„მის სამყარო 2025“, რომლის ფინალი 21 ნოემბერს ტაილანდში გაიმართა, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა – სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ორმა კონკურსანტმა ქალთა უფლებებზე ზრუნვის მიზეზით, ტიტულებზე და გვირგვინებზე უარი თქვა.
ერთ-ერთი მათგანი „მის ესტონეთი 2025“, ბრიგიტა შაბაკია, რომელმაც მაყურებელს თავი უჩვეულო ეროვნული სამოსით დაამახსოვრა. მას სცენაზე ბეწვისა და ტყავისგან შეკერილი სამოსი ეცვა, რომელსაც უზარმაზარი მგლის თავი ამშვენებდა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 28 წლის მოდელმა გვირგვინი და ქვეყნის ულამაზესი ქალის ტიტული დათმო.

„მე ქალთა გაძლიერებისა და თანასწორობის მომხრე ვარ და ამ საქმეს დამოუკიდებლად, „მის ესტონეთთან“ კავშირის გარეშე გავაგრძელებ“, – განმარტა ბრიგიტამ.
ყოფილი „მის ესტონეთის“ თქმით, მისი ღირებულებები და სამუშაო ეთიკა ეროვნული კონკურსის დირექტორის, ნატალი კორნეიჩიკის პოზიციას არ ემთხვევა. თავის მხრივ, ესტონეთის სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მოდელთან უთანხმოება არ ჰქონიათ. მათ აღნიშნეს, რომ გოგონას უარყოფითი კომენტარები კონკურსზე მიუღებელი იყო და მის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას არღვევდა. ნატალი კორნეიჩიკმა განაცხადა, რომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბრიგიტას „მის სამყარო 2025“-ზე ესტონეთი ღირსეულად წარმოედგინა.
:format(webp)/nginx/o/2025/11/27/17301653t1h30d4.png)
„ვეცდებით კონკურსანტების პროფესიონალიზმსა და კომუნიკაციის უნარებზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ“, – აღნიშნა მან.
თავის გვირგვინზე უარი კოტ-დ’ივუარის წარმომადგენელმა, ოლივია იასემაც განაცხადა. ამასთან, თუ „მის ესტონეთი“ კონკურსზე ჯილდოების გარეშე დარჩა, „მის აფრიკა და ოკეანეთი 2025“-ის ტიტულის მფლობელი ფინალში გავიდა. ოლივია კონკურსის ხუთ საუკეთესო ლამაზმანს შორის მოხვდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

გოგონამ განაცხადა, რომ სურს აფრიკული თემის ახალგაზრდა ქალებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს, ამიტომ ტიტულს ეროვნული კონკურსის ორგანიზატორებს დაუბრუნებს, რომ მისი გადაწყვეტილება ოფიციალური და საჯარო იყოს.
„მე მოვუწოდებ ქალებს, რომ შესაძლებლო ფარგლები გააფართოვონ და თავდაჯერებულად შეაბიჯონ იქ, სადაც მათი აზრით, მათი ადგილი არაა და სიამაყით მიიღონ საკუთარი თავი“, – დაწერა ოლივიამ სოციალურ ქსელში.
იასემ აფრიკული წარმოშობის ადამიანებს მიმართა და მოუწოდა, არასოდეს შეეშინდეთ საკუთარი თავის გამოხატვის.
„არასოდეს, არავის მისცეთ ვინმეს უფლება განსაზღვროს ვინ ვართ ან ჩვენი პოტენციალი შეზღუდოს. ჩვენი ყოფნა მნიშვნელოვანია და ჩვენი ხმა უნდა მოისმინონ“, – დასძინა მან.
![]()
კოტ-დ’ივუარის სილამაზის ეროვნული კონკურსის ორგანიზატორებმა იასეს გადაწყვეტილება დაადასტურეს და განაცხადეს, რომ გოგონა საჯაროდ დაუბრუნებდა „მის აფრიკისა და ოკეანეთის“ ლენტს საერთაშორისო კომიტეტს.
ეს ერთადერთი სკანდალი არაა, რომელიც „მის სამყარო 2025“-ის კონკურსზე მოხდა – კონკურსის გამარჯვებულს – ფატიმა ბოშს „მის სამყაროს“ ორგანიზაციის აზია-ოკეანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ნავატ იცარაგრისილმა სპონსორების მიერ დაფინანსებული ფოტოსსესიის გამოტოვების გამო, სულელი უწოდა და დარბაზიდან გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ იცარაგრისილმა მალევე მოიბოდიშა, კონკურსის მთავარმა ოფისმა მისი ქცევა დაგმო და კონკურსიდან მოხსნა.

საბოლოოდ, „მის სამყარო 2025“-ის ტიტული სწორედ 25 წლის მექსიკელმა ფატიმა ბოშმა მოიპოვა, რასაც კიდევ ერთი სკანდალი მოჰყვა – ჟიურის ყოფილმა წევრმა, ომარ ჰარფუშმა ორგანიზატორები კონკურსის გაყალბებაში დაადანაშაულა. ჰარფუში ამტკიცებდა, რომ „მის სამყაროს“ მფლობელ რაულ როჩას ფატიმა ბოშის მამასთან საერთო ბიზნესი აქვს და კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა ფინალამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი.

ფატიმა ბოში მსგავს ბრალდებებს ყურადღებას არ აქცევს. „მივხვდი, რომ ჩემი ძალა ჩემში იყო და არა სხვების მოსაზრებებში“, – ამბობს „მის სამყაროს“ გამარჯვებული.
ასევე დაგაინტერესებთ












