თანამედროვე სტომატოლოგია მეცნიერებისა და ესთეტიკის სინთეზია, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. სწორედ ამ იდეას ემსახურება ექიმი ქირურგ-ორთოპედი და იმპლანტოლოგი, ლევან ხვიჩია, რომლის პროფესიული გზა მუდმივ განვითარებას, მრავალფეროვან გამოცდილებასა და პაციენტზე ზრუნვას ეფუძნება. ინტერვიუში ის გვიყვება იმპლანტოლოგიის თანამედროვე მიდგომებსა და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას.

ლევან, გვიამბეთ თქვენ შესახებ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
მე ყოველთვის მიზიდავდა მედიცინა, მეცნიერება და ასევე, ხელოვნება. ვარ ექიმი, ქირურგ-ორთოპედი, იმპლანტოლოგი. ამასთან, თერაპიულ და ბავშვთა სტომატოლოგიაშიც მაქვს მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩემს მრავალმხრივ ინტერესს ამ სფეროს მიმართ.
გაგიკვირდებათ და, უმაღლეს სამედიცინო განათლებასთან ერთად, რომელიც დღემდე გრძელდება სხვადასხვა კონგრესსა და ლექციებზე დასწრებით, ასევე მაქვს მიღებული სამხატვრო განათლება – ვსწავლობდი ფერწერას, ძერწვასა და ფოტოხელოვნებას.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს დღევანდელ საქმიანობაში. სტომატოლოგია ავირჩიე იმიტომ, რომ ეს სფერო იდეალურად აერთიანებს მედიცინასა და ესთეტიკას. ყოველთვის მიზიდავდა შესაძლებლობა, არა მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობაზე მეზრუნა, არამედ მისი ღიმილი ვიზუალურადაც გამეუმჯობესებინა.
ესთეტიკისა და ფუნქციის ჰარმონიული შერწყმა პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ემოცია, როცა პაციენტი საბოლოო შედეგს ხედავს და უფრო თავდაჯერებული ხდება. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია, ენერგიის წყარო, რომელიც ჩემს საქმიანობაში წინსვლის საწინდარია.
რა თვისებები (უნარი) უნდა ჰქონდეს ექიმს?
პირველ რიგში, ექიმს უნდა ჰქონდეს გულწრფელი დამოკიდებულება როგორც პაციენტის, ისე საკუთარი პროფესიის მიმართ. აუცილებელია მაღალი პასუხისმგებლობა, სიზუსტე და მუდმივი განვითარების სურვილი.
თუმცა ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია პაციენტთან სწორი კომუნიკაცია, ნდობის ფაქტორი პაციენტსა და ექიმს შორის, რადგან ეს განსაზღვრავს წარმატებულ მკურნალობას.

რა არის დენტალური იმპლანტი და როდის არის ის აუცილებელი?
დენტალური იმპლანტი არის ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც თავსდება ყბის ძვალში და გამოიყენება დაკარგული კბილის ჩანაცვლებისთვის. მასზე ფიქსირდება გვირგვინი, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ბუნებრივ შედეგს როგორც ფუნქციურად, ისე ესთეტიკურად.
იმპლანტი რეკომენდებულია მაშინ, როცა კბილი დაკარგულია და გვინდა მისი აღდგენა ისე, რომ არ დაზიანდეს მეზობელი კბილები. ასევე, სრული ადენტიის (უკბილობის) შემთხვევაში, იმპლანტები გვაძლევს შესაძლებლობას, პაციენტს ვუმკურნალოთ თანამედროვე, კომფორტული, ფუნქციური და ესთეტიკური კონსტრუქციების გამოყენებით. ასევე ის მნიშვნელოვანია ძვლის შენარჩუნებისა და ბალანსირებული სწორი დატვირთვის განაწილებისთვის ყბაში.
როგორ მიმდინარეობს იმპლანტაციის პროცედურა ეტაპობრივად?
იმპლანტაციის პროცედურა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:
დიაგნოსტიკა და დაგეგმვა
პირველ ეტაპზე ტარდება კონსულტაცია, ფოტოპროტოკოლი, კლინიკური და რენტგენოლოგიური კვლევები, მათ შორის 3D კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს გვაძლევს საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ იმპლანტის ზომა, ტიპი და პოზიცია. ასევე გვეხმარება ძვლის სტრუქტურის განსაზღვრაში, ძვლოვანი დეფიციტის, ატროფიის დიაგნოსტირებაში.
ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს იგეგმება არა მარტო იმპლანტების რაოდენობა და ზომები, არამედ მომავალი ორთოპედიული კონსტრუქცია. ასევე, პაციენტი იგზავნება ზოგად გამოკვლევებზე, რათა დავადგინოთ, ხომ არ გააჩნია პაციენტს გარკვეული ჰორმონული ან სხვა დარღვევები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს იმპლანტის წარმატებულ ოსტეოინტეგრაციის პროცესს.
პირის ღრუს გაჯანსაღება – ეს ეტაპი მოიცავს კარიესული ან სხვა პათოლოგიური პროცესების მკურნალობას, სანაციას, რა თქმა უნდა, პროფესიულ ჰიგიენას.
ვმკურნალობთ კარიესსა და სხვა პათოლოგიებს, ტარდება ჰიგიენური წმენდა.
იმპლანტის ჩასმა – პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და პრაქტიკულად, უმტკივნეულოა.
ამის შემდეგ იწყება ოსტეოინტეგრაციის პროცესი, როდესაც იმპლანტი ძვალთან სრულად შეერთდება; ეს პერიოდი ჩვეულებრივ 3-4 თვე გრძელდება. პოსტოპერაციულად მცირე დისკომფორტი ან შეშუპება შესაძლებელია, თუმცა ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში პაციენტი სრულად უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობებს.
აღსანიშნავია, რომ პაციენტი ოსტეოინტეგრაციის განმავლობაში ატარებს დროებით კონსტრუქციებს და უკბილობის დისკომფორტი არ გააჩნია.
თანამედროვე საიმპლანტაციო სისტემები, რაც მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე და ციფრული ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეულ შემთხვევებში პირდაპირ დავტვირთოთ იმპლანტები და პაციენტი, ასე ვთქვათ, კბილებით გავუშვათ სახლში.
ინტეგრაციის შემდეგ ვატარებთ პროთეზირებას – თავსდება საბოლოო გვირგვინები, კონსტრუქცია, რომელიც იყო ინდივიდუალურად დაგეგმილი და ლაბორატორიულად დამზადებული პაციენტის ესთეტიკური მოთხოვნებისა და ფუნქციური ჩვენების მიხედვით, რაც აღადგენს კბილების ბუნებრივ ფუნქციასა და ფორმას.

რა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება დღეს იმპლანტოლოგიაში?
თანამედროვე იმპლანტოლოგია მნიშვნელოვნად განვითარდა ტექნოლოგიების წყალობით. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ციფრული დაგეგმვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, კომპიუტერული მოდელირების საშუალებით წინასწარ დავგეგმოთ იმპლანტის პოზიცია, კუთხე და სიღრმე.
თანამედროვე მიდგომები, რომლებიც მოიცავს მაღალი ხარისხის ფოტოპროტოკოლს, რაც მეტი ინფორმაციის მოგროვების, ანალიზის და სატექნიკო ლაბორატორიისთვის მიწოდების საშუალებას გვაძლევს.
უკვე აღვნიშნეთ, დიაგნოსტირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამისთვის გამოიყენება 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც გვაძლევს საშუალებას, ზუსტად აღვწეროთ ძვლის სტრუქტურა და პაციენტის პირის ანატომია. ასევე, იმპლანტების რაოდენობა და ზომები, მიმართულება და პოზიციები.
ციფრული სტომატოლოგიური სკანერები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, ისინი ანაცვლებენ ტრადიციულ ანაბეჭდის აღებას, რაც ბევრად კომფორტული და სწრაფია პაციენტისთვის, და ამავდროულად, უფრო ზუსტ მონაცემებს გვაძლევს ლაბორატორიასთან კომუნიკაციისთვის.
დღეს აქტიურად გამოიყენება ასევე ქირურგიული შაბლონები (surgical guides), რომლებიც 3D პრინტინგის საშუალებით მზადდება და იმპლანტის ჩასმას მართავენ წინასწარ დაგეგმილი პოზიციით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა გართულების შესაძლებლობას და კომფორტულს ხდის იმპლანტაციას პაციენტისთვის. ამას გარდა, სხვადასხვა თანამედროვე ბიომასალები, ციფრული პროთეზირება და CAD/CAM ტექნოლოგიები აძლიერებენ საბოლოო ესთეტიკურ და ფუნქციურ შედეგს.
ამ ყველა ტექნოლოგიის ერთობლიობა მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების რისკს, აჩქარებს მკურნალობის პროცესს და უზრუნველყოფს პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს.
რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი?
დენტალური იმპლანტები დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და გრძელვადიანი გადაწყვეტაა დაკარგული კბილის აღსადგენად. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
- პირის ღრუს ჰიგიენა
- საპროფილაქტიკო სავლებები
- რეგულარული პროფილაქტიკა (წელიწადში 2-ჯერ)
- ხარისხიანი იმპლანტი
- სწორად დაგეგმილი დატვირთვა და ოკლუზია
ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს იმპლანტის ექსპლუატაციის ვადაზე.
სწორი მოვლის პირობებში, თანამედროვე იმპლანტები ჩვეულებრივ, გრძელვადიან შედეგს იძლევიან ხშირად 15–20 წელი ან მთელი ცხოვრების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა აკონტროლოს ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება, დროულად მიმართოს ექიმს ნებისმიერი გართულების შემთხვევაში.
თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის მასალები მნიშვნელოვნად ზრდის იმპლანტების სტაბილურობას. ტიტანის იმპლანტები და მათი ზედაპირის დამუშავება ხელს უწყობს ძვალთან უფრო სწრაფ და მყარ შეხორცებას, რაც აძლიერებს იმპლანტის ხანგრძლივობას. საბოლოო ჯამში, იმპლანტი ხდება არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ ესთეტიკურად სანდო და საიმედო გადაწყვეტილება პაციენტის ღიმილისთვის წლების განმავლობაში.

ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი
ლოკაცია: Qarvasla hotel












