მოგესალმებით, ქართული OK!-ს ძვირფასო მკითხველებო!
მოდი, ჯერ გაგეცნობით. მე ვარ თაკო გვაზავა, ბიუთი-ბლოგერი, კოსმეტოლოგი, „ფარმადეპოს“ სილამაზისა და კანის მოვლის მრჩეველი და ახლა უკვე მაქვს სიამოვნება, ვიყო ჟურნალი OK!-ს ბიუთი რედაქტორი.
ჩემი და OK!-ს ურთიერთობა, თანამშრომლობა და შემდეგ უკვე გულითადი მეგობრობა 11 წელს ითვლის. 2014 წლიდან მოყოლებული, OK!– ს პირველივე ნომრიდან ვწერ ამ ჟურნალში და ალბათ უკვე მიხვდით, ის რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის. OK!-ში არცერთი დღე არ მიმუშავია, უბრალოდ, ვაკეთებდი და ვაკეთებ საქმეს, რომელიც არანორმალურად მიყვარს. „ოქეიმ“ უამრავი დაუვიწყარი დღე, გადაღება, ღონისძიება, საოცარი ემოციები მაჩუქა ამ 11 წლის განმავლობაში. შემახვედრა ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების ამბავს მიზიარებენ, მე კი კლავიატურაზე ვაკაკუნებ და ეს ამბები თქვენამდე მომაქვს.
ახლა კი ახალი ეტაპის დრო დადგა. ასე გამოვიდა, რომ ჩემი მრავალწლიანი ბიუთი საქმიანობის ფარგლებში საკმაოდ დიდი, მათ შორის პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა ამ სფეროში, რომლის თქვენთვის გაზიარებაც OK!-ს ფურცლებიდანაც მომინდა. უდიდესი მადლობა ამ ჟურნალს და მის მთავარ რედაქტორს, ჩემს ძვირფას მაიკო წერეთელს, რომ შესაძლებლობის ეს კარიც გამიღო.
ჩემი ბიუთი რედაქტორობის ფარგლებში მინდა წარმოგიდგინოთ თავის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიის ყველაზე აქტუალური და თქვენთვის საინტერესო თემები და ტენდენციები. „ოქეის“ ბიუთი რუბრიკა იქნება მაქსიმალურად ფუნქციური, პრაქტიკული, შემეცნებითი და თქვენს საჭიროებებზე მორგებული.
აგვისტოს ნომრის ბიუთის ხაზს ასე დავარქვი: „ზაფხულის ბრწყინვალება“ – SUMMER GLOW. როდის უნდა ვიბრწყინოთ, თუ არა ზაფხულში?!
ამ ნომრის მთავარი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია, რომელიც 21-ე საუკუნის კულტურულმა საზოგადოებამ, მადლობა ღმერთს, რომ გავითავისეთ. ეს გახლავთ მზის მავნე გამოსხივებისგან იზოლაცია SPF საცხების დახმარებით. მოდი, ყველა შევთანხმდეთ: SPF ფაქტორიან კრემს – მზისგან დამცავს, ვხმარობთ არა მხოლოდ პაპანაქება ზაფხულში, არამედ სულ, მთელი წლის განმავლობაში! რადგან ის არის ჩვენი ყველაზე დიდი ჯილდოს და განძის – ჯანმრთელობის დარაჯი. ვფიქრობ, იმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, თუ რამდენად დიდი მავნებლობაა სოლარიუმი და რომ უკვე დიდი ხანია, დროა, ეს ეშმაკის მანქანა წარსულში დავტოვოთ.
SPF დამცავებთან ერთად ამ ნომერში წარმოგიდგენთ მაქსიმალურად ჯანსაღი, ლამაზი ნამზეურის მიღების უსაფრთხო საშუალებებს და, რა თქმა უნდა, დამატენიანებლებს, რადგან რუჯის შემდგომ გამომშრალ კანს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ. საქმე განსაკუთრებით მარტივდება, როცა ზემოხსენებული ფუნქციები ერთ უნივერსალურ პროდუქტში ერთიანდება, ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ.
დაბოლოს, ჩვენს ნომერში ფერადი, კაშკაშა ზაფხულის აუცილებელ ატრიბუტზე – საზაფხულო, მდგრად მაკიაჟზეც წაიკითხავთ, იპოვით თქვენთვის სასურველ პროდუქტებს და რჩევებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მოიწონოთ თავი სარკის წინ და ამაღლებული განწყობით გაინებივროთ თავი ზაფხულის ცხელ და ნათელ დღეებში.
გაირუჯეთ უსაფრთხოდ!
ბეეევრი იჭყუმპალავეთ!
გაცვალეთ შუშხუნა ემოციები!
დაიმახსოვრეთ ყველა ბედნიერი მომენტი!
და იყავით ლაღები!
ბედნიერი ზაფხული ყველას!
თქვენი თაკო