OK! ბათუმის სტუმარი ლადო მიქელაძეა, სასტუმრო „ლენდმარკის“ გენერალური მენეჯერი. სასტუმროსი, რომელიც სულ რაღაც 5 თვეა გაიხსნა, უკვე მყარად პოზიციონირებს ბაზარზე და სტუმრებს უნიკალურ, საინტერესო გარემოს სთავაზობს. „ლენდმარკი“ აერთიანებს ბუტიკურ ელეგანტურობას, კომფორტულ სივრცეებსა და განსაკუთრებულ სერვისს, სადაც თითოეული ვიზიტორი თავს კომფორტულ და მეგობრულ ატმოსფეროში გრძნობს.
ლადო მიქელაძე დარწმუნებულია, რომ კმაყოფილი გუნდი ქმნის კმაყოფილ სტუმარს, ამიტომ, ყოველდღიურად ზრუნავს ოპერაციულ პროცესებზე, თანამშრომლების განვითარებაზე და მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე. მისი მიზანია, „ლენდმარკი“ გახდეს ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო, სადაც თანამედროვე დიზაინი, სიმყუდროვე და პროფესიონალიზმი სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს.
ბატონო ლადო, სასტუმრო „ლენდმარკის“ გენერალური მენეჯერი ხართ, რას ნიშნავს ეს პოზიცია თქვენთვის და როგორ ხედავთ საკუთარ როლს ამ ახალი ბრენდის განვითარებაში?
ჩემთვის გენერალური მენეჯერი მხოლოდ პოზიცია არ არის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, როგორც თანამშრომლების, ასევე სტუმრებისა და კომპანიის წინაშე, გენერალური მენეჯერი ნიშნავს ყოველდღიურად აქტიურად იყო ჩართული სასტუმროს საოპერაციო პროცესებში, ასევე იზრუნო თანამშრომლების განვითარებაზე, მოტივაციაზე, რადგან, კმაყოფილი თანამშრომელი, კმაყოფილი სტუმრის საწინდარია, რაც პირდაპირპროპორციულია კომპანიის წარმატებისა.
„ლენდმარკი“ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა, თუმცა უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო. როგორია სასტუმროს მთავარი კონცეფცია, რით განსხვავდება ის ბათუმის სხვა სასტუმროებისგან?
ჩვენი სასტუმრო სულ რაღაც 5 თვეა რაც ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა, გახნის დღიდანვე მყარად ვპოზიციონირებთ ბაზარზე. ჩვენი სასტუმრო ბათუმის გულში მდებარეობს, შექმნილია იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც აფასებენ დახვეწილ დეტალებს და თბილ გარემოს. ჩვენი 44 ნომრიანი, გემოვნებით მოწყობილი სასტუმრო აერთიანებს თანამედროვე ელეგანტურობას და ბუტიკურ ატმოსფეროს, დახვეწილ მომსახურებას და ყველა საჭირო პირობებს, რათა სტუმრები მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩნენ.
სასტუმროს სლოგანებში ხშირად გვხვდება სიტყვები „სტილი“, „სიმყუდროვე“ და „ელეგანტურობა“. როგორ ახერხებთ ამ სამ თვისებას შორის ბალანსის დაცვას და სტუმრების ინტერესებზე მორგებას?
სასტუმროს მშენებლობის პროცესში, სტილსა და ელეგნატურობაზე, დიზაინერებმა იზრუნეს. რაც შეეხება სიმყუდროვეს, ამაზე მე და ჩემი გუნდი ვზრუნავთ ყოველდღიურად, რათა შევქმნათ მყუდრო, თბილი და მეგობრული გარემო, რომ სტუმრებმა ისე იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ სახლში.
რა ელოდებათ სტუმრებს „ლენდმარკში“, რა ტიპის სერვისებით ან კომფორტით ამაყობთ ყველაზე მეტად?
პირველ რიგში სტუმრებს „ლენდმარკში“ დახვდება მომღიმარი და მეგობრული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდამ მზად არის დასახმარებლად. ასევე, 5 კატეგორიის 44 კეთილმოწყობილი ნომერი, უმაღლესი ხარისხის მატრასებითა და ყველა საჭირო ინვენტარით – რაც აუცილებელია კომფორტული დასვენებისთვის. ასევე, გვაქვს საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი, 50 პერსონაზე გათვლილი საკომფერენციო დარბაზი, ულამაზესი რესტორანი და ტერასა, სადაც ჩვენს სტუმრებს გემრიელი საუზმით ვუმასპიძლდებით.
დიზაინსა და ატმოსფეროს დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროს ინდივიდუალურობისთვის. რა იყო მთავარი შთაგონება ამ სივრცის შექმნისას?
„Landmark Batumi-ს დიზაინის მთავარი შთაგონება იყო თანამედროვე ბათუმის დინამიკა და შავი ზღვის ბუნებრივი ჰარმონია. ჩვენ გვინდოდა შეგვენარჩუნებინა ქალაქის უნიკალური ენერგია, შეგვექმნა სივრცე, სადაც თანამედროვეობა, სიმარტივე და სითბო დაბალანსებულად ერწყმის ერთმანეთს. დიზაინის თითოეული ელემენტი – ფერთა პალიტრა, განათება, ტექსტურები შექმნილია იმისთვის, რომ სტუმარმა თავი თანამედროვე სტილის კომფორტულ გარემოში იგრძნოს.
სასტუმრო ახალია, ალბათ, არაერთი გამოწვევაც გქონდათ. რას მიიჩნევთ ამ ხუთი თვის განმავლობაში ყველაზე დიდ მიღწევად, ან წარმატებულ ნაბიჯად?
ახალი სასტუმროს საქმიანობის პირველ ხუთ თვეში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია ოპერაციული პროცესების მკაფიო სტრუქტურის ჩამოყალიბება და გუნდის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე შევძელით მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა, რაც აისახა როგორც სტუმართა პოზიტიურ უკუკავშირში, ასევე, განმეორებითი ვიზიტების ზრდაში. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი, საფუძველი სასტუმროს სამომავლო განვითარებისთვის და ეს მხოლოდ დასაწყისია.
დღეს სასტუმრო ინდუსტრიაში ძლიერი კონკურენციაა. თქვენი ხედვით, რა ქმნის ნამდვილი სტუმარ-მასპინძლობის კულტურას?
დიახ, დღეისათვის კონკურენცია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საგრძნობლად გაზრდილია. ადამიანურობა და გულწრფელი მზრუნველობა ქმნის სტუმარ-მასპინძლობის კულტურას. სტუმარი, პირველ რიგში, ეძებს სითბოს, ყურადღებას და პატივისცემას. როდესაც თანამშრომელი არა „პროტოკოლით“, არამედ გულწრფელი სურვილით ცდილობს სტუმრისთვის კომფორტის შექმნას, მაშინვე ჩნდება ემოციური კავშირი და ლოიალობა.
როგორ ხედავთ „ლენდმარკის“ მომავალს, როგორი გსურთ, რომ იყოს ეს სივრცე რამდენიმე წლის შემდეგ?
„ლენდმარკი“ ამ ეტაპისთვის მყარად პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, ჩვენი გეგმები უფრო მეტად ამბიციურია. აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოებთან და ვემზადებით მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო გამოფენებში, რათა საზღვრებს გარეთაც გავზარდოთ ჩვენი სასტუმროს ცნობადობა და მსოფლიოს ვაჩვენოთ თუ როგორი მაღალი დონის სტუმარ-მასპინძლობის კულტურა გვაქვს ქართველებს.
















