ჯონათან ანდერსონმა Dior-ში თავისი პირველი Haute Couture კოლექცია წარადგინა. ჩვენებას ანა ვინტური, ჯეფ ბეზოსი, ლორენ სანჩესი, დევა კასელი, კარლა ბრუნი, კარლი კლოსი, ჟან-პოლ გოტიე, ჯენიფერ ლოურენსი და მრავალი სხვა ვარსკვლავი დაესწრო, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ბრიტანელი დიზაინერის, ჯონ გალიანოს გამოჩენამ მიიქცია.

ჯონ გალიანო Christian Dior-ის მოდის სახლს 1997-2011 წლებში ხელმძღვანელობდა და ბრენდი დიდი სკანდალის ფონზე დატოვა. მაშინ ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დიზაინერი პარიზის ერთ-ერთ კაფეში ებრაელ წყვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. გალიანო მაშინვე ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს და Christian Dior-ის მენეჯმენტმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. დიზაინერმა შეუფერებელი ქცევა აღიარა, მაგრამ სასამართლოში ცილისწამებისთვის სარჩელი მაინც შეიტანა. მან განაცხადა, რომ „რასისტული გამოთქმები“ არ გამოუყენებია, თუმცა, ვიდეოში კარგად ისმის, თუ როგორ უსურვებს ის ებრაელ წყვილს სიკვდილს.

ამის შემდეგ, გალიანოს კარიერაში მძიმე დრო დადგა. დიზაინერმა მუშაობის შეთავაზება მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიიღო, როდესაც 2014 წელს Maison Margiela-ს მფლობელმა რენცო როსიმ მეორე შანსი მისცა და ბრენდის შემოქმედებით დირექტორად დანიშნა. ამის შემდეგ გალიანოს იმიჯი მკვეთრად შეიცვალა – ეპატაჟის მოყვარული დიზაინერი განმარტოვდა, ღონისძიებებზე გამოჩენა შეწყვიტა და პოდიუმზე გამოსვლას საკუთარი ჩვენებების შემდეგაც კი ერიდებოდა.

და ბოლოს, როგორც ჩანს, მოდის სამყარო მზადაა, მაესტროს საბოლოოდ აპატიოს. ის, Dior Haute Couture-ის ჩვენებაზე სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მიიწვიეს. უფრო მეტიც, დიზაინერს ადგილი პირველ რიგში, ანა ვინტურის გვერდით მიუჩინეს.

Посмотреть эту публикацию в Instagram
ასევე დაგაინტერესებთ












