„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. კლინიკა საზოგადოებას სთავაზობს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე მოწყობილობებით, ასევე აქ მომუშავე პერსონალის უმრავლესობას მიღებული აქვს საერთაშორისო განათლება და გამოცდილება. კლინიკის მიზანია, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. კლინიკის უპირატესობებსა და სხვა საინტერესო თემებზე ჟურნალ OK!-ის ესაუბრა ჰოსპიტლის აღმასრულებელი დირექტორი, ერჯან აიილდიზი.
გაეცანით ჟურნალ OK!-ის მკითხველს. როგორი იყო თქვენი გზა თბილისის ამერიკულ ჰოსპიტლამდე?
პროფესიით ვარ ექიმი, რეზიდენტურა გავიარე სასამართლო მედიცინაში, მაქვს მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის ადმინისტრირების მენეჯმენტში და ამავდროულად, დოქტორის წოდება კვების სპეციალობით. ბოლო თხუთმეტი წელია, ვმუშაობ სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე, ხშირად ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყანაში. 40 ქვეყანაში გავეცანი მსოფლიო მედიცინას, ხოლო 17 მათგანში ვმუშაობდი კონსულტანტად და შემდეგ საქართველოში ჩამოვედი.
როგორც უკვე აღვნიშნე, 15 წელია ვხელმძღვანელობ კლინიკებს, როგორც სამედიცინო და აღმასრულებელი დირექტორი. ჯამში, ამ პერიოდში, ვუხელმძღვანელე 8 სხვადასხვა ჰოსპიტალს და ერთ უნივერსიტეტს.
რამ გადაგაწყვეტინათ სამედიცინო სფეროდან მენეჯმენტში გადანაცვლება?
რამდენიმე კლინიკისგან მქონდა შემოთავაზება ექიმის პოზიციაზე და მივხვდი, რომ მე, როგორც ექიმი, ვერ დავეხმარებოდი ადამიანებს ისე, როგორც ეს მსურდა, რადგან შეზღუდული ვიქნებოდი ამ სფეროში, მაგრამ თუ გავხდებოდი მენეჯერი, შევძლებდი შემეცვალა რაღაც ამ სისტემაში, ჯერ ჩემს ქვეყანაში, შემდეგ − სხვა ქვეყნებში. ომის დროს გადავედი ავღანეთში, ლიბიაში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში, დავეხმარე მათ ჯანდაცვის განვითარებაში. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადავედი კერძო სექტორში.
როგორია ამერიკული ჰოსპიტლის შექმნის ისტორია? რატომ გამოჩნდა ეს საავადმყოფო ქართულ ბაზარზე?
უპირველესად, ჩვენი ჰოსპიტალი არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პროექტი. მოგეხსენებათ, აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭირა ამ პროექტს. მიზანი იყო, აშენებულიყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტის კლინიკა. ეს პროექტი შედგა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების თანადგომითა და დახმარებით. განხორციელდა დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება. კლინიკაში დასაქმებულია 700-ზე მეტი ადამიანი. გვინდა ვიყოთ გამორჩეული ჰაბი რეგიონში, რადგან საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს მის პრიორიტეტს სამედიცინო ტურიზმისთვის და მიმზიდველი ზონაა აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, თურქეთისთვის, ირანისა და სხვა ქვეყნებისთვის. ამ მხრივ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ქმნის საკუთარ ნიშას სამედიცინო რუკაზე.
პირველად როდის ჩამოხვედით საქართველოში და რა მოგწონთ ამ ქვეყანაში?
საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვედი, როგორც აღნიშნული პროექტის სამედიცინო კონსულტანტი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. გულწრფელად გითხრათ, თქვენს ქვეყანაში ბევრი რამ მომწონს. საქართველო სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, ხალხის მხრიდან მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში თავს უცხოდ არ ვგრძნობ. საქართველოში სახლიც კი ვიყიდე. მეუღლეს ვეკითხები: რატომ არ უნდა დავრჩეთ აქ?! სამომავლოდ, ვფიქრობ, ჩემი შვილი ჩამოვიყვანო. მინდა აქ ისწავლოს უნივერსიტეტში.
რას გვეტყვით ჯანდაცვის ქართულ სისტემაზე?
ამ ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოში ბევრ საავადმყოფოს ვესტუმრე და გარკვეული წარმოდგენაც მაქვს უკვე. თქვენს ქვეყანაში არის ბევრი კარგი სასტუმრო, რესტორანი, კაფეტერია, მაგრამ როდესაც მე მივდივარ კლინიკებში, სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი. გყავთ მაღალი დონის პროფესიონალი მედპერსონალი, თუმცა უნდა შეიქმნას შესაბამისი, მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, დაინერგოს თანამედროვე სერვისები. ბიზნესინვესტირება ამ მიმართულებით უნდა იყოს მზარდი, რათა შეიქმნას ის მულტიდისციპლინური სერვისი და ოპტიმალური ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. უნდა დავეხმაროთ ჰოსპიტალურ სექტორს და გავხდეთ მისაბაძი და მიმზიდველი ცენტრი სამედიცინო ტურიზმის კუთხით, რათა აქ მოხდეს როგორც ადგილობრივი, ისე არარეზიდენტი პაციენტების მომართვიანობა, და არ მოხდეს მათი ფინანსების გადინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს დადებითად აისახება ჯანდაცვის სექტორსა და ქვეყნის ეკონომიკაზე.
ვისაუბროთ ჰოსპიტალურ მომსახურებასა და სერვისებზე, რომელსაც AHT აწვდის.
რაც შეეხება ჩვენი კლინიკის მომსახურებას, ვაწვდით ყველა სახის სერვისს, გარდა სამშობიარო და რადიაციული ონკოლოგიისა. AHT-ს გამორჩეული და მაღალი მოცულობის მიმართულებებია შემდეგი ექსელენს-ცენტრები: „გულის ცენტრი“, კარდიოქირურგიის ჩათვლით, ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტი, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი, ზოგადი და ონკო-ქირურგიული სერვისები, მულტიპროფილური პედიატრიული სერვისები, ძლიერი რადიოლოგიური და ლაბორატორიული მიმართულება და ა.შ.
რომელი პროცედურაა ყველაზე პოპულარული პაციენტებში?
უპირველესი მოთხოვნადი მიმართულება ორთოპედია-ტრავმატოლოგიაა, შემდეგ − ზოგადი ქირურგია ყველა ქვემიმართულებით, კარდიოქირურგია და ა.შ.
გვესაუბრეთ თქვენი ექიმების პროფესიონალიზმზე…
ჩვენი ექიმების 95%-ს მიღებული აქვს საერთაშორისო განათლება და გამოცდილება. ცნობილია, რომ საქართველოში პროფესიონალი ექთნის დეფიციტია. მე წარმოშობით თურქეთიდან ვარ და დიდი კავშირები მაქვს თურქეთის კლინიკებთან, ასევე − ევროპის წამყვან ჰოსპიტლებთან. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ორმოცდაათი ექთანი გადასამზადებლად საზღვარგარეთ. ჩვენს ჰოსპიტალს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯებსა და სამედიცინო დაწესებულებებთან კავშირი, გვაქვს გაცვლითი პროგრამა, აგვისტოდან ვგეგმავთ ჩვენი პერსონალის გაგზავნას აშშ-ში და ასევე, საქართველოში ამერიკელი ლექტორების ჩამოყვანას გრძელვადიანი ტრენინგებისთვის. ჩვენი მიზანია, ამერიკული სერვისის დამკვიდრება საქართველოში.
ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს საავადმყოფო არის განთავსებული 20 000 მ2-ზე, აქედან მეორე სართული, რომელიც არის 1000 მ2, ეთმობა ტრენინგ-ცენტრსა და საკონფერენციო დარბაზებს, სადაც მუდმივად ტარდება ტრენინგები და სამეცნიერო კონფერენციები, როგორც მედპერსონალისთვის, ასევე ადმინისტრაციისთვის.
რა უპირატესობა აქვს ამერიკულ ჰოსპიტალს სხვა კლინიკებთან შედარებით?
უპირველესი განსხვავება არის ჩვენი შენობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტითაა აშენებული და ყველა სისტემა იმართება პროგრამულად − ელექტრონული სისტემებით, იქნება ეს თუნდაც სახანძრო სისტემა, კონდიცირება, უსაფრთხოების სისტემა თუ სხვა. შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული შენობა ყველაზე უსაფრთხოა საქართველოში. საავადმყოფოში ინფექცია ნულოვანია, რაც საამაყო ფაქტია სრულიად გუნდისთვის. ჩვენი ჰოსპიტალი არ არის ორიენტირებული მხოლოდ ფინანსებზე, ნებისმიერი სერვისი და ჩარევა ხორციელდება მკაცრად განსაზღვრული ჩვენების საფუძველზე.
აგრეთვე, ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა სამედიცინო აპარატურა. ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე მოწყობილობებით, მათ შორის, ზოგიერთი წარმოადგენს ექსკლუზივს რეგიონში. უმნიშვნელოვანეს ფილტრს დიაგნოსტიკაში ქმნის ე.წ. „ხელოვნური ინტელექტი“, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური რესურსის ხარვეზი. ყოველივე აქედან გამომდინარე, AHT წარმოადგენს დიაგნოსტიკის პრაქტიკულად 100%-იან გარანტს.
მოგვიყევით JCI-ის (Joint Commission International) (საერთაშორისო გაერთიანებული კომისიის) შესახებ?
JCI − Joint Commission International არის ამერიკული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მსოფლიო ტოპ-სტანდარტია მედიცინაში. ამ სტანდარტისთვის მომზადება და მისი დაკმაყოფილება ურთულესი პროცესია კლინიკისთვის. უნდა შეიქმნას და დაინერგოს 1000-ზე მეტი სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთა და პერსონალის უსაფრთხოებას, მაღალი კლასის მედიცინის დანერგვას, სერვისების ოპტიმიზებას. ჩვენ, როგორც ამერიკულ პროექტს, გვაქვს ვალდებულება, რომ ორი წლის ვადაში მივიღოთ JCI-აკრედიტაცია, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ტოლფასია ამერიკის მაღალი დონის ნებისმიერი კლინიკის სტანდარტისა.
როგორია საავადმყოფოს სამომავლო გეგმა?
იცით, რომ საქართველოში მაღალი დონის ონკოლოგიური კლინიკა არ არის და სამომავლო გეგმა გვაქვს, გავხსნათ მასშტაბური ონკოლოგიური ჰოსპიტალი სრული მულტისერვისით. ასეთი ტიპის საავადმყოფო თურქეთშიც კი არ იქნება. აგრეთვე, უახლოესი გეგმაა ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაწყება AHT-ში.
ფოტო: ალექსეი სეროვი