საბავშვო ბაღი არ არის ადგილი, სადაც პატარები, უბრალოდ, დროის გაყვანის მიზნით მიდიან; ეს არის სივრცე, სადაც ზრუნავენ, რომ პატარებმა განივითარონ ყველა ის უნარი, რაც საჭიროა მათ ასაკში და მოხდეს ბავშვის პიროვნებად ფორმირება. ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა – ნინო მაისაშვილმა, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გადაწყვიტა ინგლისში სწავლის გაგრძელება – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით, რათა სამშობლოში დაბრუნებულს საბავშვო ბაღი გაეხსნა. მან ეს ოცნება აისრულა და დღეს ჩვენს მკითხველს საკუთარი საბავშვო ბაღის, „ლარდის“ შესახებ უყვება.
რა იყო საბავშვო ბაღი „ლარდის“ შექმნის მიზანი?
(ნინო მაისაშვილი, „ლარდის“ დამფუძნებელი და დირექტორი): მინდა გულახდილი ვიყო თქვენს მკითხველთან და მოგიყვეთ ჩემი ბავშვობის ოცნების შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ არასდროს დანებდეთ, არასოდეს თქვათ თქვენს ოცნებაზე უარი. შეიძლება ის ბევრისთვის არარეალური იყოს, თუმცა თქვენ უნდა გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების და მიზანი დაისახოთ. აქვე მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი, ჩემი ოჯახის წევრებს.
22 წლის წინ, სულ რაღაც 13 წლის ვიყავი და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება დაუკავშირდებოდა ბავშვებს. ღრმად მჯეროდა, რომ ბავშვს ბოსტანში (კომბოსტოში) ვიპოვიდი და მისი აღზრდისა და ზრუნვის შესაძლებლობა მომეცემოდა. 17 წლის ასაკში გადავწყვიტე ინგლისში სწავლის გაგრძელება, მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი მიმართულებით, რომელიც მოიცავდა სკოლამდელ აღზრდას და განათლებას. ჩემი ოცნება იყო, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩამომეტანა ჩემს ქვეყანაში და აქ გამეხსნა სივრცე, რომელიც პატარებს შეუქმნიდა განუმეორებელ მოგონებებს და მათი ბაღის პერიოდი სამუდამოდ აისახებოდა მათ მეხსიერებაში.
ამ წლების განმავლობაში მიღებულმა დიდმა გამოცდილებამ სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, მომცა ცოდნა და რეალურად დამანახვა, თუ რა სჭირდება საბავშვო ბაღის სივრცეს. მსურდა, შემექმნა პატარებზე ორიენტირებული და მათ შესაძლებლობებზე მორგებული გარემო, რომელშიც როგორც პედაგოგები, ასევე გუნდის წევრები საკუთარი თავის რეალიზებას მოახერხებდნენ, ხოლო მშობლები ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნებოდნენ.
მიმაჩნია, რომ ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანის ვალდებულებაა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი, ვიმუშაოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და დავარწმუნოთ, რომ ბაღი არ არის ადგილი, სადაც პატარები, უბრალოდ, დროის გაყვანის მიზნით მოდიან, არამედ ეს არის ის უნიკალური სივრცე, რომელსაც ვერანაირი ალტერნატიული საშუალება ვერ ჩაანაცვლებს. საბავშვო ბაღში ხდება ბავშვის პიროვნებად ფორმირება, მისი იდენტობის აღმოჩენა და თავისი მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენა.
საბავშვო ბაღი „ლარდი“ ლისის ტბის ლოკაციაზე, ოფიციალურად 2023 წლის 23 დეკემბერს გაიხსნა. შენობა, რომელიც დაპროექტების დღიდან გათვალისწინებული იყო საბავშვო ბაღის სივრცისთვის, მზად არის მიიღოს ბედნიერი და ლაღი ბავშვები. ჩვენი ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს ყველა ადგილობრივ და ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც ავტორიზაციის გავლის სრულ გარანტიას გვაძლევს. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი სექტორი, რაც გვჯერა, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად არის მიმართული და შესაბამისად, ჩვენც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით ამ სიახლეს . 2025 წელს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად დაიწყება ყველა საბავშვო ბაღის ავტორიზაციის პროცესი, რაც ავტომატურად აისახება ხარისხზე. გვაქვს სურვილი და, შეიძლება ითქვას, ამბიცია, რომ ჩვენი საბავშვო ბაღი იყოს სანიმუშო გარემო, რომელიც იქნება ინსპირაციის წყარო ჩვენი კოლეგებისთვის.
რა გამოგარჩევთ ბაზარზე?
ძალიან მიჭირს გამოვყო რომელიმე კონკრეტული მიმართულება. როგორც წესი, ყველა დაწესებულება სტანდარტულ საკითხებზე აკეთებს აქცენტს, პროგრამაზე, რესურსებზე, გარემოზე, პედაგოგებზე, დამატებით წრეებზე და ა.შ.
საბავშვო ბაღ „ლარდში“ დაგხვდებათ 1200 კვ.მ. შენობა და 800 კვ.მ. კონტაქტური ეზო, რომელშიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ 4 ჯგუფი. ჯგუფში 3 პედაგოგია, რომლებიც ორიენტირებულები არიან ინდივიდუალურ მიდგომებზე, რის შედეგადაც თითოეული ბავშვი ჩვენს გარემოში თავს კომფორტულად და თანაბრად მნიშვნელოვნად იგრძნობს.
„ლარდის“ გუნდი
ამ მიმართულებითაც ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, სამწუხაროდ, რთულია იპოვო ისეთი აღმზრდელ-პედაგოგი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება, გამოცდილება და მზაობა, გაიზარდოს პროფესიულად. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ყოველდღე ვსწავლობ და ვეცნობი სიახლეებს, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც აღმზრდელ-პედაგოგს უნდა ჰქონდეს, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმისადმი სიყვარული და მიმღებლობის უნარია. ჩვენი პროგრამა რადიკალურად განსხვავდება სტანდარტული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებისგან და შესაბამისად, ჩვენ თავად ვგეგმავთ და უზრუნველვყოფთ ჩვენი გუნდის გადამზადებას.
გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა გუნდურობა და მშობლების ჩართულობაა.
ღია ვართ ყველანაირი ეკოლოგიური ინიციატივისთვის, რათა უფრო ეფექტურად შევძლოთ დასახული მიზნის მიღწევა, კერძოდ, ჯანსაღი, თავისუფალი და წარმატებული თაობის აღზრდა.
სამომავლო გეგმები
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე ვცდილობთ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ბაღის სპეციფიკა, გეგმები და პროექტები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შევქმნათ საგანმანათლებლო სივრცე, რომლის ფორმირებაშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი საზოგადოების წევრები.
სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველთვის ვცდილობთ გავაზიაროთ სასარგებლო ინფორმაცია აქტუალურ თემებზე, გავითვალისწინოთ ჩვენი გუნდის წევრებისა და მშობლების ინიციატივები სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას.
ჩვენს ბაღს აქვს გამოყოფილი დამოუკიდებელი სივრცე, სადაც ვგეგმავთ სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების, მასტერკლასების თუ სხვა საინტერესო აქტივობების ჩატარებას, რასაც ექნება სისტემატური ხასიათი. ასევე, აღსანიშნავია ჩვენი ეკოლოგიური ლოკაცია, რაც ამის განხორციელების საშუალებას გვაძლევს მთელი წლის განმავლობაში.
საკონტაქტო ინფო:
web: http://www.lardi.ge/
FB: https://www.facebook.com/kindergarten.lardi
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი