დიდხანს ვფიქრობდი სტატიის სათაურზე. და მერე როგორც იცის − ფიქრი არ სრულდება, ერთ აზრს მეორე მოსდევს, პირველს მეორე გირჩევნია, მეორეს დაწერ და პირველი უფრო მოგწონდა… მერე, მოიფიქრებ ახალს. და არ მთავრდება ასე… არც გინდა დასრულდეს, როცა შენთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს ეხება საქმე. მორის ფოცხიშვილის ლექსები ყოველთვის ძალიან მიყვარდა… მერე ბასა გავიცანი და მივხვდი, როგორი უნდა იყოს ადამიანი − მორისის შვილი, სიყვარულით, სიკეთით, გემოვნებით, ნიჭიერებით და ღირსებით სავსე… რა თქმა უნდა, თამრიკოც ისეთივე საოცარია, როგორიც ბასა, და საერთოდ, ფოცხიშვილების ოჯახი დიდი ჯილდოა ჩვენი ქვეყნისთვის…
მათთან შინ მისვლა ძალიან მიყვარს − სულ სხვა გარემოა, მორისის თბილისია და ტკბილი ურთიერთობები… ასეთ გარემოს დღევანდელ დღეს იშვიათად თუ ნახავთ… და როგორ ეტყობა ადამიანს, საიდან მოდის… ამ სახლში ყველაფერი საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ოჯახის წევრები არიან… ჰო, ტკბილეულს აუცილებლად შემოგთავაზებენ, დაგატკბობენ და შენც აღარასდროს გინდა, ადგე და წახვიდე… თავს გრძნობ, როგორც მეგობარი, როგორც მათი ოჯახის ახლობელი, მათი გულშემატკივარი… რომ მივედი, მალევე, თამრიკომ მახარა თავისი შვილის იმწამიერი წარმატება და ჩვენ ყველას ერთად ძალიან გაგვიხარდა… ჰოდა ამ გარემოში, ასეთ ოჯახში სულაც დამავიწყდა, რაზე მივედი… ჰო, საახალწლო ინტერვიუს ჩასაწერად. და ახალი წელი რა არის ნეტავ?.. საერთო ზეიმი, სიხარული, სიყვარულის გაზიარება და კეთილი სურვილების ჩაფიქრება… ჰოდა, ზუსტად ეს დამხვდა, იყო, არის და იქნება მრავალჟამიერ − ფოცხიშვილებთან, სახლში…
ახალი წელი მახსოვს…
(თამრიკო): ახალი წელი მახსოვს ყველაზე ლამაზ დღესასწაულად ჩვენს სახლში. საერთოდ, დედაც და მამაც მუშაობდნენ და ეს ის დრო იყო, როცა ყველა ერთად ვიყავით, ყველა თავისთვის ფუსფუსებდა. მახსოვს, დედა ძალიან ლამაზ ნაძვის ხეს აწყობდა და სხვათა შორის, ეს ნიჭი ბასას გამოჰყვა. ჰო, კიდევ მამაჩემის განსაკუთრებული საჩუქრები − ეს ალბათ, ახალ წელს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდიდა. მამას ფილმების ნახვა ძალიან უყვარდა და ერთად ხშირად ვუყურებდით საინტერესო სურათებს, დედა ამ დროს გოზინაყს აკეთებდა…
(ბასა): გოზინაყზე გამახსენდა, მორისს ძალიან უყვარდა გოზინაყი და ყოველთვის იმას კითხულობდა, რატომ არ შეიძლება გოზინაყი ახალი წლის გარეშეც გაკეთდესო. კიდევ იცით, რა მახსოვს? ჩვენს ძაღლს − „პეპის“, ფეიერვერკების ძალიან ეშინოდა და როგორც კი გარეთ ხმაური ატყდებოდა, აბაზანაში მირბოდა და იქ იმალებოდა. ჩვენც, ყველანი მასთან მივრბოდით, რომ მარტო არ დაგვეტოვებინა და ასე ვხვდებოდით 12 საათს აბაზანაში − „პეპისთან“ ერთად. მორისს ძალიან უყვარდა „პეპი“, ლექსებიც კი აქვს მიძღვნილი. „პეპიც“ არასდროს ტოვებდა მორისს მარტოს. ერთ-ერთ ახალ წელს მორისი საავადმყოფოში შეხვდა. ისე დაემთხვა, რომ დიდი ილიკო სუხიშვილიც იქ იწვა. მორისი, დედაჩემი, დიდი ილიკო და ქალბატონი ნინო რამიშვილი ერთად შეხვდნენ ახალ წელს. რომ დგებოდა 12 საათი და დაგვირეკეს, შევატყვე, რომ მოწყენილები იყვნენ. მორისს „პეპი“ ძალიან ენატრებოდა. უცებ ავიღე სამგზავრო ჩანთა, ჩავსვი „პეპი“ და ჩავიყვანე აქვე, ჭავჭავაძეზე, საავადმყოფოში. მორისი სიხარულისგან გაგიჟდა, როცა „პეპი“ დაინახა.
(თამრიკო): პერსონალი ვერ მიხვდა, რა ფართხალებდა ჩანთაში… მერე ამბობდნენ, მორის ფოცხიშვილს ცოცხალი გოჭი მოუყვანესო… მერე, შინ რომ მოვედით, ფეიერვერკი სახლში გავუშვი… რომ მივხვდი, სახლის არ იყო, გარეთ გავედი, მაგრამ იქ იმდენი მანქანა იდგა, შემეშინდა, არ დავწვა-მეთქი და ისევ სახლში შემოვბრუნდი. ბოლოს, ბებომ ფარდა ჩამოგლიჯა და იმით ჩააქრო. ასეთი ემოციები, პატარ-პატარა სიხარულები და ოჯახური სითბო და სიყვარული ქმნის ბედნიერ ახალ წელს.
საახალწლო დღესასწაული ბევრი გიჩუქებიათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. გამოარჩევდით რომელიმეს? და როგორი უნდა იყოს ახალი წელი?
(ბასა): იცი, აი, ყველა ახალ წელს რაღაც სევდა მაინც ახლავს. გინდა არ გინდა, ის წელი წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება. იმ წელს მიჰყვება კარგიც და ცუდიც. მოლოდინი გაქვს ახლის და მუდამ გგონია, რომ რაღაცას (კარგს) მოგიტანს.
„სადგური 2000“ და „გზავნილი 21-ე საუკუნეში“ − ეს გავაკეთე, როცა იწყებოდა 21-ე საუკუნე და აი, ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი. ქალბატონი ნინო რამიშვილი ბოლოში ამბობს, „წავიდა“-ო და მიდის „ხორუმი“… ჩემი და პატარა ილიკო სუხიშვილის საათით, რომელსაც „სუხიშვილების“ მოცეკვავეები აკეთებდნენ, დადგა 21-ე საუკუნე − ზედხედით ისეთი კადრი იყო… აი, რამდენი ხანია გასული, რამდენი რამ გავაკეთე მას შემდეგ და ეს ემოცია არ მინელდება. მერე უკვე დაიწყო ქუჩის ახალი წლები, საიდანაც გამოვარჩევდი „კოვიდის“ პანდემიის პერიოდში, დოისთან (რეჟისორი დავით დოიაშვილი, რედ.) ერთად გაკეთებულ „აივნების“ პროექტს − როცა, ხალხი ერთმანეთს შეხვდა აივნებზე… საერთოდ, ახალ წელს უხდება სილამაზე, მხიარულება და იმედი.
(თამრიკო): „გზავნილი 21-ე საუკუნეში“ მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ყველა მონაწილეს უნდა გაეგზავნა ძველი საუკუნიდან ახალში ის, რაც არ უნდა დაკარგულიყო. მახსოვს, ბასა ჩავიდა აფხაზეთში. მხოლოდ ერთი კადრის გადაღების უფლება მოგვცეს: ბასა დგას სოხუმის სანაპიროზე და მონეტებს ყრის ზღვაში, რომ აუცილებლად დავბრუნდეთ…
2023 რას გვიმზადებს?
(ბასა): ძალიან მნიშვნელოვან გაზაფხულს: ბერლინში ტარდება დიდი ტურისტული გამოფენა, რომლის მასპინძელი ქვეყანა წელს არის საქართველო და Opening Show-ს ვაკეთებთ ჩვენ, ძალიან ვემზადებით ამისთვის. უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ჩვენი ქვეყნისთვის და უნდა იყოს ისეთი, როგორიც საქართველოს შეეფერება.
ახალი წლის ღამის ჯადოსნური სურვილი, ანუ ვისურვებდი?..
(თამრიკო): ვინატრებდი ადამიანების ჯანმრთელობას − როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. მთავარი ფასეულობები, რომლებიც ჩანდა, როგორც ქართულ სადღეგრძელოებში, ისე ქართული სუფრის კულტურაში, არ დარჩეს მხოლოდ სადღეგრძელოებში და მართლა ვიცხოვროთ ამ ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებებით.
(ბასა): იმას, რაც ყველას სურვილია მთელ მსოფლიოში − რომ ომი დამთავრდეს და უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, საოცარი ქვეყანა, როგორიც ყოველთვის იყო. საქართველოსთვის ვისურვებდი, რომ მხიარულად, ლაღად და სიყვარულით ცხოვრობდნენ ადამიანები. აი, ვაჟა-ფშაველა რომ ამბობს „ერთურთის დანდობისასა“-ო, ვფიქრობ, ეს ყველაზე მეტად გვაკლია − ადამიანები არ ინდობენ ერთმანეთს… ვისურვებდი, ჩვენი ქვეყნით ტკბობა შევძლოთ − იმიტომ, რომ ისეთი სილამაზე, ისეთი სიმდიდრე, როგორიც საქართველოს აქვს, აი, მართლა დიდი საგანძურია. ჰო, რაც მთავარია ჯანმრთელად უნდა ვიყოთ და დავიბრუნოთ ნიჭი, რომელიც არის სიცოცხლით ტკბობა, ურთიერთობებით ტკბობა და სიყვარული. ძალიან პათეტიკური ტექსტი გამომივიდა, არა? მაგრამ… უხდება ახალ წელს…
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: ალექსეი სეროვი