Ideahub შეიქმნა კომპანია „როქის“ მიერ – ორგანიზაციის, რომელიც უკვე 18 წელია ემსახურება ფერმერებს, აგრობიზნესსა და ვეტერინარულ სექტორს. როგორც რეგიონული დისტრიბუციის ქსელი, „როქი“ უზრუნველყოფს თანამედროვე პროდუქციით მომარაგებას, კონსულტაციებსა და მომსახურებას, და აგრობიზნესის გამართული ფუნქციონირებისთვის დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევა საქართველოში. როგორია კომპანიის საქმიანობა, რა არის Ideahub-ის მთავარი მიზანი და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ უფრო ვრცლად და დეტალურად კომპანიის დირექტორი, გიორგი ზაზაშვილი, ფინტექ პროექტების ხელმძღვანელი, ანა ჭყონიძე და აგროტექ პროექტების ხელმძღვანელი, დავით კაზაროვი გვიამბობენ.
უპირველესად, გაგვაცანით Ideahub. რამდენი ხანია ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაჩნდა იდეა?
(გიორგი ზაზაშვილი): ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გაჩნდა რეალური საჭიროება შიდა პროცესების ავტომატიზაციისა და ოპერაციული სიმარტივის უზრუნველყოფისთვის – სწორედ ამ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა ციფრული პლატფორმა Ideahub და დღეს ხელმისაწვდომია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისე უფრო მსხვილი ორგანიზაციებისთვისაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პლატფორმის მორგებადი არქიტექტურა, რომელიც ადაპტირდება თითოეული მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებთან, ინდუსტრიასა და ბიუჯეტურ ჩარჩოებთან. Ideahub სწორედ იმ სეგმენტს ემსახურება, ვისაც ციფრული გარდაქმნა ყველაზე მეტად სჭირდება, მაგრამ ყველაზე რთულად შეუძლია ამის განხორციელება, სწორედ ამიტომ იქცა ის პრაქტიკაზე დაფუძნებულ სანდო ციფრულ პარტნიორად.
რა არის Ideahub-ის მთავარი მიზანი?
(გიორგი ზაზაშვილი): Ideahub-ის მიზანია შექმნას ციფრული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ, ავტომატიზებულ და ეფექტურ პროცესებს. თანამედროვე ბიზნესგარემო მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და რესურსების რაციონალურ გამოყენებას. დრო აღარ არის საკმარისი განმეორებითი ტექნიკური ამოცანებისთვის, ხოლო ეფექტიანი მართვა ეფუძნება სწორედ სიზუსტესა და სისტემურობას. Ideahub ქმნის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, რომლებიც პროცესებს არა მარტო ამარტივებს, არამედ გარდაქმნის შედეგზე ორიენტირებული, პროგნოზირებადი და სტრუქტურირებულად გამართული მუშაობისთვის.
რას მოიცავს ფინტეჩ მიმართულება?
(ანა ჭყონიძე): Ideahub FinTech წარმოადგენს ციფრულ გადაწყვეტებს, რომლებიც შექმნილია ბიზნესების შიდა პროცესების ავტომატიზაციისთვის, თითოეული ორგანიზაციის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ ვქმნით სისტემებს, რომლებიც ზუსტად ერგება კომპანიის მასშტაბს, სექტორსა და შიდა სტრუქტურას. FinTech მიმართულებაში მთავარ როლს ასრულებს Ideabot – ციფრული ასისტენტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით გარდაქმნის ფინანსურ და საოპერაციო პროცესებს. ის ავტომატურად ამზადებს ხელფასების ცხრილებს, დეკლარაციებს, საბანკო შაბლონებს, აწესრიგებს დოკუმენტაციას და ქმნის ანალიტიკურ ანგარიშებს გადაწყვეტილებების მიღებისთვის. პლატფორმის გამოყენებით ხდება დროის დაზოგვა რუტინულ ტექნიკურ პროცესებზე საშუალოდ 80-90%-ით. Ideahub FinTech უკვე აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს, რომლებიც შესრულდა კონკრეტულ მომხმარებლებზე მორგებულად:
საწყობის მართვის პროგრამა – შემუშავებული და დანერგილი გარე პარტნიორისთვის, საშუალებას აძლევს მომხმარებელს მართოს მარაგები, უზრუნველყოს სერიული კოდების მიკვლევადობა და შეამციროს ადამიანური შეცდომების რისკი;
ლაბორატორიული პროგრამა – განკუთვნილია ხარისხის მართვის პროცესების სრულად ციფრული ფორმატით წარმართვისთვის: კვლევების დაგეგმვა, მონაცემების აღრიცხვა, დოკუმენტაციის გენერაცია. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტას ანალოგი საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე არ გააჩნია.
Ideahub FinTech წარმოადგენს არასტანდარტულ, ინტელექტუალურ გადაწყვეტას, რომელიც არა მხოლოდ აუმჯობესებს პროცესებს, არამედ ერგება თავად ორგანიზაციას – მის მასშტაბს, მიზნებსა და რესურსებს. ჩვენი გამოცდილება შიდა და გარე პროექტებზე გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ Ideahub-ის პლატფორმა უკვე მზად არის, რათა დაეხმაროს ქართულ ბაზარზე მოქმედ მცირე და საშუალო კომპანიებს საკუთარი საქმიანობის გაციფრულებაში.
ასევე გაგვაცანით აგროტეჩ მიმართულება…
(დავით კაზაროვი): Ideahub AgroTech წარმოადგენს ტექნოლოგიურ მიმართულებას, რომელიც პირდაპირ დაფუძნებულია „როქის“ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე აგრობიზნესის სფეროში. როგორც დისტრიბუციისა და აგრომომსახურების კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში უშუალოდ მუშაობს ფერმერებთან, ვეტაფთიაქებსა და მსხვილ აგროპროდუქტების მომხმარებლებთან. ჩვენ პირველებმა დავინახეთ ის სივრცე, სადაც ტექნოლოგიას შეეძლო პროცესების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. AgroTech მიმართულება სწორედ ამ საჭიროებიდან დაიბადა – რეალური პრობლემების გადაწყვეტის მოტივაციით და არა თეორიული ინოვაციის ძიებით. დღეს AgroTech მოიცავს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: ფერმების აღჭურვა ჭკვიანი მოწყობილობებით. ჩვენ ვქმნით ციფრულ პროდუქტებს რეალურ სამუშაო პროცესებზე დაყრდნობით. Ideahub AgroTech ქმნის ინფრასტრუქტურას, სადაც ტექნოლოგია რეალურად ემსახურება ყოველდღიურ ოპერაციებს: ფუნქციურად, ეკონომიურად და გამართულად. AgroTech არ განიხილება როგორც დამოუკიდებელი ინიციატივა – ის „როქის“ საქმიანობის ლოგიკური გაგრძელებაა, იდეა, რომელიც უკვე გადაიქცა ტექნოლოგიურ პლატფორმად. ამ მიმართულებით ჩვენ ვემსახურებით იმავე სეგმენტს, რომელსაც წლებია ვიცნობთ – ფერმებს, რომლებიც იზრდებიან და საჭიროებენ სტრუქტურულ გამართულობას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს და ავტომატიზაციას. სწორედ ამიტომ, დღეს Ideahub მზად არის გააზრებული ტექნოლოგიური მხარდაჭერა შესთავაზოს იმ აგრობიზნესებსაც, რომლებიც ოპერირებენ ფართო მასშტაბით და ეძებენ ეფექტიან გზას ზრდის, სტაბილურობისა და ციფრული განვითარებისთვის.
რატომ უნდა მივმართოთ Ideahub-ს?
(გიორგი ზაზაშვილი): Ideahub გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შენს ბიზნესს ზუსტად ერგება – ინდივიდუალურად, შიდა პროცესების და რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენი მიდგომა ყოველთვის ინდივიდუალურია – ვსწავლობთ შიდა პროცესებს, ვაანალიზებთ ორგანიზაციის სპეციფიკას და ვაშენებთ სისტემას, რომელიც ზუსტად ერგება ბიზნესის მუშაობის დინამიკას. ამ პროცესს უზრუნველყოფს გამოცდილი გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა შიდა და გარე პროექტებს: საწყობებიდან და ლაბორატორიებიდან დაწყებული, ფინანსური მოდულებითა და აგროტექ გადაწყვეტილებებით დასრულებული. Ideahub FinTech და AgroTech ქმნის ციფრულ ჩარჩოს, რომელიც ბიზნესს აძლევს სტაბილურობას, ეფექტიანობას და კონტროლს – იმ დონეზე, რაც წარსულში მხოლოდ მსხვილ კორპორაციებს მიუწვდებოდათ.
გაგვაცანით სამომავლო გეგმები.
(გიორგი ზაზაშვილი): Ideahub-ის მთავარი სტრატეგიული მიზანია – ციფრული ტრანსფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი კომპანიისა და პარტნიორისთვის. ვგეგმავთ, გავაფართოოთ Ideahub-ის გამოყენების არეალი სხვადასხვა დარგში, სადაც პროცესების ავტომატიზაციას ჯერ კიდევ ხელით შრომა ან დროის დიდი დანახარჯი ცვლის. ვაგრძელებთ შიდა და გარე პარტნიორებთან მუშაობას, რათა ჩვენს დაგროვილ გამოცდილებას დაეფუძნოს ახალი მოდულები – რესურსების ეფექტური მართვის, ფინანსური კონტროლისა და ოპერაციული სტაბილურობის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ადამიანური კაპიტალის პროდუქტიულობა – რუტინული პროცესების ავტომატიზაციით, დროის დაზოგვით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამარტივებით. ხელოვნური ინტელექტისა და ჭკვიანი პროგრამირების ინტეგრაციით ვავითარებთ ისეთ გადაწყვეტებს, რომლებიც არა მხოლოდ ახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას, არამედ გთავაზობენ სიღრმისეულ ანალიზს, პროგნოზს და დახმარებას ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში. Ideahub-ის თითოეული მოდული იქმნება იმისთვის, რომ სისტემები მართავდნენ რუტინას, ხოლო ადამიანები – სტრატეგიას, ინოვაციასა და ზრდას.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი