• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 7, 2026
საკითხავი დრო: 5 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წარმატება არ არის შემთხვევითი. დასახული მიზნის მიღწევაა წარმატება, მაგრამ მანამდე საკუთარი სურვილების გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი, რა გვინდა? და რამდენად ძლიერად გვინდა? და როდესაც პასუხი გვექნება, შემდეგ იწყება მოძრაობა, რომელსაც მიჰყავხარ მიზნის ასრულებამდე. მოქმედება, საკუთარ თავზე დაკვირვება, შიშებთან შეხვედრა, პასუხისმგებლობის აღება, შეცდომების დაშვება და სწორი გადაწყვეტილებები, – ამ ყველაფრის გარეშე ამ გზას ვერ გაივლი.

ამ ნომერში წარმატებული ქალები გვიყვებიან თავიანთ ისტორიებს. ქალები, რომლებმაც გაბედეს, სცადეს, შეცდნენ და მაინც არ გაჩერდნენ, დღეს ახალ რეალობას ქმნიან. ისინი ანგრევენ სტერეოტიპებს, ცვლიან წესებს და თავიანთ სფეროში შეუძლებელს შესაძლებლად აქცევენ. ეს ისტორიები მათთვისაა, ვინც ახლა იწყებს, ვინც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ გზას, ვინც ოცნებობს, მაგრამ ორჭოფობს. მათთვის, ვინც ელოდება ნიშანს. წარმატებას არ ელოდებიან. მას ქმნიან.

 

 

ანა აბესაძე, მრავალგზის ჯილდოს მფლობელი საერთაშორისო პროფესიონალი: რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, წარმატება ჩემთვის არასდროს ყოფილა კონკრეტული თანამდებობა, სტატუსი ან ფინანსური მდგომარეობა. ის ჩემთვის რესურსებზე წვდომისა და მათი პასუხისმგებლობით გამოყენების საშუალებაა, ისე, რომ თითოეული გადაწყვეტილება, პროექტი თუ თანამშრომლობა ქმნიდეს ღირებულს სხვების მხარდასაჭერად და თუნდაც პატარა ნაბიჯებით ცვლიდეს მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ. სწორედ ამას ვაკეთებ, როგორც რექტორის მრჩეველი და ლექტორი „გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში“. ამასთანავე, ვარ მმართველობის გლობალური კოორდინატორი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია World Vision-ში, რომელიც მუშაობს ბავშვების, ოჯახებისა და მოწყვლადი თემების მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

სამშობლოში დაბრუნებამდე სრული დაფინანსებით ვისწავლე ამერიკასა და ევროპაში. საერთაშორისო გამოცდილების მიღება ჩემთვის მხოლოდ პირადი განვითარება არ ყოფილა – ეს იყო პასუხისმგებლობა, რომ აშშ-ის შტატის დეპარტამენტისა და ევროკომისიის სტიპენდიანტის სტატუსით, ჩემში ჩადებული ინვესტიცია და მიღებული ცოდნა უკან დამებრუნებინა საკუთარი ქვეყნისთვის. ბულგარეთში, თურქეთში, ესტონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობამ მასწავლა არა მხოლოდ განსხვავებულ სისტემებთან ადაპტაცია, არამედ საკუთარი პროფესიული იდენტობის გააზრება გლობალურ კონტექსტში და იმის გაცნობიერება, თუ როგორ შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო გამოცდილებას რეალური მნიშვნელობა ადგილობრივ გარემოში.

ჩემი საქმიანობის შედეგად, მქონდა პატივი, მიმეღო რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო და გავმხდარიყავი კანადაში, აშშ-სა და ინგლისში გამოცემული წიგნების თანაავტორი.

რთულია, ერთი უნივერსალური ფორმულის ჩამოყალიბება წარმატებისთვის, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, მთავარ როლს თამაშობს ისეთი ფაქტორების კომბინაცია, როგორიცაა კონკრეტული მიზნებისა და ხედვის ქონა, შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა, თვითდისციპლინა, დროის ეფექტური მართვა და პოზიტიური განწყობა.

კარიერის დასაწყისში მთავარი დაბრკოლება ხშირად გარე სამყაროში კი არა, ჩვენს თავშია – შიში, შედარება, დაბალი თვითშეფასება და სხვა, რომლებიც ხელს გვიშლიან წინსვლასა და განვითარებაში. შიში არც მაშინ ქრება, როცა „მზად“ ვართ, ის ქრება მაშინ, როცა ნაბიჯს ვდგამთ. მოქმედება არის ის ძალა, რომელიც შიშს ძალაუფლებას ართმევს. ამიტომ ნუ დაელოდებით სრულ მზადყოფნას – დაიწყეთ ახლა, იმ რესურსებით, რაც გაქვთ. დიდ და მნიშვნელოვან მაგიდებთან ჯდომამ ერთი რამ მასწავლა: მისაბაძი ადამიანები, რომლებიც რაღაც ღირებულს ქმნიან და აკეთებენ, დასაწყისშივე არ ფლობენ ყველა პასუხს.

ამასთანავე, აუცილებელია გქონდეთ მკაფიო ხედვა. განსაზღვრეთ, რა გინდათ და რატომ. ლოგიკურია, რომ თუ კონკრეტულად არ იცით, სად მიდიხართ, ვერ განსაზღვრავთ ამ მიზნამდე მისასვლელ გზას. სამწუხაროდ, შრომა ყოველთვის არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეთ მიზანმიმართულად და სელექციურად. ასევე, არანაკლებ საყურადღებოა, იცოდეთ რატომ გინდათ ეს, რადგან თუ ეს გადაწყვეტილება ზედაპირულია, ყოველთვის გექნებათ მოტივაციის სიცარიელე.

 

 

 

ნათია ხარბეგაშვილი, ციფრული მარკეტინგის სააგენტო WebLine • ვებლაინის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, Business Hub Georgia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი: „ვებლაინი“ არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებითა და დიდი კრეატიული ენერგიით ბიზნესისთვის მუშაობს. 2015 წლიდან ჩვენ ინტერაქტიულ და შედეგზე ორიენტირებულ ციფრულ პროდუქტებს ვქმნით და ვიცით, როგორ ვაქციოთ იდეები ციფრულ რეალობად. ჩვენი მიზანია, ბიზნესს გაციფრულებაში დავეხმაროთ და არსებული პროცესები გავამარტივოთ.

გარდა ამისა, ვარ Business Hub Georgia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. Business Hub Georgia აერთიანებს ბიზნესებს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ქმნის სივრცეს თანამშრომლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, საერთო პროექტებისა და მხარდაჭერისთვის.

გზა წარმატებამდე არ ყოფილა მარტივი, ის შედგებოდა უძილო ღამეებისგან, რისკებისა და დიდი პასუხისმგებლობისგან. თუმცა, როცა ხედავ კმაყოფილ დამკვეთს და განვითარებულ პროექტს, ხვდები, რომ თითოეული ნაბიჯი ამად ღირდა. წარმატება არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის მიდგომა. ჩემი აზრით, წარმატება მოაქვს მიზნის სიცხადეს, დისციპლინას და თანმიმდევრულ მოქმედებას. როცა ყოველდღე, პატარა ნაბიჯებით მაინც, მიზნისკენ მიდიხარ, შედეგი გარდაუვალია.

ნუ შეგეშინდებათ შეცდომების, ისწავლეთ „არას“ თქმა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც თქვენს დიდ მიზანთან არ გაახლოებთ. და რაც ყველაზე მთავარია, მართეთ თქვენი შიში. რადგან შიში ყოველთვის იქნება, მაგრამ ის არ უნდა იყოს შემაფერხებელი, გამოწვევები უნდა აქციოთ თქვენს მამოძრავებელ ძალად.

არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, რადგან სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და მნიშვნელოვანია მას ფეხი აუწყოთ.

 

 

 

ნინო კობერიძე, პერსონალური ბრენდსტრატეგი, კომპანია Persona-ს დამფუძნებელი: 15 წელია მარკეტინგისა და პერსონალური ბრენდინგის სფეროში ვმუშაობ. დღეს ჩემი საქმიანობა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – დავეხმარო პროფესიონალებსა და ლიდერებს, საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შედეგები გადააქციონ ძლიერ, სანდო და ცნობად პერსონალურ ბრენდად, რომელიც გაზრდის მათ ავტორიტეტსა და ფასს ბაზარზე.

ჩემი გზა მარკეტინგში კლასიკურად ბრენდებზე მუშაობით დაიწყო. თუმცა, დროთა განმავლობაში ერთ პარადოქსს წავაწყდი: კომპანიების მიღმა იდგნენ უძლიერესი პროფესიონალები, რომლებიც დიდ შედეგებს ქმნიდნენ, მაგრამ თავად ჩრდილში რჩებოდნენ. მათი გავლენა ვერ აღწევდა იმ მასშტაბს, რასაც იმსახურებდნენ. სწორედ ამ დაკვირვებამ შეცვალა ჩემი ფოკუსი. მივხვდი, რომ ყველაზე ძლიერი რესურსი ადამიანია.

წარმატება მხოლოდ შრომის შედეგი არ არის, ეს არის უნარი, მართო საკუთარი რეპუტაცია ისე, რომ შენი პროფესიონალიზმი შენზე ადრე ქმნიდეს შთაბეჭდილებას. დღეს ჩემი კომპანია „Persona“ სწორედ ამას ემსახურება – დაეხმაროს პროფესიონალებს ცნობადობისა და ავტორიტეტის მოპოვებაში.

წარმატება მოაქვს საკუთარ თავთან სიცხადეს, როცა ზუსტად იცი, ვინ ხარ, რას ემსახურები და რა პრობლემას აგვარებ. როცა შენი ცოდნა რეალურ საჭიროებას პასუხობს და ამას სისტემურად და მიზანმიმართულად აჩვენებ, ბაზარი თავად იწყებს შენს ძებნას.

თქვენი კარიერა არ არის კიბე, ეს არის ისტორია, რომელსაც თავად წერთ. ნუ დაელოდებით, რომ ვინმე შეგამჩნევთ. მართეთ საკუთარი ნარატივი, სხვები მაინც შეგაფასებენ, ამიტომ ჯობს თქვენვე განსაზღვროთ, როგორ. გააზიარეთ ცოდნა, ავტორიტეტი იზრდება მაშინ, როცა სხვებს აძლიერებთ.

და რაც ყველაზე მთავარია, ნუ შეგეშინდებათ ცნობადობის. ცნობადობა არის პასუხისმგებლობა – თქვენი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოთ უფრო ფართო მასშტაბით და გაუზიაროთ სხვებს.

 

 

ეკა ნადირაშვილი; ექიმი-რადიოლოგი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრი. კლინიკა: „კარაპს მედლაინი“, ლ. რამიშვილის სამედიცინო ცენტრი:

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ოჯახის არცეთი წევრი არ არის ექიმი, ამ პროფესიით ადგილის დამკვიდრება არ ყოფილა მარტივი. ყოველთვის მინდოდა ექიმობა, რადგან ყველაზე განსხვავებულ და ჰუმანურ პროფესიად მივიჩნევ. ოჯახში მასწავლეს, რომ მთავარი ღირებულება არის ადამიანი, გულისხმიერება და პატიოსნება. ყველა ეს თვისება კი ალბათ ყველაზე მეტად ამ პროფესიისთვისაა დამახასიათებელია. ექიმობა ჩემს შინაგან მდგომარეობასთან ყველაზე ახლოსააა.

ჩემი გამოცდილებიდან ვიტყოდი, რომ წარმატება მოაქვს მიზანდასახულობას, შრომისმოყვარეობასა და საკითხების მიმართ პროფესიონალურ მიდგომას. ასევე, უფროსი ადამიანებისა და კოლეგების რჩევების გათვალისწინებას.

ქალებს, ვინც ახლა იწყებენ კარიერას, ვეტყოდი, რომ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია იმუშაონ ბევრი საკუთარ თავზე, არ დაკარგონ დრო და არ შეუშინდნენ სირთულეებს.

 

 

 

ანა დიასამიძე, ფილოლოგი, სახელმწიფო მმართველობისა და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი, ამჟამად ანტრეპრენერი, ბრენდების „მონ პარი“ და „ანდიამო“ დიზაინერი:

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ადამიანის კარიერული განვითარების ერთ-ერთი კარგი მაგალითი ვარ. ახლა უკვე დასაქმების მსურველებს აღარ ეკითხებიან, თუ სად ხედავენ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ. არავინ იცის სად ვიქნებით კარიერული კუთხით გარკვეული პერიოდის შემდეგ. მეც ანალოგიურად, 10 წლის წინ ვერ წამოვიდგენდი, დილით 9 საათზე სახელმწიფო დაწესებულების კარის შეღების ნაცვლად კარს თვალებაციმციმებულ პატარძალს გავუღებდი.

4 წელია დიზაინის სფეროს ვემსახურები, პატარა ანას ოცნებების რეალობად ქცევა შევძელი. სილამაზის, ფერებისა და ფორმების სიყვარული პროდუქტად ვაქციე და შევძელი სხვებისთვის ბედნიერი წუთებისა და მოგონებების ჩუქება.

გზა წარმატებამდე საკუთარ თავში მოგზაურობაა და იმ გასაღების პოვნა, რომელიც წარმატების კარს გაგიღებს. კარგად უნდა შევისწავლოთ, ვინ ვართ და რა გვინდა. როცა ზუსტად ვიცით რა გვსურს, მისი მიღწევა შეუძლებელი აღარ არის. საკუთარი მიზნების განსაზღვრის შემდეგ მთავარია მოთმინებით, დისციპლინითა და განვითარებაზე ორიენტირებულობით განვაგრძოთ სვლა წინ, წარმატებისკენ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქალების როლი მნიშვნელოვნად გაზრდილია ყველა მიმართულებით, მრავლფუნქციურები გავხდით და აუცილებელია გარკვეული ბალანსის შენარჩუნება. მთავარია ჩვენი მოვალეობები იყოს ნებაყოფლობითი და არა იძულებითი. ამიტომ კარიერული განვითარების კუთხით, თითოეულ ქალს ვურჩევდი, ზუსტად განსაზღვრონ რა სურთ და ამავდროულად, რა რესურსი აქვთ. საკუთარი მიზნის მიღწევის გზა უნდა იყო საინტერესო, თავგადასავლებით სავსე და გზის ბოლოს უნდა გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

 

 

 

ლიკა თორია, მოდელი: მოდის სფეროში ჩემი გზა წლების წინ დაიწყო, ეს იყო საკუთარი თავის შეცნობის, დისციპლინისა და მუდმივი განვითარების პროცესი. დღეს უკვე ამერიკაში ვცხოვრობ და საქმიანობას საერთაშორისო ბაზარზე ვაგრძელებ, რაც კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მაძლევს.

გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა, თუმცა ყველა ეტაპმა გამძლეობა, პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის რწმენა შემძინა. ნამდვილი წარმატება ჩემთვის მხოლოდ სცენაზე ან კამერის წინ მიღწეული შედეგი არ არის. ის იწყება ოჯახიდან. მე მყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ძალა, მოტივაცია და შთაგონება არიან. როცა რთული ეტაპი მაქვს, მახსენებენ, თუ რატომ ღირს ბრძოლა. განსაკუთრებული სიამაყით ვუყურებ ჩემს ქალიშვილს, რომელიც თავადაც მოდელია და უკვე თავდაჯერებულად დგამს პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში. მისი მონდომება და სიყვარული ამ პროფესიის მიმართ ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. სწორედ ოჯახური სიყვარული, მხარდაჭერა და შინაგანი სიმშვიდე მაძლევს საშუალებას, პროფესიულ გზაზე უფრო ძლიერი, თავდაჯერებული და წარმატებული ვიყო.

ყველა ქალს ვეტყოდი: ირწმუნეთ საკუთარი თავის და ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან იწყებთ, მთავარია, იცოდეთ, საით მიდიხართ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, არ დანებდეთ პირველ სირთულეებს და ყოველთვის დარჩით ერთგული საკუთარი ღირებულებების. წარმატება აუცილებლად მოდის მათთან, ვინც საკუთარ გზას თავდაჯერებულად მიჰყვება.

 

 

მარიამ კარელიძე, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი და ტრენერი:

ჩემთვის სილამაზის სფერო მხოლოდ ესთეტიკა არ არის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ადამიანის ჯანმრთელობაზე. დასრულებული მაქვს სამედიცინო სასწავლებელი, გავლილი მაქვს ანატომიისა და დერმატოლოგიის კურსები და ვარ ინიექციური კოსმეტოლოგი. ვფიქრობ, განათლება არის ის საფუძველი, რომელიც პროფესიონალს თავდაჯერებას და პასუხისმგებლობას აძლევს.

ჩემი პროფესიული გზა ნელ-ნელა, დიდი შრომით და მუდმივი სწავლით ავაშენე. არაფერი მოდის ერთ დღეში, თითოეულ ნაბიჯს დრო, მოთმინება და დიდი ძალისხმევა სჭირდება, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში, როცა ენა ჯერ კიდევ კარგად არ იცი. ემიგრაცია განსაკუთრებით მძიმე ხდება, როცა ამას შვილის ჯანმრთელობის პრობლემა ემატება. იყო დღეები, როცა შიშს, დაღლილობას და პასუხისმგებლობას ერთად ვებრძოდი. ეს გამოცდილება ადამიანს ან გაგტეხს, ან გაძლიერებს, სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. სწორედ ესაა წარმატებაც – სირთულეების მიუხედავად, დარჩე ადამიანად, რომლითაც ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი იამაყებენ. როცა საქმეს გულით აკეთებ და სიკეთეს არ კარგავ, ეს არის ნამდვილი გამარჯვება.

მნიშვნელოვანია, ქალებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ, საქართველოში თუ უცხო ქვეყანაში, მთავარია საკუთარი თავის რწმენა. როცა შენ გჯერა, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. იმოქმედეთ და იყავით საკუთარი თავის ის ვერსია, რომელიც გაგაბედნიერებთ.

 

 

ანა გაფრინდაშვილი, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი: წლებია ესთეტიკურ სფეროში ვარ. პერმანენტულ მაკიაჟს კი 8 წელია ვაკეთებ. ჩემი სტანდარტებითა და საკუთარი ესთეტიკური ხედვით, მაქვს ჩემი სივრცე – პერმანენტული მაკიაჟის სტუდია, სადაც თითოეული პროცედურა ინდივიდუალურია და თითოეული სახე – უნიკალური. ვქმნი ნატიფ, ნიუანსურ, ბუნებრივ შედეგებს. ჩემთვის პერმანენტი არ არის მკვეთრი ხაზები და ტრენდზე აყოლა, ეს არის ჰარმონია, პროპორცია და ქალის ბუნებრივი სილამაზის გაძლიერება. პროფესიონალიზმი მხოლოდ ტექნიკა არ არის, ჩემი სახელის უკან დგას სტაბილურობა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა.

ჩემი გამოცდილებით, წარმატება მოდის მაშინ, როცა საკუთარ საქმეს გულით ეკიდები და საკუთარ თავთან პატიოსანი ხარ. ხშირად ის იწყება მაშინ, როცა კომფორტის ზონიდან გამოდიხარ, როცა გარემოებები გაჩვენებს, რომ შეგიძლია უფრო მეტი, ვიდრე გეგონა.

მჯერა, რომ წარმატება არ არის სწრაფი ეფექტი და ზედაპირული აღიარება. ეს არის ნელა, მაგრამ მყარად აშენებული გზა, რომელიც მოიცავს საკუთარი სტილის პოვნას და მის ერთგულებას. წარმატება მოდის მაშინ, როცა შენ თვითონ ხარ შენი სტანდარტი.

წარმატების გზაზე სირთულეები ყოველთვის იქნება, მაგრამ ისინი გაჩერებისთვის კი არა, გაძლიერებისთვისაა. ნაბიჯი გადადგით მაშინაც, როცა არ გგონიათ, რომ მზად ხართ – გამოცდილება და თავდაჯერება პროცესში მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ საკუთარი თავის რწმენაა. ყოველ ნაბიჯზე დაიჯერეთ, რომ საკუთარი გზა შექმნილია თქვენით და თქვენ ბევრად ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ.

და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა. ქალებს ერთმანეთის გვერდით დგომა არა მხოლოდ გვაძლიერებს, არამედ გვაჩვენებს, რომ შეუძლებელი არაფერია.

 

 

ელზა თათოშვილი, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი და კოსმეტოლოგი: ჩემი პროფესიული საქმიანობა, რომელიც 10 წელს ითვლის, მოიცავს უწყვეტ სწავლას, პრაქტიკას, განვითარებას და საკუთარ თავთან ბრძოლას.

დიდი ხნის განმავლობაში მსურდა ჩემი სტუდიის შექმნა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, სურვილები წლების განმავლობაში მხოლოდ ოცნებად რჩება. იმ პერიოდში სხვა სტუდიაში ვმუშაობდი, მქონდა სტაბილურობა, კომფორტი და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს ჩემი საბოლოო გაჩერება არ იყო.

ხშირად სწორედ უმნიშვნელო მოვლენები ხდება დიდი გარდატეხის მიზეზი. ერთ დღესაც მივიღე სტუდიის შექმნის გადაწყვეტილება. საკუთარ თავს ვუთხარი, აღარასდროს ვყოფილიყავი დაქირავებული თანამშრომელი, ეს არ იყო სპონტანური ახირება; ეს იყო შინაგანი მზადყოფნა, რომელიც წლების განმავლობაში მწიფდებოდა.

დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება ერთი ეპიზოდი. ინდივიდუალურ კურსზე ვიყავი უკრაინელ ტრენერთან. კურსის დასრულების შემდეგ მან თანამშრომლობა შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იყო, უარი ვუთხარი, უკვე ვმუშაობდი და პასუხისმგებლობას ვერ გავექცეოდი.

მაშინ მან მითხრა სიტყვები, რომლებიც დღემდე მახსოვს: „თუ ჩემთან არ იმუშავებ, მაშინ აიღე ერთი სამუშაო სკამი, დადგი და იმუშავე საკუთარ თავზე, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას“.

ჩემთვის ეს სიტყვები უბრალო რჩევა კი არა, შინაგანი მოტივაციის წყარო გახდა. დღეს ჩემი სტუდია არის სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთმანეთს ერწყმის. თითოეული მომხმარებლის ნდობა ჩემთვის უდიდესი ღირებულებაა, ხოლო ყოველი ახალი დღე – განვითარების ახალი შესაძლებლობა.

წარმატება ჩემთვის არ არის შემთხვევითობა. ეს არის გამბედაობა, როცა შიშის მიუხედავად მაინც დგამ ნაბიჯს.

ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა და განვითარება. სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირება და მოთმინება კი ის თვისებებია, რომლებმაც საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობასთან ერთად მიმიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ. ერთიანობაში წარმატების საზომი: დისციპლინა, ყოველდღიური შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ქალებს ვეტყოდი, არ იფიქროთ მხოლოდ სწრაფ შედეგზე. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცოდნის საფუძვლის სწორად აგება. ისწავლეთ ხარისხიანად, იშრომეთ დაუღალავად და არასოდეს დასჯერდეთ „საკმარისს“. პროფესიონალიზმი იქ იწყება, სადაც იწყება დეტალებზე ზრუნვა. მთავარია რწმენა, რომ ყოველდღე საკუთარ თავზე მუშაობით შეგიძლია გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია.

იმუშავეთ საკუთარ სახელზე ისე, თითქოს ის თქვენი ყველაზე დიდი ინვესტიციაა. რეპუტაცია იქმნება ნელა, მაგრამ სწორედ ის განსაზღვრავს თქვენს მომავალს.

თუ გაქვთ მიზანი, შრომის უნარი და გამბედაობა, კარიერა აუცილებლად გადაიქცევა წარმატებად.

 

ნათია გაგაძე – ექიმი-კოსმეტოლოგი. ესთეტიკური ცენტრის My beauty time დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ორი საოცარი ბიჭის – ჯანოს და აკაკის დედა: მედიცინა ბავშვობიდან მაინტერესებდა და ზუსტად ვიცოდი, რომ სწავლას სამედიცინოზე გავაგრძელებდი. სამედიცინოზე სწავლის პერიოდში დავინტერესდი გერონტოლოგიით (მეცნიერება დაბერების პროცესების შესახებ ) და რეგენერაციული მედიცინით. მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის მიმართულება იყო, რასაც ვეძებდი. მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვაკვირდებოდი ადამიანის ვიზუალს და მიკვირდა ის ცვლილებები, რაც იყო ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის – როგორ იცვლებოდა ადამიანის სახე და სხეული ასაკთან ერთად. სტუდენტობის შემდეგ დავიწყე ძიება ისეთი აქტივების, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჩართავდნენ ან გაააქტიურებდნენ რეგენერაციულ პროცესებს. ამ ძიებაში გავიცანი უკრაინის გერონტოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა პეპტიდებზე და მათი მოქმედების მექანიზმებზე ორგანიზმში. ეს იყო ჩემთვის კარგი გამოცდილება, მას შემდეგ გერონტოლოგია და რეგენერაციული მედიცინა გახდა ჩემი ძირითადი ინტერესისა და კვლევის სფერო. როგორც ქალმა კი, ეს ყველაფერი კანის მოვლას დავუკავშირე და ასე აღმოვჩნდი ესთეტიკაში.

ამ სფეროში 9-წლიანი მუშაობის შემდეგ შევქმენი საკუთარი ესთეტიკური ცენტრი – My beauty time. ჩემი სპეციალობის ბიზნესად გადაქცევა იყო უდიდესი გამოწვევა. ესთეტიკური ცენტრი შევქმენი ნულიდან, იმ დროს, როდესაც ჩემი ცხოვრების ურთულეს ეტაპს გავდიოდი. თუმცა ზუსტად ასეთ დროს ხდება ხოლმე პატარა სასწაულები, რომელიც უნდა დავინახოთ, მივიღოთ და სწორად გამოვიყენოთ. ამ დროს შენთვის ნათქვამი ერთი წინადადებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ შენი ვიღაცას სჯერა და ყველაფერს შეძლებ. სწორედ ეს სიტყვა გამოგაფხიზლებს და გახსენებს, რომ გაქვს მიზანი, სპეციალობა, განათლება და გამოცდილება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს და ზუსტად აქ იწყება ყველაფერი. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – 24-საათიანი შრომა ჩემი მიზნისთვის, დისციპლინა, რომელსაც დღემდე ვიცავ. ჩემი პრინციპები, რომელსაც არასოდეს ვღალატობ და ბევრი სიყვარულის გაცემა. რა თქმა უნდა, იყო და არის ბევრი სირთულე, შიში და იმედგაცრუება, მაგრამ ასეთ დროს ჩემი შრომის შედეგს ვხედავ და კიდევ უფრო ვძლიერდები.

წარმატება თავისთავად მოდის იმ შემთხვევაში, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს და გაბედნიერებს. ამ დროს ვერ გრძნობ დაღლას და შენდა უნებურად იცავ წარმატების ფორმულას – მიზანი, ამ მიზნისთვის მუდმივი შრომა, განვითარება და დისციპლინა. დისციპლინა პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ.

ქალბატონებს საკუთარი ბიზნესის დაწყება უფრო რთულად გვეჩვენება. თუმცა ყველას, ვინც ახლა იწყებს ან ფიქრობს დაწყებას, მინდა გითხრათ – სპეციალობად გაიხადეთ და აკეთეთ საქმე, რომელიც გაბედნიერებთ და სიამოვნებას განიჭებთ. აუცილებლად ბევრი იოცნებეთ (ამ დროსაც იგრძნობთ ბედნიერებას) და ყველაფერი გააკეთეთ თქვენი ოცნების ასასრულებლად. ამ გზაზე აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ეს სისულელეა, არაფერი გამოგივა და ა.შ. – არ დაუჯეროთ. გარშემო შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, ვისაც თქვენი უპირობოდ სჯერა. იარეთ მხოლოდ წინ, თქვენი მიზნისკენ, თავიდან თუნდაც ნელი ნაბიჯებით, ისინი აუცილებლად აჩქარდებიან და ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ დგახართ თქვენი ხელებით, განათლებით და გამოცდილებით შექმნილ სამყაროში, სადაც აუცილებლად მოვა ერთი ადამიანი მაინც და გეტყვით მადლობას თქვენი გაწეული სამსახურის გამო, თქვენ კი მადლობას გადაუხდით ნდობისთვის. ზუსტად ამ მომენტში შეიგრძნობთ წარმატების გემოს.

 

 

ნინა ჩიკვაშვილი, პროგრესის ამერიკული სკოლების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი. განათლების ადმინისტრირების დოქტორი: როცა 21 წლის ასაკში იწყებ ნულიდან, შენ რეალურად არ ქმნი უბრალოდ ბიზნესს, შენ ქმნი საკუთარ თავს. და თუ არ გეშინია დიდი მასშტაბების, ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენი ხედვა უკვე კორპორაციად აქციე.

ეს ისტორია ასე იწყება. არა დიდი კაპიტალით, არა მზა რესურსებით, არამედ ერთი ქალის შინაგანი გადაწყვეტილებით, რომ განათლება უნდა გახდეს მისი ცხოვრების მთავარი საქმე. 21 წლის ასაკში, იმ დროს, როცა ადამიანების უმრავლესობა ჯერ საკუთარ თავს ეძებს, მე უკვე ვიცოდი, რომ ნაბიჯს ვდგამდი და ვაშენებდი არა უბრალოდ კარიერას, არამედ სისტემას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უნდა ემსახუროს მომავალ თაობებს. დავიწყე მხოლოდ ერთი ძალიან ძლიერი რწმენით, რომ განათლება არის ერთადერთი სფერო, სადაც ინვესტიცია ყოველთვის ამართლებს, თუნდაც ყველაზე რთულ დროს. ეს არ იყო ემოციური არჩევანი. ეს იყო გააზრებული სტრატეგია: თუ გინდა შექმნა მდგრადი ბრენდი, რომელიც დროს უძლებს, უნდა შექმნა ღირებულება, რომელიც ადამიანების ცხოვრებას რეალურად ცვლის.

პროგრესის ამერიკული სკოლების ისტორია ჩემთვის არ არის უბრალოდ კომპანიის ისტორია, ეს არის ჩემი პირადი ზრდის ქრონიკა. თავიდან ყველაფერი იყო პატარა: იდეა, გუნდი, პირველი მოსწავლეები, პირველი პასუხისმგებლობები. მაგრამ მე თავიდანვე ვხედავდი დიდ სურათს. ვხედავდი ქსელს, ბრენდს, საერთაშორისო სტანდარტს, სკოლას, რომელიც არ იქნებოდა უბრალოდ შენობა, არამედ იქნებოდა კულტურა.

სწორედ აქ იწყება განსხვავება ჩვეულებრივ ორგანიზაციასა და ნამდვილ ბრენდს შორის. სკოლა არ არის კედლები. სკოლა არის აზროვნება, სტანდარტი, ეთიკა, ხარისხი, ადამიანური კაპიტალი. სკოლა არის სისტემა, რომელიც ყოველდღიურად უნდა ადასტურებდეს, რომ იმსახურებს ნდობას. სწორედ ამ პრინციპზე ავაშენე ყველაფერი თავიდანვე არა სწრაფი შედეგებისთვის, არამედ გრძელვადიანი რეპუტაციისთვის.

პროგრესის ამერიკული სკოლები დღეს არის კორპორაცია, რომელიც მუშაობს სამ ქალაქში, ათასობით ოჯახთან, ასობით თანამშრომელთან და უზარმაზარი სოციალური პასუხისმგებლობით. ეს აღარ არის ერთი სკოლის ისტორია. ეს არის საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო პროგრამებს, ინოვაციურ მიდგომებს, თანამედროვე პედაგოგიკას, ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ მასშტაბურად.

ეს არ არის შემთხვევითი წარმატება. ეს არის 21 წლიდან დაწყებული ყოველდღიური დისციპლინის შედეგი. წლები, როცა მხოლოდ შიდა რწმენაზე იდგა ყველაფერი. წლები, როცა უნდა გემუშავა მაშინაც, როცა არავინ გაძლევდა გარანტიას, რომ ეს გზა აუცილებლად გაგიყვანდა დიდ შედეგამდე.

და არის მომენტი, რომელიც ლიდერი ქალის ცხოვრებაში გარდამტეხია. არა ის, როცა პირველად წარმატებას მიაღწევ, არამედ ის, როცა აცნობიერებ, რომ შენ მიერ შექმნილი სისტემა ავტონომიურად აგრძელებს ზრდას. როცა ხვდები, რომ შენი გადაწყვეტილებები უკვე ცალკეული ადამიანების ბედს კი არა, მთელი თაობის განვითარების ტრაექტორიას განსაზღვრავს. სწორედ აქ მთავრდება პირადი ამბავი და იწყება ისტორია, რომელიც შენზე ბევრად დიდია.

დღეს პროგრესის ამერიკული სკოლები აღემატება მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეს, ჩვენ ვდგავართ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტრატეგიულ პარტნიორობებზე, კორპორაციულ მართვაზე, ფინანსურ მდგრადობაზე და რაც მთავარია, საგანმანათლებლო პოლიტიკაზე, რომელიც რეალურად ცვლის ქვეყნის მომავალს.

თბილისში, დიღომში, დაიწყო პროგრესის ახალი ეპოქა, 2 ჰექტარზე გაშლილი ახალი კამპუსის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს საბავშვო ბაღიდან დაწყებულ განათლების უწყვეტ ციკლს საუნივერსიტეტო სკოლამდე. ეს არის რეგიონში ინფრასტრუქტურულად და აკადემიურად უკონკურენტო საგანმანათლებლო სივრცე, სადაც გაერთიანდება სკოლა და უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო გარემოში. სწავლება ეფუძნება American (AP) advanced elementary education მოდელს, რაც უზრუნველყოფს აკადემიური ხარისხის მაღალ სტანდარტს და გლობალურ ორიენტაციას. კამპუსი მოიცავს 11 სრულად აღჭურვილ ლაბორატორიას (მათ შორის NASA და STEAM მიმართულებებით), მშბლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეებს (Co-working and Fitness ცენტრი), ბოტანიკურ საგანმანათლებლო სივრცეს, თეატრალურ კლუბს, საერთაშორისო სტანდარტის საცურაო აუზსა და მრავალფუნქციურ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ეს არ არის უბრალოდ ახალი შენობა, ეს არის ცოდნის ეკოსისტემა, სადაც ბავშვი ადრეული ასაკიდან იღებს სისტემურ, თანმიმდევრულ და გლობალურ განათლებას.

ბათუმში უკვე გვაქვს ახალი სასკოლო კამპუსი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი, „ანაგი განათლებასთან“ პარტნიორობით – 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განათლებაში.
ეს არის ციფრები, რომლებიც მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებზე არ საუბრობს. ეს არის ნდობის ინდიკატორი. ნდობა მშობლებისგან, სახელმწიფოსგან, საერთაშორისო თუ რეგიონული პარტნიორებისგან და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცისგან.

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ქუთაისში, სექტემბრიდან იხსნება მეორე კამპუსი, სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის განათლების ინტეგრირებული ამერიკული სკოლა K-9 წლის ბავშვებისთვის. ეს ნიშნავს, რომ პროგრესის ამერიკული სკოლები უკვე ქმნის უწყვეტ საგანმანათლებლო ჯაჭვს ყველაზე ადრეული ასაკიდან, იქიდან, სადაც ყალიბდება ბავშვის აზროვნება, თვითშეფასება და სამყაროს აღქმა. ეს არ არის უბრალოდ გაფართოება, ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ადამიანური პოტენციალის საწყის ფაზაში.

ეს მასშტაბი არ ჩნდება ერთ დღეში. ეს ჩნდება მაშინ, როცა არ ღალატობ საკუთარ ხედვას წლების განმავლობაში. ხშირად მეკითხებიან: რას მოაქვს წარმატება?
ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია, წარმატებას არ მოაქვს იღბალი და ის არ არის შემთხვევითი. ის ყალიბდება ხანგრძლივი ხედვით, შეუპოვარი მონდომებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მომავალზე დიდ კვალს ტოვებს. როცა ხვდები, რომ შენს გადაწყვეტილებებს გავლენა აქვს ბავშვების მომავალზე, მშობლების ნდობაზე, გუნდის ცხოვრებაზე, შენ უკვე აღარ გაქვს უფლება, იყო საშუალო. განათლებაში საშუალო არ არსებობს. ან ხარ მაღალი სტანდარტის, ან საერთოდ არ ხარ.

ჩემი წარმატების ფორმულა ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან რთულად შესასრულებელი: ყოველდღიური დისციპლინა, სწორი ადამიანების შერჩევა, სისტემური აზროვნება და ყველაზე მთავარი, გამძლეობა მაშინ, როცა გზა გრძელი და ძალიან რთულია.

სწორედ მაშინ იქმნება ლიდერი. არა სცენაზე, არამედ კულისებში. არა დამსახურებებში, არამედ გადაწყვეტილებებში. არა სიტყვებში, არამედ პროცესებში.

დაბოლოს, ყველაზე პირადი ნაწილი. ჩემი გზავნილი ქალებისთვის, ვინც ახლა იწყებს.

თუ დღეს ხარ 20-22 წლის და გგონია, რომ ჯერ ადრეა დიდი ნაბიჯებისთვის, მე ვარ ცოცხალი მაგალითი, რომ სწორედ ეს არის ერთადერთი სწორი ასაკი. 21 წელი არის ასაკი, როცა: ჯერ არ გეშინია შეცდომების, ჯერ არ ხარ შეზღუდული სტერეოტიპებით და ყველაზე მთავარი – ჯერ გაქვს დრო, რომ ააშენო რაღაც დიდი.

ჩემი რჩევა ქალებისთვის არის ძალიან პირდაპირი:
არ დაელოდო იდეალურ მომენტს. ის არ არსებობს. დაიწყე იქ, სადაც ხარ. იმ რესურსით, რაც გაქვს, მაგრამ ხედვით იქ, სადაც გინდა იყო 10 წელიწადში. არ ეცადო მოერგო სისტემას, შენ შექმენი საკუთარი სისტემა. ლიდერობა არ არის ტიტული. ლიდერობა არის უნარი, მარტო მიიღო რთული გადაწყვეტილებები და მაინც არ დაკარგო შინაგანი ბალანსი.

მე არ შევქმენი უბრალოდ სკოლები. მე შევქმენი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ საგნებს, არამედ საკუთარ შესაძლებლობებზე ფიქრს.

და თუ ერთხელ მაინც გააკეთებ საქმეს, რომელიც შენს პირად ამბავზე დიდია, შენ უკვე აღარ მუშაობ მხოლოდ საკუთარი წარმატებისთვის. შენ მუშაობ მომავლის არქიტექტორად.

სალომე ბასილაძე. კომპანია „ივენთ რუმის“ დამფუძნებელი და დიზაინერი: 6 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში ვარ. ინსპირაცია იყო ჩემი მესამე შვილი, სესილია, რომლის დაბადებამ ბევრი იდეა გააღვიძა ჩემში. ბავშვობიდან მომწონდა ლამაზი გაფორმებები, სკოლის ასაკში, როცა ჩვენს ოჯახში სტუმრები მოდიოდნენ, სუფრას ვაწყობდი, მახსოვს, თითოეულ კერძს ისე ვაფორმებდი, რომ ხელოვნების შედევრს ეძახდნენ. 6 წლის წინ, იმ დღეს, როცა ჩემი გოგოს პირველი დაბადების დღე გავაფორმე, დაიბადა იდეა, შემექმნა საკუთარი კომპანია, სახელიც ექსპრომტად მოვიფიქრე.

ჩემი აზრით, იყო დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი, ეს უკვე წარმატებაა. ამ გზას ოჯახთან ერთად გავდივარ. მყავს მეუღლე და სამი შვილი. ჩვენ ერთად ერთი დიდი გუნდი ვართ.

თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომით მივაღწიე. დავისახე მიზანი, რომ ჩემი სახელი ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ჩემი ქუთაისისთვის ყოფილიყო ცნობადი. წარმატების მისაღწევად მთავარია გქონდეს სურვილი, დაისახო მიზანი და საკუთარ თავს უთხრა, რომ შენ ეს შეგიძლია!

 

 

 

ანა მეტრეველი, გაყიდვების სპეციალისტი: წლების წინ არჩევანის წინაშე დავდექი – ან უნდა მქონოდა კონკრეტული პოზიცია ფიქსირებული ხელფასით, ან დავთანხმებოდი შეთავაზებას გაყიდვების დეპარტამენტში და ჩემი შემოსავალი ჩემი მუშაობის ხარისხზე ყოფილიყო დამოკიდებული. ახლანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, სიტყვა „გამომუშავებამ“ დამაინტერესა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით არათუ გამოცდილება, თეორიული ცოდნაც კი არ მქონდა. ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სამსახური გამოვიცვალე, სფერო არასდროს შემიცვლია.

წარმატებას აღწევ მაშინ, როცა ძალიან მოგწონს ის, რასაც აკეთებ. როცა ეს არა ჰობი ან გატაცება, არამედ შენი სამსახურია. წარმატება დასახული მიზნის მიღწევაა, საკუთარი სურვილების შესრულება. ყოველდღიურად ისახავ ახალ მიზანს, პოულობ ამ მიზნამდე მისასვლელ გზას, ეს კი გამუდმებულ, უწყვეტ ნაბიჯებს მოითხოვს. არ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად რაღაც მოხდება, რამე მოგვარდება. წარმატების მისაღწევად საჭიროა მოქმედება, ცვლილებები. ეს გზა სიურპრიზებითაა სავსე – საჭირო ნაბიჯებს ხან გადადგამ, ხან შენი ქმედებები უშედეგო იქნება. თუმცა, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გაჩერდე.

აუცილებელია, სურვილები ვაქციოთ მიზნებად. შემდეგ, ამ მიზნების მისაღწევად ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ. პირველ რიგში, საკუთარ თავზე მუშაობაა გადამწყვეტი, რომ გამოვიმუშაოთ ჩვევები, რომლებიც არ მოგვცემენ ხელის ჩაქნევის, დანებებისა და გაზარმაცების საშუალებას. საკუთარ თავზე დაკვირვებით აუცილებლად აღმოვაჩენთ, რა გვაფერხებს. ამის მერე უფრო მარტივად შევძლებთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, დავძლიოთ შიშები და ვიყოთ უფრო თავდაჯერებულები. თავდაჯერებას კი აუცილებლად მოაქვს სიმშვიდე და გვეხმარება მიზნისკენ მტკიცე ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენი განწყობა კარიერულ წინსვლაში გადამწყვეტია.

 

 

ნინო მემანიშვილი, Come Travel-ის დამფუძნებელი: ცხოვრებაში ცვლილებები ყოველთვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. უკვე 10 წელია ტურისტულ სფეროში ვსაქმიანობ და ამ წლების განმავლობაში ჩემმა სააგენტომ ასობით ადამიანს დაუვიწყარი მოგზაურობა აჩუქა. ჩემთვის ტურიზმი მხოლოდ პროფესია არასოდეს ყოფილა, ეს არის პასუხისმგებლობა, ნდობა და ადამიანების ოცნებების შესრულება.

დღეს კი ჩემს პროფესიულ გზაზე ახალი ეტაპი იწყება. ჩემმა მრავალწლიანმა ტურისტულმა გამოცდილებამ მაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საიმედო პარტნიორი ამ სფეროში. სწორედ ამიტომ დავიწყე თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია „ვაიზერთან“, რაც ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განვითარებისკენ. ეს არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს საიმედო, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო მომსახურებას.

რა თქმა უნდა, ვრჩები ტურიზმის სფეროშიც. შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმი და დაზღვევა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია: მოგზაურობისას სიმშვიდე და დაცულობის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებლებს უნდა შესთავაზო არა მხოლოდ სასურველი მიმართულება, არამედ სრული სერვისი და უსაფრთხოების გარანტია.

მჯერა, რომ მუდმივი განვითარება წარმატების მთავარი გასაღებია. წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი და შესაძლებლობა მელის, ხოლო ჩემი მიზანი უცვლელია – ხარისხი, სანდოობა და ადამიანებზე ზრუნვა.

წლების განმავლობაში ვწერდი ჩემს ისტორიას, ხანდახან რთულს, მაგრამ ყოველთვის იმედით სავსეს. მჯერა, რომ თითოეულ ქალს შეუძლია წამოიწყოს საქმე, შექმნას საკუთარი სამყარო და თავისი საყვარელი საქმიანობა ყოველდღიურობის ნაწილი გახადოს. მთავარია რწმენა, გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების და გაბედეთ აქ და ახლა.

 

 

ბარბარე ხასია, Barbare Khasia-Consulting Services, დამფუძნებელი. რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების მრჩეველი: სანამ ამ ეტაპამდე მოვიდოდი, საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიული გზა გავიარე. თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლისას ავირჩიე მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი – ჩინური ენა, პარალელურად ვსწავლობდი მარკეტინგის მენეჯმენტს ESM-ის ფაკულტეტზე. ამავე პერიოდში ვითვისებდი ფრანგულ ენას და გავდიოდი ადამიანური რესურსების მართვის კურსებს. ამ პერიოდში სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი ძირითადად მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით. ვფიქრობ, ამ გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში და საბოლოოდ საკუთარი თავი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დავინახე. სადაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც ენების ცოდნა, ისე კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და მარკეტინგული ხედვის უნარები. ამჟამად აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში ტექრეკრუტინგის, Web3 და კრიპტორეკრუტინგის მიმართულებით.

ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს დაემთხვა, მაშინ, როდესაც დედა გავხდი. ამ პერიოდში ბუნებრივად გაჩნდა შიში, რომ კარიერულად უკან დავიხევდი. რამდენიმე მნიშვნელოვან შემოთავაზებაზე უარის თქმამაც მომიწია, რადგან მსურდა მეტი დრო დამეთმო ჩემი შვილისთვის. დავიწყე ფრილანსერობა და დამოუკიდებლად მუშაობა, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება იმ სერვისად გადამექცია, რომელიც რეალურად დაეხმარებოდა ადამიანებს პროფესიული მიმართულების პოვნასა და განვითარებაში. შევქმენი სამუშაო მოდელი, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული. და სწორედ ეს მოდელი უდევს საფუძვლად ჩემს ამჟამინდელ კომპანიას, Barbare Khasia-Consulting Services-ს. დღეს უკვე 2000-ზე მეტ პროფესიონალს დავეხმარე როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე კარიერის დაწყებასა და განვითარებაში. ამ დროის განმავლობაში ტალანტები წარმატებით დამისაქმებია ჩეხეთში, გერმანიაში, კანადაში, საფრანგეთში, ლატვიაში, კვიპროსში, ნიდერლანდებსა და ჩინეთში.

ჩემს შემთხვევაში წარმატება ბევრმა შრომამ მოიტანა. არასდროს მეზარებოდა სწავლა და სულ ვცდილობდი, რაღაც ახალი ამეთვისებინა, სირთულეებს შევჭიდებოდი, რამდენიმე უცხო ენა მესწავლა, ჩამებარებინა გამოცდები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა. შენ თავად უნდა იყო საკუთარი თავის საუკეთესო მოტივატორი და გულით გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოგივა. წარმატება არ მოდის ერთ დღეში. ის მოდის თანმიმდევრულობით, შრომით, მოთმინებით და იმ უნარით, რომ წარუმატებლობის შემდეგაც განაგრძო გზა. აუცილებელია ყოველდღიური პატარა ნაბიჯები, დისციპლინა მაშინაც კი, როცა მოტივაცია აღარ გაქვს, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და მზადყოფნა, ისწავლო შეცდომებზე. მე, მაგალითად, პერფექციონიზმისკენ მაქვს მიდრეკილება, მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს: ყველა საქმე მოვასწრო, ვიყო იდეალური ცოლი, დედა, შვილი, მეგობარი, თანამშრომელი და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი ზოგჯერ ძალიან მსტრესავს. არ შეიძლება საკუთარ თავს ზედმეტად ბევრი რამ მოვთხოვო. ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ გამოვა და ამას უნდა შევეგუოთ. მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ საკუთარ ენერგიასა და შინაგან ბალანსზე. გადაღლილი და გამოფიტული ადამიანი ვერ ქმნის წარმატებას.

ქალებს ვეტყოდი, უპირველესად, მოუსმინეთ საკუთარ თავს, აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ, რაც კარგად გამოგდით, რისი სწავლაც არ გეზარებათ და რაშიც თქვენი დროისა და რესურსის ჩადება არ დაგენანებათ. ასევე, არ დაელოდოთ იდეალურ დროს. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების ან წარუმატებლობის, რადგან მათ გარეშე წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. გაიცანით ახალი ადამიანები, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც გაინტერესებთ, დროთა განმავლობაში თავად დარწმუნდებით, რამდენად დიდი ძალა აქვს ნეთვორქინგს. ნუ ეცდებით ვინმეს კოპირებას, რადგან ავთენტიკურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად ძლიერია, ვიდრე უბრალოდ სხვისი მიბაძვა. შეიყვარეთ პროცესი და არამხოლოდ შედეგი.

არასდროს დაკარგოთ იმედი და გჯეროდეთ საკუთარი იდეების. თუ სხვამ შეძლო, თქვენც შეძლებთ, ხოლო თუ ვერავინ შეძლო, მაინც ეცადეთ, რომ სწორედ თქვენ იყოთ ის ადამიანი, ვისაც გამოუვა.

 

 

თეკო ვარდანიძე, დიზაინერი

 

ჩემი სამკერვალო Teko Vardanidze Atelier უკვე 6 წელია ბაზარზეა. ნამდვილად არ იყო მარტივი თავის დამკვიდრება და ამ ეტაპამდე მოსვლა. იყო ბევრი გამოწვევა, იმედგაცრუება, მაგრამ საქმის სიყვარულმა, შრომამ და რაც მთავარია, რწმენამ მიგვიყვანა საუკეთესო ეტაპამდე. შეიძლება ითქვას, 2026-დან ჩვენი სამკერვალო თავიდან დაიბადა და სწორედ იმ განვითარების საფუხურზე ვარ, რაც წლებია მინდოდა ვყოფილიყავი.

წარმატება მოაქვს განვითარებისკენ სწრაფვას და შრომას. თუ მთელი გულით უდგები საქმეს, მცდელობას არ აკლებ, მუდმივად ცდილობ განვიათარდე და ფეხი აუწყო სიახლეებს, მაშინ წარმატებაც არ დააყოვნებს. ჩემი წარმატების ამბავიც შეიძლება საფუძვლიანად ახლა იწყება – ჩავერთე ისეთ მაშტაბურ პროექტებში, რაც ჩემთვის უდიდეს გარდატეხას მოახდენს კარიერულ წინსვლაში.

გოგონებს ვეტყოდი, არაფერს შეუშინდნენ. არცერთმა მარცხმა არ უნდა მოახდინოს გავლენა შენზე და უკან არ დაიხიო. დაიწყე! არ გამოგივა? სხვა კუთხიდან სცადე, აუცილებლად გამოჩნდება გზა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგიყვანს.

უამრავი გამოჩნდება, ვინც ეცდება, რომ ხელი შეგიშალოს . ისეთებიც კი, ვისაც თავად დაეხმარე, თუნდაც სულ მარტო დარჩე, მაინც არ უღალატო შენს მიზანს და აუცილებლად იარე!

 

 

ნინო ნიორაძე „ნინას შოპის“ დამფუძნებელი:

„ნინას შოპი“ არ შექმნილა ერთ დღეში. ის დაიწყო იდეით, სურვილით და დიდი შრომით.

არ მქონდა მზად გზა – თვითონ შევქმენი. არ დაველოდე წარმატებას – ვიმუშავე მისთვის.

პირველი ნაბიჯები რთული იყო, მაგრამ ყოველი დაბრკოლება გამოცდილებად ვაქციე.

დღეს „ნინას შოპი“ არის შედეგი დაუღალავი შრომის, მოთმინებისა და სიყვარულის საქმის მიმართ. ეს არ არის უბრალოდ მაღაზია, ეს არის ჩემი გზა, ჩემი სიძლიერე და ჩემი შრომით მიღებული წარმატება.

„ნინას შოპი“ ჩემთვის უბრალოდ ბიზნესი არ არის. ეს არის ჩემი გამბედაობა. ჩემი მოთმინება.

ჩემი თავდაჯერება. და ყოველი პატარა გამარჯვება, რომელიც დიდ ისტორიად იქცა.

დღეს, როცა ვუყურებ ამ გზას, ვიცი, ეს ყველაფერი ღირდა.

რადგან „ნინას შოპი“ არ არის მხოლოდ მაღაზია. ეს არის ისტორია გოგოსი, რომელიც არ დანებდა.

წარმატება არ არის იღბლის სპონტანური „სიურპრიზი“. ის არის სისტემური შედეგი. საკუთარი საქმისადმი ერთგულება და სიყვარული და დაუღალავი შრომა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგრამ უმთავრესია სიახლეები, როგორც კოლექციაში, ასევე წამახალისებელი გათამაშებები ლაივის დროს. ეს ზრდის ცნობადობას, ნახვებს და უფრო ფართო მასშტაბებს ვიზიდავთ. უმნიშვნელოვანესია, ყოველ მომხმარებელს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვსიამოვნებს, როცა გვეგებებიან. ყურადღება აუცილებელი ფაქტორია სოცქსელში და ეს დროულ პასუხსა და მიწოდებას გულისხმობს.

კარიერის დასაწყისი ნიშნავს არა უბრალოდ სამსახურს, არამედ პოზიციის, ბრენდის და რეპუტაციის აშენებას. იდეალური დრო არ არსებობს. არსებობს პირველი ნაბიჯი, დაიწყე იქ, სადაც ხარ იმ რესურსით, რაც გაქვს. გამოცდილება მოძრაობაში გროვდება, მაგრამ კომუნიკაცია – გადამწყვეტია. შეცდომა პრობლემაა მხოლოდ მაშინ, თუ ის უარყოფილია. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გჯეროდეს… გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თავად იცმევდე სულ იმას, რასაც სხვებს სთავაზობ. და ყველაზე დიდი რეკომენდაცია ნებისმიერ ბიზნესში – არ წამოიწყო ის ვინმესთან ერთად, რადგან ურთიერთობა გაფუჭდება და ვერ იქნები ისეთი წარმატებული.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს
Health & Beauty

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს
ინტერვიუ

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით
Décor

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026
#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე
ინტერვიუ

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

March 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „მხიარული ადამიანი ვარ და მგონია, რომ ეს არის ყველაფრის წამალი“ ინტერვიუ მარინა ბერიძესთან

#OK! „მხიარული ადამიანი ვარ და მგონია, რომ ეს არის ყველაფრის წამალი“ ინტერვიუ მარინა ბერიძესთან

July 2, 2021
#OK! თეთრი კვადრატი შარტავაზე – საუკეთესო შეთავაზება საბურთალოზე, საცხოვრებლად და საინვესტიციოდ

#OK! თეთრი კვადრატი შარტავაზე – საუკეთესო შეთავაზება საბურთალოზე, საცხოვრებლად და საინვესტიციოდ

November 10, 2021
#OK! კაია გერბერის შეცვლილი იმიჯი: ვარსკვლავი YSL Beauty-ის სადღესასწაულო წვეულებას დაესწრო

#OK! კაია გერბერის შეცვლილი იმიჯი: ვარსკვლავი YSL Beauty-ის სადღესასწაულო წვეულებას დაესწრო

December 15, 2021
#OK! ზუსტი ანალიზი სწორი მკურნალობის საფუძველია! – სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი HOPEMED LAB

#OK! ზუსტი ანალიზი სწორი მკურნალობის საფუძველია! – სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი HOPEMED LAB

June 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები