OK! გაესაუბრა ყველასათვის ცნობილ ადვოკატს, ალექსანდრე კობაიძეს, მისი განათლების, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მან ინტერვიუში ისაუბრა მისთვის აქტუალური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებაც და აღნიშნა, რომ მიზნის არსებობა და მისკენ სწრაფვა ძალზედ სასიამოვნო პროცესია მისთვის.
გვიამბეთ თქვენ შესახებ.
საკუთარ თავზე საუბარი ყველაზე ნაკლებად მიყვარს, თუმცა ვეცდები ობიექტურად ვისაუბრო ჩემ შესახებ. მე ალექსანდრე კობაიძე ვარ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია ადამიანს ჰქონდეს მიზანი და მისკენ მიისწრაფვოდეს. როგორც კი ერთ მიზანს მიაღწევს, საჭიროა სხვა, ახალი მიზნების დასახვა და მათკენ სწრაფვა. ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოდ მეჩვენება, ტკივილს და დაღლას, რომელიც ამ პროცესს თან სდევს, ნაკლებად საგრძნობია.
როცა გაქვს მიზანი, იცი რას აკეთებ, რისთვის და რატომ. ვცდილობ, მაქსიმალურად ინფორმირებული ვიყო, რაც ჩემს კარიერასაც ეხმარება და პროგრესში მიწყობს ხელს. თანამედროვე სამყარო იმდენად სწრაფად ვითარდება, საჭიროა ნაბიჯის აყოლა და ეს ვერ მოხდება თუ სათანადო ინფორმაციებს არ ფლობ, დღეს კი ინფორმაცია ყველაზე დიდ განძს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, დატვირთული რეჟიმის გამო, არ მრჩება თავისუფალი დრო, რათა სხვადასხვა აქტივობით დავკავდე, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ ყურადღება და ზრუნვა არ მოვაკლო ჩემს ოჯახს და სწორედ ამიტომ, შვილები სამსახურში ხშირად მყავს, სასამართლო პროცესებსაც ესწრებიან და ოფისში ყოფნასაც მიხალისებენ.
კიდევ ერთი, რაც შეიძლება ვთქვა ჩემს თავზე არის ის, რომ მირჩევნია მუდმივად საქმეში ვიყო ჩაფლული, ვიდრე მისგან შორს ვიმყოფებოდე, არ ვიცი ეს მიჩვევის გამოა თუ უბრალოდ ჩემი ბუნებაა ასეთი, მაგრამ ეს რეალობა, რომელიც ახლა მაქვს ძალიან მომწონს და არც ახალ გამოწვევებზე ვამბობ უარს, როგორიცაა ამნისტიის შესახებ კანონი. ხშირად მეკითხებიან ჩემი მეგობრები თუ როგორ ვასწრებ ყველაფერს, პასუხი კი მარტივია – როცა გინდა და გაქვს ამის სურვილი, არაფერია შეუძლებელი და საჭირო ადგილას, ყოველთვის გამონახავს ადამიანი საჭირო დროს.
გვესაუბრეთ თქვენი განათლებისა და საქმიანობის შესახებ.
განათლება არის საწყისი ყველაფრისა, რაც დღეს ხდება ჩემს თავს. ჩემი მიზანდასახულობა სწორედ მაშინ გამოვავლინე ჩემში, როცა მიზანმიმართულად გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება იურისპრუნდენციისთვის დამეკავშირებინა და ამისთვის დიდი და რთული გზა გამოვიარე. საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალი, ურთიერთშემავსებელი განხრებია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ორივე მათგანი შემესწავლა.
ადვოკატობა არ არის მარტივი საქმე, პირიქით ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, სადაც მცირედი შეცდომაც კი შეიძლება სავალალო შედეგის მომტანი იყოს. საჭიროა ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ადამიანები განდობენ საკუთარ მომავალს, ბედსა და თავისუფლებას, შენ კი ვალდებული ხარ საკუთარ თავს აჯობო ყოველ ჯერზე და სამართლიანობას მიაღწიო. ეს არის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ჩვენს პროფესიაში მუშაობს და ამასთან, აუცილებელია შრომა და ინფორმირებულობა. მცირედითაც რომ ჩამორჩე მოვლენებს, შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოგრჩეს, ან კანონის ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის გარემოებებს.
ადვოკატობის პარალელურად, ვეწევი პოლიტიკურ საქმიანობასაც. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები გზას, რომელიც მიზნამდე მიმიყვანს. ადვოკატობა ძალიან კარგი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ისწავლე, მათთან საუბარი და ფონს გასვლა. მოგეხსენებათ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ხოლო შენც ყველა მათგანთან სხვადასხვაგვარად გიწევს საუბარი, ეს კი უდიდესი გამოცდილება და გამოწვევაა, რომლის დაძლევაც ყოველდღიურად გიწევს. პოლიტიკა კი, სხვა არაფერია თუ არა მოლაპარაკებების ხელოვნება. თუ იცი ვის ესაუბრები, რატომ და რისთვის, შედეგიც გარდაუვალია.
ჩემი პროფესია ხელს მიწყობს პოლიტიკურ გამოწვევებს მზად შევხვდე და გავუმკლავდე. ბრძოლას, როცა იწყებ მას დასრულებაც სჭირდება. მაგალითად, თვეების განმავლობაში, მიწევდა ხალხთან სიარული და აქციების მოწყობა საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით. თავიდან უამრავი პესიმიზმი იგრძნობოდა, შემდეგ კი, დაუღალავმა შრომამ და მონდომებამ, შედეგი გამოიღო და რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტმა საყოველთაო ამინისტიაც მიიღო.
ისევ ახალგაზრდობაში რომ დამაბრუნა, ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც გავაკეთე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღე და ახლაც სწორ გზაზე ვდგავარ. ჩემი მეგობრებისა და ოჯახის დახმარებითა და ხელშეწყობით, პოლიტიკაშიც შევძლებ საკუთარი თავის რეალიზებას ისევე, როგორც იურისპრუდენციაში შევძელი.
გვესაუბრეთ იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც სამსახურის მიღმა ახორციელებთ.
სამსახურის მიღმა ძირითად დროს ოჯახს ვუთმობ და მიყვარს კითხვა და ვარჯიში.
სამომავლო გეგმები.
სამომავლო მიზნებზე კონკრეტულად არ შემიძლია საუბარი, რადგან იმდენად სწრაფად მიმდინარეობს პროცესები, დღევანდელი ჩანაფიქრი ხვალ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ორი რამ ცალსახაა – მე, როგორც ადვოკატი ვაგრძელებ აქტიურ მუშაობას და გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ვგრძნობ, რომ საზოგადოებას სჭირდება ჩემი დახმარება, მე კი საშუალებას მივცემ მათ მარტივად მომძებნონ და გამიზიარონ თავიანთი პრობლემა, რათა ერთობლივი ძალებით მოვაგვაროთ. მეორე კი ასევე, ცალსახაა, რომ ქვეყანას სჭირდება მესამე ძალა, დაკომპლექტებული წარმატებული და მოაზროვნე ადამიანებით. ადამიანებმა, რომლებიც თავიანთ საქმეში წარმატებულები არიან, უნდა სცადონ თავიანთი ბედი ქართულ პოლიტიკაში, რადგან არაპროფესიონალი ხალხით დაკომპლექტებული მთავრობები, პროფესიულად მომუშავე ადამიანების საქმიანობასაც ზიანს აყენებენ პირდაპირ თუ ირიბად და სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ ქვეყანაც სწრაფად და სწორად განვითარდეს, საჭიროა წარმატებული ხალხის გაერთიანება, ახალი, მესამე ძალის ირგვლივ, რაც საშუალებას მისცემს ქართველ ადამიანს, ქართველ ამომრჩეველს არჩევანი გააკეთოს ფართო სპექტრის წინაშე. ახალი სახეების გამოჩენა პოლიტიკაში მხოლოდ დადებითი მოვლენა შეიძლება იყოს და ეს დასაფასებელია. ხშირად, წარმატებული ადამიანები უკან იხევენ პოლიტიკური გამოწვევის მიღებისგან პოლარიზებული და დაპირისპირებული გარემოს გამო, თუმცა თუ პროფესიონალი ხალხი არ ჩაერთო მსგავს დიდ საქმეში, არსებული რეალობა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.
ამ ეტაპზე აქტიურად ვარ ჩართული ბანკების წინააღმდეგ ბრძოლაში. უსასყიდლოდ ვეხმარები ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავიანთი გულისტკივილი და გასაჭირი სასამართლომდე მიიტანონ. არ შეიძლება ფორს-მაჟორული მდგომარეობის ფონზე, ადამიანებს იმავე რაოდენობით სთხოვდე თანხის გადახდას, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრებისას ხდებოდა. არც ისაა ლოგიკური, რომ თანხის გადავადების სანაცვლოდ კიდევ პროცენტებს უმატებდე მოქალაქეების ისედაც მაღალ პროცენტიან სესხებს. მსგავსი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა და რთულია მსგავს დაჩაგვრის მცდელობას შეეგუო. ბრძოლა არის გამოსავალი, როგორც ჩემს კარიერულ საქმიანობაში, ასევე ამჟამინდელ და მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში.