ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო
დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი წარმატებული, მიზანდასახული და შეუპოვარი ხასიათის ქალბატონია. მისი სამუშაო ბიოგრაფია ვრცელი და შთამბეჭდავია. 15 წელია ჯანდაცვის სფეროში საქმიანობს. მისი პროფესიული კარიერა მოიცავს ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტს, კლინიკების მართვასა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების პროექტებს. ჟურნალ OK!-სთან მან თავის პროფესიულ გზაზე, გამოწვევებსა და წარმატების მიღწევის ფორმულაზე ისაუბრა. ქართული OK! წარმოგიდგენთ საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფის დამფუძნებელს, საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ დირექტორს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის საოპერაციო დირექტორსა და ქ. ჭიათურის ვიცე-მერს, ლიკა ფიფიას.
ქალბატონო ლიკა, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
(ლიკა ფიფია): ექიმების ოჯახში გავიზარდე და ბავშვობიდან ამ სფეროში ვტრიალებდი. ხშირად დავდიოდი მშობლებთან სამსახურში და ძალიან მომწონდა პაციენტებზე ზრუნვის პროცესი. მამა იყო და დღემდე არის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მიყვარდა ახალშობილების განყოფილება, სადაც საათობით შემეძლო ყოფნა, მაგრამ, ცხადია, იქ დიდხანს არავინ მაჩერებდა. ასევე, კარგად მახსოვს ჩემი მშობლების უძილო ღამეები, როდესაც მამას ღამე სამშობიაროში იძახებდნენ. არასოდეს ვიძინებდი მის მოსვლამდე. სამსახურიდან დაბრუნებისას, სახლში აღტაცებული ჰყვებოდა: „ბუთქუნა ბიჭია“, „ცელქი გოგონა“… მხოლოდ შემდეგ ვიძინები მშვიდად. ეს უზარმაზარი ბედნიერება მის თვალებში და საოცარი შეგრძნებები სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. ბავშვობიდან ვემზადებოდი ექიმობისთვის და სხვა პროფესია ვერც წარმომედგინა ჩემთვის.
მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, 90-იან წლებში (ჩემი აბიტურიენტობის პერიოდი) საქართველოში ძალზე მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდიდა, ამიტომ ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება უფრო პრიორიტეტულ და პერსპექტიულ მიმართულებად მესახებოდა.
მშობლებთან ხანგრძლივი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, საერთაშორისო ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, წარმატებული მოსწავლე ვიყავი და მათემატიკაც ძალიან კარგად ვიცოდი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ჩავაბარე მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე. წარმატებული სტუდენტი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, ძალიან ვუყვარდი ლექტორებს, მაგრამ გულში მაინც სულ მედიცინაზე ვფიქრობდი. დავიწყე ინფორმაციის მოძიება სამედიცინო მენეჯმენტზე და ამ სფეროს ლიტერატურის კითხვა – ეს იმ დროს ძალიან ახალი სფერო იყო. რაც უფრო ვუღრმავდებოდი ამ საკითხებს, მით უფრო ვგრძნობდი, რომ ეს ის საქმე იყო, რაც მე უნდა მეკეთებინა.
2009 წელს დიდი ტრაგედია მოხდა ჩემი ბავშვობის მეგობრის ოჯახში და თითქმის 6 თვე 2 კლინიკაში გავატარე პაციენტების თავმდგომის როლში. მაშინ მთელი სისტემა შიგნიდან დავინახე, დავინახე ის ბევრი ხარვეზი, რაც არსებობდა ამ სისტემაში, ამასთან, გავიცანი ბევრი საოცარი ექიმი და ექთანი, ყოველდღე ვაკვირდებოდი, როგორ (ხშირად შიშველი ხელებით) იბრძოდნენ ისინი ადამიანების გადასარჩენად და ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიდნენ.
ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო.
სწორედ მაშინ გადავწყვიტე საბოლოოდ, რომ მედიცინა იყო სწორედ ის სფერო, რომელსაც მე მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი და შევეცდებოდი ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ამ დარგის განვითარებაში, მინდოდა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, თუ რას ნიშნავს ექიმის პროფესია – ექიმის შრომა, რომ ის დასაფასებელი და ფასდაუდებელია…
საიდან იწყება ლიკა ფიფიას კარიერული გზა?
სწორედ 2009 წლის ბოლოს მივიღე პირველი შემოთავაზება პედიატრიული კლინიკიდან. ეს იყო დასაწყისი, რომელმაც გამამყარა მენეჯმენტში და პირველი ნაბიჯები გადავდგი ჯანდაცვის სისტემის მართვაში. მალევე გავხდი სამედიცინო მენეჯმენტის პროფესიონალი და დაიწყო ჩემი კარიერა ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით.
წარმოგვიდგინეთ კომპანია „საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფი“
კომპანია „GGHG – საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფი“ 2017 წელს დავაფუძნეთ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო საქართველოს, როგორც ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ცენტრის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ქართული მედიცინა და ჩვენი კლინიკები ღირსეულ კონკურენციას უწევენ მსოფლიოს ბევრ წამყვან კლინიკებს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ უცხოელი პაციენტებისთვის შემეთავაზებინა საქართველოში მკურნალობა. ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებამ ხელი შეუწყო ბევრი უცხოელი ტურისტის ჩამოსვლას, შესაბამისად, გაიზარდა სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნილებაც. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არ ვთავაზობთ ქართველ პაციენტებს უცხოეთში მკურნალობას, არამედ პირიქით, უცხოელი პაციენტები ჩამოგვყავს საქართველოში სამკურნალოდ.
ასევე, საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფის ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილებდნენ ძირითადად უცხოელი ექიმები. ამ კონფერენციებზე ყველა ჩემი მოხსენება ეხება ქართული მედიცინისა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებსა და ქართველი ექიმების წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე, ვსაუბრობ სიახლეებზე, რეფორმებსა და მიღწევებზე, რაც ხდება სამედიცინო სფეროში საქართველოში.
თავდაპირველად ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულება სამედიცინო ტურიზმი იყო, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ ახალი მიმართულებები დავამატეთ, მათ შორის საკონსულტაციო-აუდიტორული სერვისები კლინიკებისთვის, რომლებიც მოიცავს ყველა პროცესის მართვას, დაწყებული სანებართვო პირობებით, დამთავრებული ფინანსური მაჩვენებლებით.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და არაერთი ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში კლინიკების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ჩემმა გამოცდილებამ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე მომცა საშუალება, რომ კლინიკებისთვის მიმეცა სწორი მიმართულებები ამ რეგულაციების დასაკმაყოფილებლად. დღეს კომპანიას უკვე 17 კლინიკა ჰყავს მართვაში.
როგორი მმართველი ხართ?
ძალიან მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი. ყოველთვის ვცდილობ სამუშაო პროცესი საინტერესო გავხადო ყველასთვის და თითოეულმა თანამშრომელმა თავი პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად იგრძნოს. მათი ჩართულობა და განვითარება ჩემთვის ძალიან ღირებულია.
ცხოვრების ამ ეტაპზე, როგორ გგონიათ, რას მოაქვს წარმატება?
წარმატება მოდის ძალიან ბევრი შრომის, მუდმივი განათლებისა და განვითარების შედეგად. ჩემი აზრით, წარმატების მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოწვევებთან გამკლავების უნარს და გრძელვადიან ხედვას. აუცილებელია სტრატეგიული მიზნების სწორად განსაზღვრა და მათი ადაპტაცია მიმდინარე ტენდენციებთან. ინოვაციებისა და ცვლილებებისადმი გახსნილობა, ახალი იდეების დანერგვა, გუნდური ძალისხმევა – აი, ის ძირითადი მამრავლები, რაც ქმნის მყარ საფუძველს წარმატებისთვის.
ძალიან დაკავებული ხართ, გაქვთ თავისუფალი დრო? და რისი კეთება გიყვართ ამ დროს?
სამწუხაროდ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ ვცდილოდ ეს დრო მთლიანად ჩემს შვილებს დავუთმო. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთად მოგზაურობა და კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება. ხანდახან ვახერხებ სპორტულ დარბაზში ვარჯიშსა და ცურვას. სწორედ ეს მომენტებია, რაც ენერგიის აღდგენაში მეხმარება.
რა გაბედნიერებთ?
პირველ რიგში, ჩემი შვილების მიღწევები და წარმატებები. ჩემმა ქალიშვილიშვილმა ბარსელონის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლახან შექმნა ოჯახი, რაც ჩვენთვის დიდი სიხარულია. მაბედნიერებს ის, რომ მან ცხოვრების მეგზურად არაჩვეულებრივი ადამიანი აირჩია.
ვაჟმა ექიმის პროფესია აირჩია, ის ახლა ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, რაც ჩემთვის ორმაგი სიამაყეა, რადგან ჯანდაცვის სფეროს სიყვარულს ისიც იზიარებს. ეს მომენტები მავსებს პოზიტიური ენერგიით და მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.
ზოგადად, ცხოვრება ხანმოკლეა და ვცდილობ ყველა მომენტში ბედნიერება დავიჭირო. მიყვარს ჩემი პროფესია, ძალიან მაბედნიერებს თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი, ყველა დაწყებული პროექტი, რომელიც წარმატებით სრულდება. საქმეები, რომლებსაც სხვებისთვის ბედნიერება მოაქვს. ბედნიერება გადამდებია…
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: მაკა მეგრელიძე