ინგლისელმა მომღერალმა და მოდის დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა ოჯახური კონფლიქტისგან თავის დაღწევა მოახერხა და ქმართან და შვილებთან ერთად პარიზში გაემგზავრა, რომ საფრანგეთის კულტურის სამინისტროსგან ჯილდო მიეღო.

ყოფილი Spice Girl-ს საფრანგეთის მთავრობამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ხელოვნებისა და ლიტერატურის საპატიო ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია გუშინ, პარიზის მოდის კვირეულის პირველ დღეს გაიმართა და მას ფრანსუა-ანრი პინო, ანა ვინტური, ანტუან არნო, ჰაიდერ აკერმანი, სინდი ბრუნა, ასევე დევიდი, რომეო, კრუზ და ჰარპერ ბექჰემები ესწრებოდნენ.

მედლის გადაცემისას, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დათიმ ვიქტორიას „მისაბაძი მაგალითი“ უწოდა, რომელსაც ფრანგების გულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დათიმ ტანსაცმლის დიზაინისადმი ბექჰემის „ზედმიწევნითი, თითქმის არქიტექტურული“ მიდგომა განსაკუთრებით აღნიშნა.

„შრომისა და თავდადების წყალობით, თქვენ შექმენით ღრმა, გულწრფელი და ხანგრძლივი კავშირი საფრანგეთთან“ – მიმართა მინისტრმა 51 წლის დიზაინერს.
ცნობისთვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებმაც საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

გასულ პარასკევს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა Louis Vuitton-ის დიზაინერსა და რეპერ ფარელ უილიამსს, შარშან კი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს, დემნა გვასალიას ხელოვნების რაინდის წოდება გადაეცა,
რა თქმა უნდა, დაჯილდოების ცერემონიაზე არავის უხსენებია სკანდალი, რომელიც ბექჰემების ოჯახში, დიზაინერის უფროსი ვაჟის, ბრუკლინის მონაწილეობით განვითარდა. ინსტაგრამის პოსტში, რომელმაც ოჯახში უთანხმოების შესახებ არსებული ჭორები დაადასტურა, ბრუკლინმა განაცხადა, რომ ვიქტორია ბექჰემმა ქორწილის დღეს პირველი ცეკვა „მოპარა“ და მასთან „შეუსაბამოდ“ იცეკვა. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ბრუკლინი, რომელმაც მშობლებს თითქმის ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში დასდო ბრალი, უკვე მეუღლესთან, ნიკოლა პელცთან ერთად მემუარების დასაწერად ემზადება. The Sun-ის წყაროები იუწყებიან, რომ წყვილი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობასთან –Penguin Random House-თან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს, სადაც ექვსნიშნა ჰონორარზეა საუბარი. ჟურნალისტებმა უკვ ბექჰემების უფროსი ვაჟის საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ ამბოხსა და ბრიტანელი პრინცის, ჰარის გაქცევას შორის პარალელი გაავლეს და დაასკვნეს, რომ დიდება და ფული ოჯახში ჯანსაღ ფსიქოლოგიურ საზღვრებს ვერ ანაცვლებს.




ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება












