ჰოლივუდში გარეგნობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ნიჭი. ბევრი ვარსკვლავი ტრენდების ან საკუთარი კომპლექსების გამო გარეგნობას რადიკალურად იცვლის, სხვები კი ასაკს ღირსეულად იღებენ და ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სილამაზე ბუნებრიობაშია.
გთავაზობთ იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს, რომლებიც გვაჩვენებენ, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ მომხიბვლელობა, ქარიზმა და ინდივიდუალურობა კოსმეტიკური ჩარევის გარეშე.
კეიტ ბლანშეტი – 56 წლის

ოსკაროსანი მსახიობი საკუთარ გარეგნობას თავისი ცხოვრების ანარეკლად მიიჩნევს.
„ჩემი სხეულისთვის არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ვინ იცის… როდესაც შვილები ჩნდებიან, სხეული იცვლება და ამაში მთელი ისტორიაა. მომწონს ამ ევოლუციაზე დაკვირვება და გამიმართლა, რომ გვერდით მყავს ადამიანი, ვისაც ამ პროცესზე დაკვირვება ასევე სიამოვნებს “ – ამბობს კეიტი.
მსახიობს მიაჩნია, რომ გაახალგაზრდავების მუდმივი მცდელობა დაბერების შიშს ვერ დაამარცხებს:
„არ მგონია, რომ ამით ადამიანები უკეთესად გამოიყურებიან. ისინი უბრალოდ სხვანაირები ხდებიან, მაგრამ გარდაუვალს მაინც ვერ აიცილებენ. თუ ამას შიშის გამო აკეთებთ, ეს შიში თქვენს თვალებში მაინც გამოჩნდება“ – ამბობს ბლანშეტი.
კირა ნაიტლი – 40 წლის

კირამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ჭაღარა და ნაოჭიანი ქალები შთააგონებენ. მსახიობმა აღიარა, რომ სურს ბუნებრივად დაბერდეს და ასეთ ქალებს დაემსგავსოს, თუმცა ამავე დროს განიცდის, როცა მორიგ ჭაღარა თმას აღმოაჩენს და სასწრაფოდ იღებავს. კირა დარწმუნებულია, რომ ამ დროს სარკეში სხვა ადამიანის დანახვის შიში მართავს, თუმცა, გარეგნობაში რადიკალური ცვლილებების შეტანას არ აპირებს.
ჯულიანა მური – 65 წლის

ჯულიანა მური ადამიანებს ბოტოქსის გამო არ აკრიტიკებს, თუმცა მიაჩნია, რომ ინექციები გარეგნობაზე ცუდად მოქმედებს. მსახიობის აზრით, პროცედურის შემდეგ ადამიანის სახეზე მაშინვე შეინიშნება ჩარევის კვალი და უმეტეს შემთხვევაში, ეს უცნაურად მოჩანს.
ენ ჰეთეუეი – 43 წლის

მსახიობს მიაჩნია, რომ ნაოჭები სახეს ამშვენებს.
„25-დან 27 წლამდე ყოველდღე ვუყურებდი ჩემს თვალებს და ვფიქრობდი – „აი, დადგა დრო“. მერე კი მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ჩემი ღიმილის კვალია. თუ ჩემი ბავშვობის ფოტოებს შეხედავთ, ნახავთ, რომ ზუსტად ასე ვიღიმოდი პატარაობიდანვე. მაშინ გავაცნობიერე – აი, ეს ვარ ნამდვილი მე, ბოტოქსი კი ჩემს სახეს უბრალოდ წაშლიდა“ – ამბობს ენი.
სალმა ჰაიეკი – 59 წლის

მომხიბვლელი სალმა ამტკიცებს, რომ ბოტოქსი არასდროს გაუკეთებია, თუმცა ამაზე ბევრჯერ უფიქრია. ერთხელ ინექციის გაკეთება გადაწყვიტა კიდეც, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა. მსახიობი დაბერებას ფილოსოფიურად უყურებს და მიაჩნია, რომ სილამაზე ჩვენს შიგნითაა.
ჯულია რობერტსი – 58 წლის

ოსკაროსანი მსახიობი პლასტიკურ ქირურგიას და ბოტოქსსაც კი კატეგორიულად უარყოფს. მსახიობმა განაცხადა, რომ სახის ლიფტინგი არ სურს, რათა სახის გამომეტყველება და ემოციები შეინარჩუნოს. ჯულია რობერტსს მიაჩნია, რომ ადამიანი ბუნებრივად უნდა დაბერდეს, ცვლილებების მიღებით. მსახიობმა 2014 წელს განაცხადა, რომ მზადაა ნაკლებ ფილმში გადაიღონ, რომ ბუნებრივი გარეგნობა შეინარჩუნოს.
ჯეიმი ლი კერტისი – 67 წლის

ჯეიმი დარწმუნებულია, რომ დაბერება ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჩვილის ნაზი კანი.
„დაბერება ადამიანის ევოლუციაა“ — ამბობს ვარსკვლავი.
ქეით უინსლეტი – 50 წლის

„ტიტანიკის“ ვარსკვლავი ამბობს, რომ დაბერების პროცესის უკან შეჩერების სურვილი არ აქვს. ქეითს თავისი ნაოჭები უყვარს, თუმცა არ ავიწყდება კანის მოვლა სწორად შერჩეული კოსმეტიკის დახმარებით.
ჯენიფერ ენისტონი – 56 წლის

მსახიობისთვის ახალგაზრდობის დევნაზე უფრო მნიშვნელოვანი კანის ჯანმრთელობაა. მას მიაჩნია, რომ პროცედურებს კანისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს.
„ჩვენ ყველას შეგვიძლია შევინარჩუნოთ კანის ბზინვარება და ახალგაზრდობა დატენიანებით, სწორი მოვლითა და ნატურალური პროდუქტებით“ — თვლის ჯენიფერი.
ჯენიფერ კონელი – 55 წლის

ფილმ „ბრწყინვალე გონების“ ვარსკვლავისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდეა. მან აღნიშნა, რომ არ სურს საზოგადოების სტანდარტებთან მოსარგებად სხვადასხვა პროცედურებით დაიტანჯოს.
ჰაიდი კლუმი – 52 წლის

სუპერმოდელის აზრით, პლასტიკური ქირურგია ადამიანის სახეს ძალიან ცვლის და ხშირად სილამაზეს არ მატებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროცედურებს ახალგაზრდა ქალები მიმართავენ.
„ვიცნობ გოგონებს, რომლებიც ჩემზე ორჯერ უმცროსები არიან და უკვე გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს იტარებენ. რას აპირებენ 40 ან 50 წლის ასაკში, როცა ეს მართლა საჭირო გახდება?“ – კითხულობს მოდელი.
კრისტი ტარლინგტონი – 57 წლის

ამერიკელი მოდელი ამბობს, რომ არ სურს იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ვიდრე სინამდვილეშია.
„ჩვენი სახე — ჩვენი ცხოვრების რუკაა. რაც უფრო მკაფიოა ის, მით უკეთესია“ — მიაჩნია სუპერმოდელს.
დაიან ლეინი – 60 წლის

ამერიკელი მსახიობია, რომელიც ცნობილია ფილმებით: Man of Steel, Batman v Superman, Unfaithful, My Dog Skip, The Outsiders და ა.შ. აღიარებს, რომ პერიოდულად კანის ტონუსის დაქვეითება, ნაოჭები და შეშუპება აწუხებს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ბუნებრივი ცვლილებებია, რომლებიც ადრე თუ გვიან ყველას შეგვეხება და ეს ნორმალურია.
ჯენიფერ ლოპესი – 56 წლის

მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგონა აღარ არის, ცნობილი მომღერალი და მსახიობი საოცრად გამოიყურება. ბევრი დარწმუნებულია, რომ ჯეილოს იდეალური კანი ინექციების დამსახურებაა, მაგრამ ვარსკვლავი ირწმუნება, რომ ბოტოქსი არასდროს გამოუყენებია.
კამერონ დიასი – 53 წლის

კამერონი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა. მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნიღაბი“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და „ყველა მერიზე გიჟდება“
ერთ-ერთ ინტერვიუში კამერონ დიასმა თქვა, რომ ბოტოქსის ინეიქცია ცხოვრებაში ერთხელ გაიკეთა, მაგრამ შედეგი არ მოეწონა.
„ადრე ვცადე ბოტოქსი, მინიმალური ჩარევით, მაგრამ სახე ისე უცნაურად შემიცვალა, რომ საკუთარი თავი მირჩევნია. სჯობს, დავინახო ჩემი სახე დაბერებული, ვიდრე სახე, რომელიც საერთოდ არ მეკუთვნის“ – ამბობს მსახიობი.
ასევე დაგაინტერესებთ












