ქართული OK!-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი ძლიერი და საინტერესო ქალია, რომლის წარმატებული საქმიანი და საზოგადოებრივი ცხოვრება სამაგალითოც კია ბევრი ადამიანისთვის. სოციალური პასუხისმგებლობა ის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს საქმეში წარმატების ინსპირაციას სძენს. ეს კარგად ჩანს მასთან ჩვენს საინტერესო ინტერვიუშიც, სადაც ნინო საყვარელ საქმეებსა და სიახლეებზე გვესაუბრება. გვიმხელს, როგორ იქცევა კრიტიკულ სიტუაციებში, ხშირად უწევს თუ არა კომფორტის ზონის დატოვება და რომელი თვისებებით აფასებს ადამიანებს. გთავაზობთ ნინო ზამბახიძესთან ინტერვიუს.
ნინო, მოგვიყევით, როგორ ხართ? როგორი გავლენა მოახდინა პანდემიურმა რეჟიმმა თქვენს საქმიან ცხოვრებაზე?
ვფიქრობ, პანდემია იყო ძალიან მძიმე იმ კუთხით, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ, თუმცა, მეორე მხრივ, ეს გახლდათ შესაძლებლობა ტექნოლოგიების კუთხით წინ წავსულიყავით, სხვა ხედვა შეგვემუშავებინა და გაგვეტარებინა ის ღონისძიებები, რომელიც ისედაც გვაკლდა, განსაკუთრებით ჩემს სფეროს − სოფლის მეურნეობას. პანდემია დაგვეხმარა ამ სფეროს სწრაფად გაციფრულებაში. დღეს, როცა სოცმედიას ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი აქვს მოცული, ამ ფერხულში ჩაბმა აუცილებლობად იქცა. შესაბამისად, ეს გამოწვევა იმის შესაძლებლობა იყო, უფრო დაგვეჩქარებინა გაციფრულება.
კონკრეტულად რა სახის სიახლეებზე საუბრობთ?
2 წლის განმავლობაში ბევრი მიმართულება გავაციფრულეთ. უპირველესად, განათლება. როცა ვნახეთ, რომ გართულდა ტრენინგებზე ადამიანების დასწრება, გავაკეთეთ საგანმანათლებლო პლატფორმა SKILLS.GE ასევე, დავინახეთ, რომ დიდი გამოწვევა იყო ადამიანებისთვის იმ ინფორმაციის მოძიება, თუ რომელ რეგიონში რა იყიდებოდა, როგორ ექირავებინათ მექანიზაციაში საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა და ა.შ. ამისათვის გავაკეთეთ AGROMAPS.GE და აგრონომიული მიმართულებები მთლიანად დავიტანეთ რუკაზე.
ბევრი ადამიანი წავიდა საქართველოდან ემიგრაციაში, რადგან პანდემიამ უმუშევრობის ზღვარი საგრძნობლად გაზარდა. ემიგრაციაში კი არ არის მარტივი ცხოვრება და საკმაოდ მძიმე ყოფა ჰქონდათ ახალ ემიგრანტებს, ბევრი სირთულე სამუშაოსთან დაკავშირებით. ვნახეთ, რომ არ გააჩნდათ კარგი პირობები და ეს საკმაოდ მძიმე იყო მოსასმენად და აღსაქმელად. ამიტომ გავაკეთეთ პლატფორმა AGROJOBS.GE რათა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს მარტივად მოეძებნათ მათ ირგვლივ რა ვაკანსიები არსებობდა, რომელიც შესაძლოა არ სცოდნოდათ მანამდე. პანდემიამდე, 2017 წელს გვქონდა გაკეთებული პლატფორმა „აგრონავტი“ (AGRONAVTI.GE), სადაც ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით იყო ხელმისაწვდომი გაყიდვების განხორციელება შინიდან გაუსვლელად და აუქციონების შესახებ ინფორმაციის მოძიება. პანდემიის დროს ბევრი ადამიანი წავიდა რეგიონებში და მეკითხებოდნენ რჩევებს, რა გაეკეთებინათ. ეს რთული კითხვა იყო, რადგან მას რომ უპასუხო, უნდა იცოდე, როგორი ნიადაგია კონკრეტულ რეგიონში, მეწარმეს რა მიზნები და ინტერესები აქვს, ამიტომ აქაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გავაუმჯობესეთ პლატფორმა „აგრონავტი“ და ახლა, როცა ადამიანი რეგიონისა და ნიადაგის შესახებ მონაცემებს შეიყვანს, პლატფორმა აძლევს ინფორმაციას, რომელი პროდუქტი აწარმოოს, რა დანახარჯი ექნება, რამდენია კონკრეტულ პროდუქტზე ექსპორტისა და იმპორტის წილი, და ამგვარად ექმნებათ წარმოდგენა, რა სახის ბიზნესი შეიძლება აწარმოონ. ჩემი კიდევ ერთი საყვარელი პლატფორმაა AGROGATEWOLD.GE რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს, და ვაპირებთ, მსოფლიო მასშტაბით გავიდეთ. მსგავსი ანალოგი არსად არსებობს და ეს არის აგროტურისტული ობიექტების ერთობა, სადაც ყველანაირი ინფორმაცია უნდა გვქონდეს ღვინოზე, ფოლკლორზე, გასტრონომიაზე და ა.შ. სხვა აგროტურისტულ სფეროებზე. პლატფორმა იმავე პრინციპისაა, რაც AIRBNB და BOOKING, მაგრამ ქართულია. ჩვენი პარტნიორია „მასტერქარდი“, სანდოობა და ცნობადობა მაღალია, და კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში.
ძირითადად, ეს არის, რასაც ვაკეთებთ, რათა მეტ მეწარმეს დავეხმაროთ, მეტი ობიექტის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, განსაკუთრებით − პანდემიის პერიოდში. ახლაც დგას და შემდეგში უფრო იქნება აგროტურიზმზე მოთხოვნა. ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ტურიზმი აღარ იქნება მომავალში იმ სახით, რაც აქამდე იყო და დიდი ქალაქებიდან პატარა რეგიონებში გადმოვა, უფრო ეკოლოგიასა და ბუნებასთან სიახლოვეზე იქნება ორიენტირებული, რადგან ადამიანებს რეაბილიტაცია სჭირდებათ. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვისაც.
თქვენ ბოლო პერიოდში კიდევ ერთი პროექტი განახორციელეთ, რომლის საშუალებითაც „კოვიდ“-ინფიცირებულებს ძალიან დაეხმარეთ.
დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც ასევე აღნიშვნის ღირსია − COVIDER.GE რომლის საშუალებით 130 000 „კოვიდ“-ინფიცირებულს ვუმკურნალეთ. ეს საქმე განსხვავდება ჩემი სფეროსგან, მაგრამ როცა ვნახეთ, რომ პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრებლებისთვის რთული იყო, მათ შორის ფერმერებისთვის, სოცქსელში კი არასწორი ინფორმაცია და რჩევები ვრცელდებოდა არაკვალიფიციური ხალხისგან, ბევრი ადამიანის სიცოცხლე სათუო გახდა ამის გამო. შევქმენით პლატფორმა, რომლის საშუალებით უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრი ცნობილი ექიმი დაგვიდგა მხარში, მათ შორის − ბიძინა კულუმბეგოვი, ნანა გეგეჭკორი, ზურა გურული; პაციენტებისთვის ჯანსაღი და სწორი ინფორმაცია გავხადეთ ხელმისაწვდომი და მხოლოდ 20 ადამიანის გადაყვანა მოგვიწია საავადმყოფოში. დანარჩენებმა სახლის პირობებში უმკურნალეს თავს, სწორი რჩევების საფუძველზე.
ეს პროექტები, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვეულებრივი რეჟიმით ამას ალბათ 5-6 წლის განმავლობაში გავაკეთებდი. მომწონს ის, რომ ძალიან სწრაფად გადავერთეთ ახალ რეჟიმზე, ქალები განსაკუთრებით სწრაფად მოვერგეთ.
ნინო, ყოფილა შემთხვევა, როცა დასახული მიზნისკენ მიმავალს ეჭვი შეგპარვიათ ამ მიზანში და საკუთარ შესაძლებლობებში? როგორ მოქცეულხართ ასეთ დროს?
ხშირად მომხდარა. ეს ადამიანის თვისებაა. ეს ეჭვი სოციუმიდან გამომდინარე ჩნდება ხოლმე. შეიძლება დასახული მიზანი გაუზიარო ვინმეს ან პირველი ნაბიჯი გადადგა, და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გეტყვის: იცი, ეს შენი საქმე არ არის, ამ პირობებში არ გამოგივა. ასეთ დროს აუცილებლად გიჩნდება ეჭვი, რომ ნამდვილად შეძლებ? გადალახავ ამ გამოწვევას?
უარი არასდროს მითქვამს იდეაზე, რადგან მარცხი რომც იყოს, ის მაინც ჩემი გამარჯვებაა, მასზე ვსწავლობ და შეცდომას აღარ დავუშვებ. უარს არ ვამბობ, მაგრამ მეტს ვფიქრობ ხოლმე იდეაზე. თანაც, ავტომატურად მიჩნდება შემართება შემგულიანებელი ადამიანის მიმართ, რომ აი, ნახავ, თუ არ გამომივა… ჩემი დევიზი მაქვს: როცა ადამიანებს შენი არ სჯერათ, მაშინ გამოგდის საქმე ყველაზე კარგად. თუმცა კი, ეჭვის შეტანის მომენტები მაქვს ხოლმე.
ხშირად გიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა?
არ მიყვარს კომფორტის ზონაში ყოფნა, რადგან მგონია, რომ ყველაზე ეფექტური კრიზისის დროს ვარ. ამიტომ ჩემს თავს გამოწვევებს ვუსახავ. რაღაცას რომ გავაკეთებ, იქ აღარ უნდა დავრჩე, რადგან საქმე რომ გაკეთდა და აეწყო, უკვე თავის რელსზე მიდის და ჩემი საჭიროება აღარაა. მგონია, რომ როცა გაქვს ახლის შექმნის საშუალება, უნდა გააკეთო. ისეთ რამეებს ვეჭიდები, რომ მუდამ მეუბნებიან, ამას ვერ გააკეთებ, ვერ შეძლებ, ამის დრო არ არის. ჩემი აზრით, ადამიანი მაშინ არის კომფორტში, როცა კომფორტის ზონიდან გამოდის. სხვანაირად უინტერესო იქნება ცხოვრება, თუ ყოველთვის ერთ წრეზე იტრიალებ, მრავალფეროვნებას დაკარგავს. მე მუდმივად გამოვდივარ კომფორტის ზონიდან, ეს ჩემს ბუნებაშიც არის, ალბათ.
როცა ძალიან გიჭირთ, სირთულეების წინაშე აღმოჩნდებით, რა გზას მიმართავთ?
ხშირად მემართება ასე. ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში რაიმეს წინასწარ განჭვრეტა, რადგან არ იცი, მეორე დღეს რა იქნება. დღეს დავალაგებ და ხვალ შეიძლება რაღაც აირიოს, ჩემგან დამოუკიდებლად. როცა რთულ მდგომარეობაში ვვარდები, გადაწყვეტილებას უცბად არ ვიღებ, აუცილებლად ბევრს ვფიქრობ. ასეთ დროს მიყვარს სხვადასხვა ადამიანთა აზრის მოსმენა − ეს შეიძლება იყოს თანამშრომელი, მეგობარი ან სფეროს ექსპერტი. როცა სხვა ადამიანის აზრს ისმენ, შესაძლოა ისეთი ჭეშმარიტება დაიჭირო, რომ შემდეგ მიხვდე − ეს არის ზუსტად ის, რაც გჭირდება, ან ინტუიციურად თავადაც ვარაუდობდი, მაგრამ ბოლომდე ვერ წყვეტდი.
თქვენი აზრით, წარმატება რას მოაქვს?
შეუპოვრობას, მიზანდასახულობას და დროული, სწრაფი რეაგირების უნარებს. წარმატება ფარდობითი ცნებაა: ვიღაცისთვის ფულია წარმატება, ვიღაცისთვის − თვითრეალიზება. ჩემთვის წარმატება თვითრეალიზებაა, ვაკეთო ის, რაც სიკეთეს მოუტანს სხვა ადამიანებს.
ადამიანები რომელი ნიშნით იმსახურებენ თქვენგან დადებით შეფასებას?
ინტელექტს დავასახელებ. რა თქმა უნდა, ბევრი წიგნის წაკითხვას არ ვგულისხმობ, უფრო აზროვნების სისხარტეს. მეორე ნიშანი, ალბათ, საქმის მიმართ დამოკიდებულებაა. ყოველთვის მგონია, როცა ადამიანი საქმისთვის მიძღვნილია, ის კარგია და ცუდის გაკეთება არ შეუძლია. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი თვისება − ძალიან მიყვარს ადამიანები, რომელთაც სოციალური პასუხისმგებლობის მძაფრი განცდა აქვთ და სხვა ადამიანებზე ზრუნავენ. ეს თვისება, ალბათ, უპირველესად უნდა დამესახელებინა. ჩემს პატივისცემას იმსახურებენ არაეგოისტი ადამიანები. ასეთი გახლავთ ჩემი მეგობრები და ეს მთავარი ნიშანია, რის მიხედვითაც ვარჩევ ადამიანებს.
ნინო, თქვენი აზრით, დღევანდელ, 21-ე საუკუნის ქალებს რა სჭირდებათ ყველაზე მეტად?
ფინანსური კაპიტალი სჭირდებათ ყველაზე მეტად. აქვთ ბევრი იდეა, დიდი პოტენციალი და ფინანსური კაპიტალი სჭირდებათ მათ განსახორციელებლად. კარგია, რომ იცვლება ჩვენში ის ტრადიციული მიდგომა, რომელიც სამკვიდროს მამაკაცსა და ქალს შორის მამაკაცის სასიკეთოდ ანაწილებდა. ქალისთვის კი ქმარს უნდა მიეხედა. ეს ჩემს თაობას ეხებოდა ძირითადად.
გარდა ამისა, განათლების საჭიროებაც დგას. ორად შეიძლება გავყოთ ამ შეკითხვაზე პასუხი: არიან ქალები, რომლებიც განათლებულები გახლავან და სჭირდებათ ფინანსური კაპიტალი, რათა იდეები განახორციელონ, ხოლო მეორე ნაწილს შეადგენენ ახალგაზრდა ქალები, რომელთაც კარგი განათლება სჭირდებათ და ასევე, ფინანსები.
ჩემი აზრით, არა ქალებს, არამედ მსოფლიოს სჭირდება, უფრო მეტი ქალი იყოს ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩემი დევიზი, რათა მსოფლიო შევცვალოთ უკეთესობისკენ.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე