Gucci 27 თებერვალს, 2 საათზე მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, Primavera/Spring–Summer 2026 კოლექციას წარადგენს. პოდიუმზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი Gucci-ს პირველი კოლექცია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს, რადგან დებიუტი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრეატიულ მოვლენად და ბრენდისთვის ახალი შემოქმედებითი ეტაპის დასაწყისად მიიჩნევა.


Gucci-ს ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა დემნას წერილი სადაც, ის ბრენდის მომავლის შესახებ საკუთარ ხედვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი Gucci-ს არა მხოლოდ მოდის სახლად, არამედ კულტურულ და ემოციურ გამოცდილებად ჩამოყალიბებაა. დიზაინერი Gucci-ს ცოცხალ ორგანიზმად აღწერს — ბრენდად, რომელსაც აქვს „ველური, დაუვიწყარი წარსული და უტყუარი კოდები“. მისი თქმით, Gucci ერთდროულად არის დრამა, ვნება, წინააღმდეგობა, ტრიუმფი და დაუცველობა — ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც ადამიანი. მისი განცხადებით, ახალი შემოქმედებითი მიმართულება ბრენდის უფრო მსუბუქ, რბილ და ემოციურ ფორმას შექმნის. დემნა აღნიშნავს, რომ მისი ხედვა მემკვიდრეობისა და თანამედროვე მოდის თანაარსებობას ეფუძნება — სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ეწინააღმდეგება კი არა, არამედ ავითარებს. მისივე თქმით, პირველი კოლექცია წარმოადგენს საფუძველს, რომელიც მომავალში Gucci-ს ახალი დიზაინის ენას ჩამოაყალიბებს და ბრენდის ისტორიაში ახალ ეტაპს გახსნის.


კოლექცია ბრენდისთვის წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან ეტაპს ახალი კრეატიული მიმართულების ფარგლებში. იგი აერთიანებს Gucci-ს ისტორიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ხედვას, რაც განსაზღვრავს ბრენდის განახლებულ ესთეტიკასა და მომავალ განვითარებას. Gucci-ს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები ერთგვარ მოლოდინს ქმნის, თუ როგორი იქნება ახალი კოლექცია. ბოტიჩელის ,,ვენერას დაბადება” ხშირად განიმარტება, როგორც აღორძინების, სილამაზისა და ტრანსფორმაციის სიმბოლო. მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამას აღიქვამენ, როგორც Gucci-ს ახალი ეპოქის მეტაფორას დემნას ხელმძღვანელობით, რაც ბრენდის ესთეტიკის ხელახლა განსაზღვრას უკავშირდება ბოლო კომერციული და კრეატიული ცვლილებების შემდეგ.


მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ელოდებიან, რომ ბრენდი საკუთარ იდენტობას განაახლებს და ახალ ვიზუალურ ესთეტიკას წარადგენს. ჩვენებას მილანში მოდის ინდუსტრიის წამყვანი ფიგურები, სელებრითები და საერთაშორისო მედია დაესწრებიან. Primavera 2026-ის პრეზენტაცია უკვე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და განხილვად მოვლენად ითვლება და Gucci-ს ახალი ეპოქის ოფიციალურ დასაწყისად განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ












