ვოვა გუცაევი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც 16-წლიანი გამორჩეულად შთამბეჭდავი სპორტული კარიერის განმავლობაში გულშემატკივრების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ფეხბურთელი, რომელმაც არაერთი გამორჩეული თამაში და გოლი გვაჩუქა და 1981 წელს „დინამოს“ ისტორიულ გამარჯვებას დაუდო სათავე. ჩვენი შეხვედრა „დინამოს“ არენაზე გაიმართა. ინტერვიუს დროს სტადიონზე შემხვედრი ადამიანები ისეთი სიყვარულითა და სითბოთი ხვდებოდნენ, გავიფიქრე, ალბათ ესაა ყველაზე დიდი ჯილდო და აღიარება, რაც მას ცხოვრებაში მიუღია-მეთქი, ადამიანების ასეთი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც თავად უდიდესი თავმდაბლობით და მოწიწებით ხვდება. წარმოგიდგენთ ინტერვიუს ლეგენდარულ ფეხბურთელ ვლადიმერ გუცაევთან. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ მასალაზე და პირადად მესაუბრა მასთან.
ნორჩი დინამოელი
ჩემს ბავშვობაში არ არსებობდა ბავშვი, რომელიც ეზოში ფეხბურთს არ თამაშობდა და დიდ ფეხბურთზე არ ოცნებობდა. მეც ასეთი ფეხბურთზე შეყვარებული ბიჭი ვიყავი, სადაც კი იქნებოდა შესაძლებლობა, ყველგან ბურთს ვთამაშობდი. მამაჩემი ფეხბურთის ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო, განსაკუთრებით მიშა მესხი უყვარდა, ყველა თამაშს ესწრებოდა და სულ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ჯდებოდა. მეც, დაახლოებით 7-8 წლის ასაკიდან თან დავყავდი, კალთაში ვეჯექი და ფეხბურთს ვუყურებდი. როდესაც ბავშვი, რომელიც ფეხბურთზე გიჟდები, სტადიონზე ხარ და იქიდან უყურებ თამაშს, ორმაგად გინდება, ოდესმე შენც ითამაშო დიდი ფეხბურთი.
ეზოდან „ნორჩ დინამოელში“ ერთ მშვენიერ კვირა დღეს აღმოვჩნდი. მივედი, გამსინჯეს და ბატონმა გრიშა გაგუამ, სკოლის დირექტორმა, ვარჯიშზე დამიბარა. ასე დაიწყო და დაიწყო, ჯერ დუბლებში ვთამაშობდი. ეს იყო 1970 წელი. 1 წლის შემდეგ, სექტემბერში, მეორე ტაიმში გამომიყვანეს სათამაშოდ და მას შემდეგ ძირითადში ვთამაშობდი.
პირველი გოლი
პირველი გოლი 1971 წელს გავიტანე. მე უკვე ძირითადში ვთამაშობ, დაახლოებით 18 წლის ვარ, მოსკოვის „დინამო“-ს ვეთამაშებით, ანგარიში ტაბლოზე 1:1-ია და მე გავიტანე მეორე გადამწყვეტი გოლი, მოვიგეთ ეს თამაში.
ეს ჩემთვის ერთ-ერთი ტრიუმფალური თამაში იყო, იმიტომ, რომ მართლა ძალიან კარგად ვითამაშე. ჩემს წინააღმდეგ თამაშობდა ვალერი ზიკოვი, რომელიც საბჭოთა კავშირის კაპიტანი იყო. ფაქტობრივად მან ამ თამაშის შემდეგ დაანება თავი ფეხბურთს. ამ თამაშის შემდეგ გამიცნო ხალხმა და შემიყვარა გულშემატკივარმა.
იმავე წელს კი თავისი მაისური გადმომცა უდიდესმა ფეხბურთელმა, სლავა მეტრეველმა, მე ჩემი 15 ნომერი მაისურით გავედი, მან კი გადმომცა 9 ნომერი. ამ ნომრით ვთამაშობდი ბოლომდე.
როდის მიხვდით, რომ არჩევანში, გამხდარიყავით ფეხბურთელი, არ შემცდარხართ?
სანამ სპორტულ სკოლაში არ მოხვდები, ეზოში და მეგობრებთან თამაშით არ უნდა იფიქრო, რომ აუცილებლად დიდი ფეხბურთელი გახდები. თავიდან ეს არის ოცნება. როდესაც სპორტულ სკოლაში ხვდები, იცვლება შენი აზროვნება, შენი დამოკიდებულება საქმისადმი, მთლიანად შენი ცხოვრება იცვლება.
ჩემს შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ძალიან გვიან მოვხვდი სპორტულ სკოლაში, 11 წლის ვიყავი, ნებისმიერ სპორტში, რაც უფრო ადრე დაიწყებ ვარჯიშს, უკეთესია, ტექნიკა და ბურთის ფლობა უფრო ადვილია, ამიტომ სახლშიც სულ ვვარჯიშობდი და ნელ-ნელა დავეწიე ჩემს მეგობრებს.
როდესაც სპორტულ სკოლაში მივედი, მაშინვე აღნიშნავდნენ, რომ გამორჩეული ბავშვი ვიყავი, ბუნებრივი სისწრაფე და ტექნიკა მქონდა. არის რაღაცები, რასაც ვერ ისწავლი. ღმერთი გაძლევს ნიჭს, დანარჩენი დასახვეწი და შესასწავლია. რაც მეტს იშრომებ, მეტად განავითარებ შენს ნიჭს. არასოდეს მინანია, რომ ფეხბურთი ავირჩიე, პირიქით, ფეხბურთმა მომცა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები, ემოციები, მოგონებები. ყველაფერი…
როგორი იყო მაშინ პოპულარული ფეხბურთელების ცხოვრება?
ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი. ფეხბურთის თამაშთან ერთად, პარალელურად ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დილით მივდიოდი ლექციებზე და საღამოს ვარჯიშზე. დიდი სიამოვნებით დავდიოდი უნივერსიტეტში, ძალიან კარგი გრძნობაა, როცა ყველა გცნობს, ყველას უყვარხარ, პატივს გცემს. მთავარია, ამ პოპულარობამ არ შეგიპყროს, ხიბლში არ ჩავარდე, ამპარტავანი არ გახდე, მაგრამ ის, რომ ყველა გეფერება და ყველას უყვარხარ, ძალიან სასიამოვნოა.
იმ პერიოდის თბილისში ალბათ ყველაზე პოპულარული ბიჭები ვიყავით და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო.
1981 წლის 13 მაისი და 2024 წლის 26 მარტი – პარალელები და ემოციები
1981 წელს საქართველო არ იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა, მაშინ ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი და მაინც როგორი სიამაყით იყო ხალხი, როგორი ბედნიერი, იმიტომ, რომ ქართველები ვართ; იმიტომ, რომ ეს იყო თბილისის „დინამო“. ეს იყო უდიდესი ზეიმი, გამარჯვების გემო, ჟინი, თავისუფლება, ყველაფერი იყო ერთად.
დღევანდელი სიტუაცია კი სულ სხვაა, დღეს საქართველო, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, გავიდა ყველაზე დიდ ფორუმზე, რასაც ევროპის ჩემპიონატი ჰქვია. უდიდესი მიღწევაა და ეს ჩვენი ქვეყნის და ბიჭების დიდი გამარჯვებაა. ჩვენმა ბიჭებმა საქართველო დააბრუნეს ევროპის საფეხბურთო რუკაზე.
სამწუხაროა, რომ 4 წლის წინ არ გამოვიდა, მაგრამ ახლა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა. არასოდეს დამავიწყდება ის კადრი, ხალხი ტრიბუნებიდან სტადიონზე რომ ჩამოვიდა. როგორ უხაროდათ ბავშვებს, მგონი მათ ყველაზე მეტად გაუხარდათ. ბავშვები არიან ჩვენი მომავალი და თუ რამეს ვაკეთებთ, მათთვის ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ბიჭები და მთელი გუნდი ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ ღირსეულად წარდგნენ ევროპაზე.
ისეთი შრომა ჩადეს, მაგალითად, საბერძნეთთან თამაშში, რომ ეს შრომა ასე არ ჩაივლის. ალბათ მთელი ამ გამარჯვების სიმბოლო ის მომენტია, როდესაც ბუდუ ზივზივაძე დავარდა და დავარდნილი მაინც თავით იბრძოდა ბურთისთვის.
ერთიანობა იყო გადამწყვეტი, რამაც ამ თამაშების მოგება განაპირობა. ეს იყო სრული ერთობა, ბალახის მომვლელით დაწყებული, კართან მდგომი პოლიციელით გაგრძელებული და მაყურებლით დამთავრებული. ეს იყო უდიდესი გაერთიანება ერთი მიზნისკენ და ასეთ ერთობას ყოველთვის მოაქვს გამარჯვება.
ფეხბურთი დღეს აღარ არის მხოლოდ თამაში, თამაში იყო 1945 წელს, 1950 წელს, დღეს ფეხბურთი სოციალური მოვლენაა; დღეს ფეხბურთით შეგიძლია მასები მართო. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ადამიანებს აერთიანებს.
არის რამე, რასაც ნანობთ თქვენს სპორტულ კარიერაში?
კი, რა თქმა უნდა, არის და შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ვნანობ, რომ ისეთ ქვეყანაში მომიწია თამაშმა, როგორიც არის საბჭოთა კავშირი. არ ვიცი, ვინმეს თუ შეიძლება ენატრებოდეს ეს ქვეყანა, სადაც ნიჭი და ადამიანი ბოლო ადგილზე იყო. ინდივიდები არ არსებოდნენ. ზოგი მეუბნება, რა გაქვს სალაპარაკო, იმდენი სიყვარული დაიმსახურეო. კი, დიდი სიყვარული მივიღე, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჩემთვის იყო გარემო, სადაც ადამიანი არ ფასობდა. არც მისი ნიჭი და არც მისი შრომა. მე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და მივიღე ხალხის სიყვარული, რისთვისაც სულ მადლობელი ვიქნები მათი, მაგრამ გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ეს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში მომხდარიყო.
როგორ გაგრძელდა ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ?
34 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთს დავანებე თავი, იმ დროს ეს დიდ ასაკად ითვლებოდა. კომუნისტურ წყობაში, როდესაც ფეხბურთელი 27 წლის ხდებოდა, უკვე ამბობდნენ, რომ ვეტერანი ფეხბურთელია. დღეს 35, 36 წლის ფეხბურთელები ნაკრებებში თამაშობენ და ოქროს ბურთს იღებენ.
ოჯახიც ფეხბურთის დასრულების შემდეგ შევქმენი. ფეხბურთელის ცხოვრების გაგრძელება ესაა: ან მწვრთელი ხარ, ან მენეჯერი, ახალ ცხოვრებას იწყებ, მაგრამ ისევ სპორტულს. შეიძლება იყო უდიდესი ფეხბურთელი, მაგრამ ვერ იყო კარგი მწვრთელი და პირიქით, შეიძლება იყო საშუალო დონის ფეხბურთელი და დადგე შესანიშნავი მწვრთნელი. ფეხბურთი სულ იყო და არის ჩემს ცხოვრებაში.
რა გვყოფს და რა გვაერთიანებს?
რაც გვყოფს, ეს არის პოლიტიკა. ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის, მთელ მსოფლიოში ასეა, ადამიანებს ყოფს პოლიტიკა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა.
რაც გვაერთიანებს, ეს არის დიდი გამარჯვებები, ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მე და ჩემმა მეგობრებმა, რაც ჩვენამდე გააკეთეს. ეს სავსე მინდორი იყო ამ გაერთიანების მაგალითი, დიდი გამარჯვება და დიდი სიხარულები გვაერთიანებს ადამიანებს.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე