უკვე ერთი წელია, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, საქართველოში პირველი „მამების სკოლა“ გაიხსნა. სკოლა ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში და ამ დროის განმავლობაში არაერთი ახალბედა და მომავალი მამა გახდა მისი მონაწილე.
„მამების სკოლა“ ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე აღნიშნავს, „მამების სკოლის“ არსებობის საჭიროება სწორედ UNFPA-ს მრავალწლიანმა მუშაობამ და ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.
„ფესვგადგმული სტერეოტიპები ხშირად უშლის მამაკაცებს ხელს, იყვნენ მზრუნველი, არამოძალადე პარტნიორები და მამები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აზარალებს არა მხოლოდ მთელი ოჯახის ინტერესებს, არამედ ასევე საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებას. „მამების სკოლაში“ მამაკაცები იღებენ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას არა მხოლოდ ბავშვის მოვლის, არამედ ორსულობის, პოსტმშობიარობის დეპრესიის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თანასწორი პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მამების სკოლა არის მრავალსექტორული თანამშრომლობის − საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შესანიშნავი მაგალითი. ვფიქრობთ, მსგავსი ინტერვენციებით, თანამოაზრეების წრის გაფართოებით, ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლევთ ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესს აფერხებს“, − ამბობს ლელა ბაქრაძე.
ჟურნალი OK! ესაუბრა „მამების სკოლის“ რამდენი მონაწილეს თბილისიდან და ქუთაისიდან, რომლებიც თავად გვიამბობენ, რატომ გადაწყვიტეს პროექტში ჩართვა და რა სახის ცოდნა შეიძინეს სკოლის ფარგლებში.
ლადო არაყიშვილი, თბილისი
„ოჯახის ახალი წევრის − შვილის დაბადება ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მოვლენაა. სტერეოტიპები, რომ მხოლოდ ქალია პასუხისმგებელი შვილის აღზრდასა და ღამეების თენებაზე, ვფიქრობ, წარსულში უნდა დავტოვოთ, ხოლო პასუხისმგებლობები, რომელიც ახალი არსების დაბადებას თან სდევს, პარტნიორებმა თანაბრად უნდა გადავინაწილოთ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავინტერესდი „მამების სკოლით“ − მინდოდა მიმეღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ ვიყო კიდევ უფრო მეტად ჩართული შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„მამების სკოლამ“ განმივითარა ის პრაქტიკული უნარები, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებით ვიყენებ შვილთან ურთიერთობაში. დღევანდელ სამყაროში მარტივია ინტერნეტით მოიძიო ინფორმაცია და თეორიულად მიიღო ცოდნა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა „მამების სკოლა“ გაძლევს უფრო მეტს − თეორიულ ცოდნას ერთვის პრაქტიკული დავალებები, რომლებიც სრულადაა მორგებული ჩვენს რეალობას. ჯგუფის წევრების მიერ ერთმანეთთან გაზიარებული გამოცდილება და ტრენერთა მხრიდან საკითხების მიმართ ინდივიდუალური მიდგომები, ვფიქრობ, გამოარჩევს „მამების სკოლის“ იდეას და ეს არის ის, რასაც „გუგლში“ ვერ ამოიკითხავ.
ვფიქრობ, ნებისმიერმა მამაკაცმა, რომელიც ახლო მომავალში გეგმავს გახდეს მამა, ან ჰყავს უკვე მცირეწლოვანი შვილი, აუცილებელიც კია გაიაროს „მამების სკოლის“ კურსი, არა იმიტომ, რომ პარტნიორებს „მიეხმარონ“ შვილის გაზრდაში, არამედ იმიტომ, რომ ყოველგვარი შიშისა და სტერეოტიპული მოდგომების გარეშე, სრულფასოვნად ჩაერთონ ამ პროცესში და მიიღონ სიამოვნება. რადგან წლებს, რომელსაც შვილების აღზრდას, მათთან ურთიერთობას ვუთმობთ, ვერასოდეს დავიბრუნებთ“.
დავით დოლბაძე, თბილისი
„რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე საკუთარ შვილზე ზრუნვა, შესაბამისი გამოცდილების მიღება და „მამობის პროფესიის“ უკეთ ათვისების შესაძლებლობაა?! ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი მხრიდან „მამების სკოლით“ დაინტერესება. სკოლის ფარგლებში შევიძინე ის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც გამომადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, როგორიცაა ზრუნვის გაზიარება, ბავშვის აღზრდისას სხვადასხვა მიდგომა და მეთოდები, მამის როლის მნიშვნელობა შვილის აღზრდაში და სხვა მრავალი ხელშემწყობი უნარები თუ მეთოდები ჰარმონიული „შვილმამობისთვის“. „მამების სკოლით“ დაინტერესება, რა თქმა უნდა, ვურჩიე კიდევაც რამდენიმე მეგობარს.
„მამების სკოლა“ საუკეთესო შესაძლებლობაა მომავალი და „დამწყები“ მამებისთვის. საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოა უშუალოდ გაკვეთილების მიმდინარეობა. ფასილიტატორები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები − ექიმები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები… შესაბამისად, იღებ კომპლექსურ ცოდნას იმ თემების ირგვლივ, რაც განსაზღვრულია სასწავლო მოდულში. ცალკე აღნიშვნის ღირსია მოსწავლე მამების დამეგობრება, ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება“.
ლუკა მაყაშვილი, თბილისი
„როცა გავიგეთ, რომ მარგოს (ბავშვს) ველოდებოდით, მაშინვე დავიწყეთ ყველანაირი საგანმანათლებლო რესურსის მოძიება, რომელიც დაგვეხმარებოდა მშობლობის მზადყოფნის გაზრდაში. უნდა ვაღიარო − ცოტა დაბნეული მივედი [„მამების სკოლაში“]; „მოსწავლე მამის“ ამპლუა საკმაოდ უცხო იყო, თუმცა სწავლების დიზაინმა და ფასილიტატორების ურთიერთობის ფორმამ ძალიან გააადვილა ამ როლში შესვლაც და ამით გართობაც. გავიცანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და თან საოცრად საინტერესო, ჩემსავით ახალბედა მამები. ასევე ისეთებიც, ვისაც მამობის რეალურად საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს და მათგან მართლაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მივიღე უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა, მაგალითად, პირველადი დახმარების პროტოკოლი, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვილს რაიმე გადასცდება, ან როგორ უნდა დავეხმაროთ, როცა ბავშვს კოლიკა (გაზები) აწუხებს; აუცილებელი ნივთების ჩამონათვალი, რომელიც ჩანთაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მოთავსებული…
როგორც მამა, სკოლაში შევედი 5-ქულიანი თვითშეფასებით და გამოვედი მინიმუმ 9-ქულიანი თავდაჯერებულობით. ჩემს ისტორიაში დროში ერთმანეთს ყველაფერი ძალიან სიმბოლურად ემთხვეოდა, მარგოს დაბადებაც სკოლის ბოლო კვირას დაემთხვა, და სკოლის დამამთავრებელ, ბოლო გაკვეთილზე, ოჯახის სრული შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილნი. ჩემი აზრით, არამცთუ იმ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ეს ინფორმაცია, ვინც ახლა ემზადებიან ან უკვე ჰყავთ შვილი, არამედ აბსოლუტურად ყველამ, ვინც მინიმალური პროცენტით მაინც ფიქრობს, რომ ოდესმე მშობელი გახდება“.
ლაშა ცუცქირიძე, თბილისი
„რამდენიმე თვის წინ წილად მხვდა ბედნიერება, გავმხდარიყავი პირველი შვილის − ანდრიას მამა. იმ წუთიდან, როდესაც ოჯახში ახალი, მესამე წევრი შემოვიდა, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ფაქტობრივად, მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვის ცხოვრებით დავიწყეთ ცხოვრება. ერთადერთი რამ, რასაც ბავშვის დაბადების დღიდან ვფიქრობდი, იყო ის, რომ ანდრიასთვის ვყოფილიყავი მისაბაძი მამა. მინდოდა ჩემგან მიეღო ცხოვრებისეულ სირთულეებთან დაკავშირებული რჩევები, სითბო, მეგობრობა, კრიტიკაც და მოტივაციაც. ფეისბუქის საშუალებით შემთხვევით შევიტყვე, რომ არსებობს „მამების სკოლა“. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იქნებოდა, ამავდროულად ძალიან მინდოდა შევხვედროდი სკოლით დაინტერესებულ სხვა მამებს და ერთობლივად გვემსჯელა ჩვენს შეხედულებებზე ბავშვის აღზრდასთან მიმართებაში. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ „მამების სკოლამ“ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.
მაქსიმალურად კომფორტული, თავისუფალი და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული სესიები ყველა მამას აძლევს იმის შესაძლებლობას, იყოს კონცენტრირებული ერთადერთ საკითხზე − ზრუნვის გაზიარებაზე და მამის როლზე ბავშვის ჰარმონიული აღზრდისა და განვითარების პროცესში. იშვიათად მიმიღია ისეთ ტრენინგებში მონაწილეობა, რომელში მიღებული გამოცდილება ასე ხშირად გამომიყენებია პრაქტიკაში, მით უმეტეს ისეთი კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც ცდილობენ არა მხოლოდ მათი პროფესიული, არამედ პირადი გამოცდილებაც გაგიზიარონ. ფაქტობრივად, „მამების სკოლაში“ მიღებული პრაქტიკული ცოდნა ირიბად ჩემი მეუღლისთვისაც დიდი სიკეთის მომტანი აღმოჩნდა. ზემოაღნიშნულ თემებთან ერთად აუცილებლად გამოვყოფ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ სესიებს, რის შემდეგაც გაცილებით დაცულად ვგრძნობთ თავს მეც და ჩემი მეუღლეც.
ვფიქრობ, ყველა მშობელმა, განსაკუთრებით ბავშვის სრულწლოვანებამდე, შვილის აღზრდა უნდა დაისახოს უმთავრეს მიზნად. ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება ნამდვილად არ არის სათაკილო, თუნდაც გამოცდილი მამებისთვის. როდესაც საქმე რჩევამდე მივა, ნამდვილად არ დავიზარებ, რომ ძალიან ბევრ მამას გავაგებინო „მამების სკოლის“ შესახებ“.
ლევან მჟავანაძე, ქუთაისი
„მამების სკოლაში“ შევიძინე რამდენიმე ძალიან საინტერესო ადამიანი „თანაკლასელის“ სახით. აღმოვაჩინე, რომ წვრილმანი პრობლემები, დაკავშირებული ბავშვის აღზრდასთან, თურმე უბრალოდ ზოგადია და ფაქტობრივად, ბავშვის აღზრდაში ჩართული მამების აბსოლუტურ უმრავლესობას ზუსტად იგივე გამოუვლია და მომავალ მამებსაც იგივე ელოდებათ.
გარდა პრაქტიკული ცოდნისა, რომელიც, მგონი, დაწყებით სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს (მაგალითად, როგორ უნდა დავეხმაროთ დაშავებულს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ), „მამების სკოლამ“ რამდენიმეჯერ იმდენად მოულოდნელად დამანახა სხვა კუთხით მამა-შვილობა, რომ გასაკვირიც კი გამოდგა ჩემთვის. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო პროგრამაც და მონაწილეებიც“.
ლაშა ჭეიშვილი, ქუთაისი
„ძალიან ბევრი და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე „მამების სკოლაში“. უპირველესად გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, მამები, რომლებთანაც არაერთი სასარგებლო ინფორმაციის გაცვლა მოხდა; გვყავდა მოწვეული სტუმრები გაგუას კლინიკიდან, რომლებმაც ძალიან საინტერესო, საჭირო და სწორი ინფორმაცია მოგვცეს კონტრაცეპტივების შესახებ, რათა იგი ნაკლებად საზიანო იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორის ჯანმრთელობისათვის. ყოველი გაკვეთილის დროს მეძლეოდა დიდი შემართება და იმედი, რომ ვიქნები გაცილებით უკეთესი მამა, ვიდრე ვიყავი აქამდე. სწორედ ეს იყო ჩემი ამ სკოლაში წასვლის მიზანიც.
არაერთმა ჩემმა მეგობარმა გამოთქვა სურვილი ამ სკოლაში სწავლაზე, ამან კი უფრო გამაძლიერა და თავდაჯერებულობა შემმატა. ვიგრძენი ის, რომ შემეძლო სხვებისთვისაც მერჩია ისეთი რამ, რაც მამებს, დედებს, და რაც მთავარია − შვილებს ძალიან გამოადგებოდათ ცხოვრებაში – დაბოლოს, ვურჩევდი თუ არა მამაკაცებს ამ სკოლაში სწავლას? − ეს ყველაზე მარტივად საპასუხო შეკითხვაა ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ვურჩევდი! საქმე ხომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს − ჩვენს შვილებს ეხება, ვიყოთ უკეთესი მშობლები მათთვის, აღვზარდოთ ჩვენი შვილები სწორად, მივცეთ სასარგებლო ინფორმაცია და შემდეგ ვიამაყოთ ამ ყველაფრით, როდესაც დავინახავთ საკუთარ შედეგს, რომელიც ყოველთვის გამოჩნდება, დაბადებიდანვე ჩვენი შვილების თვალებში. როდესაც მათ შევხედავთ და ვიგრძნობთ დიდ სიყვარულსა და სიხარულს მათ თვალებში. ამაზე კარგი არაფერია“.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი
დინა ოგანოვა / UNFPA