მონტესორის საბავშვო ბაღი არის ადგილი, სადაც პროფესიონალები ზრუნავენ იმაზე, რომ პატარებმა ისარგებლონ აღზრდის ტრადიციული მეთოდით და განივითარონ ყველა ის უნარი, რაც საჭიროა მათ ასაკში. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა საბავშვო ბაღის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სანდრო ბოლქვაძეს.
გვიამბეთ მონტესორის საბავშვო ბაღის შესახებ.
მსოფლიოში ასეულობით ბაღია, რომელიც ცნობილი იტალიელი ფსიქოლოგისა და პედაგოგის, მარია მონტესორის სახელს ატარებს და მის მიერ დანერგილი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. მონტესორის აღზრდის მეთოდები იმდენად აპრობირებული და პოპულარულია, რომ მას არა მხოლოდ ევროპის ბაღებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში იყენებენ, არამედ შინაც ბევრი მშობელი თავად ცდილობს შვილი სწორედ ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აღზარდოს. სწორედ ამ მიზეზით, გვსურდა ჩვენი მომავალი თაობისთვის მიგვეცა შესაძლებლობა იმისა, რომ მონტესორის მეთოდოლოგიით მიეღოთ სკოლამდელი განათლება. საქართველოში მონტესორის ბაღი პირველ აპრილს გაიხსნა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, რათა მონტესორის საერთაშორისო ასოციაცია AMI-ს (Association Montessori Internationale) სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ეს პროცესი ითვალისწინებს აღმზრდელთა გადამზადების რამდენიმე ეტაპს და მათ დიპლომირებას AMI ასოციაციაში, ტრენინგებს, გაცვლით პროგრამებს, მონტესორის მეთოდოლოგიისთვის საჭირო დიდაქტიკური მასალის შეძენას და შემდგომ გამოყენებას აღზრდის პროცესში. გახსნის დღიდან, ბაღი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიოში არსებულმა „კოვიდ“-სიტუაციამ. ვინაიდან ჩვენი პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, ბაღში განსაკუთრებულადაა დაცული მსოფლიო ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია: სრულყოფილად ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი; ჯგუფები, სადაც მაქსიმუმ 12 აღსაზრდელი გვყავს, ისე განვალაგეთ, რომ თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი შესასვლელი და გასასვლელი აქვს, რაც ბევრი ბავშვისა და მშობლის თავმოყრას გამორიცხავს. ბაღის ტერიტორია 1700 კვ.მ-ზე მდებარეობს და ჩვენი უზარმაზარი, გამწვანებული ეზო იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გარე აქტივობების დროსაც სხვადასხვა ჯგუფის ბავშვებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ითამაშონ სხვადასხვა ზონაში.
მონტესორის 19 ოქროს რჩევა:
ეს მოკლე რჩევები იმდენად მარტივი და იმავდროულად ბრძნულია, ყველას დააფიქრებს. მონტესორის მცნებების სია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში, ბავშვებთან ურთიერთობასაც ააწყობენ და მათი შვილები უფრო განვითარებულნი და ჰარმონიული პიროვნებები იქნებიან.
- თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ − ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
- თუ ბავშვს ხშირად აქებენ − ის სწავლობს შეფასებას.
- თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო − ის სწავლობს ჩხუბს.
- თუ ბავშვთან მართალნი არიან − ის სწავლობს სამართლიანობას.
- თუ ბავშვს ხშირად დასცინიან − ის მხდალი გაიზრდება.
- თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს − შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
- თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ − ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
- თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს − ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
- თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი − ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
- თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ − ის თავდაჯერებულობას იძენს.
- თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას − ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
- ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რომელიც მათ მოიცავს.
- პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
- არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე − არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
- ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
- ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
- მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
- დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდითა და სიყვარულით.
- ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები − მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.
გვესაუბრეთ ბაღის აღმზრდელების შესახებ.
აღმზრდელების შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, მათი კვალიფიკაცია და გამოცდილება იყო მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია ისიც, რომ აღმზრდელები სრულად გადიან ვაქცინაციის პროცესს, რაც მათ ურთიერთობას აღსაზრდელებთან კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის. უახლოეს მომავალში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეული მათგანი გაივლის მონტესორის საერთაშორისო ასოციაციის აკადემიის გადამზადების რამდენიმეეტაპიან პროცესს. გარდა იმისა, რომ ჩვენი აღმზრდელები არიან გულისხმიერები, ყურადღებიანები და პროფესიონალები, ქართულთან ერთად, ფლობენ რუსულ და ინგლისურ ენებს. შესაბამისად, საკმაოდ ბევრი არაქართველი აღსაზრდელი გვყავს ბაღში, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ.
ყოველწლიურად რამდენ აღსაზრდელს მასპინძლობს ბაღი?
ჯერ სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაღი გახსნილია. ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პროცესი. ბაღის შენობა 4-სართულიანია, რაც საშუალებას გვაძლევს წელიწადში 200 აღსაზრდელი მივიღოთ. პირველი ფლიგელის ქვედა სართულზე კი სულ მალე დახურული საცურაო კომპლექსის გახსნა იგეგმება.
გვესაუბრეთ ბაღში რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით.
რეგისტრაციისთვის საჭიროა მშობელმა ჩვენს fb-გვერდზე მითითებული ონლაინაპლიკაცია შეავსოს, ან მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდეს. ამის შემდეგ მშობელს პირადად აღმასრულებელი დირექტორი უნიშნავს მოკლე საინფორმაციო ტურს ბაღის ტერიტორიაზე − აცნობს ჩვენს შიდა განაწესს, ათვალიერებინებს ეზოს, სასწავლო და სათამაშო ზონებს, ჯგუფებს, საძინებლებს, სამზარეულოს, და ყველა დეტალის შესახებ დაწვრილებით უყვება.
მთავარი ნიშა, რომელიც მონტესორის ბაღს გამოარჩევს.
ჩვენი განსხვავებულობა, უპირველეს ყოვლისა, მარია მონტესორის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული, შემდეგ კი მშობლისა და შვილის მაქსიმალურ კომფორტზე. ბაღი მუშაობს 9-დან 19 საათამდე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მშობელს უკვე 9 საათზე ეწყება სამსახური ან საღამოს 7-ზე ასრულებს, ვცდილობთ მასზე მორგებული გრაფიკი შევთავაზოთ. სწორედ მშობელთა მოთხოვნიდან გამომდინარე ვაპირებთ დავამატოთ შაბათ-კვირის ჯგუფები, ტრანსპორტირება. გვქონია შემთხვევა, როდესაც ბავშვს ამა თუ იმ პროდუქტზე, მაგალითად რძეზე აქვს ალერგია. ასეთ დროს მისთვის ინდივიდუალური მენიუ გვაქვს შედგენილი. აღსანიშნავია ჩვენი სამზარეულოც − მზარეულები, გარდა იმისა, რომ უგემრიელესად ამზადებენ, პურფუნთუშეულს თავად აცხობენ პატარებისთვის.
ბაღის საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი – საირმის ქუჩა 59.
Fb: MontessorikindergartenGeorgia
574 77 00 88
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი