მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ სხვადასხვა თაობის ადამიანები. ნათესავებისგან ხშირად ისმენდა თავისი ოჯახის, კუთხის ზეპირ ისტორიებს, აღნიშნულმა გარემოებებმა შეაყვარა ისტორია და ამან განაპირობა, რომ პროფესიად ისტორიკოსობა აერჩია.
უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მალევე მიხვდა, რომ ცოდნის მიღება და დაგროვება ბედნიერებას ვერ მიანიჭებდა თუ სხვებსაც არ გაუზიარებდა. მართალია 90-იანი წლების ბოლოს პედაგოგად მუშაობა, ფინანსურად არც ისე პერსპექტიული იყო, თუმცა სურვილი, გამხდარიყო მასწავლებელი, უფრო ძლიერი აღმოჩნდა… ასე მივიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის ერთ პატარა სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. ამჟამად სამოქალაქო განათლების სწავლებით არის დაკავებული. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ განათლების ხარისხის ასამაღლებლად, რომელ წიგნში გადავიდოდა საცხოვრებლად და რა სურს ყველაზე მეტად – წაიკითხეთ OK!-ში. ბათუმის ინტერვიუ სამოქალაქო განათლების პედაგოგ ინგა მოსიძესთან.
კარგი პედაგოგი…
უადვილებს მოსწავლეებს სწავლას, აძლევს სტიმულს, არწმუნებს, რომ ისინი ყველაფერს შეძლებენ. გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა ყოველ განხორციელებულ ნაბიჯზე. საგნის სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად აქვს სწავლების პრაქტიკული გამოცდილება, ინოვაციების მაძიებელია. ნიჭის აღმოჩენისა და მათი ასპარეზზე წარმოჩენის უნარი აქვს. მოსწავლეებს მიაჩნიათ მრჩევლად და ცხოვრების მეგზურად, ხელს უწყოს მათ პიროვნულ განვითარებას, მუდამ ზრუნავს იმ სკოლისა და თემის განვითარებაზე, სადაც მოღვაწეობს.
მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდით. როგორ ფიქრობთ, რა მთავარი თვისებები გამოგარჩევთ როგორც ლიდერს…
როცა დამწყები პედაგოგი ვიყავი, ვფიქრობდი როგორ მექცია სასწავლო პროცესი სახალისოდ. ადვილი არ იყო, სკოლაში ამის ელემენტარული პირობები არ არსებობდა.
(სკოლის შენობა იყო მთლიანად ამორტიზირებული).
ისტორიის მხოლოდ ფაქტებით სწავლა ვერ გაუღვივებდა მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულს და მასზე ზრუნვის სურვილს.
მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიების, ლაშქრობების მოწყობა დავიწყე. მიზანდასახული ვარ, მაქვს დაგეგმვის უნარი, მიყვარს ინოვაციები. მაშინ საგრანტო პროექტებზე ვმუშაობდი, რაც იშვიათი იყო. არაფერი მიკეთებია აღიარებისთვის. სამოქალაქო განათლების კლუბებში მოხალისეობრივმა შრომამ მოგვიტანა წარმატებები. ასევე, საკუთარ თავში მრავალი უნარი აღმომაჩენინა. პროფესიის და მოსწავლეების სიყვარული მაძლევდა ძალას, პროექტის ან აქტივობის დასრულების შემდეგ არ გავჩერებულიყავი და სხვა აქტივობა დამეწყო. სასკოლო პროექტების გარდა, ვზრუნავდი სათემო აქტივობების განხორციელებაზე. საკუთარ პრაქტიკასა და გამოცდილებას უანგაროდ ვუზიარებდი სხვებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა წლების განმავლობაში მოხალისეობრივი შრომის დაფასება და აღიარება იყო.
სამწუხაროდ, განათლების ხარისხის კუთხით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, პანდემიურმა პერიოდმა და ონლაინ სწავლამ აღნიშნული პრობლემა უფრო გააღრმავა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს არსებული სურათის შესაცვლელად?
ყველა მოსწავლე უნდა აღმოჩნდეს თანაბარ პირობებში, ტექნიკური აღჭურვილობისა თუ ინტერნეტის წვდომის მიმართულებით. უფრო ზუსტად გამოიკვეთოს კონკრეტული სკოლის საჭიროებები და დაიგეგმოს მათ დასაძლევად აქტივობები. რესურსები ყველა საგნობრივი მიმართულებით გაციფრულდეს. გაიზარდოს მშობელთა ინფორმირებულობა ონლაინ სწავლების შესახებ და დაიგეგმოს მშობელთა აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში. მოხერხდეს დამატებითი უფასო წრეობრივი თუ საკლუბო შეხვედრები, გაკეთდეს საზაფხულო/საზამთრო სკოლები, სადაც ბავშვები იმას ისწავლიან, რისი შესწავლაც პანდემიის პერიოდში ვერ მოხერხდა.
დაწყებითი კლასებისთვის კარგი იქნება – წერა-კითხვის, ტექსტების და მათემატიკის გასააზრებლად დამატებითი გაკვეთილები.
დისტანციურად სწავლების პროცესმა, ფსიქო-სოციალური კუთხით, გამოიწვია თუ არა მოსწავლეებში პრობლემები?
კი, ნამდვილად, ამას მოჰყვა პრობლემები; ეს აისახა აკადემიურ მოსწრებაზეც. ბავშვების ჩაკეტილ სივრცეში ყოფნამ მათი სოციალური უნარ-ჩვევები კიდევ უფრო შეასუსტა. პანდემიამ და ინფექციის გავრცელებამ მათ კიდევ უფრო დიდი სტრესი მოუტანა. ინტერნეტზე დამოკიდებულები გახდნენ, გაიზარდა კიბერსაფრთხეები. ბავშვების პერსონალური მონაცემები დაუცველი აღმოჩნდა. მოსწავლეთა ნაწილი ინტერნეტის თუ კომპიუტერის არქონის გამო კიდევ უფრო დეპრესიულები გახდა… სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, დიდი სირთულეები შეუქმნა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს. მათი ჩართვა უდიდეს სირთულეს წარმოადგენდა პედაგოგებისთვის, არ გააჩნდათ პრაქტიკული გამოცდილება, არ იცოდნენ მათთან მუშაობა.
განათლება და განათლებული ადამიანი…
განათლება – ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობაა. ეს ერთ-ერთი საშულებაა იპოვო გზა ცხოვრებაში, გახდე წარმატებული და თვითრეალიზებული. დღევანდელ საქართველოში არსებულ ვითარებას ყველაზე მეტად, ალბათ, იაკობ გოგებაშვილის ეს გამონათქვამი შეესაბამება. „განათლება – ორლესულა იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე ისაა, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ამ იარაღს“. განათლებული ადამიანი – გამორჩეულია აზროვნებით, თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვს პრაქტიკული გამოცდილება, სოციალური უნარებით, საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ სწრაფვის სურვილი. შეუძლია სამყაროს აღქმა და მის ირგვლივ არსებული რეალობის გაანალიზება. ყოველივე ამაოა, თუ საკუთარ ცოდნას არ ახმარ ქვეყნის, ხალხის კეთილდღეობას, ეს ყველა განათლებული ადამიანის ერთგვარი მისიაც უნდა იყოს.
ფილმი, რომელმაც ყველაზე შთამბეჭდავი ემოციები მოგგვარათ და რომლის ყურებასაც ურჩევდით თქვენს მოსწავლეებს…
უფროსკლასელებს ვურჩევდი ფილმს „სორაიას ჩაქოლვა“. ძალიან დიდხანს გამყვა ამ ფილმის ემოციები. ამ ფილმში აღწერილი პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც არის. მრავალი კუთხით დაანახვებს მოსწავლეებს პრობლემას და მიღწეულ შედეგს. უმცროსკლასელებს მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდის“ ეკრანიზაციის ნახვას ვურჩევდი.
რომელ წიგნში გადახვიდოდით საცხოვრებლად და რატომ…
ამ ბოლო დროს ქალიშვილს ზღაპრებს ვუკითხავ და იქ მინდა ვიცხოვრო. კეთილი ფერია ვიქნებოდი და ჯადოსნური ჯოხით მრავალ სასწაულს მოვახდენდი. ეს სამყარო დროებით მაინც მინდა გავხადო სიყვარულით და სიკეთით სავსე, ადამიანები შევცვალო.
მინდა ჩვენი ბავშვებისთვის სამყარო ისეთი იყოს როგორც ზღაპრებშია, ძალადობისა და სისასტიკის გარეშე.
თითქმის ყოველდღიურად მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან გაქვთ შეხება, როგორი მიდგომაა საჭირო, რომ მათ ხარსხიანი განათლების მიღების სურვილი ჰქონდეთ?
პირველ რიგში, მოსწავლე სიხარულით უნდა მიდიოდეს იმ სკოლაში სადაც სწავლობს. პედაგოგმა მოტივაციის ასამაღლებელი მიდგომები გამოიყენოს. ესაუბროს საკუთარი თავის შეცნობაზე, დააფიქროს რა მოსწონს, რაზე ოცნებობს, რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარე, გაუადვილოს პროფესიის არჩევა, მიზნის ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვა, ხელი შეუწყოს მის პიროვნულ განვითარებას, შესთავაზოს მრავაფეროვანი ინტერაქტიური აქტივობები, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე საკლუბო აქტივობებში.
ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ…
ყველაზე მეტად მინდა, ჩემმა შვილმა რეალურად ნახოს ზეპირად მოსმენილი აფხაზეთი. მინდა აფხაზეთში, მეუღლის მშობლიურ სოფელში, ოჯახთან ერთად სტუმრობა. იმ ნათესავების მონახულება, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმის გამო არ ვიცნობ…
ბათუმი მაძლევს…
ბათუმი მაძლევს ძალას… ბავშვობიდან, საკუთარი ეზოდან ვუყურებდი ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროს, ნავსადგურს, ვაკვირდებოდი ზღვის ფერის ცვლას, თითქოს ეს არის ჩემი სუნთქვა და არსებობა. როდესაც რამდენიმე დღით გავდივარ ქალაქიდან ზღვიდან ამოვარდნილ თევზს ვგავარ, რომელსაც სუნთქვა ეკვრის, ბათუმი და შავი ზღვა ჩემთვის მთელი სიცოცხლეა.
რა რჩევას მისცემთ მათ, ვისაც პედაგოგობა სურს…
უყვარდეთ მასწავლებლობა, პროფესია, რომელიც მრავალი ადამიანის ცხოვრების გასაღებს აპოვნინებთ. იზრუნონ სწავლების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე. იფიქრონ, რომ თითოეული მოსწავლის სახით მათ წინ დგას ქვეყნის მომავალი, მომავალზე ზრუნვა კი ყველას ვალია. საგაკვეთილო პროცესის შემდეგაც გააგრძელონ სასწავლო ცხოვრება. გახდნენ მოხალისეები, იზრუნონ იმ სკოლის წარმატებაზე, სადაც დაიწყებენ მუშაობას. ყოველი წარმატება გახადონ ახალი წამოწყების საფუძველი. არ გაჩერდნენ. მოსწავლეებთან ერთად თავადაც ბევრს ისწავლიან. მოსწავლეებთან გუწრფელები იყვნენ, თუ ბავშვები იგრძნობენ ამ სიყვარულს, სასწაულს მოახდენენ.
გაგვაცანით თქვენი ოჯახი…
მყავს მეუღლე და 6 წლის ქალიშვილი ანასტასია კუპრავა. ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან დევნილია, ბათუმში დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობთ.
როგორია თქვენი თავისუფალი დრო…
თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ვმუშაობ ორ საჯარო სკოლაში. (სალიბაურის #1 და სკოლა #2 სკოლა-პანსიონში). ამავე დროს ვარ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის -„ახალი სკოლის მოდელი“ – სამოქალაქო განათლების ქოუჩი. ვცდილობ, რომ შაბათ-კვირა და უქმეები ისე დავგეგმო, დიდი დრო ოჯახთან/ახლობლებთან გავატარო. როცა დროს ვპოულობ, პატარა ქალიშვილთან ერთად ვსეირნობ, ზღაპრებს ვუკითხავ, ანიმაციებს ვუყურებთ, ვსტუმრობთ ახლობლებლებს.
კრიტიკოსები ხშირად საყვედურობენ ახალ თაობას, რომ ისინი დაშორდნენ წიგნს, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას?
ოცდამეერთე საუკუნეში ბავშვების წინაშე მრავალი საცდურია… ცოდნის მიღების ერთადაერთ წყაროდ წიგნი აღარ ითვლება, შესაბამისად, ამიტომაც ჩანს ასე. მე ვიცნობ ოჯახებს, სადაც მშობლები აქტიური მკითხველები არიან, იქ შვილებიც ბავშვობიდან კითხულობენ. წლების წინ უფროსი თაობა უფრო მეტს კითხულობდა და იმათ ფონზე არ ჩანს ამ პერიოდის ახალგაზრდების წიგნის კითხვა. რასაც მე ვხედავ, სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას და კარგად იცნობენ თანამედროვე მწერლებს.
დევიზი, რომელიც ფონად მიჰყვება თქვენს ცხოვრებას?
მიყვარს სოკრატეს სიტყვები: „მზე ყველა ადამიანშია, მიეცი საშულება ანათოს“…
მხოლოდ სამი სიტყვა რომ არსებობდეს სამყაროში, ეს იქნებოდა…
სიყვარული, სიცოცხლე და ბავშვები…
ვამაყობ…
იმით, რო ვარ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი, მაქვს საშუალება ახლოს ვიცნობდე საქართველოს საუკეთესო მასწავლებლებს. ვარ აჭარის რეგიონის სოფლის სკოლის მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება სხვა რეგიონის მასწავლებლებსაც გაუზიაროს. ვარ პროფესიონალთა იმ გუნდის წევრი, ვისაც ბევრი განსაცდელი, რეფორმა, სიახლე, ქარტეხილი გამოუვლია და მაინც აგრძელებს ახალი თაობის განვითარებაზე ზრუნვას. მხვდებიან მოსწავლეები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ჩემმა გაკვეთილებმა, რჩევებმა მათ ცხოვრება ასწავლა, გზა აპოვნინა. მიხარია, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეების წარმატებაში, მეც მიმიძღვის წვლილი და ჩემი მოსწავლეები ოდნავ მაინც გავაბედნიერე.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე