• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი პროექტები

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

March 6, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული ემიგრაციის ისტორია გამბედაობისა და შეუმჩნეველი გმირობის მატიანეა. ამ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ქართველ ქალებს უჭირავთ, რომლებმაც უცხო გარემოში არა მხოლოდ საკუთარი ოჯახების, არამედ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაც შეძლეს.

 

პროექტის წარმდგენია X2 დეველოპმენტი.

 

 

სალომე ანდრონიკაშვილი (1888, თბილისი – 1982, ლონდონი)

1906 წელს სალომე და მისი მამიდაშვილი, თინათინ ჯორჯაძე სანქტ-პეტერბურგში, ქალთა უმაღლეს სასწავლებელში „ბესტუჟევის კურსებზე“ სასწავლებლად გაემგზავრნენ. 18 წლის ასაკში სალომე ცოლად გაჰყვა 17 წლით უფროს მდიდარ რუს მემამულე პაველ ანდრეევს, რომელთანაც ქალიშვილი, ირინე შეეძინა. წყვილი მალე განქორწინდა, განქორწინების შემდეგ მიღებული თანხით სალომემ სალონი გახსნა, სადაც ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ.

1917 წლის რევოლუციების დროს სალომე საქართველოში გამოემგზავრა. არეულობის გამო გზად ციხეშიც მოხვდა, თუმცა, მისი თაყვანისმცემლის, ზინოვი პეშკოვის (მწერალ მაქსიმ გორკის შვილობილი) დახმარებით, რომელიც საქართველოში საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლად მუშაობდა, თბილისში დაბრუნება შეძლო.

1917-1920 წლებში სალომე საქართველოში ცხოვრობდა და არტისტული თბილისის კულტურული ცხოვრების განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც რევოლუციურ რუსეთს გამოქცეული არაერთი ხელოვანი აფარებდა თავს. საქართველოში მოახლოებული არეულობის წინ სალომემ ზინოვი პეშკოვთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთში გაიხიზნა. წყვილი ერთად ორი წელი ცხოვრობდა. შემდეგ დაშორდნენ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. მალე სალომე ადვოკატ ალექსანდრ განპენს გაჰყვა ცოლად, მუშაობა კი მოდის ჟურნალში დაიწყო. რეკომენდაცია მასზე შეყვარებულმა ილია ზდანევიჩმა გაუწია. მისივე მეშვეობით დაუახლოვდა ჟან კოკტოს, კოკო შანელს, ტრისტან ცარას და სხვ.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ალექსანდრ განპერნი ამერიკაში, ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა და კარგად იყო ინფორმირებული ევროპაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამის შესახებ მან სალომეს აცნობა და შესთავაზა, ქალიშვილთან ერთად მასთან, ამერიკაში ჩასულიყო. ირინემ უარი თქვა გამგზავრებაზე, ამიტომ სალომე ამერიკაში შვილიშვილთან, ფილიპესთან ერთად გაემგზავრა. რამდენიმე წლის შემდეგ ალექსანდრ განპერნი ინგლისში გადაიყვანეს სამუშაოდ და ცოლ-ქმარი ლონდონის პრესტიჟულ რაიონში, ჩელსი-პარკ გარდენზე, ძველებურ მდიდრულ სახლში დასახლდა. ლონდონში სალომე აგრძელებდა მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრებას, ხვდებოდა მხატვრებს, პოეტებს, მწერლებს, მსახიობებს, მეგობრობდა უინსტონ ჩერჩილის ქვრივთან, კლემენტინასთან, ცნობილ მსახიობ და რეჟისორ პიტერ უსტინოვთან, ბერძენ მილიონერ არისტოტელე ონასისთან. მის გვერდით ყოველთვის იყო უახლოესი მეგობარი, ბარონესა მარია ბუდბერგი. იყო არაერთი პოეტისა და მხატვრის მუზა. მეგობრობდა ანა ახმატოვასთან, მარინა ცვეტაევასთან, მასთან თავს აფარებდნენ რევოლუციურ რუსეთს გაქცეული ხელოვანები. 1982 წლის 8 მაისს სალომე ანდრონიკაშვილი ლონდონში გარდაიცვალა.

 

 

 

 

მარიამ (მერი) ალიხანაშვილი-ბელანი (მარია მერიკო) ფრანგული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი (1920, ქუთაისი – 1994, პარიზი)

1921 წელს სოციალ-დემოკრატი ვანო ალიხანაშვილი ცოლ-შვილთან, ეკატერინე გელაშვილთან (ბები კატი) და ერთი წლის მარიამთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, 1923-ში კი ოჯახი სტამბოლიდან პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვანო საქართველოში 1926 წელს დაბრუნდა და 1937 წლამდე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა, ქალიშვილთან განშორებას ძალიან განიცდიდა და ყველანაირად ცდილობდა, საქართველოში ჩამოეყვანა. მიზეზად ბავშვის სუსტი აგებულება დაუსახელებია და საბუთებიც შეუგროვებია, სადაც აღნიშნავდა, რომ საქართველოს ჰავა აუცილებელი იყო გოგონას ჯანმრთელობისთვის. თუმცა, საქართველოში გამოსამგზავრებლად გამზადებული და უკვე მარსელში ჩასული მარიამი მამის დეპეშამ ისევ უკან, პარიზში გააბრუნა. მიზეზი კი, ვანოს უახლოესი მეგობრების დაპატიმრება გახდა, რამაც გოგონას საქართველოში ჩამოსვლა სახიფათო გახადა. მალე ვანო დააპატიმრეს, 1937 წელს კი დახვრიტეს.

საფრანგეთში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, მარიამმა გომონ-პალასის კლასიკური ცეკვის სკოლაში განაგრძო სწავლა, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა სასწავლებელი. მისი პროფესიული გზისთვის გარდამტეხი 1943 წელი გამოდგა, როცა მეგობარს ვაკერის სტუდიაში გაჰყვა, სადაც დრამატული ხელოვნების კურსებს ატარებდა ცნობილი მსახიობი და პროფესორი, ფერნანდ ბელანი. მოგვიანებით მარიამი ფერნანდს ცოლად გაჰყვა, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. მარიამ ალიხანაშვილის თეატრალური მოღვაწეობა 1945 წლიდან იწყება.

1946 წელს მას პირველი აღტაცებული რეცენზიები უძღვნა პარიზულმა კრიტიკამ. ასე დაიწყო პარიზისა და სხვა ქალაქების თეატრებსა და ფესტივალებზე მარია მერიკოს წარმატებული გამოსვლები კლასიკურ და თანამედროვე პიესათა დადგმებში („ოიდიპოს მეფე“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „კორიოლანოსი“ „ფედრა“ და სხვა). მალე მიიქცია კინემატოგრაფისტთა ყურადღებაც. 1957-1993 წლებში მარია მერიკომ ცნობილი რეჟისორების ფილმებში ითამაშა, მათ შორის იყო: საშა გიტრის „მკვლელები და ქურდები“, მარსელ ჰანონის „ერთი მარტივი ისტორია“, ანდრე იუნებელის „პარიზის საიდუმლოებანი“, ანატოლი ლიტვაკის „მანდილოსანი მანქანაზე სათვალითა და თოფით“, ფილიპ დე ბროკას „გამოუსწორებელი“, პატრის ამბარდის „მიჰყევით ამ თვითმფრინავს“ და სხვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სახე შექმნა ალექსანდრე დიუმას რომანის მიხედვით 1971 წელს გადაღებულ ფილმში „გრაფინია დე მონსორო“, რომელშიც ეკატერინე მედიჩის როლს ასრულებდა.

1947 წლიდან მარიამი აქტიურად მონაწილეობდა რადიოგადაცემებში. საბავშვო გადაცემაში „ღამის კარიბჭესთან“ ფრანგ ბავშვებს პირდაპირ ეთერში უკითხავდა ზღაპრებს, ხოლო ემიგრანტული ჟურნალის „კავკასიონის“ ცნობით, ის იყო პირველი სტერეოფონური გადაცემის – „სპარსელები“ – წამყვანი. ტელევიზიის ეკრანებზე მარია მერიკო 1960 წლიდან ჩნდება. მისი დებიუტი გაიმართა „მავრის საქმეში“, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. რასაც მოჰყვა ფილმები: „საქმე მოწამვლის თაობაზე“, „ტროელები“, „სელესტინა“, „პარიზის საიდუმლოებანი“, „ქალებმაც წააგეს ომი“ და ა.შ. 1993 წლამდე მარია მერიკო 20 სატელევიზიო ფილმში, სერიალსა და გადაცემაში მონაწილეობდა. 1994 წელს სატელევიზიო სერიალში „ნესტორ ბურმა“ შესრულებული როლი მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. მარიამ (მერი) ალიხანაშვილი-ბელანი გარდაიცვალა 1994 წელს, პარიზში.

 

 

 

 

 

ბარბარე ყიფიანი – პირველი ქართველი მეცნიერი ქალი (1879, ქუთაისი – 1965, ბრიუსელი)

ბარბარეს მამა (ნიკოლოზ ყიფიანი) სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის, დიმიტრი ყიფიანის შვილი იყო, დედა კი (ანასტასია ერისთავი) ქეთევან დედოფლის პირდაპირი შთამომავალი. 1887 წელს დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ ნიკო ყიფიანი ნევროგენული დიაბეტით დააავადა, სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბარბარე ერთხანს ხონის წმ. მარიამის სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა, შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად მამასთან გაემგზავრა ბელგიაში, სადაც ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1904 წლის აგვისტოში ბრიუსელში გაიმართა ფიზიოლოგთა მეექვსე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც ორი ქართველი მონაწილეობდა – ბარბარე ყიფიანი და ივანე თარხნიშვილი. სამშობლოდან შორს მყოფი ბარბარე წერილით, სიტყვით თუ საქმით, მუდმივად გამოთქვამდა აზრს საქართველოში არსებულ პრობლემებზე. 1905 წლის რუსეთის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, ბრიუსელში გამართა მრავალათასიანი მიტინგი – გააპროტესტა მეფის ხელისუფლების დაუნდობლობა ქართველი ხალხის, განსაკუთრებით კი, ქალების მიმართ. „ქართველ ქალთა სახელით, მივმართავ კაცობრიობის ერთ ნაწილს, უსუსტესს, რომელსაც მბრძანებლობის უფლება არა აქვს, მაგრამ აქვს უფლებაც და მოვალეობაც, მოითხოვოს, რომ მოეღოს ბოლო ამ აღმაშფოთებელ ბარბაროსობას. თვალზე ცრემლით მივმართავ ყველა ქვეყნის დედებს, ცოლებსა და დებს, რომელთაც ყველაზე უკეთ შეუძლიათ იგრძნონ, თუ რა არის ქალისთვის ასე ურცხვად იმის გრძნობების შელახვა და ვევედრებით მათ, გამოგვესარჩლონ ქართველ ქალებს“, – წერდა ბარბარე.

 ბარბარე წლების განმავლობაში მუშაობდა ბრიუსელის უნივერსიტეტში. იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას მოსწავლეთა შორის და ა.შ. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა საერთაშორისო გამოცემებში. 1908 წლიდან ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ Revue Psycholigique-ის სწავლული მდივანი გახდა, კითხულობდა ლექციებს პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. ფსიქოფიზიოლოგიური სასწავლო კურსის გარდა, ბრიუსელის უნივერსიტეტში ქართული სიტყვიერების ლექციებსაც ატარებდა. ბარბარე ყიფიანის თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია.

1910-იანი წლების ბოლოს ბარბარე საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა ფრანგული ენის მასწავლებლად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავის გამგის, აკაკი შანიძის თანაშემწედ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, იძულებული გახდა კვლავ ბრიუსელში დაბრუნებულიყო. ბარბარე ყიფიანის სახელს უკავშირდება ევროპაში გაბნეული ქართული ხელოვნების ნიმუშების თავმოყრა. ბარბარემ წინადადებით მიმართა მიხეილ თამარაშვილს და ქართული კულტურის გაბნეული ძეგლების თავმოყრის მიზნით, შესთავაზა მემკვიდრეობით დატოვებული თანხებით რომში ქართული კათოლიკური მონასტერი დაეარსებინა. მიხელ თამარაშვილმა მიიღო ბარბარე ყიფიანის წინადადება – რომში, ალექსანდრე ბროზეს ქუჩაზე სამონასტრო შენობა შეიძინა, სადაც ბარბარესგან მიღებული ნივთები და დოკუმენტები დააბინავა. იქვე მოათავსა კონსტანტინოპოლის ქართული კათოლიკური მონასტრიდან წამოღებული ექსპონატები.

პირველი ქართველი მეცნიერი ქალის ნაშრომებს ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე საერთაშორისო აღიარება და ოქროს მედლის პრემიები აქვს მინიჭებული.

 

 

თამარ გამსახურდია – მოცეკვავე, დიზაინერი (1896, ბაქო – 1979, პარიზი)

თამარი ბავშვობიდანვე დაინტერესებული ყოფილა ბალეტით. სწავლობდა ჯერ თბილისის საბალეტო სკოლაში, შემდეგ მოსკოვის დიდი თეატრის ცნობილი სოლისტის, მიხეილ მორდკინის კერძო სკოლაში.

1917 წელს ზიმინის ოპერაში საგანგებოდ მოწვეული მატილდა ქშესინსკაია შეცვალა, მოგვიანებით კი, კონტრაქტი გააფორმა ოპერასთან პრიმაბალერინას სტატუსით. დადგმები მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული იყო, კრიტიკოსები რეცენზიებში აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მაგრამ ამ ყოველივემ თამარს ფინანსური წარმატება მაინც ვერ მოუტანა. რუსეთის რევოლუციის შემდეგ, თამარი ყირიმში გადავიდა და მამის დახმარებით იალტაში გახსნა საბალეტო სტუდია, სადაც მოსწავლეთა შორის იყო კავკასიური წარმოშობის მოხალისეთა არმიის ოფიცერი, ალექსანდრ მიროსხეჯი, სასცენო ფსევდონიმით „დემიდოვი“, რომელიც მალე მისი ცეკვის პარტნიორი გახდა. ასე შეიქმნა იმ დროისათვის პოპულარული საბალეტო დუეტი „გამსახურდია-დემიდოვი“. 1919 წელს წყვილი გასტროლებზე წავიდა კონსტანტინოპოლსა და მარსელში, სადაც დაქორწინდნენ კიდეც.

ბოლშევიკური გადატრიალების გამო თამარი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა და მიხაილ მორდკინის ხელმძღვანელობით დადგმულ სპექტაკლებში „კარნავალი“ და „ჟიზელი“ მონაწილეობდა.

1920 წელს ცოლ-ქმარმა მსოფლიო ტურნე წამოიწყო, იცეკვეს ლონდონის თეატრ „კოლიზეუმში“, პარიზის „კაზინო დე პარიში“, ბუენოს-აირესის „კოლონში“. დუეტის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი იყო კრისტოფ გლიუკის მუსიკაზე მიხეილ მორდკინის მიერ დადგმული „ვაკჰანალია“. სწორედ ამ ნომრის შესრულებისას დაიზიანა თამარმა ზურგი მეტოქის მიერ სცენაზე ჩარჭობილ ლურსმანზე. ტრავმამ ის დიდ სცენას ჩამოაშორა, მუშაობა დაიწყო ქორეოგრაფად რუს ლილიპუტთა დასში, რომელიც გამოდიოდა პარიზის კაბარეში „ფოლი ბერჟერი“. მათთვის დადგა რუსული, ჩინური, ჰოლანდიური ცეკვები.

35 წლის ასაკში თამარ გამსახურდიამ საბოლოოდ დატოვა სცენა და საკუთარი საბალეტო სტუდიის გახსნა გადაწყვიტა. სტუდიის ქირისთვის აუცილებელი თანხის შესაგროვებლად თამარმა „ლორ ბელენის“ მოდის სახლში დაიწყო მუშაობა, რომლის მეპატრონეც რუსეთიდან ემიგრირებული, წარმოშობით ებრაელი ლარისა ბეილინა, ბერლინში ყოფნისას გაიცნო.

„ლორ ბელენი“ აწარმოებდა ქალის კორსეტებს. თამარი ბიუსტჰალტერებს და კორსეტებს უფრო დახვეწილსა და მოქნილს ხდიდა. რეზინის, კაუჩუკისა და ელასტიკური ქსოვილების წყალობით, ქალის ფიგურა სრულყოფილი ჩანდა. მას ეკუთვნის სპორტსა და ცხენოსნობაში გამოსაყენებელი სპეციალური ბიუსტჰალტერების შექმნის იდეა. მუშაობდა კორსეტების სრულყოფაზეც. შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. თამარ გამსახურდიამ უარი თქვა საბალეტო სტუდიის გახსნაზე და თავი სრულად მიუძღვნა მოდის ინდუსტრიას.

სამოდელო სახლის პოპულარობაზე მეტყველებს მყიდველთა სია, რომელთა შორის იყვნენ: ჟაკლინ კენედი (შემონახულია გამსახურდიასთვის გაგზავნილი ჯეკის წერილი, რომელშიც ის მადლობას უხდის თამარს), ბეგუმ აღახანი, ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი ანნამა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარლენ დიტრიხი, რომელიც თამარის მეგობარიც იყო. კაუჩუკის ფირფიტების დახმარებით, გამსახურდიამ მარლენისთვის ორიგინალური კორსეტი შექმნა, რაც კინოვარსკვლავის სხეულს ღვთაებრივ ელფერს სძენდა.

II მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ პარიზის ოკუპაციის შემდეგ, ლარისა ბეილინა ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და იმ პერიოდში სამოდელო სახლს გამსახურდია განაგებდა. გააფართოვა წარმოება და დაიწყო დეკოლტირებული საღამოს კაბების გამოშვება. ლარისა ბეილინას გარდაცვალების შემდეგ, „ლორ ბელენი“ ნიუ-იორკში გადაიტანეს. თამარ გამსახურდია ნიცაში გადასახლდა, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სანტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.

 

 

ვერა ფაღავა, მხატვარი (1907, თბილისი – 1988, პარიზი)

12 წლის იყო ვერა, როცა სამშობლო დატოვა. 1920-21 წლებში ვერას მამა – იური ფაღავა დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა ირანში. ოკუპაციის შემდეგ საქართველოში ვეღარ დაბრუნდნენ და ჯერ გერმანიაში წავიდნენ ემიგრაციაში, შემდეგ კი პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდნენ. ვერა ბავშვობიდან დაინტერესებული იყო მხატვრობით. თავდაპირველად დეკორაციულ ხელოვნებათა სკოლაში დადიოდა, შემდეგ ხელოვნებისა და რეკლამის სახელოსნოში, 1934-39 წლებში კი რანსონის აკადემიაში, სადაც როჟე ბისიე ასწავლიდა. მისი გავლენით, ვერა ფაღავა საეკლესიო ვიტრაჟების ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად იქცა. მოგვიანებით ვერა უერთდება მხატვრების გაერთიანებას ლიონში, Témoignage, რომელთა კონცეფცია ფერწერაში იყო „ხელოვნება წარმოსახვითზე უფრო მნიშვნელოვანია“. იცვლება მისი ხატვის სტილი – შიშველ ნატურას, პორტრეტს, ნატიურმორტს და რელიგიური შინაარსის სცენებს მინიმალისტური აბსტრაქცია ცვლის. ნატურიდან ჩანახატებს გრაფიკული წერტილებით ასრულებს. მნიშვნელობას ანიჭებს არა ობიექტს, არამედ გარემომცველ სივრცესა და განათებას.

1930-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ე.წ. დიდმა დეპრესიამ განსაკუთრებით დააზარალა საფრანგეთი. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პარიზში მცხოვრები ემიგრანტები, მათ შორის ფაღავების ოჯახი. თავის გასატანად ვერამ ტექსტილზე დაიწყო მუშაობა, ქსოვდა, იმავდროულად, მიიღო მედდის განათლება, უვლიდა დაჭრილებს.

როგორც მხატვარი, 1944 წელს გაიცნეს გამოფენით, რომელშიც პიკასოს ცოლი, დორა მაარიც მონაწილეობდა. გალერისტი ჟან ბიუშე წერდა: „პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას, ხალხი უფრო პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს“…

ფერწერის პარალელურად, ვერა ფაღავამ შექმნა ფრესკული ხელოვნების ნიმუშები, პარიზის საბავშვო ბაღებისთვის – მონუმენტურ-დეკორატიული პანოები, დიჟონის სენტ-ჟოზეფის ეკლესიის ვიტრაჟები. 1958 წელს ხეზე შესრულებული ფრესკა-პანოსთვის „ამაღლება“ ვერამ რომის პაპის, იოანე XXIII-სგან სპეციალური ოქროს მედალი მიიღო. 1966 წელს ვენეციის 33-ე ბიენალეზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარმოადგენდა და მის ნამუშევრებს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. შემდგომში, ნამუშევრების მოძრავმა რეტროსპექტივამ იმოგზაურა სხვადასხვა ქალაქის ხელოვნების მუზეუმებში. გამოფენებმა საფრანგეთიდან ბერლინში, ნიუ-იორკში, რომში, ტურინში, ბრიუსელში, ვენაში გადაინაცვლა. ფრანგმა კოლექციონერებმა და ხელოვნების მოყვარულებმა დაიწყეს ვერა ფაღავას ნახატების შეძენა. 1972 წელს პარიზში ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა გალერეა „დარიალი“, რომელიც ასევე ემიგრანტ ქართველს, თამარ წულაძეს ეკუთვნოდა.

ნახატების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში, გერმანიასა და შვეიცარიაში ინახება. მისი 15 ნახატი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე – გრენობლის ხელოვნების მუზეუმსა და პარიზის პომპიდუს ცენტრის კოლექციაში. 2008 წელს მონპარნასის მუზეუმში ექსპოზიციაზე „პარიზი-მონპარნასი-თბილისი, 1920-იანი წლები“ წარმოდგენილი იყო ელენე ახვლედიანისა და ვერა ფაღავას ნამუშევრები, 2012 წლის ოქტომბერში თბილისის ეროვნულ გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 35 ფერწერული ტილო, 28 ჩანახატი და აკვარელი.

 

 

სონია დუმბაძე-ბონო მომღერალი, პედაგოგი (1904, სოფელი შემოქმედი – 1968, მილანი)

ოზურგეთის სოფელ შემოქმედის მღვდელს და ცნობილ მგალობელ დავით დუმბაძეს 2 ვაჟი და 9 ქალიშვილი ჰყავდა. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ დებს შორის, რომლებიც ოზურგეთის ე.წ. ბაღის კლასში და დიმიტრი სიმვულიდის გუნდში გალობდნენ, ვოკალური მონაცემებით სონია გამოირჩეოდა.

1919 წელს თბილისის კონსერვატორიაში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეცადინეობა პედაგოგ ანა ჯაყელთან დაიწყო, თავის სარჩენად კი, ტელეფონისტად მოეწყო. 1923 წელს ბაქოს კონსერვატორიაში გადავიდა, სადაც მონაწილეობდა სტუდენტურ დადგმებში, შემდეგ თბილისის კონსერვატორიის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებულ 15 სტუდენტთან ერთად მილანში ჩავიდა და მაესტრო დელი პონტისთან დაიწყო მეცადინეობა.

მალე საბჭოთა მთავრობამ ევროპაში სასწავლებლად გაგზავნილ სტუდენტებს სტიპენდია შეუწყვიტა. სონია იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა და საბჭოთა სტუდენტებისთვის იტალიურის სწავლებით და კოსმეტოლოგობით ერჩინა თავი. მოულოდნელად მის ცხოვრებაში სპონსორი – ბიჩე პალმა გამოჩნდა, რომელმაც იმ პირობით, რომ შემდგომში ერთ მოსწავლეს მაინც გამოზრდიდა უსასყიდლოდ, სწავლის საფასური გადაუხადა. ასე დაიწყო სონიას საესტრადო კარიერა. თავდაპირველად გამოდიოდა საქველმოქმედო კონცერტებზე. 1932 წელს მონაწილეობდა დირიჟორ ტოსკანინის ცოლის დისშვილის მიერ ორგანიზებულ კონცერტში, სადაც ტოსკანინის ქება დაიმსახურა. 1937 წელს ცოლად გაჰყვა იტალიელ ბარიტონ ჯოვანი ბონოს და უკვე მასთან ერთად მართავდა კონცერტებს.

გულზე ორი უმძიმესი ოპერაციის ჩატარების შემდეგ, სონია იძულებული გახდა, სცენას ჩამოშორებოდა. 1946 წლიდან სიგმა დე გრასისთან ერთად შექმნა ვოკალის შესანიშნავი სკოლა, რომელმაც სხვადასხვა ეროვნების მრავალი ცნობილი მომღერალი აღზარდა, მათ შორის სოპრანოები: იტალიელი ვირჯინია ვერგა (ფილეტი), ამერიკელი ეველი ტომეი (როვერტი), რინა კეკი, მარიამ ჰაუზერი. არც ბიჩე პალმასათვის მიცემული პირობა დავიწყებია და 5 წელი უფასოდ ასწავლიდა ცნობილ ბარიტონს – ოსკარ სკალიონს.

სონიამ საქართველოში ჩამოსვლა 1963 წელს შეძლო. თბილისის ოპერის თეატრში ბელკანტოს მეთოდით ჩაატარა რამდენიმე გაკვეთილი. ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ მუშაობდა კონსერვატორიის სტუდენტებთან. გარდაიცვალა 1968 წელს. დაკრძალულია მილანში.

 

 

ელენე თარხნიშვილი-ვიტა ლირიკული სოპრანო (1881, ახალქალაქი – 1961, რეჯიო დი კალაბრია)

„პატივცემულმა ემა დოტიმ მოგვასმენინა თავისი მოწაფის, ახალგაზრდა არტისტი ქალის, ელენე თარხნიშვილის სიმღერა. ელენე თარხნიშვილს მშვენიერი და სასიამოვნო ხმა აქვს, მღერის გრძნობით. ახალგაზრდა მომღერალს მომზადებული აქვს „ფაუსტი“, „რიგოლეტო“, „მანონი“, „დონ პასკუალე“, „ბალ-მასკარადი“. ამ ოპერებიდან ელენე თარხნიშვილმა შეასრულა სხვადასხვა ადგილები. იმღერა, აგრეთვე, არია „ტრავიატადან“. ახალგაზრდა მომღერალ ქალს დიდებული მომავალი ელის“ – იტალიური პრესა. ელენეს აღზრდაში დიდი როლი შეასრულა მამიდამ, მწერალმა ეკატერინე თარხნიშვილ-გაბაშვილმა. მუსიკის სიყვარული კი ანასტასია მაჩაბელმა ჩაუნერგა, რომელსაც მომაკვდავმა დედამ ჩააბარა გოგონა.

მუსიკალური განათლება ელენე თარხნიშვილმა მიიღო საქართველოში მოღვაწე ჩეხ მუსიკოს იოსებ რატილთან. მღეროდა სალონებსა და საოჯახო საღამოებზე. ერთხელ, ივანე მაჩაბლის ოჯახში, აკაკი წერეთელს მოუსმენია მისთვის და რომანსისათვის „მხოლოდ შენ ერთს“ ახალი ტექსტი „სიმღერა“ მიუძღვნია.

პროფესიული გამოცდილებისთვის, 1905 წელს ელენე თარხნიშვილი ჯერ პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც პედაგოგ ფონ დაკესთან ეუფლებოდა ვოკალის ხელოვნებას, შემდგომი წინსვლისთვის კი მილანს მიაშურა, სადაც მეურვეობას იმხანად იქ მყოფი ვანო სარაჯიშვილი უწევდა. მანვე მოაწყო მოსწავლედ მაესტრო ემა დოტისთან. მალე ელენემ მილანში მუსიკალური სალონი გახსნა, სადაც თავს იყრიდნენ ცნობილი ვოკალისტები, კომპოზიტორები და დირიჟორები. 1906 წელს დოტის სალონში ელენეს პირველად მოუსმინეს: მასკანიმ, ვიტამ, პოტიმ, შალიაპინმა, სარაჯიშვილმა. ოპერებიდან ნაწყვეტების გარდა, შეასრულა ქართული რომანსიც. იტალიურმა პრესამ ახალგაზრდა სოპრანოს დიდებული მომავალი უწინასწარმეტყველა. 1910 წელს ელენე თარხნიშვილმა გაიმარჯვა შესარჩევ კონკურსში, რომელიც კომპოზიტორმა პიეტრო მასკანიმ ამერიკაში საგასტროლო დასის შესადგენად „ლა სკალაში“ ჩაატარა. ეს გამარჯვება მისი კარიერული წინსვლისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.

1911 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ელენე გამოდიოდა ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, მილანში დაბრუნების შემდეგ კი მიიწვიეს მონცაში, სავონასა და მოდენაში. მკაცრი იტალიური პრესა ხოტბას ასხამდა ქართველი სოპრანოს გამოსვლებს და ვოკალურ მონაცემებს.

ელენე საქართველოში იმავე წელს დაბრუნდა და მონაწილეობდა თბილისის ოპერის თეატრის სპექტაკლებში: „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ფაუსტი“, „ბოჰემა“. მისი პარტნიორი ვანო სარაჯიშვილი იყო. ელენეს სახელს უკავშირდება სერგო ევლახიშვილის საოპერო დასის წარმატება, რომელმაც 1912 წლის 10 თებერვლიდან 1 მარტამდე ქუთაისსა და ბათუმში 12 სპექტაკლი დადგა. გაზეთი „კავკაზი“ წერდა: „მსახიობი დაჯილდოებულია ხავერდოვანი ტემბრის ლირიკულ-კოლორიტული სოპრანოთი. ხმა დამუშავებული აქვს იტალიური სკოლის ყველა წესის მიხედვით: კარგი ვოკალიზაცია, ვრცელი სუნთქვა, წუნდაუდებელი სწორი ინტონაცია და ლამაზი სტილი მოწმობს იმას, რომ მას უნაყოფოდ არ გაუტარებია დრო იტალიაში“. 1913 წლიდან ელენე თავის მილანურ სალონს უბრუნდება და საოპერო კარიერას აგრძელებს. 1920 წელს ცოლად მიჰყვება იტალიელ ტენორსა და პიანისტს არტურო ვიტას, რის შემდეგაც მეუღლის გვარით მოღვაწეობს. მღერის წამყვან პარტიებს ჯაკომო პუჩინის ოპერებში, თანამშრომლობს თეატრთან Teatro Carcano.

მწვავე ართრიტის მოულოდნელმა დიაგნოზმა მომღერალი ნაადრევად ჩამოაშორა სცენას. 15-წლიანი არტისტული კარიერა ქალაქ ბერგამოში დაასრულა, სადაც მისი ბოლო სპექტაკლის „ლუჩია დი ლამერმურის“ პრემიერაზე დიდხანს არ წყდებოდა ოვაცია.

1925 წელს ვიტა ბოსტონის კონსერვატორიის პროფესორად მიიწვიეს. ელენემ ქმართან ერთად გამგზავრება ვერ შეძლო და მილანში დარჩენილმა პედაგოგობას მიჰყო ხელი. ელენ ვიტას სტუდიამ მრავალი ცნობილი მომღერალი აღზარდა, რომლებიც წარმარტებით გამოდიოდნენ იტალიისა და მსოფლიოს დიდ საოპერო სცენებზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, ელენემ გაყიდა ბინა-სტუდია და გარდაცვლილი მეუღლის სიძის მიწვევით, საცხოვრებლად რეჯიო-კალაბრიაში გადავიდა. დაყრუებული და ღარიბი ელენე თარხნიშვილი ქმრის ნათესავების სარჩენი გახდა. ოდესღაც დიდების მწვერვალზე მდგომი ქართველი მომღერალი 1961 წელს იტალიაში გარდაიცვალა. დაკრძალულია რეჯიო დი კალაბრიაში.

 

 

ნინო ქურციკაშვილი-სალია ჟურნალის „ბედი ქართლისა“ გამომცემელ-რედაქტორი, ისტორიკოსი, ქველმოქმედი (1898, სოფელი ვარდისუბანი – 1994, პარიზი)

საფრანგეთში ემიგრაციამდე ქურციკაშვილების ოჯახი ჩინეთში, კერძოდ, ხარბინში ცხოვრობდა. პეტერბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროს, ნინო ქურციკაშვილი მოწყალების დად მუშაობდა. შემდეგ ვარშავაში დაამთავრა უმაღლესი კურსები ისტორიის განხრით, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად ხარბინში დასახლდა.

1925 წელს, ჩინეთის რევოლუციისა და კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის გამო, ქართველებმა მანჯურია დატოვეს. ნაწილი სამხრეთ ჩინეთში გადასახლდა, ნაწილი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა, დანარჩენებმა კი, ნინო ქურციკაშვილის ოჯახივით, ევროპას მიაშურეს. პარიზში დიდი ქართული სათვისტომო არსებობდა. ქართველებს დაარსებული ჰქონდათ საქველმოქმედო და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზიციები, სასპორტო საზოგადოება „შევარდენი“, აღნიშნავდნენ რელიგიურ და სამოქალაქო დღესასწაულებს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა იუბილეებსა და ხსოვნის დღეებს. პარიზში ნინო ცოლად გაჰყვა ისტორიკოსს და ქართველოლოგს, კალისტრატე სალიას, რომელიც ქართული ნაციონალისტური ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1948 წელს საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის დახმარებით, ნინომ მეუღლესთან ერთად დააფუძნა ისტორიულ-ლიტერატურული ჟურნალი „ბედი ქართლისა“, რომელიც პირველი სამეცნიერო ქართველოლოგიური გამოცემა იყო. 1948-1958 წლებში ჟურნალში სტატიები ძირითადად ქართულ ენაზე იბეჭდებოდა, 1958-83 წლებში – ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე. ჟურნალმა შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები. სამეცნიერო საბჭოში შედიოდნენ: იულიუს ასფალგი (მიუნხენი), ჟორჟ დიუმეზილი (პარიზი), რენე ლაფონი (ბორდო), დევიდ ლენგი (ლონდონი), ირენე მელიქოვი (სტრასბურგი) და სხვ.

ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. იბეჭდებოდა ქართველ, აზერბაიჯანელ, ჩრდილოკავკასიელ მეცნიერთა სტატიები. ჟურნალმა 35 წელი იარსება, 1985 წლიდან კი ახალი სახელწოდებით „Revue des Etudes Georgiennes et Caucasiennes“ გამოიცა. გარდა იმისა, რომ ნინო ქურციკაშვილი აგვარებდა ჟურნალის ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფინანსურ საქმეებს, თავადაც აქვეყნებდა ნაშრომებს. მათ შორისაა: „ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები“ (1971), „წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ“ (1972), კალისტრატე სალიასა და ვახტანგ ბერიძის თანაავტორობით – „საქართველო: (ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა)“ (1972), „პორტუგალიური მასალები ქეთევან დედოფლის წამებაზე“ (1973). ანდერძის თანახმად, ნინო ქურციკაშვილისა და კალისტრატე სალიას ფერფლი ლევილიდან საქართველოში ჩამოიტანეს და დიდუბის პანთეონის მიწას მიაბარეს. 1980 წელს მათი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა.

 

 

 

მერი შერვაშიძე-ერისთავი, კოკო შანელის მოდელი (1888, ბათუმი – 1986, პარიზი)

მაღალი, შავი თვალებითა და წაბლისფერი თმით. თითქმის არასდროს იცინოდა, მხოლოდ ღიმილი იცოდა. ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე. ასეთი იყო მერი შერვაშიძე. ერთ-ერთი ვერსიით, გალაკტიონ ტაბიძემ შემთხვევით ნახა პარიზში, ლუვრის წინ მჯდომი და სწორედ მას მიუძღვნა ცნობილი ლექსი „მერი“.

სილამაზით, არისტოკრატიზმითა და დახვეწილობით ცნობილი მერი შერვაშიძე 1890 წელს ბათუმში დაიბადა აფხაზეთის თავადის, გენერალ-მაიორ პროკოფი შერვაშიძისა და ნინა მხეიძის ოჯახში. მერის გარდა შერვაშიძეებს ტყუპი ქალიშვილიც ჰყავდათ – ელენე და თამარი. პროკოფი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო, ამიტომ ოჯახი პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც განსაკუთრებული გარეგნობის, მანერებისა და გემოვნების წყალობით, შერვაშიძის ქალიშვილებმა საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1914 წელს წელს თამარი ცოლად გაჰყვა პეტრე ზარნეკაუს – აგრაფინა ჯაფარიძისა და პრინც კონსტანტინე ოლდენბურგელის უმცროს ვაჟიშვილს. 1918 წელს დაქორწინდა მერიც, როდესაც მისი საქმრო, გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი) საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, შერვაშიძეები ბათუმიდან კონსტანტინოპოლის გავლით საფრანგეთში გაიხიზნენ. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარი დახვდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიც მონაწილეობდა და გაიმარჯვა კიდეც. შერვაშიძეები პარიზში, ბულონის ტყესთან ახლოს დასახლდნენ. მერისთან ცხოვრობდნენ დედამისი – ნინო მხეიძე და ელენე ქალიშვილთან ერთად, რომლის ქმარი 1919 წელს გარდაცვლილიყო კიევში. ნინოს კერვა ეხერხებოდა, ამიტომ მალე იპოვა სამუშაო ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. მალე საკუთარი სახელოსნოც გახსნეს, მაგრამ პარიზში ცხოვრებისთვის ეს არ იყო საკმარისი. ოჯახს თავის გასატანად ძვირფასეულობის გაყიდვა უწევდა.

ამ პერიოდში მერი ელისეის კაფეში იმპერატორის ბიძაშვილს, პრინც დიმიტრი პავლოვს ხვდება, რომელიც დახმარებას სთავაზობს და თავის მეგობართან – გაბრიელა შანელთან აგზავნის, რომელიც მოდის ინდუსტრიით არის დაკავებული. ასე ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. შანელის მოდელი ხდება თამარიც. რამდენიმე წელში, სრულიად ახალგაზრდა ასაკში, ჯერ ელენე გარდაიცვალა, შემდეგ კი თამარი. მერის შვილი არ ჰყავდა, ამიტომ დაობლებულ დისშვილებზე ზრუნვა მას დააწვა ტვირთად.

სიცოცხლის ბოლო წლები ემიგრანტებისთვის აშენებულ მოხუცთა თავშესაფარში გაატარა და 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ საველი სორინის მიერ დახატული მერი შერვაშიძის შავ-თეთრი პორტრეტი დიდხანს ეკიდა მონაკოს პრინცესა გრეის კელის საძინებელში. პრინცესა მერი შერვაშიძეს ქალის სილამაზის ეტალონად მიიჩნევდა.

 

 

 

ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვა-დაშკოვა, მოდის სახლის „იმედი“ მფლობელი (1890-1941, ბერლინი)

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, ანა ჭავჭავაძე და კავკასიაში რუსეთის ერთ-ერთი პირველი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის შთამომავალი, ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი ემიგრაციაში ბოლშევიკური ოკუპაციის გამო აღმოჩნდნენ.

დიდგვაროვანი ოჯახი საფრანგეთში გადაიხვეწა, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. ანა ჯერ კოკო შანელის არისტოკრატ მოდელთა კოჰორტას შეუერთდა, შემდეგ კი საკუთარი მოდის სახლი „იმედი“ გახსნა.

„იმედმა“ არსებობა დიდი წარმატებით დაიწყო. მას სტუმრობდნენ საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და ჰოლანდიის მდიდარი და ცნობილი ოჯახების წარმომადგენლები. გრაფინია მოდელიერადაც იქცა და მალე ჟურნალებში გაჩნდა ქსოვილ „თიფლისის“ რეკლამა, სამოდელო სახლებმა „კავკასიური სტილის“ სამოსის კერვა დაიწყეს, მონმარტრზე კი უამრავი კავკასიური სამზარეულო გაიხსნა.

1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი ბანკი, ფირმა და საწარმო გააკოტრა. დაიხურა „იმედიც“. ვორონცოვ-დაშკოვები მოგვიანებით გერმანიაში გადასახლდნენ, სადაც ალექსანდრე გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ, 1941 წელს ბერლინში სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა ანა ჭავჭავაძეც.

 

 

წყარო: რუსუდან დაუშვილის წიგნი ,,ქართველი ქალები ემიგრაციაში”

ასევე გაეცანი

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის
Slider Area

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი
ინტერვიუ

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

February 17, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი…
ინტერვიუ

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი…

February 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “როდესაც ქანიე უესტთან ზედმეტად ბევრ დროს ატარებ” – DJ Khaled-მა Ye-ს საკულტო იმიჯი მოირგო

#OK! “როდესაც ქანიე უესტთან ზედმეტად ბევრ დროს ატარებ” – DJ Khaled-მა Ye-ს საკულტო იმიჯი მოირგო

February 21, 2022
#OK! ვანესა ჰაჯენსმა საკუთარი ბრენდის, Caliwater-ის წარდგენისთვის გამართულ წვეულებაზე ორი სხვადასხვა დახვეწილი იმიჯი მოირგო!

#OK! ვანესა ჰაჯენსმა საკუთარი ბრენდის, Caliwater-ის წარდგენისთვის გამართულ წვეულებაზე ორი სხვადასხვა დახვეწილი იმიჯი მოირგო!

December 14, 2023
#OK! ნაომი კემპბელი Fashion Trust Arabia Prize-ის დაჯილდოებას Rami Al Ali-ის სამოსით დაესრო

#OK! ნაომი კემპბელი Fashion Trust Arabia Prize-ის დაჯილდოებას Rami Al Ali-ის სამოსით დაესრო

November 4, 2021
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

February 4, 2025

კვირის ჰიტები

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 3, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 6, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები