„ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებაა ის მთავარი ნიშა, რაც გამოგვარჩევს“, – თვლის საპროექტო-სამშენებლო კომპანია Roi B Group-ის დამფუძნებელი და დირექტორი, როინ ბერიძე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 4 წელია მოღვაწეობს ბაზარზე, მათ შეძლეს კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემების დაძლევა და იმ მთავარი ღირებულებების შენარჩუნება, რამაც არაერთი წარმატება და, რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოების ნდობა მოუტანა. რა მიზნები აქვს კომპანიას სამომავლოდ, როგორია როინ ბერიძის თავისუფალი დრო და რა მიაჩნია მის ძლიერ მხარედ –
წაიკითხეთ „OK! ბათუმის“ ინტერვიუში.
რა გზა გამოიარა „როი ბ ჯგუფმა“ დაარსებიდან დღემდე და რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ მიღწევად?
კომპანია „როი ბ ჯგუფი“ 2020 წელს დავაარსე. კომპანიამ დღემდე რთული და მნიშვნელოვანი გზა გამოიარა, რადგან როცა კომპანია გავხსენი, კოვიდპანდემია რამდენიმე თვის დაწყებული გახლდათ, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, ჩაკეტილი იყო ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესსაქმიანობა. მიუხედავად ამ რთული პერიოდისა და უამრავი გამოწვევისა, კომპანიამ შეძლო წარემართა ოპტიმალური საკადრო პოლიტიკა და უზრუნველყო შესაბამისი სახელფასო ანაზღაურება, რაც წარმატებით იქნა გადალახული. ახალდაარსებული კომპანიისთვის რთულია საკულტო პროექტების შექმნა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მოახერხა, რომ თითოეული პროექტი თავის არეალში განსაკუთრებული და გამორჩეული ყოფილიყო, ასეთია მაგალითად: GEUZ-ი, Green Towers-ი, Green Gardens-ი და მრავალი სხვა. ამ არქიტექტურული პროექტების განხორციელება ჩვენთვის დიდი წარმატება იყო. ასევე, კომპანიის ერთ-ერთი მიღწევაა ისეთი სტრუქტურის დანერგვა კერძო სექტორში, როგორიც ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება და მრავალი სერვისით ერთ სივრცეში სარგებლობაა.
არქიტექტურულ-სამშენებლო ბაზარზე არსებული კონკურენციის ფონზე, კომპანია თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს. როგორია წარმატების თქვენეული ფორმულა?
არქიტექტურულ-სამშენებლო ბაზარზე კონკურენციის გაწევა სხვა კომპანიებისთვის საკმაოდ რთულია. ამისთვის, უპირველესად, საჭიროა გყავდეს ძლიერი, გამოცდილი და ენთუზიაზმით სავსე გუნდი. ამავდროულად, გქონდეს ისეთი სერვისები, რაც გამოგარჩევს სხვა კომპანიებისგან. სწორედ ის განსხვავებული ნიშა, რომელიც გამოგვარჩევს სხვებისგან, ერთ სივრცეში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებაა. მიმაჩნია, „როი ბ ჯგუფის“ წარმატების ფორმულა სწორედ ის ყოველივეა, რაც ზემოთ აღვნიშნე. გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად, დღეისთვის ბაზარზე ღირსეული ადგილი დავიმკვიდრეთ, ხოლო სერვისების მეშვეობით ერთ-ერთი რჩეული კომპანია ვართ არქიტექტურულ-სამშენებლო სექტორში.
უფრო დეტალურად გვესაუბრეთ კომპანიის მრავალფეროვან სერვისებსა და მათ განსაკუთრებულობაზე…
ჩვენი სერვისები სპეციფიკური და ნაკლებად ცნობილი დარგია/სფეროა ბაზარზე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი კერძო სექტორისათვის. ამ ეტაპზე ძირითადად საჯარო სექტორებში თუ შეხვდებით ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებას. მომხმარებელი ჩვენზე არჩევანის გაკეთებით, პირველ რიგში, ირჩევს კომფორტს, რადგან მას შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს ამდენი სერვისი ერთად და ამასთანავე, დაზოგოს დრო და სწორად გაანაწილოს ფინანსები. ჩვენს სერვისებში გაერთიანებულია ექვსი ძირითადი მომსახურება: საინვესტიციო მიწის ნაკვეთის შერჩევა, პროექტირება/დიზაინი, პროექტის ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზი, ნებართვის მოპოვება მუნიციპალურ ორგანოებში, მშენებლობა და დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელშიც გაერთიანებულია სხვა ერთეული მომსახურება, რათა მომხმარებელმა საბოლოოდ სრულყოფილად შეძლოს ძირითადი სერვისებით სარგებლობა.
რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ, იდეა აქციოთ რეალობად, იყოთ ლიდერი და, რაც მთავარია, გქონდეთ საზოგადოების ნდობა?
იმისთვის, რომ იდეა რეალობად იქცეს ან/და საზოგადოების ნდობა მოიპოვო, უამრავი ძლიერი მხარეა საჭირო. ლიდერი ადამიანი დადებითი თვისებებით უნდა იყოს აღჭურვილი, ის უნდა იყოს პუნქტუალური და გააჩნდეს შემოქმედებითი აზროვნება. ჩემი, როგორც „როი ბ ჯგუფის“ კომპანიის დირექტორისა და კომპანიის ლიდერის, ძლიერ მხარედ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა მიმაჩნია და მიხარია, რომ ეს თვისება ჩემი გუნდის თითოეულ წევრს გააჩნია.
„როი ბ ჯგუფი“ გამოირჩევა ინოვაციური არქიტექტურითა და მშენებლობით, დიდ ყურადღებას აქცევთ თანამედროვე ტენდენციებს. ამ კუთხით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
ჩვენი არქიტექტურული პროექტები გამოირჩევა არა მხოლოდ ინოვაციური მიდგომებით, არამედ სხვა კრიტერიუმებითაც, რომლითაც ფასდება არქიტექტურული პროექტი. შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობა, შენობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და, რაც ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია, ისაა, რომ ჩვენი არქიტექტურული პროექტები ადაპტირებულია ადგილობრივ გარემოსთან და ხაზს უსვამს კონკრეტული არეალის გეოგრაფიას. დამეთანხმებით, რომ ყველა გეოგრაფიული ადგილი თავისი უნიკალურობით გამოირჩევა, ჩვენი კომპანია კი ცდილობს, რომ შენობა-ნაგებობაში იგრძნობოდეს არეალის თვისებები. სამომავლოდ შევეცდებით გავაუმჯობესოთ შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობა და ახალი ტენდენციები სხვადასხვა ქალაქში დავნერგოთ.
რა გზა, ეტაპები უნდა გაიაროს მომხმარებელმა თქვენს კომპანიასთან ურთიერთობის დასაწყისში?
მომხმარებელი, რომელიც ჩვენს კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას, ძალიან მარტივ პროცედურას გადის. პირველ რიგში, კონსულტაციას გადის სერვისების გაყიდვების მენეჯერთან, თუ რომელი სერვისებით უნდა სარგებლობა, რა არის მისი ინტერესის სფერო და აწვდის მას ყველანაირ ინფორმაციას, ეს იქნება საინვესტიციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, პირადი მონაცემები თუ სხვა. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემა იურიდულ, არქიტექტურულ და სამშენებლო დეპარტამენტებს, ხდება მათი დამუშავება და ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას ყველა შესრულებულ თუ შესასრულებელ სამუშაოზე. თანამშრომლობის პერიოდში ვცდილობთ ყველანაირად ხელი შევუწყოთ და დავაკმაყოფილოთ დამკვეთის მოთხოვნები, რათა ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს ხანგრძლივი ვადით და ვიყოთ ბაზარზე მათი რჩეული კომპანია.
როგორია თქვენი წილი ბათუმი და ამ ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს რომელი ადგილების დათვალიერებას შესთავაზებდით, რათა მათ ზუსტად შეიგრძნონ აჭარა?
საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბათუმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია თავისი უამრავი შესაძლებლობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ბუნებით. მრავალი ფავორიტი ადგილი მაქვს ქალაქ ბათუმში, მათ შორისაა ბოტანიკური ბაღი, მწვანე კონცხი და გონიო-აფსაროსის ციხე. ეს ადგილები გამოირჩევა თავისი სილამაზითა და სიმწვანით, საიდანაც იშლება მთისა და ზღვის ულამაზესი პეიზაჟები, რაც აჭარის ყველაზე დიდი სილამაზეა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ამ არეალში საცხოვრებელ თუ კომერციულ ზონებში, დაპროექტებული და აშენებული გვაქვს ბუნებრივ არეალსა და ეკოლოგიასთან შერწყმული შენობა-ნაგებობი, როგორებიცაა სასტუმრო კომპლექსი „გრინ ლაინი“ და ვილების კომპლექსი „ვილა კოლხეთი“.
ჰობი… განტვირთვის დრო…
ამ სფეროში ყოფნა საკმაოდ დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, რადგან თუ გვინდა, რომ წარმატებული ვიყოთ, ყურადღების მოდუნების უფლება არცერთი წუთით არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, დასვენებისთვის დრო ნაკლებად მაქვს. მიუხედავად ამისა, ვცდილობ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად ყოველთვის ტონუსში ვიყო, ამიტომ, სამსახურისა და დამღლელი დღის შემდეგ, საკმაოდ დიდ დროს სავარჯიშო დარბაზში ვატარებ. ამის გარდა, დაკავებული ვარ სხვადასხვა სახის ქველმოქმედებითა და ისეთი ახალგაზრდების დაფინანსებით, რომლებიც სპორტითა და განვითარებით არიან დაკავებული. ბოლოს კი, ჩემი დროის ყველაზე მნიშვნელოვან წუთებს, ჩემს ოჯახთან, შვილებსა და ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვატარებ, რომლებიც ჩემი მოტივაციის ყველაზე დიდი წყაროა.
ისევ თქვენს ბიზნესს რომ დავუბრუნდეთ, რას ნიშნავს თქვენთვის „როი ბ ჯგუფი“ და როგორ წარმოგიდგენიათ ის წლების შემდეგ?
„როი ბ ჯგუფი“ ჩემთვის არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს კომპანია ჩემთვის სანდო თანამშრომლობას დამკვეთებთან, კეთილსინდისიერად შესრულებულ პასუხისმგებლობებსა და საუკეთესო გუნდს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, რომ „როი ბ ჯგუფი“ მიაღწევს თავის დასახულ მიზნებს და თავის ინოვაციურ სიტყვას შეიტანს არქიტექტურულ თუ სამშენებლო სფეროში. როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში აღვნიშნე, „როი ბ ჯგუფის“ მიზანია ლოკალურ არეალზე მორგებული, ლოკალურ ტრადიციებზე დაფუძნებული და თანამედროვე სტილის შენობა-ნაგებობების არსებობა საქართველოს ყველა კუთხეში. მჯერა, რომ „როი ბ ჯგუფი“ ამ დასახულ მიზანს მაიღწევს და ჩვენ მიერ დაპროექტებული შენობა-ნაგებობები იქნება საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რაიონში.
ფოტო : ირაკლი გოგუა