ქართული OK!-ის ნოემბრის თვის მთავარი გმირი ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილია. მერაბი წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორ აღიქვამს თავის ნაყოფიერ და მდიდარ შემოქმედებით ცხოვრებას, რომელზეც თაობები გაიზარდნენ, თავად როგორ მუსიკას უსმენს და როდის ველოდოთ ქართული სცენის ყველა დროის საუკეთესო მომღერლის შესახებ დოკუმენტური ფილმის გამოსვლას − ამ და სხვა თემებზე სიამოვნებით გვესაუბრა მერაბ სეფაშვილი, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება − ჩვეული ხალისით, ენერგიითა და ღიმილიანი განწყობით.
მერაბ, წელს მნიშვნელოვანი თარიღია თქვენს ცხოვრებაში − 60 წლის იუბილე. მინდა გთხოვოთ, გადახედოთ თქვენს ძალიან მრავალფეროვან, ნაყოფიერ შემოქმედებით ცხოვრებას და გვითხრათ, ამ გადასახედიდან როგორი ემოციები გეუფლებათ?
უპირველესად, მაქვს განცდა, რომ დრო ძალიან სწრაფად გაიქცა. მადლიერებით ვარ ცხოვრების მიმართ განწყობილი: ამხელა სიხარული და ხალხის სიყვარული მარგუნა. მომცა ბედნიერება, ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს. როცა მაყურებელი იღებს ჩემი შესრულებისგან სიამოვნებას და შემდეგ მეც ვიღებ ადეკვატურ რეაქციას მისგან, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი ემოციაა.
რა არის წარმატება? ვინ, თუ არა თქვენ იცით მისი არსი…
წარმატება ძალიან გამორჩეული განცდაა, სიხარულით გავსებს და მოაქვს უკეთესისა და მეტის გაკეთების იმპულსები. წარმატება ამავდროულად მოტივაცია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ ჩემს გამოსვლას უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები. შეიძლება ასე ჩანდეს, რომ საერთოდ არ ვღელავ, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ასეთ დროს შინაგანი განცდა და ემოციები ძალიან დიდია.
წარმოიდგინეთ: ბოლო წუთები, წამებია დარჩენილი კონცერტზე გასვლამდე. თქვენ დგახართ კულისებში და… ამ დროს როგორი ფიქრები მოდის გონებაში?
ამ დროს საერთოდ არაფერზე ვფიქრობ. ეიფორიაში ვარ. ეს მდგომარეობა აბსოლუტურ კონცენტრირებას მიკეთებს − არც მუსიკაზე ვფიქრობ, არც სიმღერაზე, ორგანიზმში ირთვება რაღაც სხვა განწყობა და ძალიან დიდი ენერგია მოდის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მსმენელთან დაკავშირება, მასთან ემოციური ბმა. სცენაზე გასვლის წუთიდან თუ არ დავამყარე მსმენელთან კონტაქტი, მერე ვეღარ მიმდის საქმე ისე, როგორც მე მინდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, შედგეს პირველი ემოციური კონტაქტი.
ეროვნების მიხედვით განსხვავდებიან მსმენელები? ხასიათს, ემოციურობას ვგულისხმობ.
დიახ, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირი დამოკიდებულებაა. ჩვენთან, საქართველოში, ცოტა მძიმედ მიდის პროცესი, სანამ მსმენელს გაუშინაურდები, რადგან მუსიკალური ქვეყანა ვართ, ყველა ბგერა, ყველა ნოტი ესმის ქართველ მსმენელს. დიდი პასუხისმგებლობაა ჩემს ქვეყანაში სიმღერა. თუმცა, რამდენადაც თავიდან ცოტა რთულია, შემდეგ მაყურებელი, მსმენელი რომ გაიხსნება, უფრო ეშხში შედის, ბევრად სასიამოვნო ხდება ეს ორმხრივი კომუნიკაცია. სხვა ქვეყნების მსმენელებთან უფრო მარტივია ეს პროცესი.
რაიმე სახის რიტუალი ხომ არ გაქვთ სცენაზე გასვლის წინ?
არა, ესაა ჩემი რიტუალი − ენერგია, რომელიც შემოდის ჩემში, ეიფორია.
რომ გადახედოთ თქვენს შემოქმედებით ცხოვრებას, გქონიათ შეცდომები? რაიმე გინანიათ?
ყოველთვის არის შეცდომები. სხვა შეიძლება ვერ მიხვდეს, მაგრამ მე ვხვდები, რა შეცდომაც დავუშვი. ვთქვათ, რომელიღაც სიმღერა არ უნდა ამერჩია, რადგან არ გამოვიდა საბოლოოდ ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდი. ამიტომაცაა სწავლა მუდმივი პროცესი, არასოდეს უნდა თქვას ადამიანმა, რომ რაღაც ბოლომდე ისწავლა.
სიმღერებს როგორ არჩევთ? რა კრიტერიუმით?
ინტუიციით, გუმანით. ცხადია, გემოვნებაც მნიშვნელოვანია. უნდა მომწონდეს სიმღერა − ჰარმონიულად, მელოდიურად და ტექსტუალურადაც. შემდეგ ეს სინთეზი თავისთავად, ინტუიციურად მაწვდის აზრს, რა შეიძლება გამოვიდეს მისი დამუშავების შემდეგ. შეიძლება შევცდე კიდეც, მაგრამ, როგორც წესი, ამ მიმართულებით ნაკლებად ვცდები.
თავად როგორი მუსიკის მსმენელი ხართ?
ჯაზი მიყვარს ძალიან, პიანისტების მოსმენა. ტრადიციულ ჯაზს დიდი სიამოვნებით ვუსმენ. ძალიან მიყვარს ოსკარ პიტერსონი. ხალხური მუსიკა, რა თქმა უნდა, მიყვარს და ვცდილობ, ავუწყო ხოლმე ხმა, მას შევეხიდო, ვინც კარგად მღერის.
მუსიკა თქვენი გატაცება, ჰობი, საქმე და ცხოვრების წესია. სხვა რა გატაცებები აქვს მერაბ სეფაშვილს?
სპორტი მიყვარს ძალიან, ფეხბურთი. თვითონაც ვთამაშობდი, ასევე, ხელბურთსაც. ფეხბურთში აქტიურად ვვარჯიშობდი და რომ მეთამაშა, მგონია, რომ კარგად გამომივიდოდა, პროფესიულ დონეზეც. შინ ძალიან ხშირად ვუყურებ ყველანაირ სპორტულ გადაცემას ტელევიზორში.
მავნე ჩვევა გაქვთ?
სიგარეტს გადავეჩვიე, მაგრამ მის შემცვლელს ვეწევი მაინც. არ ვიცი, ალბათ, ესეც ითვლება მავნე ჩვევაში?.. მიყვარს ალკოჰოლის მიღება მეგობრებთან ერთად და შინ ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს მავნე ჩვევაა, თუმცა მე არ ვეთანხმებოდი − დოზებს გააჩნია. მეგობრებთან ერთად დროის გატარება ძალიან მიყვარს. როცა მუსიკისგან ვისვენებ, არ მსიამოვნებს სუფრასთან სიმღერა. ხშირად მთხოვენ, ბუნებრივია, მაგრამ როცა განტვირთვა მინდა, მეგობრებთან ერთად შინაურ სიტუაციაში დავსხდებით და ვსაუბრობთ, მუსიკის გარეშე.
თქვენი თავი დაახასიათეთ სამი სიტყვით, სამი თვისებით.
მოდით, გეტყვით, მე რას ვაფასებ ადამიანებში, რადგან არ ვიცი, რამდენად სწორია საკუთარი თავის შესახებ ლაპარაკი და შეფასება. მიყვარს ადამიანები, რომლებიც არიან ერთგულნი და უღალატოები. ნიჭიერი ხალხი მიყვარს კიდევ ძალიან. ვაფასებ ადამიანებს, რომელთაც უყვართ საკუთარი ქვეყანა და არ მესმის იმ ხალხის, ვისთვისაც სულერთია, რა ხდება მის სამშობლოში.
და რა არის თქვენთვის პატრიოტიზმი?
არა ურაპატრიოტიზმი. ქვეყნის მომავლის, მისი წარმატების შესახებ ხედვის ჩამოყალიბება და ამ ყველაფერში თუნდაც მოკრძალებული წვლილის შეტანა, მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში. ეს არის ჩემთვის პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული.
თქვენი ყველაზე დიდი სურვილი გაგვიზიარეთ.
მინდა, ბედნიერი იყოს ახალი თაობა, ბედნიერად იცხოვროს ხალხმა ჩვენს ქვეყანაში. ბევრი მიმოგზაურია, უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ და შემიდარებია ჩვენი ყოფა. მინდა, ჩვენი ქვეყანა ევროპული ტიპის სახელმწიფო იყოს, ახალგაზრდებმა უპრობლემოდ იცხოვრონ და საკუთარი საქმე მშვიდად აკეთონ. ეს არის მთავარი.
დასასრულ, მერაბ, ვიცით, რომ თქვენ წელს აპირებდით სოლოკონცერტის ჩატარებას იუბილესთან დაკავშირებით, მაგრამ ქვეყანაში არსებული პანდემიური კრიზისის, ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, კონცერტის პროექტი ჩაშალეთ. ასევე, ვიცით, რომ იუბილესთან დაკავშირებით, თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. ამაზე გვესაუბრეთ, თუ შეიძლება.
დიახ, ნამდვილად ასეა. ფილმში იქნება ოქროს ფონდიდან ამოღებული ძველი აუდიო, ფოტო და ვიდეომასალები. რეჟისორი გვანცა მეფარიშვილია.
როდის გამოდის ფილმი და რა ქრონომეტრაჟისაა?
ნოემბრის შუა რიცხვებში უკვე გამოვა და ყველა სატელევიზიო არხისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს ვიხილავთ.
სახელად რა ერქმევა?
საპილოტედ „შენთვის ვმღერი“ გვაქვს მოაზრებული, თუმცა არ ვიცი, შესაძლოა შეიცვალოს კიდეც სახელწოდება.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი