უკვე ორი წელია, რაც კომპანია PSP აწარმოებს სოციალურ კამპანიას „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“. კამპანიაში უკვე არაერთი, ადამიანებისთვის სასარგებლო, სითბოსა და სიხარულის მიმნიჭებელი პროექტი ერთიანდება. კამპანიის ფარგლებში PSP-ს არც თავისი ერთგული მომხმარებლის წინასაახალწლო განწყობაზე ზრუნვა გამორჩენია. ამგვარად, უკვე მეორე წელია კომპანია გვთავაზობს მხატვარ ზურა გომელაურის მიერ სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი ნამუშევრების მიხედვით აგებულ ულამაზეს ინსტალაციებს, რომელთა ხილვა სიცოცხლის ხალისითა და ბედნიერებით ავსებს ადამიანების გულებსა და წინასაახალწლო განწყობას. PSP-ს საახალწლო სოციალურ კამპანიაზე დაწვრილებით სასაუბროდ ქართული OK! PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ნათია ხაბეიშვილსა და პროექტის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, მხატვარ ზურა გომელაურს შეხვდა.
ნათია, როგორ დაიბადა იდეა კამპანიისთვის „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“? რა სახის პროექტებს აერთიანებს ის?
27 წელია ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა.
1994 წელს როცა კომპანია PSP იქმნებოდა, მთავარი ორიენტირი სწორედ მომხმარებელზე ზრუნვა გახლდათ, რისთვისაც პირველ ეტაპზე ევროპული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველგვეყო. 2-3 წელიწადში უკვე მსოფლიოს წამყვანი 100-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნის დისტრიბუტორები გავხდით, რამაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადა საჭირო გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები მათსავე ქვეყანაში. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ქსელის გაფართოების პროექტი დღესაც მიმდინარეობს და დღეს ჩვენს მომხმარებელს საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის ყველა უბანში 284 PSP-აფთიაქი ემსახურება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია PSP-მ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის შექმნაში, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
მომხმარებელზე ზრუნვას ეხმიანება ჩვენს ქსელში არსებული უამრავი შეთავაზება, სხვადასხვა სეგმენტისა და მოთხოვნის მქონე მომხმარებლისთვის, და ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასები. 2017 წლის რებრენდინგის მთავარი კონცეფციაც ზრუნვას უკავშირდება, რომელიც 3 დამოუკიდებელი − ჯანმრთელობაზე, სილამაზესა და ოჯახზე ზრუნვის ზონისგან შედგება.
როგორ შეხვდა კომპანია PSP და როგორ უპასუხა პანდემიურ რეალობას?
2020 წელს მსოფლიომ ახალ რეალობაში გაიღვიძა და „კოვიდ“-პანდემიასთან ბრძოლა ყველასთვის მთავარი გამოწვევა გახდა, მათ შორის − ფარმაცევტული სექტორისთვის. მაქსიმალურად მოკლე დროში გავაძლიერეთ PSP ონლაინ-აფთიაქი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას 2007 წლიდან ემსახურება. ჩვენმა კომპანიამ სწრაფად მოახდინა რესურსების მობილიზება და უკვე მარტის თვიდან შევძელით მედიკამენტებისა და სააფთიაქო პროდუქციის უწყვეტი მიწოდება თბილისის გარდა საქართველოს 5 დიდი ქალაქის მოსახლეობისთვის.
PSP-აფთიაქის არცერთ ფილიალს არ შეუწყვიტავს საქმიანობა არც-ერთი დღით, მეტიც − ქსელის განვითარებაც კი არ შეგვიჩერებია და ჯამში, პანდემიის პერიოდში 1200-მდე ახალი თანამშრომელი მივიღეთ სამსახურში და 59 ახალი აფთიაქი გავხსენით.
დაწვრილებით მოგვიყევით თქვენს არაჩვეულებრივ კამპანიაზე − „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“.
მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის განმავლობაში არაერთი სოციალური მნიშვნელობის პროექტი გვაქვს განხორციელებული, 2020-2021 წლების პროექტი „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“ გამორჩეულ პროექტებს შორის ხვდება. ამ კამპანიით გავაერთიანეთ ადამიანები, რომლებმაც თავისი ცხოვრება და საქმიანობა ზრუნვას მიუძღვნეს. ამაგდარ ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილს ჩვენი წარდგენა არ სჭირდება, მთელი ცხოვრება ქართული ფოლკლორის შეგროვებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა, მაგრამ ამაყები ვართ, რომ მისი ინტერვიუ ჩვენი კამპანიის მარგალიტი გახდა. კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი გვყავდა მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, წიგნიერებაზე ზრუნვის მიმართულებით; ახალგაზრდა ქართველი ქალი მეღვინე ბაია აბულაძე, ქართული ვაზის ჯიშებზე ზრუნვის კუთხით, და ბაჩო გაბრუაშვილი − ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღის“ დამაარსებელი, რომელიც 5 წელია მზრუნველობას არ აკლებს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე მსახიობების საინტერესო პროექტებსა და სპექტაკლებში ინტეგრაციას. პროექტმა დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება მოიპოვა, რამაც სტიმული მოგვცა სხვა მიმართულებითაც გაგვეგრძელებინა, და ასე განხორციელდა 2021 წელს ჟურნალ OK!-ისთან ერთობლივი პროექტი, რომელშიც მკითხველმა სხვადასხვა მიმართულებით ის ადამიანები გაიცნო, რომლებიც, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, წინსვლასა და სხვაზე ზრუნვის პროექტებს აქტიურად ახორციელებენ. ასე მაგალითად, ახალგაზრდა სპორტსმენ მალხაზ ჩაჩავას წამოწყება შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, განსაკუთრებით რაგბიში ხელისა და ფეხის პრობლემების მქონე ადამიანების ჩართვას მოიცავს; ანა გოგუაძის შეუპოვრობით განხორციელებული წარმატებული პროექტი − „მზიურის“ კაფე, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა პარკ „მზიურს“; ინტერვიუ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან, რომელმაც წლები ქართველი ოლიმპიელების ჯანმრთელობაზე ზრუნვას მიუძღვნა; ვრცელი პროექტები „არტთერაპია ვარდისფერი სივრცისთვის“, „ევროპა დონა ჯორჯიას“ ბენეფიციარებისთვის, რომელიც წელიწადია წარმატებით ხორციელდება, და ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების მხარდასაჭერად განხორციელებული ჰერცეპტინ-პერჯეტას თანადგომის პროექტის შესახებ… ამ პროექტის ფარგლებში შედგა ძალიან საინტერესო თანამშრომლობა მხატვარ ზურა გომელაურთან. ლოკდაუნის გამო ახალი წლის სამზადისი თითქმის არ იგრძნობოდა და გადავწყვიტეთ ჩვენი აფთიაქების ვიტრინების საშუალებით შეგვექმნა ახალი წლის სადღესასწაულო განწყობა, რისთვისაც აფთიაქში შესვლა საჭირო საერთოდ არ იყო − ფეხით სეირნობისას თუ მანქანით მოძრაობისას საახალწლო ნაძვის ხე ყველასთვის სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. ბატონი ზურასთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი პროექტი, ერთგვარი მხარდაჭერა ხელოვანებისადმი, რომელმაც საზოგადოებაში მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურება პოვა.
რას მოიცავს ეს წინასაახალწლო კამპანია, რომელსაც კომპანია PSP უკვე მეორე წელია აქტიურად ატარებს თავისი ერთგული მომხმარებლებისთვის?
მხატვარ ზურა გომელაურის პოზიტიური და ფერადი ნახატები სავსეა სითბოთი, სიკეთით, და ზღაპრულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის. წელს საახალწლო ნაძვის ხე სიცოცხლის ხედ გარდაიქმნა და ჯადოსნურ დირიჟაბლთან ერთად მთელი წლის განმავლობაში შექმნის განწყობას. დირიჟაბლს იმდენად უხდება საჩუქრები, გადავწყვიტეთ, ერთ-ერთ აფთიაქში (ვაკეში, ჭავჭავაძის 50-ში) მუდმივმოქმედ კომპოზიციად დავტოვოთ. საჩუქრები PSP-სგან მომხმარებლისთვის არახალია − საახალწლოდ ხომ ოჯახის ყველა წევრისთვის, ყველა გემოვნების მქონე და ახლობლებისთვის საჩუქრის არჩევა ჩვენს აფთიაქში ძალიან მარტივი და სარგებლიანია. სიცოცხლის ხეების მანათობელი ვერსიები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად გადავანაწილეთ. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლის კეთილგანწყობა და მასზე ზრუნვაა. ნახატებით აფთიაქის ვიტრინების გაფორმების მთავარი იდეაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისა და ქალაქის სტუმრებისთვის სადღესასწაულო, ჯადოსნური და პოზიტიური განწყობის შექმნაა. სასეირნოდ თუ საქმიანად გამოსულს, PSP-ს აფთიაქი ზურა გომელაურის ჯადოსნურ სამყაროში გადაგიყვანთ, რომელიც სავსეა სიკეთითა და სითბოთი. ზრუნვა საახალწლო ქმედება არ არის, ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა.
როგორ ჩატარდა კამპანია შარშან, და წელს რა გაქვთ დაგეგმილი?
ისევე, როგორც შარშან, წელსაც PSP-ს სასაჩუქრე ატრიბუტიკა − მისალოცი, კონვერტი, ჩანთა, სასაჩუქრე ყუთი და ა.შ. სიცოცხლის ხის ნახატით იქნება გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 15 წელია ჩვენი იმპრესიონისტების კედლის კალენდარს სამედიცინო საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება, წლებია მომხმარებლისთვის ასევე ვბეჭდავთ კალენდრებს, რომელიც შარშან და წელს ზურა გომელაურის ნახატებით არის შედგენილი. ახალი წლის დღეებში 31 დეკემბრიდან დაწყებული, PSP-ში მოსული მომხმარებელი ამ კალენდარს საჩუქრად იღებს. გვინდა, ეს სიკეთით სავსე ნახატები ყველა ჩვენი თანამოქალაქის ოჯახში შევიდეს და ყოველდღიურად მათ პოზიტიურ განწყობაზე იზრუნოს.
ზურა, რას ნიშნავს თქვენთვის PSP-ს ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღება?
პირველად ჩვენ შარშან ვითანამშრომლეთ. PSP-დან დამიკავშირდნენ და მიამბეს ამ არაჩვეულებრივი იდეის შესახებ, რაც მეც ძალიან მომეწონა და სიამოვნებით ვიმუშავე ამ პროექტზე. წელსაც გაგრძელდა ჩვენი თანამშრომლობა, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან PSP მნიშვნელოვანი რეპუტაციის, კარგი კომპანიაა საუკეთესო თანამშრომლებით, და ყოველთვის მოხარული ვარ მათთან ერთად მუშაობით. ნათია დამიკავშირდა, მიამბო თავის იდეაზე, რომელსაც ბედნიერების განცდა, წინასაახალწლო განწყობა უნდა მიენიჭებინა მომხმარებლებისთვის. თავიდან, პირველ წელიწადს, ნაძვის ხის გაკეთების იდეა გვქონდა. დავხატე და გავაკეთეთ ნაძვის ხე ქართული ორნამენტებით, სათამაშოებით, ჩურჩხელებით, ნამდვილი საახალწლო განწყობით. ჩემი და PSP-ს კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა უპირველესად იმაში გამოიხატება, რომ თამამად ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს პროექტის შესახებ, ვეკითხებით როგორ უფრო კარგად გამოვა, როგორ სჯობს ამის გაკეთება და საბოლოოდ, ვჯერდებით საუკეთესო ვერსიაზე. კარგია, რომ ვუსმენთ ერთმანეთს. ალბათ ამიტომაც გამოგვდის საქმე კარგად. წელს ვიფიქრეთ, მთავარ საახალწლო დეკორაციად გაგვეკეთებინა სიცოცხლის ხე და ასევე, დირიჟაბლი, რომელიც საჩუქრებით დატვირთული ეშვება მიწაზე. სიცოცხლის ხე ხელით მზადდება, ძალიან ლამაზი გამოდის.
თქვენი წლევანდელი ნამუშევრებით რა მთავარი სათქმელი მიგაქვთ ადამიანებამდე?
ზუსტად აი, ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა მე და PSP-ს გუნდს. როცა ადამიანი ნახავს ამ ინსტალაციას, უნდა ჰქონდეს დიდი სითბოსა და სიხარულის, სიმშვიდის, საახალწლო განცდა და ემოციები. მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც გამოვიდა. თავისტკივილით რომ შევა ვინმე აფთიაქში, აღარ უნდა ეტკინოს − აი, ასეთი უნდა გამოსულიყო.
დიდხანს იმუშავეთ ამ ნახატებზე?
დაახლოებით 2 კვირა ვმუშაობდი მთავარ დეკორაციაზე. ეს გახლავთ სიცოცხლის ხე ბროწეულებით, ძველი ქართული ფრაგმენტებით. ხალიჩასავით დავხატე და შიგნით მოქცეულია ყვავილები, ფოთლები, ბურთები… მე მგონი კარგი გამოვიდა, მომწვანო-მოლურჯო ტონებში გავაკეთე.
ზურა, თქვენ თავად გიყვართ ახალი წლის დღესასწაული?
რა თქმა უნდა, მიყვარს და ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს. ისე კი, თუ ადამიანების სიყვარულით იცხოვრებ, გამოდის, რომ ყოველდღე ახალი წლის დღესასწაულია. მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი და ბედნიერებას ვანიჭებდეთ ადამიანებს.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი