კლინიკა „ინოვა ინვიტრო“ უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და ამ დროში მარტივად შეძლო მოეპოვებინა საზოგადოების ნდობა, შეეთავაზებინა მათთვის საჭირო პროცედურები. კლინიკის საქმიანობა უპირველესად, შვილოსნობას ემსახურება. ამ წლების განმავლობაში დაიმსახურა მაღალკვალიფიციური, მოწესრიგებული, პაციენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კლინიკის რეპუტაცია. რა არის კლინიკის მთავარი უპირატესობა, რას მოიცავს დარგის სიახლეები და სხვა საინტერესო თემებზე „ინოვა ინვიტროს“ ხელმძღვანელი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი ქეთი ოსიძე გვიამბობს.
გვესაუბრეთ კლინიკის საქმიანობაზე.
ჩანაფიქრისამებრ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენს სფეროში მსოფლიო ლიდერთან − ვალენსიის უშვილობის ინსტიტუტ IVI-სთან. ეს კონტრაქტი ჩემთვის იმის გარანტიაა, რომ უმაღლესი კვალიფიკაციისა და შედეგების მქონე სპეციალისტები გვყავს ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში. მათი სპეციალისტისთვის − ჰექტორ ჰუეტე ფერიზისთვის (Hector Huete Ferriz) საქართველო პრაქტიკულად მეორე სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ემბრიოლოგები უკვე ჩამოყალიბდნენ როგორც სანდო სპეციალისტები, ის სიამოვნებით აგრძელებს ჩვენი კლინიკის განვითარებაში მონაწილეობას. მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანაში პაციენტის მადლიერება პიროვნული შრომის მიმართ ძალიან თვალხილული და სასიამოვნოა. რამდენიმე წყვილი უკვე მეორე და მესამე შვილის ყოლას გეგმავს მის ხელში. გაგეცინებათ, და ერთმა უსაყვარლესმა გოგომ გვითხრა, მეორე ვაჟს ჰექტორს დავარქმევთო. პირველს, რა თქმა უნდა, მამამთილის სახელი დაარქვეს. ეს ახალგაზრდა ქალი ახლა უკვე ორსულადაა და ველოდებით, მისი მეორე შვილი გოგო დაიბადება თუ ბიჭი…
რა არის კლინიკის მთავარი უპირატესობა?
ჩვენი სერვისების უმრავლესობა ძვირადღირებული რთული პროცედურებია და პაციენტს კლინიკის ავტორიტეტთან ერთად აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექიმისა და ემბრიოლოგის რწმენა, რომ ეს პროცესი მინიმალური სტრესის ფონზე ჩაივლის. ჩვენი პრიორიტეტია პაციენტის სრული ინფორმირებულობა შესაძლო შედეგებზე, პროცესის მიმდინარეობაზე, მოდიფიკაციებსა თუ შესაძლებლობებზე. ექიმების ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, ემბრიოლოგიის გუნდის პროფესიონალიზმი და მონდომება ჩვენი წარმატების მთავარი წინაპირობაა.
ჩვენი უდიდესი კომფორტი და სიამოვნებაა, რომ შეგვიძლია მივყვეთ საკუთარი სფეროს სიახლეებს და დავნერგოთ ნებისმიერი ახალი მეთოდი. უამრავ სიახლესთან ერთად განსაკუთრებით ვითარდება გენეტიკური კვლევები. მეოთხე წელია წარმატებით ვასრულებთ ერთ-ერთ ურთულეს პროცედურას − ემბრიონების PGT-A, PGD-კვლევებს. თეორიული ასპექტების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ემბრიოლოგიური პროცედურების ნატიფი შესრულება. შეუცვლელია ამ მეთოდის შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა ჩვენებების ჩამოყალიბება და ფასთან მიმართებაში პრაგმატული აუცილებლობა ერთმნიშვნელოვანი არ არის და ექიმის გამოცდილება მთლიანად განსაზღვრავს რეკომენდაციებს. მეთოდოლოგიურად და შედეგისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება არაინვაზიური ემბრიონების ანეუპლოიდიის სკრინინგის შესაძლებლობა − პროცედურა, რომელიც აპრობაციისა და კლინიკაში დანერგვის ბოლო სტადიებს გადის.
გვესაუბრეთ დარგის სიახლეებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოლოგიური მასალის − გამეტებისა და ქსოვილების გაყინვის მეთოდების დახვეწა. ეგრეთ წოდებული ვიტრიფიკაციის მეთოდის შემოსვლამ პრაქტიკაში გამოიწვია ინვიტრო პროცედურების ეფექტურობის ნახტომისებრი ზრდა, თან ყველაზე საშიში გართულების − ჰიპერსტიმულაციის სინდრომის პრაქტიკულად აღმოფხვრის საშუალება მოგვცა, სულ უფრო ხშირად და ბევრად ეფექტიანად, ვიდრე ადრე მივმართავდით კვერცხუჯრედების, ემბრიონების გაყინვას შვილოსნობის დროში გადავადებული გეგმების გამო. სამწუხაროდ, კარიერული გეგმები თუ სხვადასხვა სოციალური ფაქტორი იწვევს იმას, რომ ოვარიული რეზერვის შემცირების გამო ქალი აწყდება უშვილობას. როგორც გამოსავალი სიტუაციიდან, თავისი როლი აქვს მასალის დროულ ვიტრიფიკაციას, თუმცა მინდა ვისარგებლო მომენტით და მოვუწოდო ქალბატონებს, ამ მეთოდსაც დროულად მიმართონ, ვინაიდან მაღალ ასაკში ეფექტურობა ნამდვილად მკვეთრად მცირდება. გაყინვას მივმართავთ ასევე ფართომასშტაბიანი გინეკოლოგიური ოპერაციების წინ − ოპერაციის შემდეგ საკვერცხის რეზერვის შემცირების მიუხედავად, გაყინული ემბრიონებით გადატანა ისევ ძალიან ეფექტურია ხოლმე.
როგორც ვიცით, გაყინვის მეთოდები ონკოლოგიურ პაციენტებსაც სჭირდებათ.
კრიოტექნოლოგიების გამოყენების ცალკე ნიშაა ორივე სქესის ონკოლოგიური პაციენტებისთვის რეპროდუქციული პოტენციალის შენარჩუნება. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი კოლეგები − ონკოლოგები, ქირურგები, ჰემატოლოგები, სულ უფრო ხშირად ამისამართებენ პაციენტებს ჩვენთან. საქმე იმაშია, რომ უხშირესად, ქიმიოთერაპიისა თუ რადიოთერაპიის კურსების შემდეგ, საკვერცხისა და სათესლის ქსოვილში ყალიბდება შეუქცევადი ცვლილებები და პაციენტი შესაძლოა გახდეს სტერილური. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ონკოპაციენტთა მხოლოდ 32%-ს ჰქონდა ინფორმაცია ქიმიოთერაპიის გამეტოგენეზზე დამაზიანებელი მოქმედებისა და ვიტრიფიკაციის მეთოდების არსებობის შესახებ. ვფიქრობ ჟურნალისტიკამ თავისი როლი უნდა შეასრულოს ამ ინფორმაციის გავრცელებაში. ჩემი აზრით, აუცილებელია სახელმწიფოც ჩაერთოს ამ პროცესებში და ნაწილობრივი დაფინანსება მაინც გამოყოს ამ ურთულესი კონტინგენტის მოცემულ საჭიროებებზე.
როგორ ფიქრობთ, რა არის კლინიკის წარმატების მთავარი საიდუმლო?
ვფიქრობ, ინვიტრო განაყოფიერების განყოფილება ჩვენი გამორჩეულად ძლიერი მხარეა. დაგროვილ გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებ ახალ სპეციალისტებს. ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ, ზოგჯერ ერთადერთი გზა ინვიტროა და პაციენტის უდიდესი კომფორტია, თუ თავისი ექიმის ხელში გააგრძელებს მკურნალობას. პაციენტის დიაგნოზის, ანამნეზის დეტალური ცოდნა და ანალიზი წარმატების მთავარი საიდუმლოა. ზოგადად, ჩვენი დარგი იმდენად სენსიტიურ თემას ეხება, რომ პაციენტსა და ექიმს შორის გრძელვადიან და ნდობით სავსე ურთიერთობას გულისხმობს. ძალიან მადლიერი ვართ პაციენტების, რომლების გვენდობიან და მოგვყვებიან მკურნალობაში.
როგორც ვიცით, კლინიკაში ორსულობის მართვაც ხორციელდება…
სხვა რუტინული გინეკოლოგიური პროცედურებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორსულობის მართვა. თუ რთული პაციენტის (უშვილობის შემდეგ ორსულობა, 46 წელზე მეტი ასაკის ორსული, ჩვეული აბორტების მქონე ქალბატონები) ორსულობას სპეციფიკური მართვა და გართულებების პროფილაქტიკა სჭირდება, ჩვეულებრივ ორსულს მინიმალურად საჭირო მომსახურება უნდა შესთავაზო. ექოსკოპიის უძლიერესი განყოფილება და გამართული ლაბორატორიული მომსახურება საშუალებას აძლევს ჩვენს მეანებს დააზღვიონ ორსული გართულებებისაგან.
რას ეტყოდით ქალბატონებს?
მოვუწოდებ ქალბატონებს პროფილაქტიკური კვლევებისკენ. პაპ-ტესტი, გინეკოლოგიური, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია აუცილებლად უნდა ტარდებოდეს გარკვეული პერიოდულობით − პათოლოგიის შემთხვევაში ხშირად, ხოლო ნორმის დროს – 2 წელიწადში ერთხელ მაინც. დროულად აღმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრა ადვილია და სიცოცხლის ბევრად მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!