ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ Monge Georgia-ს – მაღალი ხარისხის საკვებს ძაღლებისა და კატებისთვის. იტალიური მწარმოებელი Monge 60 წელია თქვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობაზე ზრუნავს. მისი მიზანი თქვენი შინაური ცხოველების სწორი კვების უზრუნველყოფაა.
„მონჯეს“ ძაღლებისა და კატების საკვებში გამოყენებული ინგრედიენტებიდან მნიშვნელოვანია ახალი ნედლი ხორცი, სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა ბრენდის პროდუქციისგან. წარმოების პროცესში პროდუქციის დამუშავება მიმდინარეობს ე.წ. არა უხეში გადამუშავების ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ საკვებიდან თავიდანვე გამოირიცხება გენმოდიფიცირებული დანამატები, ფერისა და არომატების მიმცემი ნივთიერებები.
Monge-ს ქარხანა იტალიის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში, კუენოში, ქალაქ სავილიანოში მდებარეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა ევროპაში და მთლიანად ეკომეგობრული ტექნოლოგითაა აღჭურვილი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ მოხმარებული ენერგიის 80%-ზე მეტს თვითონვე, მზის ენერგიის მეშვეობით გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელი MONGE არის გვარი, რომელიც ბრენდის ყველა პროდუქტს აწერია, აღნიშნული სახელი კი ხარისხის სიმბოლოდ იქცა. გარდა ამისა, ასევე, კომპანიის ლოგოზე დატანილია 5 ვარსკვლავი, რაც ნიშნავს მის 5 უპირატესობას: პირველი ვარსკვლავი ნიშნავს, რომ კომპანია ცხოველების საკვების წარმოების ბაზარზე იმყოფება 50 წელზე მეტ ხანს; მეორე – საკვებში შემავალი ინგრედიენტი No 1 გახლავთ ახალი ნედლი ხორცი; მესამე – საკვები არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს; მეოთხე – საკვები შექმნილია თითოეული შინაური ცხოველის ინდივიდუალური განსაკუთრებულობის გათვალისწინებით და მეხუთე – კომპანია საკვების წარმოების პროცესში იცავს ევროკავშირის უმაღლესი ხარისხის მოთხოვნების ყველა ნორმას. ასევე, „მონჯე“ არაერთხელ გამხდარა Quality Award ხარისხის ჯილდოს მფლობელი, რომელსაც მას უშუალოდ იტალიელი მომხმარებელი ანიჭებს.
„მონჯეს“ პროდუქციის ხაზი ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოში: Monge Natural Superpremium, Monge Vetsolution, Monge Gemon, Monge BWild, Monge Simba, Monge Excellence, Monge LeChat Natural. სულ ახლახან დაემატა Monge gift ხაზი, სრულიად ექსკლუზიური და უკონკურენტო ფუნქციური დანიშნულების სნექები ძაღლებისა და კატებისთვის. ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად კომპანია „ზოოსტანდარტი“ წარმოადგენს.
კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებაზე ყველა მსურველი ზოომაღაზიისა თუ ვეტერინარული კლინიკისთვის. „ზოოსტანდარტი“ ქართულ ბაზარზე მრავალფეროვანი პროდუქციითა წარმოდგენილი – Monge, Bellota, Mealberry, Collar, Farm Company, M-Pets და სხვ. არა მხოლოდ ძაღლებისა და კატების საკვები და მათი აქსესუარები, ასევე, ჩიტებისა და შინაური მღრღნელების საკვებითაც. როგორც „ზოოსტანდარტში“ აღნიშნავენ, მათი მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს დიდი არჩევანი და მათ ოთხფეხა მეგობრებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შესთავაზონ.
ოთო ნემსაძე და ლილუ
ლილუ არის მალტეზე, ოთხი წლისაა და სწორედ ოთხი წელია ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. შინაური ცხოველის ყოლა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან მას სჭირდება გასეირნება, მოვლა, გასუფთავება და სწავლა. როგორც ჩვენ, ისე მასაც სჭირდება, რომ ასწავლო, რათა იყოს დამჯერი და ჭკვიანი.
ლილუ რომ არ ყოფილიყო ჩვენი ოჯახის წევრი, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდებოდა. ის არის ძალიან საყვარელი, ჭკვიანი და ადამიანებთან მეგობრული. ყეფს იმ შემთხვევაში, თუ პირველად ხედავს ადამიანს, უნდა მისი ყურადღება მიიქციოს და მოეფერონ. არ უყვარს სხვა ცხოველები, ვფიქრობ, ეჭვიანობს მათზე, ალბათ, არ უნდა სხვა ცხოველიც მოვიყვანო სახლში. მეტსახელიც აქვს – მფრინავი ლილუ, რადგან ძალიან მაღლა შეუძლია ახტომა. ჩვენს ლილუს უყვარს ადამიანები და არ უყვარს ცხოველები.
მალტეზე – დეკორატიული ძაღლის ჯიში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას მოითხოვს. გამოირჩევიან მხიარული, მაგრამ ამავდროულად არისტოკრატული ქცევით. ბევრ მათგანს ახასიათებთ ალერგია ცრემლდენის სახით და გენეტიკიდან გამომდინარე უნდა შევურჩიოთ Mini ჯიშებისთვის განკუთვნილი გარკვეული მონოპროტეინის დაბალი ალერგიულობის მქონე საკვები, რომელიც ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში არის სხვადასხვა. Monge Natural Superpremium Monoprotein ხაზი წარმოდგენილია ასეთი მრავალფეროვნებით და შესაძლებელია იქნას შერჩეული.
ნინუცა მაყაშვილი და ალფა
ბავშვობაში მე და რუსკას გვყავდა პატარა ძაღლი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრი იყო, ჩვენთან ერთად იზრდებოდა და, რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარდა.
ჩემი ალფა კი, უკვე ზრდასრული ვიყავი, როცა სახლში მოვიყვანე იმისთვის, რომ ყოფილიყო ჩემი მეგობარი და არა იმიტომ, რომ, უბრალოდ, ძაღლი მყოლოდა. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს გაუაზრებლად მოჰყავთ ძაღლი რამდენიმე თვით. თავიდან მოსწონთ და მერე უკვე, როცა პრობლემას აწყდებიან, უარს ამბობენ ოთხფეხა მეგობარზე. სწორედ ამიტომაც, სანამ ძაღლს აიყვან, ბოლომდე გააზრებული უნდა გქონდეს, რომ შინაური ცხოველის ყოლა ძალიან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანს, ვინც სამსახურში დიდ დროს ატარებს, ან ფინანსურად მყარად ვერ დგას, ან თავისუფალი დრო არ აქვს, ვურჩევდი, შინაური ცხოველი არ აიყვანოს, რადგან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ენერგიას, დროსა და ფინანსებს მოითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან მიყვარს ცხოველები, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად მზად ვიყავი ამ პასუხისმგებლობისთვის.
ძალიან სასიამოვნოა ალფასთან გატარებული დრო. დილაობით ერთად დავრბივართ იპოდრომზე და ერთად ვთამაშობთ. ამასთანავე, ვაქცევ ყურადღებას, რომ რამე არ შეჭამოს, როგორც პატარა ბავშვს, ისე სჭირდება ყურადღება და ენერგია. აუცილებელია თავის დროზე აცრა, დაბანვა, სპეციალური საჭმლის შერჩევა და სხვ. მე პირადად ზუსტად ვიცოდი, რაც მელოდა და ამისთვის მზად ვიყავი.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ოთხფეხა მეგობარი ძალიან გვცვლის. ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და ჩვენ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი რამ, რაც მათ ჩვენგან სჭირდებათ, არის სიყვარული.
არგენტინული დოგი – პირველი და ერთადერთი ოფიციალურად აღიარებული მონადირე ძაღლის ჯიში, რომელიც გამოიყვანეს არგენტინაში. მას ასევე მოიხსენიებენ არგენტინულ მასტიფებად ან/და დოგო არგენტინელებს უწოდებენ. არგენტინელები გამოირჩევიან სიძლიერითა და გამძლეობით. მათი კვება უნდა იყოს სრულფასოვანი, სრულრაციონიანი და საკმაოდ კალორიული. Monge Natural Superpremium Monoprotein Maxi და All Breed ხაზის საკვები სრულად აკმაყოფილებს.
სალომე ბაკურაძე და დიბი
ჩემი ძაღლის ჯიში არის ჯეკ რასელ ტერიერი. ფილმ „ნიღაბში“ ჯიმ ქერის როლის შემსრულებელს სწორედ ეს ჯიში ჰყავს და ამიტომ ყველა მაილოს ეძახის, თუმცა ჩემს ძაღლს დიბი ჰქვია. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ჩემმა მეუღლემ მოიყვანა სახლში და დღეს ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია.
ძალიან, ძალიან მხიარულია, ერთგული და იმდენად დიდი შეგნება აქვს, როგორც ადამიანს. დაკვირვებული ვარ, როცა ვერ ვარ განწყობაზე ან რაიმე პრობლემაა, ამ დროს იცის, თუ როგორ მოგიდგეს და მოგეფეროს. დიბი ძალზე ენერგიულია, მხიარული და ძალიან უყვარს თამაში, განსაკუთრებით ჩემს შვილთან, მათი ერთად ყურება სასიამოვნოა და, ზოგადად, მათი ურთიერთობა კიდევ ცალკე თემაა.
რა თქმა უნდა, შინაური ცხოველის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. თავიდანვე მქონდა გააზრებული, რომ მას სხვა რეჟიმი და დიდი დრო სჭირდებოდა. ამ კუთხით ჩემს მეუღლეს პატრონაჟი სრულიად აქვს აღებული, ვგულისხმობ ექიმთან ვიზიტს, დროულ აცრას და სხვ. მიუხედავად ამისა, დიბის განსაკუთრებულად ვუყვარვარ, შეიძლება ითქვას, ხანდახან ჩემ მიმართ უფრო მეტადაც კი გამოხატავს სითბოს, ლაშას ამაზე ცოტა ნერვებიც ეშლება. ჩვენი ოჯახისათვის დიბისთან გატარებული ყოველი წუთი ძალიან დიდი ბედნიერებაა.
ჯეკ რასელ ტერიერი – განეკუთვნება ე.წ. Mini ჯიშებს – არა უმეტეს 10 კილოგრამი, გახლავთ საკმაოდ აქტიური და მათ ხშირად ახასიათებთ ბეწვის თავისებურება, სასურველია საკვები იყოს სრულფასოვანი და სრულრაციონიანი, რაც მონჯეს Monge Natural Superpremium Monoprotein Mini ჯიშებისთვის ხაზი სრულიად აკმაყოფილებს. მის შემადგენლობაში ნედლი ახალი ხორცი გახლავთ ნომერი პირველი ინგრედიენტი, რაც მეტყველებს მის უმეტეს ოდენობას.
მარიშკა ჯავახაძე და რაფალ ნადალ ჯავახაძე ადამია
ჩემი ძაღლის სრული სახელია – რაფალ ნადალ ჯავახაძე ადამია. პეკინესის ჯიშია და სამი კვირის იყო, როცა სახლში მოვიყვანე. 12 წელია მყავს, ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. მთელ დღეს ვატარებთ ერთად, ვცდილობ სახლში მარტო არ დავტოვო და თან თითქმის ყველგან დამყავს. ვფიქრობ, არის ძალიან საყვარელი, ხალისიანი და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ასევე, არის მამაცი, რატომღაც ჰგონია, რომ ყველას და ყველაფერს მოერევა და არაფრის შიში არ აქვს.
მინდა აღვნიშნო, რომ შინაური ცხოველის ყოლა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უტოლდება ისეთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, როგორიცაა ბავშვის გაზრდა, განსაკუთრებულად დასაწყისში, ლეკვობის პერიოდში, როცა ღამე ტირიან, სჭირდებათ დღეში რამდენიმეჯერ ჭამა, პატარა ბავშვივით ვერ გაგებინებენ, რა უნდათ ან რა აწუხებთ. ჩემი აზრით, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჩვენგან დიდი ყურადღება სჭირდებათ.
პეკინესი – განეკუთვნებიან ე.წ. ერთ-ერთ ყველაზე პატარა ჯიშის წარმომადგენელთ. 2000 წელზე მეტი ხნის წინ ჩინეთში ამ ჯიშის ძაღლები წმინდად ითვლებოდნენ და იმპერატორის სასახლეში ცხოვრობდნენ. ისინი ადვილად ეგუებიან პატრონს და კარგად ეწყობიან სხვა შინაურ ცხოველებს. ხშირად ვერ ამყარებენ „მშვიდობას“ მცირეწლოვან ბავშვებთან და მათი ეს „მტრობა“ შეიძლება გამოვლინდეს მათ მიერ უხეში, არაცერემონიული მოპყრობისას და შემთხვევითი დარტყმის გამო, რასაც ხანდახან ბავშვები ავლენენ მათ მიმართ. საკვები სასურველია მიიღონ Mini ჯიშისთვის განკუთვნილი ძაღლებისთვის.
ნათია პერანიძე და მაქსი
სამი წლის წინ ჩვენს ოჯახს შეემატა უსაყვარლესი ოთხფეხა მეგობარი – მაქსი, რომელიც არის ტაქსას მეტისი. სანამ მაქსას მოვიყვანდი, მანამდე სახლში უკვე მყავდა ძაღლი, მაგრამ კიდევ მინდოდა მყოლოდა, თუმცა ვფიქრობდი, როგორ იგუებდა ჩემი ძაღლი ახალ ოჯახის წევრს, იეჭვიანებდა თუ არა და სხვ. სწორედ ამ მიზეზით თავს ვიკავებდი. ერთ დღესაც სოცქსელში აღმოვაჩინე მაქსის ფოტო, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა გადაზიარებული. მაქსის ისტორია ასეთი იყო – ვიღაცამ დაინახა, ქუჩაში როგორ ჩამოსვეს და გზაზე დატოვეს. როცა დავინახე მაქსის ფოტო, მივხვდი, რომ სახლში უნდა მომეყვანა, რადგან ძალიან სევდიანი თვალები ჰქონდა, იყო ძალიან სუსტად და მისი სახე სულ თვალწინ მედგა. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვარკვევდი, როგორ მომეძებნა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ეთუნა კაპანაძეს და ლაკო ბუკიას, ადამიანებს, რომლებმაც მიტოვებული მაქსი შეიფარეს, მოუარეს და შემდეგ მე მომიყვანეს სახლში. ყველაზე დიდი საჩუქარი და ბედნიერება იყო, მაქსა რომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
მაქსას აქვს ძალიან კარგი ხასიათი, ადამიანების მიმართ მეგობრულია და კეთილგანწყობილი. სრულიად ვეთანხმები იმ გამოთქმას, რომ ძაღლს საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ, ნამდვილად ასეა და მე ამას ყოველ წუთს ვგრძნობ. ანალოგიურად, მაქსა ძალიან, ძალიან მიყვარს.
დაქსჰუნდის (ტაქსა) მეტისი – ეს კეთილშობილი გერმანული ჯიშის ძაღლები გახლავთ სამი სტანდარტის – ჯუჯა 3,5 კგ, მინიატიურული 5კგ და სტანდარტული 9 კგ-მდე, მათ აქვთ საკმაოდ განვითარებული ყბა და კბილები. შეუძლიათ მიირთვან როგორც Monge Natural Superpremium Monoprotein Mini ასევე All Breeds ძაღლებისთვის განკუთვნილი ზომის საკვები. მათი ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ძვალსახსროვან სისტემას და ხერხემალს.
ტექსტი: სოფიო მალანია