აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავტობიოგრაფიული ფილმის, „მელანია“-ს პრემიერაზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თავის მეუღლეს, მელანიას ჭკვიან და გავლენიან ქალად მიიჩნევს და აღნიშნა, რომ მას შეერთებული შტატების ბედი ადარდებს.
„ის (მელანია) ძალიან ჭკვიანი და ძალიან გავლენიანი ადამიანია და მას ქვეყნის ბედი ადარდებს. მას უყვარს ეს ქვეყანა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მელანიამ ბევრი უცხო ენა იცის და ნიჭიერი ადამიანია.

აშშ-ის პირველი ლედის შესახებ გადაღებული ფილმის „მელანია“ ჩვენება თეთრ სახლში შაბათს, შეზღუდული აუდიტორიისთვის გაიმართა. Bloomberg-ის ინფორმაციით, 75 მილიონი დოლარით დაფინანსებულმა დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც Amazon MGM Studios-მა წარმოადგინა და დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაციამდე პერიოდში მელანია ტრამპის ცხოვრებას ასახავს, პირველი შაბათ-კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის სალაროებში 7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ამ შედეგმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც 2 – დან 5 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ვარაუდობდნენ.
ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო –Rotten Tomatoes-ზე მას პროფესიონალი კრიტიკოსებისგან მხოლოდ 11%-იანი რეიტინგი აქვს, სამაგიეროდ, მაყურებლების 99%-ს ფილმი მოეწონა. The Hollywood Reporter იუწყება, რომ ეს არის ყველაზე ძვირადღირებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ოდესმე გადაღებულა – Amazon-მა ფილმის ჩვენების უფლებებისთვის 40 მილიონი დოლარი გადაიხადა და კიდევ 35 მილიონი დოლარი მარკეტინგში ჩადო.

ფილმის რეჟისორი ბრეტ რატნერია, რომელიც ცნობილია მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით „Rush Hour“ და „Red Dragon“. 2017 წელს რატნერს ბრალი სექსუალური შევიწროებაში დასდეს, რასაც რეჟისორი დღემდე უარყოფს. ფილმი „მელანია“ ბრალდებების შემდეგ, მისი პირველი პროექტია.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! დონალდ და მელანია ტრამპები „დეპრესიული“ საშობაო ღია ბარათის გამო გააკრიტიკეს












