წიგნის კითხვას სეზონი ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ზაფხული მაინც განსაკუთრებული დროა ახალი და საინტერესო ავტორების გასაცნობად, ზაფხულში მეტი დრო გვაქვს ფიქრისთვის, ანალიზისთვის, გააზრებისთვის. ლიტერატურის ძირითადი დანიშნულებაც სწორედ ეს მგონია.
ჟურნალი OK!-ს აგვისტოს ნომერში ტრადიციულად გიზიარებთ წიგნებს, რომელიც თქვენი ზაფხულის დღეებს გაცილებთ მრავალფეროვანს, საინტერესოს და ღირებულს გახდის.
ქართული გამომცემლობები ხშირად გვანებივრებენ როგორც ქართული ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანით, ისე საუკეთესო თარგმანებით.
ამ მხრივ გამომცემლობა „ინტელექტი“ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზეა და ახლაც „ინტელექტის“ დახმარებით გიზიარებთ საზაფხულო საკითხავს.
წამომყევით ლიტერატურის ჯადოსნურ მოგზაურობაში, შესაძლოა რომელიმე ჩემ მიერ შემოთავაზებული წიგნი თქვენი ცხოვრების მთავარი წიგნიც კი აღმოჩნდეს.
წლევანდელ საკითხავში შეხვდებით:
- ნანა აბულაძე
- თამარ გეგეშიძე
- სალომე ბენიძე
- გოდე გორგილაძე
- ივა ფეზუაშვილი
- გოგა ქობალია
- გაბრიელ გარსია მარკესი
- მარია რესა
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი,
გიორგი კალანდაძე, დონა გიორგაძე
ლოკაცია: Glarros OldTown /
Esquisse Restaurant Tbilisi
თამარ გეგეშიძე – „საშლელები“
ბავშვობიდან გამომყვა ჩვევა, დავაგროვო ზაფხულში წასაკითხი წიგნები. იმ ყველაფერთან ერთად, რასაც წლის განმავლობაში ვკითხულობდი, ყოველთვის მქონდა წიგნების ჩამონათვალი მხოლოდ ზაფხულისთვის და ხშირად ეს იყო სქელტანიანი წიგნები. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემს ზაფხულს შემორჩა მხოლოდ ის ტექსტები და ავტორები, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარს და მამშვიდებს, ან ისეთი წიგნები, რომელთაგან დიდ თავგადასავალს და გაოცებას ველი. კითხვის პროცესი ასეთი შთამბეჭდავი მხოლოდ ამ დროსაა – დასვენების, თავისუფლებისა და სილაღის წუთებში, როცა კითხვა არჩევანია, ყოველდღიურობის ტემპი შენელებულია, ფიქრი კი აჩქარებული.
ხანდახან მაინც გვიწევს მტკიცება, რომ წიგნის კითხვა „კარგი“ და „საჭიროა“, მაგრამ, მგონი, აღარავინ კამათობს იმ თემაზე, რომ ლიტერატურას ზღვა ემოციის მონიჭება შეუძლია, სხვისი გამოცდილების გათავისების საშუალებას გვაძლევს, უცხო, განსხვავებულ, ალტერნატიულ ან უტოპიურ სამყაროში გვამოგზაურებს, საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში გვეხმარება ან ჩვენს ეგზისტენციალურ კრიზისს შველის. და ასეთი ღრმა კვალი შეიძლება ნებისმიერმა წიგნმა დატოვოს, მეგობრისგან ნათხოვარმაც, წიგნის დახლიდან მოტაცებულმაც და სახლში შემთხვევით ნაპოვნმაც. ამიტომ ყველა შემხვედრ წიგნთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, შესაძლოა ის ჩვენი ცხოვრების მთავარი წიგნი აღმოჩნდეს!
წერა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. როცა მოზარდი ვიყავი, მეგონა, ყველა ადამიანი ასე ცხოვრობდა და ერთობოდა. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, სანამ ყველა წაკითხულ წიგნს გონებაში თავისი ადგილი არ მივუჩინე და არ დავეთანხმე მოსაზრებას, რომ უკვე ყველაფერი დაწერილია. მაგრამ თუ „წერას აუტანიხარ“, შენც აუცილებლად უნდა სცადო. ჩემი თავგადასავალი მოზარდების ცხოვრების კვლევა და მათზე წერა აღმოჩნდა. ასე დავწერე „საშლელები“ – წიგნი ცამეტი წლის გოგონაზე, რომელიც საკუთარი თავის ძიების გზაზე არაერთ შეცდომას უშვებს, მერე გამოასწორებს, მერე ისევ უშვებს, ბრაზობს, მშვიდდება, ღელავს, აღფრთოვანებულია, ისევ ბრაზობს. ვცადე, მოზარდის საწუხარზე ამ პერსონაჟის დახმარებით მესაუბრა, მისი საიდუმლოებები გამეთქვა და სამომავლო გეგემები გამემხილა. ასე მათ უფრო მივუახლოვდი და მივაწვდინე ხმა, რომ ხანდახან ზრდასრულებსაც ესმის მათი.
სალომე ბენიძე – „მარო“
ხანდახან, ზამთრის გრძელ დღეებში, როცა ნაცრისფერ ამინდებს ვეღარ ვუძლებ, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ ბათუმში მივდივარ. მატარებელი ციხისძირის მონაკვეთს გადის და ფანჯარაზე ბავშვივით სახემიჭყლეტილი ვუყურებ მზეზე მოციმციმე ზღვას და ყველაზე ლამაზ სიმწვანეს, რომელიც ცხოვრებაში მინახავს. მუხლებზე გადაშლილი წიგნი მიდევს და ღიმილს მგვრის იმაზე ფიქრი, რომ ბათუმი მელოდება.
ზუსტად ამ წარმოდგენას ვაცოცხლებ ყოველ ზაფხულს. ყველაზე გემრიელად მოგზაურობის დროს ვწერ და ვკითხულობ, და რადგან ძალიან სწრაფი, და თანაც ცოტა ძველმოდური მკითხველი ვარ, ყოველთვის დავატარებ თან 2-3 წიგნს მაინც.
ამ ზაფხულის საკითხავიდან 3 წიგნს გამოვყოფდი: ნინო ხარატიშვილის „კატა და გენერალი“, ვალიკო ჯუღელის „მძიმე ჯვარი“ და სალმან რუშდის „დანა“. შვებულების მეორე ნახევრის შესავსებად კი ბესო სოლომანაშვილის „ლუმპენ მილენიუმი“ მელის. ალბათ ვინმე იტყვის, რომ არც ისე საზაფხულო სიაა და შეიძლება მეც დაგეთანხმოთ – სეზონურად კითხვა მაინცდამაინც ჩემი საქმე არაა.
არ არსებობს ადამიანი ლიტერატურის გარეშე, რადგან როცა ადამიანი გაჩნდა, მან ამბის თხრობის ჩვევა და სიყვარულიც თან მოიყოლა ჩვენს სამყაროში, და გაჩნდა ლიტერატურაც. ვფიქრობ, ლიტერატურა საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, ამის გარეშე კი წარმოუდგენელია სიმშვიდისა და ბედნიერების პოვნა.
„მაროს“ პირველი ვერსია 2022 წელს შეიქმნა დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალთან თანამშრომლობით, როგორც ლიბრეტო მონოდრამისთვის. წერა თებერვალში დავიწყე, სწორედ იმ დროს, როცა უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ამიტომ ეს ტექსტი იქმნებოდა ფიქრით ყველა ომზე, რომელიც საქართველომ ბოლო საუკუნის განმავლობაში გამოიარა და ჩემს უკრაინელ მეგობრებზე, რომელთა გასამხნევებელი სიტყვების პოვნასაც იმ დღეებში მთელი ძალით ვცდილობდი. და თავიდანვე ვიცოდი, რომ „მარო“ უნდა ყოფილიყო ჩემი სიყვარულისა და მადლიერების წერილი ყველა იმ ადამიანისადმი და განსაკუთრებით, ყველა იმ ქალისადმი, რომელმაც რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში უკან არ დაიხია.
მარო მაყაშვილი ჩემთვის ყოველთვის იყო საქართველოს სიმბოლო. პატარა გმირი გოგო, პატარა გმირი ქვეყნიდან, რომელმაც თითქოსდა მოკლე ბიოგრაფიაში დაიტია თავისი სამშობლოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, მისი ხანმოკლე დამოუკიდებლობის სევდა და ქართველი ხალხის გაუნელებელი სწრაფვა და სურვილი – იყოს ევროპის ნაწილი. დაიტია ყველაფერი, რისიც გვჯერა, რისთვისაც ვცოცხლობთ და ვკვდებით.
მარო მაყაშვილს საქართველოში ყველა იცნობს და ალბათ, ყველას წარმოსახვაში ცოცხლობს მაროს განსხვავებული ვერსია. ჩემი მაროს შესახებ მოყოლა ადვილი არ ყოფილა და გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც გავიარე ჯერ ლიბრეტოს შექმნის, შემდეგ კი – წიგნის მკითხველამდე მიტანის გზა.
ძალიან მინდა, რომ ამ წიგნით ჩვენი 19 წლის ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი, ერთი საუკუნის შემდეგ უფრო ახლოს მივიდეს მისი თანატოლების – დღევანდელი თინეიჯერების და ახალგაზრდების გულებთან.
გოდე გორგილაძე – „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“
ჩვენს ცხოვრებაში ზაფხული ყოველთვის კითხვასთან ასოცირდება. ეს ბავშვობიდან მოდის, სკოლიდან და საზაფხულო არდადეგებიდან. მართალია, მერე და მერე, სამსახურთან ერთად საზაფხულო არდადეგების ხანგრძლივობა იკლებს, თუმცა ჩვენს მეხსიერებაში სასიამოვნოდ ჩაბეჭდილ კითხვის პროცესს ეს არ შეეხება. პირიქით, ყველა ვიმარაგებთ ზაფხულში წასაკითხ წიგნებს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც, ზაფხულს რაც მახსენებდა, არის მცხუნვარე მზე, ზღვის ხმა და წიგნები. ალბათ ამიტომ სულ სხვა ეშხი აქვს ზაფხულში კითხვას… მე ასეთი ტრადიცია მაქვს, უპირველესად, რასაც ზაფხულში ვკითხულობ, ეს რეი ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინოა“. ყოველ ზაფხულს ვუბრუნდები პატარა ქალაქის პატარა ბიჭის საზაფხულო ამბებს, ჯადოსნურს, და თან ძალიან ხელშესახებს და მეც ვცდილობ, დაგლას სპოლდინგივით მოვიხმო ჩემი წილი ზაფხული და შევინახო ზამთრის სუსხიანი, გრძელი ღამეებისთვის.
თომას ვულფი წერდა: ჩემზე ამბობდნენ, ეგ ბიჭი ლიტერატურისკენ არის მიდრეკილიო. ძალიან ჩამრჩა ეს ფრაზა გონებაში – ლიტერატურისკენ მიდრეკილი ადამიანი. წარმოიდგინეთ, ლიტერატურას იმხელა გავლენა აქვს ადამიანზე, რომ ერთგვარად მის იდენტობას ქმნის, ადამიანს ადამიანზე ათქმევინებს, ეგ ლიტერატურისკენ მიდრეკილი ვინმეაო. ლიტერატურა დიდ კვალს ტოვებს ჩვენზე, თან მუდამ სულ ახალ-ახალს. გვცვლის, გვასწავლის, ჩვენს თავზე რაიმე ახალს აღმოგვაჩენინებს, დაგვზაფრავს, დაგვაფიქრებს და, უბრალოდ, სხვის ტყავში ამოგვაყოფინებს თავს. ეს არის ლიტერატურის მაგიური გავლენა ადამიანზე, ერთხელ რომ შეაბიჯებ და ვეღარასდროს დატოვებ. მე ამის მჯერა.
ჩემი მოთხრობების კრებული, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“, შვიდ მოთხრობას აერთიანებს, 2018 წლიდან 2022 წლამდე დაწერილს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სტუდენტი გავხდი და საცხოვრებლად თბილისში გადავედი. ალბათ ამიტომაცაა, რომ ძირითადად მოთხრობის პერსონაჟები ახალგაზრდები, სტუდენტები, ოჯახისგან შორს მცხოვრები ადამიანები არიან. აქ მოცემული ამბებიც ჩემ ირგვლივ დაჭერილი ამბებია, ისეთი ამბები, რომლებიც არ მტოვებდნენ, სულ გარს მივლიდნენ და ერთადერთი გზა მათგან გასათავისუფლებად მათი ფურცელზე გადატანა აღმოჩნდა. ასე იქცნენ ჩემი ტექსტების პერსონაჟებად ტაქსის მძღოლი, ლექციაზე მისასწრებად რომ მივყავდი და ჯადოსნური კანფეტი მიწილადა; ჩემი მეზობელი, ძალიან იდუმალი ქალი, სულ ხმაურზე რომ გვიჩიოდა… მოთხრობები როგორც სახალისო, ისე სევდიანია, ალბათ როგორც ყველა ჩვენგანის ცხოვრება. მეც, ერთმა სტუდენტმა ბიჭმა, დავწერე ეს ტექსტები ჩემი ემოციებითა და გამოცდილებით… დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი, ძალიან რთულია საკუთარ ტექსტზე საუბარი, დანარჩენი უკვე მკითხველზეა.
ივა ფეზუაშვილი – „მასკარაფონე“
ზაფხული რა არის? ზაფხული თავისუფალი დროა, სიცხესა და ხვატში რომ წარმოუდგენლად ნელა მიიწელება. აი, მაგ მზიან დღეებში, დილიდან საღამომდე, ანუ აგრილებამდე, ანუ სულის მოთქმამდე, კარგი მკითხველი ერთ თხელ წიგნს უპრობლემოდ გამოუყვანს წირვას. თხელი წიგნების პლუსი ხომ ისიცაა, რომ ჰაერის უკმარისობის ჟამს მარაოს ფუნქციასაც ასრულებს და ლიტერატურაც ეგ არაა? კულტურის თუ კულტურული ჟანგბადია ტვინისთვის.
მე, ჩემად, ოსტაპ სლივინსკის „ომის ლექსიკონი“ მიდევს თავთან. რვა აგვისტო მოდის, რუსეთ-საქართველოს ომის მეთექვსმეტე წლისთავი და იმის მეათასედ გააზრება, რომ ომში რუსეთმა ცეცხლი კი შეწყვიტა, მაგრამ ომი არ დაუმთავრებია. როგორც „ომის ლექსიკონი“ გვასწავლის, ომში მყოფ და ომგამოვლილ ქვეყნებში სიტყვები იმავე მნიშვნელობებს აღარ და ვეღარ ატარებენ, რაც მშვიდობის დროს ჰქონდათ, ასე რომ, ის მშვიდობა, რომელშიც ვცხოვრობთ, შეიძლება სულაც არ იყოს მშვიდობიანი და მითუმეტეს სიმშვიდის მიზეზი.
კიდევ ერთი, ხშირ-ხშირად და ყურადღებით წასაკითხი წიგნია რიჩარდ პაიპსის „კომუნიზმი“.
ამ წიგნს სხვადასხვა თაობა სხვადასხვანაირად წაიკითხავს. დოკუმენტური პროზის შემთხვევაში, თან მითუმეტეს ისეთის, შენი ქვეყნის წარსულს რომ ეხება, იმ ფაქტებს და მოვლენებს, რამაც ეს წარსული განსაზღვრა და განაპირობა. კომუნიზმგამოვლილები და კომუნიზმს გადარჩენილები სხვა სევდებს, შინაარსებს და ამოცანებს შეეჩეხებიან. რიჩარდ პაიპსის წიგნი უფროსი თაობისთვის თუ წარსული გაკვეთილების გადამეორებაა, ახალგაზრდებისთვის პირიქით, წარსულის არგამეორებისთვის სასწავლი გაკვეთილი იქნება.
არ გამოვა, გაბრიელ გარსია მარკესის „შევხვდებით აგვისტოში“ რომ არ ვახსენოთ. ამ წიგნის უკან დიდი მითქმა-მოთქმაა და წინ კი, რამდენიც სიყვარული, ერთი იმდენი იმედგაცრუება. მე მგონია, მწერალი თუ გიყვარს, სულ რომ მისი პირადი კულინარიული რეცეპტების წიგნი დაიბეჭდოს, ეგეც უნდა გაინტერესებდეს, მერე რა, თუ ცუდი მზარეული იყო, ანდაც ყველა კერძის რეცეპტი ისედაც იცოდი. როგორი საინტერესოც აღმასვლებია, ასეთივე საინტერესოა დაღმასვლაც. შენი მწერალია და შენი არჩევანი, რომელი წიგნით დაიმახსოვრებ.
მე რაც ვარ, ლიტერატურის გამო ვარ და რაც არ ვარ, ეგეც ლიტერატურის დამსახურებაა, ანდაც ბრალი. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რაღაცას ვითხოვდი ლიტერატურისგან და სხვადასხვა რაღაცებს ვიღებდი. ის, რაც უშუქო, უგაზო და უინტერესო ბავშვობაში თავის გადარჩენა და დროის საინტერესოდ გატარება იყო, მერე და მერე თავგადასავლებად მექცა, თავშესაფრადაც, გაქცევადაც, ჯერ ჰობიდ, მერე პროფესიად და ახლა თითქოს აღარც არაფერს ვითხოვ და აღარც არაფერს ვეძებ. ეს ის საქმეა, რამდენსაც მისცემ, ორ იმდენს რომ დაგიბრუნებს, ცოტათი სამსხვერპლოს ჰგავს, შენ დრო და ნებისყოფა უნდა შესწირო და მერე ლიტერატურამ იცის… ყდას და ყდას შორის რამდენი ჯადოქრობა, ფათერაკი და სიყვარულიც ეტევა, მაგდენი სხვაგან არ ვიცი. თან რამხელა ტირაჟითაც არ უნდა იყოს წიგნი დაბეჭდილი, შენი წიგნი მაინც შენია, სანამ კითხულობ, სანამ შიგნით ხარ, ის, რაც თქვენ ორს გადაგხდებათ თავს, სხვის თავგადასავალს არაფრით დაემგვანება და აი ეგაა, რაც ლიტერატურას ქმნის – მკითხველი, რომელიც წიგნს ენდობა.
„მასკარაფონეს“ ასახსნელად მთავარი გმირის ციტატა უნდა გამოვიყენო. ეს წიგნის არის „სიყვარულვერგანცდილი თაობის ჰიმნი“, ვერდაკაცებული ბიჭის ისტორია, რომელიც სამუდამოდ ორიათასიან წლებში ჩარჩა. სკოლის ბანკეტის წინ მომხდარ ტრაგიკულ ამბავში, როდესაც თავისი შეცდომების გამო კლასელებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს და როდესაც თავისი შეცდომების გამო, კლასელები სასიკვდილოდ გაიმეტა…
„მასკარაფონე“ კრიმინალური ავტორიტეტი მამის და მონასტერში გაქცეული დედის უსიყვარულოდ გაჩენილი ბავშვის დრამაა, ბავშვობა რომ უფროსების პოლიტიკური თამაშების გამო დაკარგა და ვერც დიდობაში აღწევს თავს იმ წყეულ წრეს, რომელშიც გაიზარდა.
არა, არა, ვერც გაიზარდა, ვერც სიყვარული ისწავლა, ვერც პატიება და პირიქით – მახსოვრობაა მისი განაჩენი და სასჯელად კი ვერდავიწყება აქვს მისჯილი.
გოგა ქობალია – „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“
გამიჭირდება კონკრეტულად ზაფხულის საკითხავი წიგნები გამოვყო. ჩემთვის კითხვა უწყვეტი პროცესია. ვიცით, რომ დავით აღმაშენებელს ომში თავისი ბიბლიოთეკა მიჰქონდა. ხშირად წარმატებული ადამიანებისგან მსმენია, თუ როგორ ამბობენ „ყველაფერი წიგნებიდან არ ისწავლება“. ვფიქრობ, ამ აზრის დამკვიდრება ძალიან საზიანოა, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, რადგან ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სახელმწიფოში არსებობდეს სამართლის უზენაესობა და გვყავდეს ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელიც ევროპის ქვეყნებში შუა საუკუნეებში არსებობდა და რის საფუძველიც იყო წიგნიერება. გრაციანმა, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში, ევროპაში მოღვაწე სამართლის მცოდნე ბერი იყო, დაამუშავა და შეისწავლა წინა საუკუნეებში არსებული ათასამდე კანონი და 14-ათასგვერდიანი ტრაქტატი შექმნა, რომელიც ცნობილია, როგორც „გრაციანის დეკრეტი“, ის იყო ერთიანი საეკლესიო კანონიკური სამართალი.
იმ წიგნებიდან, რომელთა წაკითხვაც ჩემთვის ზაფხულს დაემთხვა, გამოვარჩევდი არკანჯელო ლამბერტის „წმინდა კოლხეთს“ და ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“. ამ ტექსტებში მოქმედება მეჩვიდმეტე საუკუნეში ხდება და ჩანს, თუ როგორ არის საქართველო დაშლილი ცალკეულ სამეფო-სამთავროებად, რომლებიც ერთმანეთთან ომებით არიან დაპირისპირებულები. ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალიზებული მთავრობა. მეფეები სპარსეთისა და ოსმალეთის ვასალები არიან, თუმცა ერთიანობის განცდა თითოეულში მაინც არსებობს. ჩამოთვლილ წიგნებში ჩანს ქართველი მეფეების მიმოწერები ევროპელებთან და დახმარების სათხოვნელად მათთან გაგზავნილი ელჩები. საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერები და შარდენი კარგად აღწერენ მაშინდელ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ყოფას. ვფიქრობ, ეს წიგნები ძალიან საინტერესოა.
იმათ, ვისაც უფრო მხატვრული ტექსტების კითხვა უყვართ და ამისთვის განსაკუთრებულად ზაფხულს ირჩევენ, ვურჩევდი მარსელ პრუსტის რომანის, „დაკარგული დროის ძიების“ წაკითხვას, რომლის მხოლოდ 4 ტომი არის ქართულად ნათარგმნი. წიგნი, რომელიც ალბათ შუაზე ყოფს ლიტერატურას, პრუსტამდე და პრუსტის შემდეგ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი პირველ ტომს, „სვანის მხარეს“, რომლის თარგმანი ნამდვილი შედევრია. განსაკუთრებულ თარგმანზე ასევე მახსენდება სალმან რუშდის რომანი, „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“, სალომე ბენიძის თარგმანით.
ლიტერატურა არის ერთ-ერთი ის მთავარი ელემენტი, რომელმაც შექმნა სხვადასხვანაირი კულტურები და საზოგადოებები. ევროპული ცნობიერება ბერძნულ-რომაული და ქრისტიანული აზროვნების გავლენით შეიქმნა, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ. „ვეფხისტყაოსანი“, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სახარებაა, ვფიქრობ, განსაზღვრავდა ჩვენს აზროვნებას და სწრაფვას იმ იდეალებისკენ, რომელზეც ნაწარმოებში არის საუბარი. იქ ნაჩვენებ იდეალურ სახელმწიფოსა და საზოგადოებას ძალიან დაშორებული ვართ, თუმცა ამ იდეების მატარებლები არიან ერთეული ადამიანები და სწორედ ისინი ისწრაფვიან და ქმნიან ნიადაგს ევროპული სამართლებრივი და ანგარიშვალდებული სახელმწიფოს შესაქმნელად.
რომანი, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“, არის ერთი ოჯახის და ქვეყნის ისტორია, რომელშიც ალეგორიულად და მეტაფორულად არის მოყოლილი ჩვენი უახლესი წარსული. წიგნმა 2023 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“, როგორც საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი.
წიგნში მთავარი მოქმედებები ხდება ლეღვიანში, რომელიც საქართველოს ერთი პირობითი სოფელია. ლეღვიანში ნიადაგი იფიტება და უნაყოფო ხდება. იქ მცხოვრები არიქიფა და მისი ოჯახის წევრები კი ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ. ბათუ დედის, ანესას მხარეს იჭერს და უნდა, რომ რაღაც შეცვალონ, არიქიფა კი სიახლეების წინააღმდეგია, რადგან მისთვის წარმოუდგენელია წინაპრების გზიდან გადახვევა. ოჯახში დაწყებული არეულობის დროს სახლიდან მათი საუკეთესო ცხენი, ჰელიკა, უჩინარდება, რომელსაც ჩაკეტილობამ და გამუდმებით ეზოში ყოფნამ სახლიდან გაქცევა გადააწყვეტინა. ცხენი ფიქრობს, რომ მან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს და საქვეყნოდ ცნობილი გახდეს. არიქიფა და ბათუ ცხენის ძებნას იწყებენ – ძებნისას ნელ-ნელა ეხდება ფარდა მათ მიწებსა და ოჯახში დატრიალებული ამბების ნამდვილ მიზეზებს. პარალელურად კი ომი და არეულობა იწყება და ოჯახი სულ მალე იძულებული ხდება, მშობლიური სოფელი დატოვოს და გადარჩენისთვის იბრძოლოს.
ნანა აბულაძე – „ორივე სქესი“
თუ რომელიმე წელიწადის დროზე შეიძლება ითქვას, რომ კითხვის სეზონია, უთუოდ ზაფხულზე. ადრე ერთი სტატია გამოვაქვეყნე, რომელშიც ვწერდი, რომ, ზოგადად, საზაფხულო საკითხავად მსუბუქი და გასართობი ლიტერატურა მიიჩნევა. მე კი მგონია, რომ პირიქით – ზაფხულში, როცა დრო გაქვს ფიქრისთვის, უფრო რთულ წიგნებს უნდა შეეჭიდო, ნელა, დინჯად რომ იკითხებიან. კარგია კლასიკის წაკითხვა/გადაკითხვა ან თანამედროვე ინტელექტუალი მწერლების გაცნობა. ასევე, მოცულობით დიდი წიგნების საკითხავადაც იდეალური დროა. თუმცა კითხვა მაინც ინდივიდუალური, პირადი ამბავია და საითაც გული გაგიწევს, ხელშიც ალბათ ის წიგნი უნდა აიღო.
დღეს ლიტერატურას, წიგნს ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს ისეთი, წარსულში რომ არ ჰყავდა. ამიტომ ლიტერატურის ზეგავლენა ადამიანებზე ისეთი მასშტაბური არ არის, როგორიც შესაძლოა ადრე იყო. ეს ზეგავლენა ვერც კი შეედრება, მაგალითად, ციფრული მედიის ზეგავლენას. ხშირად მიფიქრია, რა არის ის უნიკალური რამ, რაც ლიტერატურას შეუძლია მოგვცეს. მგონი, ამაზე ყველაზე კარგად პასუხი მილორად პავიჩმა გასცა – მან უზარმაზარი „ხაზარული სიტყვისკონა“ დაწერა იმის საჩვენებლად, რომ ლიტერატურა ადამიანებს აკავშირებს. მაშინ, როცა მიჭირდა, ხელი ვირჟინი დეპანტმა შემაშველა – წავიკითხე მისი „თეორია კინგ კონგი“ და მივხვდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. არ ვიცნობ ვირჟინი დეპანტს, შეიძლება ვერც ვერასდროს გავიცნო, მაგრამ მან ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მითხრა, რომ მარტო არა ვარ, ისე, რომ თავადაც არ იცის ეს. აბა, ეს ჯადოქრობა არაა?
ჩემი მესამე წიგნი „ორივე სქესი“, მარიამ გარიყულისა და მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებზეა, ამ მოთხრობების ანალიზია გენდერის ნიშნით. ფემინისტური ლიტერატურათმცოდნეობის ორ ტრადიციას მიჰყვება: კლასიკოსი მამაკაცი მწერლის ხელახალი წაკითხვა და მივიწყებული მწერალი ქალის ლიტერატურაში დაბრუნება. ამ წიგნმა იმაზე ბევრად მეტი მკითხველი შეიძინა, ვიდრე წარმოვიდგენდი, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ის მახარებს, რომ მარიამ გარიყულის შემოქმედებით დაინტერესდნენ და ამაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე. მგონია, რომ საზაფხულო საკითხავადაც გამოდგება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ, სხვა თვალით შეხედონ ქართულ ლიტერატურას. აგრეთვე, მათთვისაც, ვინც, ცოტა არ იყოს, დაღალა მხატვრული ლიტერატურის კითხვამ (ხდება ხოლმე ასეც) და ახლა რამე არამხატვრულს ეძებენ.