ველნეს-მიმართულება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოში. ველნესის კონცეფციით ადამიანის ჯანმრთელობას განსაზღვრავს არა მარტო კარგი ფიზიკური მდგომარეობა, არამედ მისი სხეულის, სულისა და გონების ჰარმონია. ცივილიზებულ მსოფლიოში ცხოვრების მზარდი ტემპი, სტრესი, ყოველწლიურად მზარდი ეკოლოგიური დაბინძურება − ამ ფონზე სულ უფრო რთულია ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ დღეს მსოფლიოში უამრავი ადამიანი ცდილობს ველნეს-ინდუსტრიის პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენებას. ველნესის კონცეფცია ხომ კარგი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის შენარჩუნებაა სასიამოვნო მეთოდებით, საკუთარ თავზე ძალდატანების გარეშე. OK! გიამბობთ ახალ, უნიკალურ ველნეს-პროექტზე შუაგულ იტალიიდან.
Fiuggi-ს მინერალური წყალი იტალიის ერთ-ერთი უნიკალური სიმდიდრეა. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ წყლით განიკურნენ მძიმე დაავადებისგან მიქელანჯელო და პაპი ბონიფაცი VIII.
სწორედ Fiuggi-ში, რომიდან 50 კილომეტრში, ისტორიულ სასახლეში არსებულ განახლებულ ველნეს-სასტუმრო Palazzo Fiuggi-ში გამოგზაურებთ. მომაჯადოებელ გარემოში მდებარე სასახლეში აბსოლუტური დასვენებისთვის ყველანაირი კომფორტია, აქ თითქოს დრო ჩერდება და ცხოვრების აჩქარებული რიტმიც სადღაც ქრება.
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის სპეციალურად მოწვეული პროფესიონალთა გუნდი ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ. დეტოქსის პროგრამა აერთიანებს უნიკალურ პროცედურებსა და კვების სპეციალურ რაციონს, რაც უმოკლეს დროში მთლიანად გარდაქმნის თქვენს ორგანიზმს. ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამა დაგეხმარებათ ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და სხეულისა და კანის სრულ გაახალგაზრდავებაში.
შენობის ისტორია
დიდებული და დახვეწილი, მოდერნის სტილის სასახლე 1910 წელს აშენდა და სწორედ ის იყო პირველი ევროპული სასტუმრო, რომელსაც საკუთარი აუზი ჰქონდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ზუსტად ეს სასტუმრო გახდა ევროპელი არისტოკრატების საყვარელი დასასვენებელი ადგილი.
1914 წელს იტალიის მეფე ვიქტორ ემანუილ მესამემ სწორედ ეს სასტუმრო აარჩია საკუთარ დროებით რეზიდენციად და აქ მოაწერა ხელი იტალიის მონაწილეობას პირველ მსოფლიო ომში.
მეფის ვიზიტის პატივსაცემად, სპეციალურად განაახლეს აპარტამენტები. მეორე მსოფლიო ომის დროს კი აქ წითელი ჯვრის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, სწორედ ამ შენობაში განთავსდა ანტიჰიტლერული მოძრაობის მთავარი შტაბი. 1930-იან წლებში სასტუმრო პოპულარობის ზენიტში იყო, აქ მსოფლიოს ლეგენდები ატარებდნენ დროს: ლუიჯი პირანდელო, პაბლო პიკასო, ენრიკო კარუზო, კეროლ ბეიკერი, ვიტორიო დე სიკა, ტოტო, ენტონი ქუინი, რობერტო როსელინი…
2008 წელს იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ შენობა საკუთარი პატრონაჟის ქვეშ აიღო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.
განახლებული სასტუმრო
სასტუმრო იტალიაში ცნობილმა ჯგუფმა Forte Village ჯგუფმა შეიძინა და განაახლა. სრულად შეინარჩუნეს ყველა ისტორიული დეტალი, ნაწილ-ნაწილ მოაგროვეს და აღადგინეს მურანოს ჭაღები, რითაც ყოველთვის იწონებდა თავს შენობა. რეკონსტრუქცია 30 მილიონი ევრო დაჯდა.
სასტუმრო Palazzo Fiuggi 8,5 ჰექტარზე განლაგებულ მწვანე ზონაში, მაღლობზეა განთავსებული. Fiuggi-ს წყალი სასტუმროს ტერიტორიაზე ამოედინება. მეცნიერულად დადასტურებულია მისი უნიკალური თვისებები. სრული კონცეფცია აგებულია ორგანული პროდუქტების გამოყენებასა და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანაზე. კოსმეტიკა მხოლოდ ორგანული და უმაღლესი ხარისხისაა.
ელეგანტური ნომრების აივნებიდან მთიანი იტალიის ულამაზესი ხედები იშლება, სრულადაა შენარჩუნებული მარმარილოს თაღები. თანამედროვე კომფორტისა და ულამაზესი ძველი ფრესკების სინთეზი განსაკუთრებულად ჯადოსნურ განწყობას ქმნის, შენარჩუნებული და განახლებულია ძველი პარკეტიც იატაკზე, ძველებური ხის ფანჯრები და კარები განახლდა, რამაც განუმეორებელი შარმი შესძინა მთლიან შენობას.
უმაღლესი დონის სერვისი, უახლესი სპა, „მიშლენის“ სამი ვარსკვლავის მფლობელი შეფის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი მენიუ, სიწყნარე და სუფთა ჰაერი ფიუჯის ჯადოსნურ წყალთან ერთად − აქ გატარებული 3 დღე უზარმაზარი ენერგიით აგავსებთ.
Palazzo Fiuggi დღეს იტალიის ყველაზე პრესტიჟული და დახვეწილი სასტუმროა, სადაც ხარისხი და სიყვარული უმცირეს დეტალებშიც იგრძნობა.
სპა და ფიტნესი
ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა მიმართულებაა ერთ შენობაში − დაწყებული იოგათი, დამთავრებული სპორტული დარბაზით. საუკეთესო და უახლესი აპარატურა, სხვადასხვა ტემპერატურისა და მარილის შემადგენლობის აუზები, რომაული საუნა, ჯაკუზი, მასაჟების ფართო სპექტრი − როგორც მანუალური, ასევე აპარატურული. წაბლების ხეივანში სეირნობა, ვარჯიში დარბაზში, ან სუფთა ჰაერზე. კვება მხოლოდ გათვლილი კალორაჟით, მარილისა და შაქრის გარეშე (თუმცა, გემოთი ეს საერთოდ არ იგრძნობა) ნული ალკოჰოლი და ნული კოფეინი. ამ რეჟიმით, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ენერგიით ივსებით.
მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო განყოფილებაში ყოველდღიურად აკონტროლებენ თქვენს ჯანმრთელობას, გიტარებენ ანალიზებს, თვალყურს ადევნებენ ცხიმის წვას…
კოსმეტიკური პროცედურები მხოლოდ ორგანული, ექსკლუზიური პრეპარატებით ტარდება, ასევე, ორგანული და ექსკლუზიური კოსმეტიკა დაგხვდებათ სასტუმროს ნომრებში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვერსად ნახავთ ვერც პლასტმასას და ვერც ცელოფანს − აქ ბუნებას განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. ბაღი, რომელიც სასახლეს გარს აკრავს, ასწლოვანი ხეებით იწონებს თავს.
კოვიდჩაკეტილობის სტრესი სრულად დაგვავიწყა ფიუჯიში გატარებულმა რამდენიმე დღემ. აქ პოსტკოვიდური რეაბილიტაციის კურსი ცალკეა შედგენილი, რომელსაც ყველა ინდივიდუალურ საჭიროებას მოარგებენ.