„დაბრკოლებებშიც ძალიან ბევრია დადებითი − წარმატებისკენ სწრაფვას კიდევ უფრო ამძაფრებს“, − გვიყვება პროფესიით იურისტი, 25 წლის მომღერალი ნათია ბიბილაშვილი. რუბრიკა „პორტრეტი“ ამ ადამიანს კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო…
თბილისში, საოცრად მზრუნველ და მეგობრულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური ბავშვობა მქონდა. ჩემი მშობლები ყველა პირობას მიქმნიდნენ იმისათვის, რომ თავი მუდამ ბედნიერად მეგრძნო, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ამ კუთხით ახლა რაიმე შეიცვალა. პროფესიით იურისტი ვარ. „კავკასიის უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლა დავამთავრე. გულახდილად რომ ვთქვა, ძალიან მომწონს ეს პროფესიაც, მაგრამ თავს ყველაზე კომფორტულად და სრულფასოვნად სცენაზე ვგრძნობ. ალბათ ამიტომ გესაუბრებით დღეს, როგორც მომღერალი.
როდის გაჩნდა სიმღერა თქვენს ცხოვრებაში?
ჩემს ოჯახში თითქმის ყველა უკრავს და მღერის. არ დავაყოვნე და სიმღერა ჩემს ცხოვრებაშიც ძალიან ადრე გაჩნდა. ჩემში სიმღერის ნიჭი პირველად დედამ აღმოაჩინა. როგორც ამბობს, საღამოობით სარკის წინ მიკროფონით ხელში ვმღეროდი და როდესაც შინ სტუმრები მოდიოდნენ, კონცერტებს ვუწყობდი. ყველაზე სახალისო ის არის, რომ საკუთარ თავს თავად ვაცხადებდი, როგორც „მღერალ“ ნათიას. დედამ გადაწყვიტა, ჩემი ნიჭის გასავითარებლად ერთ-ერთ სტუდიაში მივეყვანე. აქედან დაიწყო ჩემი და მუსიკის ურთიერთობა. პირველად 4 წლის ვიყავი, როდესაც დიდ სცენაზე ვიმღერე, ეს იყო Edelweiss – ფილმ-მიუზიკლიდან „მუსიკის ჰანგები“. დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს ეს სიმღერა, ალბათ იმიტომ, რომ სცენა შემაყვარა.
რომელი ეტაპების გავლა მოგიწიათ დღემდე?
საკმაოდ დიდი გზა და თავგადასავლებით სავსე ეტაპები გავიარე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მუდამ პროფესიონალი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი და ეს ჩემს განვითარებაზე, გემოვნების ჩამოყალიბებასა და წარმატებაზე ძალიან კარგად აისახებოდა. 9-10 წლის ასაკიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში ნატო მეტონიძის სტუდიაში დავდიოდი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ, ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია. ამის შემდეგ, კარიერული ზრდა ქალბატონ ნანა დაუშვილთან გავაგრძელე. მუდმივად გვქონდა უამრავი კონცერტი და ძალიან ბევრს ვმუშაობდით. ამ ადამიანთან მუშაობამ შესანიშნავი გამოცდილება და სიყვარული მომცა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
პანდემიის პერიოდში, როდესაც სცენასთან შეხება დროებით აღარ მქონდა, საკუთარ თავზე მუშაობა რომ არ შემეწყვიტა, მსოფლიოში ცნობილი ქოუჩის − შერილ პორტერის სპეციალური პროგრამით ვოკალის გაკვეთილები დისტანციურად მქონდა, რამაც პანდემიის რთული პერიოდი გადამატანინა.
ვფიქრობ, ჩემს კარიერულ წინსვლაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ბოლო პერიოდმა. უნიჭიერეს კომპოზიტორთან და მუსიკოსთან, ნატო თოთიბაძესთან ერთად ბენდის შექმნასა და ვოკალზე ვმუშაობდი. მისი დახმარებით, როგორც შემსრულებელი, ძალიან გავიზარდე. ჩემი აზრით, ყველა ეტაპს თავისი დანიშნულება ჰქონდა და აქვს. დღევანდელი რეალობით კი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.
თქვენი სახელი და გვარი საქართველოში არცერთ მუსიკალურ კონკურსში არ გაჟღერებულა. რატომ?
დიახ, მონაწილეობა ჯერჯერობით არცერთ სატელევიზიო კონკურსში მიმიღია. ამის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ყველა ადამიანის წარმატებისკენ მიმავალი გზა ინდივიდუალურია. ამის მიუხედავად, 2 წლის წინ ესპანეთში, კოსტა ბრავაზე ვიმყოფებოდი, სადაც მუსიკალურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ოქროს პრიზი მოვიპოვე. ჩემთვის სხვა საერთაშორისო კონკურსებიც ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა. რაც შეეხება მუსიკალურ პროექტს, ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის და ერთ დღეს შეიძლება მეც ვიყო რომელიღაც პროექტის მონაწილე.
წარმატებისკენ მიმავალი გზა დაბრკოლებების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია…
ნამდვილად ასეა, თუმცა ვფიქრობ დაბრკოლებებშიც ძალიან ბევრია დადებითი − წარმატებისკენ სწრაფვას კიდევ უფრო ამძაფრებს. ყველაზე რთული პერიოდი 2020 წელი აღმოჩნდა. წლის დასაწყისში ვენაში გასამგზავრებლად, ფაქტობრივად, მზად ვიყავი, გამოცდებს მუსიკალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი, თუმცა „კოვიდ“-პანდემიის გამო ჩემი გეგმები ჩაიშალა, რამაც ჩემში ძალიან დიდი სტრესი გამოიწვია. ეს პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულედ მახსენდება. ამის მიუხედავად, წარმატებისკენ სვლა არ შემიწყვეტია და გადავწყვიტე, სანამ საქართველოში ვიქნებოდი, ქავერ-ბენდი შემექმნა. არაჩვეულებრივი მუსიკოსებისა და ადამიანების დახმარებით ჩამოვაყალიბე ქავერ-ბენდი The Funkknot Band, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა.
ამ ეტაპზე რა როლს თამაშობს მუსიკა თქვენს ყოველდღიურობაში?
ამ ეტაპზე მუსიკას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყოველი დღე იწყება და მთავრდება მუსიკით. ვმუშაობ საავტორო მუსიკასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, მუდამ ვცდილობ მცირე დეტალებიც არ გამომრჩეს და ჩემი შრომის შედეგი დავინახო. ხშირად მიფიქრია, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე, და მხოლოდ სიცარიელეს ვხედავ. მუსიკა ჩემს ყოველდღიურ ემოციებთანაც მჭიდრო კავშირშია, ყველაფერს მასთან ვაკავშირებ. არ აქვს მნიშვნელობა, მიხარია, მწყინს თუ განვიცდი − ნებისმიერ ემოციას მუსიკასთან მივყავარ.
დღეს ვინ არიან ის ადამიანები, ვისგანაც დიდ მხარდაჭერას გრძნობთ?
ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩემი ოჯახის წევრები არიან. ასევე, უახლოესი მეგობრები, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრებად მივიჩნევ. ძალიან ბევრს ნიშნავს გვერდით გყავდეს ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად იზიარებენ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც.
ამ ხნის განმავლობაში რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
სიმართლე გითხრათ, ნებისმიერი ნაბიჯი და მიღწევა, რაც ჩემი დაუღალავი შრომის შედეგია, ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. თუმცა მაინც 2022 წელს გამოვყოფდი, რომელიც უამრავი სირთულითა და დაბრკოლებებით იყო სავსე, მაგრამ ორმაგად ბევრი წარმატებაც მხვდა წილად. გაზაფხულზე მალტაზე ვიმყოფებოდი, სადაც GCC Malta-ს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან ივენთში ჩავერთე. ღონისძიება სასტუმრო Intercontinental Malta-ში გაიმართა. სულ ცოტა ხნის წინ კი, ჩემი პირველი სინგლი − Within My Heart გამოვუშვი, რომელიც სტუდია „ბრავო რეკორდსში“ ჩავწერე. სიმღერის სატელევიზიო პრემიერაც ძალიან მალე შედგება, მანამდე კი მსმენელს აქვს საშუალება, იგი სხვადასხვა პლატფორმაზე, როგორიცაა Spotify, Itunes, Youtube, Deezer და ა.შ. მოისმინოს.
როგორ ფიქრობთ, რას მოგიტანთ ეს სინგლი?
ჩემთვის ეს სიმღერა ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი იმედი მაქვს, მსმენელი სწორედ ისე შეიყვარებს, როგორც მე მიყვარს. აქვე უდიდეს მადლობას გადავუხდი მუსიკის ავტორს, ყველასათვის საყვარელ, ნიჭიერ კომპოზიტორს, ქალბატონ ნანა დაუშვილს და ტექსტის ავტორს, ასევე უნიჭიერეს მუსიკოსსა და კომპოზიტორს − ბიბი კვაჭაძეს.
ვფიქრობ, 2022 წელი ჩემს კარიერაში საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო, თუმცა წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს და მჯერა, ჩემი სურვილები და ოცნებები აუცილებლად განხორციელდება.
რას გეგმავთ სამომავლოდ?
მინდა, რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო პროექტში ჩავერთო. საკუთარი ქვეყნის წარდგენა საზღვარგარეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა. როგორც გითხარით, საავტორო მუსიკაზეც ვმუშაობ და მომდევნო სინგლების გამოშვებასაც ვგეგმავ.
დაბოლოს, ვინ არის თქვენი თვალით დანახული ნათია ბიბილაშვილი?
შრომისმოყვარე, მიზანდასახული, თავდაჯერებული და ერთგული ადამიანი.
ტექსტი: სოფიო ბოჭორიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი