრენდის ნიშად?
ჩემი ბრენდის ნიშა ის განსაკუთრებული და განსხვავებული ხასიათია, რომელიც თვითონ მე გამაჩნია. წარმოიდგინეთ ვერცხლი, რომელიც ტიხრებით აწყობილი ხაზების ხვეულებით მომინანქრებულია და გულში უზის უძვირფასესი ქვა. ვინც ერკვევა და იცის ამ ქვების მაგიური წარმოშობა და სიძვირფასე, ზუსტად ისაა ამ გამორჩეულად, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სამკაულის დამფასებელი. ესაა ჩემი ხასიათი და ასეთია ჩემი სამკაული.
სად შეგვიძლია თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჩემი სამკაული გალერეის დახურვის შემდეგ მხოლოდ გამოფენებზეა წარმოდგენილი. ძირითადად ევროპის ბუტიკ გალერეებში იყიდება, თუმცა როცა საქართველოში ვარ, რა თქმა უნდა, ვიღებ შეკვეთებს, ვქმნი და დაუღალავად ვმუშაობ მის განვითარებაზე. ვეცნობი მსოფლიო საიუვილირო ტრენდულ ტექნიკებს და სინთეზურად ვცდილობ მოვარგო ტიხრულ მინანქართან კომბინაციას.
გამოფენაზეც მოგვიყევით.
რაც შეეხება გამოფენას, გალერეა შარდენმა წარადგინა ბრენდი – ხელნაკეთი ექსკლუზიური სამკაული „სოფი ეცადაშვილი“. ეს გახლავთ „წარსულის მემკვიდრეობა თანამედროვე ბრწყინვალებით“, რომელიც მივუძღვენი კამეას. მოგეხსენებათ, კამეის ისტორია ეგვიპტიდან მოდის, თუმცა რომის იმპერიის თანამდევი ატრიბუტი სამკაულის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა იყო იმ პერიოდში. თუმცა ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ჰოდა სული შევუბერე იმ მტვერს, რომელიც ამ მართლაც გამორჩეულ ისტორიულ მემკვიდრეობას ფარავდა. გავაცოცხლე კამეა ქვებით, ტიხრული მინანქრით და ახალი ბრწყინვალება შევძინე. მართლაც გამორჩეული კოლექცია გამოვიდა, რადგან მილანში ყოფნის დროს დავუმეგობრდი ანტიკვარიატის მფლობელს და მისგან შევიძინე ეს გამორჩეული კამეები – ფირუზზე, ვარდისფერ მარჯანზე, სადაფზე, სერდიოლიკსა და აქატზე. ეს არის კამეები, რომელიც უღიმღამოდ ჩამქრალი ეწყო ამ ანტიკვარიატში, თუმცა იქ ფასდება ეს ნივთები მათგან, ვინც ამის მცოდნეა. ძალიან გამიხარდა, როცა პირველი შექმნილი ბეჭედი ჩემს მეგობარს გავუგზავნე მილანში და მითხრა, პირველივე დღეს გაიყიდაო. შემომთავაზა შევქმნა კამეების სერია-ესკიზები, რომლის აწყობასა და მეტალზე თავად იზრუნებს და, რა თქმა უნდა, ჩემი ბრენდის ლოგოც ექნება დართული ამ სამკაულს და ასე გაიყიდება მილანში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმები? ვქმნი, ვქმნი და მიხარია, რომ განსხვავებული ხედვის, ხასიათის სამკაულის ბრენდს, რომელიც ჩემი მეორე მეა, ჰყავს მიმდევრები, შემფასებლები და დამფასებლები! ამჯერად ევროპიდან კორეასა და იაპონიაში ვარ მიწვეული, როგორც სამკაულის განსხვავებული ხედვის შემფასებელი, როგორც ჟიურის წევრი! მადლობა სამყაროს! ეს არის ჯილდო, რომელიც ჩემი ოცდახუთწლიანი მოღვაწეობის გვირგვინია!
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: თორნიკე სააკაძე